x
გიორგი მამულაშვილი - "გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ თანხმობაზე გადის"
image


„ინტერმედია“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და ამ მიმართულებით ახალგაზრდების როლზე „ახალგაზრდული ფორუმის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ აღმასრულებელ მდივანთან, საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსთან გიორგი მამულაშვილთან.


-მოგესალმებით ბატონო გიორგი, უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის. ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე სულ მცირე დრო რჩება, როგორ შეაფასებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დღეს არსებულ მოცემულობას?


-მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, ევროკომისია მორიგ ანგარიშს ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს. მოლოდინი გვაქვს, რომ ანგარიში 15 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება და ამ თარიღამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება. ეს ანგარიში შეაფასებს გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს. ამავდროულად, ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების ხედვასთან დაკავშირებით. ევროპული საბჭო დეკემბერში შეიკრიბება და დიდი ალბათობით, ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს ლიდერი გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ევროკომისიის ანგარიშით იხელმძღვანელებს, როგორც ეს გასულ წელს ვიხილეთ. მაშინ, ევროკომისიამ არ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსათვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭერბის შესახებ. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიში პოზიტიური იყოს და ევროკომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.



-თქვენი შეფასებით, როგორია პროგრესი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით?


-გასულ წელს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები და მუშაობის გაგრძელება მათ შესრულებაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ახლა, როცა ასეთი მცირე დრო რჩება. ალბათ, გახსოვთ, რომ ევროკომისიამ ივნისში შუალედური, ე.წ ზეპირი ანგარიში წარმოადგინა. ამ ანგარიშის მიხედვით კომისიამ სრულად შესრულებულად ჩათვალა 3 რეკომენდაცია. დარჩენილ 9 რეკომენდაციაზე კი მუშაობაა გასაგრძელებელი. ნაწილ მათგანზე არსებობს ხელშესახები პროგრესი, თუმცა, არის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება სირთულედ რჩება, ერთ-ერთი ასეთი დეპოლარიზაციაა. დღევანდელი გადმოსახედიდან ნათელია, რომ დიდი ალბათობით, ყველა რეკომენდაციის შესრულება სრულად ვერ მოხდება, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ნება, ვაჩვენოთ მზაობა, ვაჩვენოთ მოტივაცია. დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ მზად ვართ რეფორმებისთვის, ცვლილებებისთვის და ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ, ევროკავშირი შეაფასებს ამას და მზად იქნება კომპრომისული გამოსავალისთვის.


-ამ მიმართულებით როგორია ახალგაზრდების როლი? და აქვე, მინდა გკითხოთ თქვენს მიერ ინიცირებული „ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე“, რა ეტაპზეა პროცესი და რა როლის შესრულება შეუძლია ამ აქტის მიღებას ქვეყნის ევროპულ გზაზე?


-მადლობა ამ კითხვისთვის. როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია. ახალგაზრდებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რგოლს მნიშვნელოვანი როლი გვაქვს ამ პროცესში. ამ მიმართულებით სწორედ „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ ინიციატივას გამოვარჩევდი. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ევროკომისიის პრიორიტეტული რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია და პოლარიზებული გარემო ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეთ გადადგვედგა ნაბიჯები თანხმობისკენ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენს თაობაში მოგვეხერხებინა თანხმობის მიღწევა და პოლარიზაციის ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დეპოლარიზაციაში არავინ გულისხმობს განსხვავებული პოლუსების გაქრობას და ყველა აქტორის ყველა საკითხზე ერთ პოზიციამდე მიყვანას. აქ იგულისხმება რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. სწორედ ამიტომ, გაზაფხულზე შევქმენით ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი, ხოლო უკვე 26 მაისს შევძელით აქტის წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის და ხელმოწერის ცერემონიის ორგანიზება. „ახალგაზრდობის თანხმობის აქტს“ ხელი მოაწერეს ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა და წარმატებული ახალგაზრდების ნაწილმა. ეს აქტი აჩვენებს ჩვენს თანხმობას, კონსოლიდაციას სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრინციპების გარშემო. მათ შორის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ხარისხიანი განათლების, გარემოს დაცვის გარშემო. აქტში ხაზგასმულია ჩვენს ქვეყანაში არსებული ტოლერანტობის ტრადიცია და დიალოგის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, გზა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისკენ თანხმობაზე გადის. ასე, რომ მჯერა, "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" მიღება დადებითად აისახება საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე.


-როგორია შეფასებები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით?


-დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ინიციატივამ მიიღო ფართო დადებითი შეფასება და მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ, კიდევ ერთხელ, მადლიერება გამოვთქვა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის" თავმჯდომარის, ქალბატონ ნინო ჩხობაძის მიმართ, რომელმაც პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწია. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან. ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩს გაეგზავნა ინფორმაცია, ნაწილ მათგანთან შედგა შეხვედრები, გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები. ინფორმაციის გაიზარება მუდმივად ხდება ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტებისთვისაც. ივნისის თვეში გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის. ბატონ ელჩს გადავეცით აქტის ასლი და ხელმოწერების ნაწილი, გვქონდა შესანიშნავი დისკუსია ევროპული ინტეგრაციის შესახებ. მივიღეთ პოზიტიური წერილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის ოფისისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეწვია საქართველოს. ევროპელი პარტნიორები მნიშვნელოვნად აფასებენ ჩვენს ძალისხმევას და მხარს გვიჭერენ ამ გზაზე. ეს დიდი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, მადლიერება გამოვხატო მათდამი ამ პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერისათვის.


-როგორ ხედავთ ამ ინიციატივისა და პროცესის გაგრძელებას?


