x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა ხდებოდა წელს გიორგობის დღესასწაულზე საინგილოში?

image
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას 120 კაციანი დელეგაცია ეწვია. 23 ნოემბერს ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სადღესასწაულო წირვა აღავლინა სამღვდელოებასთან ერთად.





ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, პარლამენტის დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და ბადრი ბერიანიძე, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილეები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები. საპატრიარქოს წარმომადგენლები და მგალობლები. გიორგობის დღესასწაულზე, კახის რაიონში ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში აკრედიტირებული ქართველი დიპლომატებიც: ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი შოთა დოლიძე, გენერალური საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი მალხაზ ხულორდავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს წარმომადგენელი, პოლიციის ატაშე - ირაკლი ბაჩალიაშვილი.




image


ქადაგებისას მეუფე თეოდორე მართლმადიდებელ მრევლს წმინდა გიორგის ცხოვრებაზე ესაუბრა და დღესასწაული მიულოცა.


„მე ნანახი მაქვს აქ, თქვენთან აზერბაიჯანში, როდესაც ქურმუხზე ავდივარ ხოლმე, არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსლიმებიც. ძალიან ბევრი მუსლიმები და სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ადიან წმინდა გიორგისთან და ადიან ზუსტად სასწაულის მოლოდინში. მე მინახია ხეიბრები, ძლივს რომ ადიან და განკურნებას ევედრებიან წმინდა გიორგის, მინახია მრავალი სათხოვარით ადამიანები და სწორედ ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ამიტომ არის, რომ წმინდა გიორგი გვეხმარება, წმინდა გიორგი არ გვტოვებს არასოდეს ჩვენს პრობლემებთან მარტო და ყოველთვის შევიგრძნობთ მის ჩვენთან ერთად ყოფნას, ჩვენში ყოფნას და განსაკუთრებულად შევთხოვთ, რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობა იყოს ყველა ქვეყანაში ჩვენს გარშემო. რომ თითოეულ ადამიანს, ჩვენს შვილებს შეეძლოთ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, განვითარება. შევთხოვთ უფალს ჩვენს ერთობას, ჩვენს ერთიანობას, ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულს ერთმანეთისადმი. უფალი გვეუბნება, რომ გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდეთ მაწყევართა თქვენთა, რათა იყოთ სრულყოფილნი, როგორც მამაი თქვენი სრულ არს. საოცარი სიტყვებია. ასეთი სიყვარულის მოწოდება არცერთ რელიგიაში არ არსებობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და შევეცადოთ რომ ვიცხოვროთ აი ასე, ვიცხოვროთ ამ დიდი სიყვარულით. მე მინდა გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალიან დიდი სიყვარული, გადმოგცეთ მისი ლოცვა-კურთხევა და დალოცვა. როდესაც მოვდიოდი, მთხოვა, რომ გადმომეცა თქვენთვის ეს დიდი სიყვარული და ლოცვა-კურთხევა. რათქმაუნდა ძალიან დიდი სურვილია აქ ყოფნისა. ვერ ახერხებს რათქმაუნდა ჩამობრძანებას, მაგრამ აუცილებლად მოვა ის დროც, რომ კიდევ ჩამოვა მისი უწმინდესობა, კიდევ მოგეფერებათ პირდაპირ. ის თავის ლოცვებში ყოველთვის გეფერებათ და და ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზე დგას ეს კუთხე, განსაკუთრებულ ადგილზე დგას მის გულში, მის ლოცვებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ამ კუთხეს და მინდა გადმოგცეთ ეს დიდი სიყვარული მისი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა იმაში, რომ დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვიყოთ. საკმაოდ დიდი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოდან და ეს არის დამსახურება საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებულად საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსი, რომლის ხელმძღვანელიც - ბ-ნი ზაზა აქ იმყოფება და მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით დღეს გადმოსვლა და თქვენთან ერთად ყოფნა“ - ბრძანა მეუფე თეოდორემ.





