x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვინ იყო გურჯი გიორგი, რომელმაც ავღანეთი დაამარცხა
image
პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: "მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი.
ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი: „ავღანელები სპარსელებთან შედარებით ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით ცხვრები. ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებით“.
ვინ იყო გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართველები ირანის შაჰების მზაკვრობით მოხვდნენ. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანს ორი პრობლემა გაუმწვავდა: ახალი - ავღანური და ტრადიციული - ქართული. ისპაჰანში გადაწყვიტეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის მიესიათ.ქართლის მეფეს უბოძეს ისპაჰანის გამგებლის, ირანის გვარდიის უფროსის, ქირმანისა და ბელუჯისტანის ხანის, ავღანეთის მბრძანებლის ტიტულები. ყველგან მას უნდა დაენიშნა მოადგილე - “ჯანიშინი“, ოღონდ ქართლის ჯარით ავღანეთში თავად უნდა ჩასულიყო. ასეთი “კოოპერაციული“ სამფლობელოს ცენტრად აირჩიეს ქ. კანდაგარი, მთავარ ციხე-სიმაგრედ - გირიშკი.
1703 წელს მრისხანე გურგინ-ხანი (მეფე გიორგი XI) ქართველთა და სპარსთა 24-ათასიანი ლაშქრით ავღანეთში შეიჭრა. მან დაამარცხა აჯანყებულები, შეიპყრო მათი ბელადი მირვეისი და შაჰის კარზე გაგზავნა ისპაჰანში. თანაც შაჰს შეუთვალა: „ესე სულთანი უარშიობს, უნდა არევა ამა ქვეყნისა, ნუღარ გამოუშვებთ თვარამ ერთს რასმე მოახდენს". გიორგიმ დატყვევებულ მირვეისთან ერთად სპარსთა 20-ათასიანი ლაშქარიც გაგზავნა უკან, თავისთან კი მხოლოდ ქართველთა ჯარი დაიტოვა.ქართლის მეფემ 14 წელი გაატარა უცხო ქვეყანაში. მის შესახებ ცნობებში წერია 4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს-საარაკოა გურჯების სისასტიკე და არნახული დაუნდობლობა.
მირვეისმა მოახერხა თავის გამოხსნა და შაჰს, უკან, ავღანეთში დააბრუნებინა თავი.მრავალ ბრძოლაში ქართველების მიერ არაერთგზის ძლეულმა მირვეისმა მუხანათობით მაინც გაიმარჯვა.მირვეისმა ყანდაარის სიახლოვეს რამდენიმე სოფლის აჯანყების ინსცენირება მოაწყო, გიორგი მეფემ აჯანყებულთა დასასჯელად ქართველთა 3-ათასკაციანი ჯარი გაგზავნა თავისი ძმისწულის ალექსანდრეს მეთაურობით. თავად კი მირვეისის მიერ მის პატივსაცემად გაშლილ სუფრაზე მცირერიცხოვანი ამალით გაემგზავრა. მაგრამ — „უღალატა მეფეს გიორგის ყანდაარის სულთანმა მირვეისმა, მოუხდა განთიადსა, დაესხა თავსა.
რა სცნა მეფემან, ედვა ქარქაში სარჩისა გვერდას მისსა, გაიკრა ხელი, თავმან მისმან, სანამდის ისარი ჰქონდა არც ერთი არ დააცდინა, რა ისარი დაელია, გაიკრა ხმალსა ხელი, როგორც დევი ისე იბრძოდა, ჰკრეს თოფი ამა მორჭმა დიდების პატრონსა და მოკლეს“. უცნაურია, მაგრამ თავად მკვლელმა მირვეისმა თანამემამულეებს ასე მიმართა: „ის იყო ერთადერთი კაცი ირანელთა შორის, რომელმაც ღირსეული მეომრის სახელი დაიმსახურა“.
...31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე - იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ ამ ”გურჯების”შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები - და დღემდე ეშინიათ მათი.
ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან... ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე და გარეგნობით არ განირჩევიან სხვა პუშტუნებისგან. თითქოს მათ არაფერი აქვთ ქართველებთან საერთო. მაგრამ ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები და დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ... აი, ასეთია ეს ისტორია.
საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა. დარჩა მხოლოდ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან”.
0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0