-ინიციატივის ფარგლებში, აქტიური შეხვედრები გვქონდა ახალგაზრდებთან. მხოლოდ ივნისში შევძელით თბილისის მასშტაბით 12 უნივერსიტეტში შეხვედრების ორგანიზება. ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა სტუდენტებთან საქართველოს ევროპულ გზაზე, არსებულ გამოწვევებზე, რისკებზე და ამ გზაზე თანხმობის მნიშვნელობაზე. ამ შეხვედრებზე კარგად იგრძნობოდა ახალგაზრდების განწყობა, ძლიერი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ და თანხმობის მნიშვნელობის გააზრებაც. გამომდინარე იქიდან, რომ აქტს უკვე შემოუერთდა არაერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია, თუ სტუდენტური თვითმმართველობა, ჩვენი დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში შემოგვიერთდებიან პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებიც, ან ახალგაზრდა წარმომადგენლები. ეს ერთგვარად შეკრავს პროცესს, აჩვენებს ყველა აქტორის კონსოლიდირებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, როგორც შიდა საზოგადოებისთვის, ასევე, ბრუსელისთვის.


-თქვენ ახსენეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს და რა ძირითადი გზავნილები მიიღო საქართველომ?


-მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება ბატონი ბორელის მიმართ ამ ვიზიტის განხორიცელებისათვის. ბუნებრივია, ყველა ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მისასალმებელია, მით უფრო ახლა, როცა მცირე დრო რჩება გადაწყვეტილებამდე. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ეს ვიზიტი არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება. ეს არის გზავნილი, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა, რაც ღიად აღნიშნა ბატონმა ბორელმაც. უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდა ყველა აქტორს და მთავარი გზავნილი, რომელიც მე დავინახე იყო კონსოლიდაციის მნიშვნელობა, მან პირდაპირ გვითხრა, რომ ყველა აქტორმა უნდა შეძლოს ერთობლივი მუშაობა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენ უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია, გამოვნახოთ გზები და შევძლოთ თანამშრომლობა, რეფორმების ერთობლივი ძალებით განხორციელება და უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ამ სამუშაოს ვასრულებთ საქართველოსთვის, ჩვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესებისთვის და არა ევროკავშირისთვის. კანდიდატის სტატუსი არ უნდა იყოს თვითმიზანი, ეს სტატუსი ინსტრუმენტია, მექანიზმია რთულ გზაზე, რომელიც ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით არაფერი სრულდება, პირიქით, ეს არის ახალი, სერიოზული, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპის დასაწყისი. ჩვენ წინ გველის მრავალწლიანი მოლაპარაკებები გაწევრებაზე. მნიშვნელოვანია რომ ამისათვის მზაობა ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ, უნდა დავაფასოთ გასულ წელს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადაგვენაცვლა სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების პოლიტიკის კალათაში. ანუ თუ ერთი წლის წინ ჩვენ ვიყავით ევროკავშირის მეზობელი, დღეს ის გვხედავს და გვესაუბრება, როგორც მისი ოჯახის ნაწილს, რომელიც ადრე თუ გვიან გახდება ამ გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. ამიტომაც, ბატონი ბორელის გზავნილი მკაფიო და ყველასთვის გასაგები იყო-ევროკავშირი არასოდეს მიატოვებს საქართველოს.


-და ბოლოს, როგორია თვქენი მოლოდინი წლის ბოლოს საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?


-ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო პროგნოზებისგან, მით უფრო მაშინ, როცა გადაწყვეტილებამდე რჩება დრო, მცირე, თუმცა, ამ პერიოდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. დღეს ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენზე, როგორ მივალთ დეკემბრამდე, რა პროცესები წარიმართება საქართველოში, რამდენად სტაბილური იქნება პოლიტიკური სისტემა, როგორ გაგრძელდება ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მოლოდინი მაინც ოპტიმისტურია. მიუხედავად არაერთი სირთულისა თუ გამოწვევისა, ვფიქრობ, წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რასაც მოჰყვება ახალი დათქმები. მჯერა, რომ ევროკავშირში კარგად ხედავენ იმ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობას რა სივრცეშიც საქართველო იმყოფება. ისინი კარგად აფასებენ რეგიონში არსებულ საფრთხეებს. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი საკითხის აღქმა ხდება ერთგვარ საერთო რეგიონალურ კონტექსტში, ვგულისხმობ ასოცირებულ ტრიოს. როგორც იცით, უკრაინასა და მოლდოვას უკვე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ახლა ისინი ელიან მოლაპარაკებების გახსნას გაწევრებაზე. შესაბამისად, ევროკავშირისთვის საყურადღებოა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არ ჩამორჩეს ტრიოს ამ ორ მონაწილეს. ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ ქართული საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების განწყობასაც. იმ დიდ მხარდაჭერას, რაც ევროპული ინტეგრაციის მიმართ არსებობს და რაც ანგარიშგასაწევია. იმ შემთხვევაში, თუ დეკემბერში ევროკავშირი არ აჩვენებს მტკიცე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს დეზინფორმაციულ ნაკადებს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ გააძლიეროს ნიჰილიზმი, მათ შორის, ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია ევროპელმა ლიდერებმა შეაფასონ ეს რისკები. ჩვენ კი, ახალგაზრდებმა, დარჩენილ დროში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაჩვენოთ მაქსიმალური მობილიზება, კონსოლიდირება და მხარდაჭერა. დავარწმუნოთ ევროპელი პარტნიორები, რომ ეს სტატუსი, ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლა ძალიან სჭირდება ჩვენს თაობას. ვაჩვენოთ მონდომება და ვაჩვენოთ პასუხისმგებლობა, რომ მზად ვართ პროცესის გაგრძელებისათვის. მჯერა, რომ წლის ბოლოს ყველა ერთად, დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.


-მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის.

ლევან აკობია



0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0