მეუფე თეოდორემ ქადაგებისას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, ორი ქვეყნის მეგობრობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მადლობა უფალს, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არის მეგობრული დამოკიდებულება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მეგობრული დამოკიდებულება რაც შეიძლება უფრო და უფრო განვამტკიცოთ და გავამყაროთ, გავხსნათ ყველანაირი საზღვრები და ჩვეულებრივ ვიმეგობროთ, ვიყოთ ერთად და თბილი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან“.


image


ტაძარში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. „მივესალმები სრულიად საქართველოს აქედან. თითოეულ თქვენთაგანს, ბატონებო, ქალბატონებო, ქართველობას. მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი აქცენტი გასაკეთებელია და ყურადღებაა გასამახვილებელი იმ მაჯისცემაზე და გულისფეთქვაზე რაც აქ სუფევს და რასაც მე ბოლო წლების განმავლობაში აქ ვუყურებ. თუ არ ვცდები 5-6 ერთობლივი ჩამოსვლა გვაქვს უკვე ბოლო წლების განმავლობაში და პირველად როცა ვიყავი ჩამოსული, მაშინ ვთქვით, რომ პირადად მე და რელიგიის სააგენტო საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით და ჩართულობით შეეცდება, რომ ამას სისტემატიური ხასიათი მიეცეს. მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულდება, რათქმაუნდა გარკვეული პრობლემებით, შეფერხებებით, მაგრამ მთავარია მონდომება, მთავარია სურვილი. მე მჯერა ამის. მთავარია ღმერთი ჩვენთან იყოს ყველა კარგ საქმეში და ეს ყველაფერი გადაილახება. მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! წმინდა გიორგის ძალა და მადლი შესწეოდეს აქაურობას, აქაურ ქართველობას, სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ოჯახებს, ეკლესიას, სახელმწიფოს, ღმერთმა გაგვაძლიეროს და ბევრი შეგვაძლებინოს. ეს მერწმუნეთ ზღვაში წვეთია და არაფერი არ არის. დამერწმუნეთ, პირდაპირ ვლაპარაკობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი საქმისა და უკეთესი მომავლისა, რასაც მეტი ქართული სახელმწიფოს ჩართულობა ჰქვია, მეტი საქართველოს ეკლესიის ჩართულობა ჰქვია და ყურადღების მოქცევა აქაურობაზე და იმ დიდი საქმეების კეთება, რასაც ჰქვია ჩვენი ერთად ყოფნა - სახელმწიფოს და ეკლესიის, ერის და ბერის. აქ წარმომადგენლობა სრულად ვართ - საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლება და შეიძლება ასე ითქვას ვცდილობთ რომ ყოველწლიურად წარმომადგენლობა გაიზარდოს, ეს რაოდენობა. ყოველი ჩამოსვლა მართლაც სასწაულია, მერწმუნეთ. ყოველი ჩამოსვლა არის კარგი გაგებითაც და ცუდი გაგებითაც გარკვეული გამოწვევა. ნათქვამია - ის რაც შეუძლებელია კაცისთვის, ის შესაძლებელია ღმერთისთვისო. აი ამის დასტურია თუნდაც დღეს ჩვენი აქ ყოფნა და წინა ვიზიტებიც. მადლობა ღმერთს, მადლობა მეუფე და პირველ რიგში თქვენ - ადგილობრივ მოსახლეობას და ქართველობას მოგმართავთ - იმ ერთობისა და იმ ინტერესის გულისთვის, რომ ჯერ კიდევ სუფევს და ფეთქავს ის გული, რისთვისაც ღირს თქვენი წვალება და ჩვენი დახმარება ერთობლივად. მერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერი და ბერი, სახელმწიფო და ეკლესია, ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ უფრო წინ წავა ჩვენი ერთობა. სულ რამდენიმე ხნის წინ გადაწყდა, ფაქტობრივად მეორე სასულიერო პირის დანიშვნაზეა უკვე თანხმობა. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს კოლეგას - აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის ხელმძღვანელს, ბ-ნ მუბარიზ გურბანლის (აქ ბრძანდება მისი მოადგილე) მადლობას გადავუხდი იმ ძალისხმევისთვის, რომ თანხმობა არის გამოცხადებული მეორე სასულიერო პირზე... ვიფიქროთ, ვიმუშაოთ და ვიმსჯელოთ რომ ის ორი ხვალ გახდეს სამი. რელიგიის, აღმსარებლობისა და ადამიანის უფლებათა თავისუფლების ნაწილში კიდევ უფრო წინ უნდა წავიწიოთ და განვავითაროთ ის ისტორიული მეგობრობა, რაც ჩვენს მეზობლებს - აზერბაიჯანსა და საქართველოს, ორ ერს - აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის არსებობს. ურთიერთმეგობრობით, თანამშრომლობით უნდა განვამტკიცოთ ეს სიყვარული. ამის ნათელი წერტილები უკვე გაჩნდა დარწმუნებული ვარ და კიდევ უფრო გაგრძელდება. დიდება უფალს და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის“ - ასე მიმართა ზაზა ვაშაყმაძემ ქართულ ეკლესიაში შეკრებილ საზოგადოებასა და ჩვენებურებს.






წირვის შემდეგ საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ კახის რაიონის მკვიდრ მართლმადიდებელ ქართველებს ქართულ ენაზე გამოცემული 100 ბიბლია და 55 ახალი აღთქმის წიგნი გადასცა. აღსანიშნავია, რომ კახის რაიონის მკვიდრებთან ერთად ტაძარში იმყოფებოდა რამდენიმე ინგილო ქართველი მართლმადიდებელი ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალიდანაც, რომლებიც ასევე დასაჩუქრდნენ ბიბლიის წიგნებით. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ - ირაკლი ბაჩალიაშვილმა კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში დღესასწაულზე წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრაძანა და ქართულ ეკლესიას ხატთან ერთად დიდი რაოდენობით საეკლესიო სანთლებიც გადასცა (ირაკლი ბაჩალიაშვილი საქართველოს საელჩოში ერთადერთი დიპლომატია, რომელიც წარმოშობით საინგილოდანაა). სამწუხაროდ, საეკლესიო ხატების, სანთლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების აზერბაიჯანში ჩატანა ხშირ შემთხვევაში არაერთ სირთულესთან და ზეწოლის მცდელობებთან არის დაკავშირებული.





საღვთო ლიტურგიის შემდგომ, დელეგაციის წევრები კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ. ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა, შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და კიდევ ერთხელ მიულოცა გიორგობის დღესასწაული. ქურმუხის ტაძარში მეუფე თეოდორეს კომენტარი სთხოვა ადგილობრივმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დილარა ალიევა აჰმადოვამ. „ყველას ვულოცავ ამ შესანიშნავ წმინდა გიორგის დღეს და ვუსურვებ რომ წმინდა გიორგიმ დაიფაროს საქართველო და აზერბაიჯანი“ - განაცხადა მასთან საუბარში მეუფე თეოდორემ.



image



აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე იმავე დღეს საინგილოში, ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას შეხვდა და მათი საკითხებით დაინტერესდა. შეხვედრაზე აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველებმა იმ მწვავე პრობლემებზეც ისაუბრეს, რაც მათ განსაკუთრებით აწუხებთ - მათ შორის ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების მწვავე დეფიციტი, სკოლის შენობაზე ქართული წარწერის არარსებობა და ა. შ. მოსახლეობამ ქართულ დელეგაციას სთხოვა ქართული ხალხური საკრავები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩოხები და ქართული საცეკვაო ინვენტარი. მათ ასევე ითხოვეს ქართული მხატვრული ლიტერატურა და ითითალის სკოლის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან (ითითალის სკოლის ქართულ სექტორს, ისევე როგორც ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის ქართულ სექტორს შესაბამისი რაიონების განათლების რესურსცენტრების მხრიდან ზეწოლის და დახურვის საფრთხე თითქმის მუდმივად ემუქრება, ხოლო ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში რაიონის განათლების რესურსცენტრის მხრიდან მრავალწლიანი, გეგმაზომიერი ანტიქართული პოლიტიკის შედეგად 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია დარჩენილი ქართული სექტორი და მასაც დახურვა ემუქრება).





ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს დელეგაციამ სოფლის სრული საშუალო სკოლა მოინახულა. სკოლაში 380 ბავშვი სწავლობს, მათაგან 158 - ქართულ სექტორზე. სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და სკოლის დირექტორს, მამედ მუსტაფაევს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ითითალის სკოლის პედაგოგებს ქართული დელეგაციის მოულოდნელი ვიზიტის შესახებ მხოლოდ ნახევარი საათით ადრე შეატყობინა (მანამდე მათ არაფერი იცოდნენ), ითითალის სკოლის პედაგოგები დიდი სიხარულითა შეხვდნენ საქართველოდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებს. პედაგოგებმა სააგენტოს თავმჯდომარეს გააცნეს სკოლის საქმიანობა და არსებული გამოწვევები (აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართული სოფლების სკოლებში არსებული უკანასკნელი ქართული სექტორების პედაგოგებს სასკოლო ჟურნალების მშობლიურ ქართულ ენაზე შევსებაც კი აუკრძალეს). სტუმრების პატივსაცემად სკოლის შენობაში ადგილობრივმა ინგილო მოცეკვავეებმა ქართული ცეკვა (ცეკვას ინგილოურ დიალექტზე „შიპრობას“ უწოდებენ) შეასრულეს.





ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, გაეცნო სკოლის ქართული სექტორის მუშაობის სპეციფიკას, მოინახულა ქართული სექტორის საკლასო ოთახები და სკოლის ქართულენოვანი ბიბლიოთეკა (აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის სკოლის ბიბლიოთეკიდან ქართული წიგნები გამოიტანეს, სატვირთო მანქანაში ჩაყარეს და მაკულატურაში ჩააბარეს - ცხადია შესაბამისი ბრძანება „ზემოდან“ გაიცა და აღნიშნულ ვანდალურ ფაქტს თვითმხილველები და მოწმეებიც ჰყავს).




შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქნის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი და სოფლის რწმუნებული გერმან ბალაევი.




ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთიც მოინახულა, სადაც ეთნიკურ ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა.



რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა მეჩეთის იმამს, ჰაჯი მუჰამედ ალიევს. მეჩეთში მყოფთ ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს თაობაზე და იმ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ იჩენს.



მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს 100 ცალი ქართულ ენაზე გამოცემული ყურანი დაურიგეს. ითითალაში მცხოვრებ ქრისტიანებს 30 ცალი ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიაც გადაეცა.



შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი, სოფლის რწმუნებული, გერმან ბალაევი და სკოლის დირექტორი, მამედ მუსტაფაევი.



ქართული დელეგაცია იმავე დღეს საქართველოში დაბრუნდა.გიორგობის დღესასწაულზე სამწუხარო და არამეგობრული ფაქტიც დაფიქსირდა, რამაც აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველების აღშფოთება გამოიწვია. კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძართან დღესასწაულის აღსანიშნავად მიბრძანებულ მეუფე თეოდორესა და ქართულ დელეგაციას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით დახვდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღანელი მუსა შექილიევი. კეთილგანწყობის დემონსტრირებისა და ამ დადებითი ჟესტის მიუხედავად, წირვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კახის რაიონის ადმინისტრაციამ აშკარად არამეგობრული და აბსურდული განცხადება გააკეთა. ფეისბუქის გვერდზე - Qax rayon İcra Hakimiyyəti, რომელიც რაიონის ადმინისტრაციის სიახლეებს ყოველდღიურად აშუქებს, გამოქვეყნდა კახის რაიონის ადმინისტრაციის განცხადება სახელწოდებით „ქურმუხობა ბაირამი“, სადაც სრულიად აბსურდული, დაუსაბუთებელი და გაყალბებული ისტორიააა მოთხრობილი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ (რთულია დაიჯერო, რომ აღნიშნული განცხადების თაობაზე შესაძლოა საქმის კურსში არ ყოფილიყო რაიონის გამგებელი მუსა შექილიევი). პოსტში საინგილოს ქართველთა მთავარი ისტორიული სალოცავი გამოცხადებულია ძველ ალბანურ ტაძრად, აზერბაიჯანელთა ეროვნული რწმენისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური სინკრეტიზმის გამოხატულებად და ა. შ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვრცელ ტექსტში ერთხელაც კი არაა ნახსენები, რომ ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა. ტექსტში ერთხელ, მხოლოდ გაკვრითაა ნათქვამი, რომ ეს მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისიც დამახინჯებულ კონტექსტში. „ქურმუხის ტაძრის ადგილზე 1892-1894 წლებში აშენდა რუსულ-მართლმადიდებლური ეკლესია, ძველი ალბანური ტაძარი“ (!) - ვკითხულობთ ამ სამარცხვინო განცხადებაში, რომელიც ისტორიის ფალსიფიკაციის მწვერვალებს იპყრობს. კახის რაიონის გამგეობის ტექსტში ერთხელაც კი არაა ნახსენები ქართველები, ტაძრის მშენებლობის რეალური ისტორია და ის, რომ ამ ტაძრის ძირითადი მრევლი ტრადიციულად ადგილობრივი მართლმადიდიბელი ქართველები არიან. უფრო მეტიც - ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები დიდმოწამე გიორგი და გიორგობის დღესასწაული (ნუთუ ამ ფალსიფიკატორებს ღმერთის მაინც არ ეშინიათ?!). გიორგობას განცხადების ანონიმი ავტორები „ქურმუხობის“ სახელით მოიხსენიებენ, სადაც თურმე ნოემბერსა და აპრილში (შოვინისტურად განწყობილ ფსევდო ისტორიკოსებს როგორც ჩანს სიჩქარეში თვეც შეეშალათ - და მაისის მაგივრად აპრილი დაწერეს) უძველესი დროიდან მდინარე ქურმუხთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა. იმედია ქართველი ისტორიკოსების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა იმ აბსურდულ „მოსაზრებებს“, რასაც პერიოდულად ავრცელებენ ანტიქართულად, არამეგობრულად, შოვინისტურად განწყობილი აზერბაიჯანელი ისტორიკოსები, რომლებიც ორი მეზობელი ქვეყნისა და ერის მეგობრულ ურთიერთობაში ნებსით თუ უნებლიედ ბზარის გაჩენას ცდილობენ.



image


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკვე მრავალი წელია, კახის რაიონის ადმინისტრაცია რაიონში არსებულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის აზერბაიჯანელ თანამშრომლებს (რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა ბუნებრივია მუსლიმია) 6 მაისსა და 23 ნოემებერს სამსახურიდან ერთი დღით ანთავისუფლებს და ქურმუხის ტაძართან დღესასწაულზე წასვლას ავალებს (!), როგორც ჩანს, იმ მოტივაციით, რომ დაფიქსირდეს - ეს დღესასწაული არა ქართველების, არამედ აზერბაიჯანელების დღესასწაულია, რომლებიც თურმე ძველ ალბანური ტრადიციებს აგრძელებენ (!). მსგავსი პარადოქსული პრეცენდენტის პოვნა რომელიმე ისლამურ ქვეყანაში ფაქტობრივად შეუძლებელია და ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია (!).



ფოტოს და ტექსტის ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0