x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ეკოლოგიური კატასტროფა და გაუმაძღარი იდიოტების მმართველობა

ეკოლოგიური კატასტროფა და გაუმაძღარი იდიოტების მმართველობა

კახოვის ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თავისი მნიშვნელობით ფარავს ისეთ საშინელ და ამაზრზენ ამბებსაც კი, რასაც პრიგოჟინი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, სჩადის უკრაინაში. სწორედ ახლა, უკრაინა განიცდის ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც დატრიალდა ევროპაში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ.

ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ათიათასობით ადამიანმა დაკარგა თავშესაფარი, მრავალი დაიღუპა და განადგურდა ინფრასტრუქტურა, ეს კატასტროფა მთლიანად ცვლის უკრაინის ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილის წყალმომარაგების სისტემას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთი ნაწილი საკმაოდ მშრალი და უსიცოცხლოა. ეს ტერიტორია, იქ არსებული კლიმატი, ვარგისიანობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და საერთოდ, რიგი ქალაქების არსებობა, ეს ყველაფერი ხელოვნური მორწყვის იმ დიდი ქსელის მოწყობის შედეგი გახლავთ. არხები და მათი მეშვეობით წყალმომარაგება უზრუნველყოფს სიცოცხლეს არა მხოლოდ ცალკეულ ტერიტორიებზე, არამედ ქვეყნის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სწორედ ამ სისტემას მიაყენეს მძიმე დარტყმა, და რომლის შედეგების შეფასება დღემდე შეუძლებელია. ვის მიერ და როგორ განხორციელდა ეს საშინელება, ჯერ დადგენილი არ არის. ვერსიები ბევრია. ექსპერტები იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ ყველაფერში რუსული მხარის არასწორი მენეჯმენტია დამნაშავე. სადგური ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, რის გამოც წყლის დონემ აიწია. დასაშვებ ზღვარს ზემოთ მიშვებულმა წყალმა დაბომბვებით დასუსტებული ჯებირი გაარღვია და კაშხლის სტრუქტურა ჩამოინგრა წყლის მასების ზეწოლის შედეგად. სხვა ვერსიებიც არსებობს. რუსულ ჯარებს შეეძლოთ სადგურის მართვის ოთახების დანაღმვა და მისი აფეთქება, და რაც არ უნდა ალოგიკურად ჟღერდეს, შედეგად სწორედ რუსული ჯარის პოზიციები წალეკა წყლის ნაკადმა. ამ ომში ხომ დიდი ხანია გაუგებარია, რა შეიარაღებული საჯარისო ფორმირებები დგაგან იქ და ვინ და რა ლოგიკით გასცემს ბრძანებებს. რუსულ ჯარს არ გააჩნია არც ერთიანი სტრუქტურა და არც ხელმძღვანელობა.

ეს შეგნებული დივერსიაა თუ გულგრილი დაუდევრობა, მაინც სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის მხარეს, რადგან დივერსია ერთჯერადი ქმედებაა და ეკონომიკური და სამეურნეო მართვის გარეშე ქმედება - სისტემური კატასტროფაა.

მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში, ძალაუფლებაზე უბრალოდ მახინჯი და მავნებლური წარმოდგენა აქვთ. დღეს მათთვის ძალაუფლება ნიშნავს შეასიონ პოლიციელები, ჩეკისტები და სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებს, რომლებიც უბრალოდ თავზარს სცემენ ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი განუკითხაობითა და თავხედობით. ტერორის თესვა, ეს რომ იყოს თუნდაც მე-18 საუკუნის კოლონიალური ომი აფრიკაში, სადაც ყველაზე თანამედროვე ნაგებობა მხოლოდ თიხისგან და ჩალისგან დამზადებული ქოხები იყო, ასეთი ქცევა კიდევ გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ბოროტი, მაგრამ ადეკვატური იყოს. მაგრამ დღეს რუსული ჯარები შეიჭრნენ ინდუსტრიულ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე განლაგებულია რთული საინჟინრო შენობა-ნაგებობები, ელექტროსადგურები, სამრეწველო საწარმოები, ტრანსფორმატორები, ჰიდრავლიკური სისტემები, ფართო და კომპლექსური ინფრასტრუქტურა, რომელთა ფუნქციონირება მოითხოვს ყოველდღიურ კვალიფიციურ მოვლა-პატრონობას და ზედამხედველობას. ნებისმიერი ელექტროსადგური, მოვლა-პატრონობის გარეშე, საყოფაცხოვრებო კეთილდღეობის უზრუნველყოფის წყაროდან სასიკვდილო საფრთხედ იქცევა. არსებულ სიტუაციაში, როცა ამდენი ადამიანი დახოცეს, საცხოვრებელი ადგილიდან გააძევეს, მთელი კვალიფიციური პერსონალი ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან განდევნეს და თავისი რიგებიდანაც ომს ორასი ათას კაცზე მეტი შეაკლეს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი ნორმალური ინჟინერი წავა პრაქტიკულად ომის წინა ხაზზე ინფრასტრუქტურის მოსავლელად და თუ გაბრიყვდა, რამდენი უნდა გადაუხადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაღალი რისკის ზონაში მუშაობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ?

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნულ დროებით ხელისუფლებაში, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც არასდროს არაფრისთვის უხელმძღვანელიათ, ან არიან კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორის მსგავსი ჩინოვნიები, მარგინალები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის შესაძლო აღძვრის საფრთხის გამო დათანხმდნენ ხარკოვის და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიების „სამართავად“ წამოსვლას. ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივ მმართველობაში რუსეთიდან გზავნიან პირებს, რომლებსაც უბრალოდ დასაკარგი აღარაფერი აქვთ და რუსეთის მახინჯი მმართველობითი ვერტიკალის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შეუძლიათ.

რუსეთის მთავრობას შეუძლია ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნოს პატიმრები, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში მსახურების სანაცვლოდ მოუხსნიან სასჯელს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ლოთები, რომლებსაც შესთავაზებენ თვეში ისეთ ანაზღაურებას, რასაც ისინი მთელი ორი წლის მათხოვრული შრომით ძლივს მიიღებენ, მაგრამ რით გინდა აიძულო კვალიფიციური სპეციალისტი წავიდეს და მართოს კრიტიკულად რთული და ზოგჯერ სასიკვდილო საფრთხის შემცველი კომპლექსური საინჟინრო-ინფრასტრუქტურული ობიექტი და ამავდროულად, დიდი ალბათობით გახდეს უკრაინული ტყვიამფრქვევის სამიზნე. როდესაც ოკუპირებულია ტერიტორია, სადაც რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული, კვალიფიციური სპეციალისტების მობილიზება უბრალოდ შეუძლებელია. რუსეთმა თავისი უაზრო და სასტიკი ომით შექმნა ის გარემო, რომელსაც პირწავარდნილი სისხლისმსმელი ბანდიტების სათარეშოდ ქცეული ჯოჯოხეთი ჰქვია და სადაც არცერთი ჭკუათმყოფელი ისურვებს მოხვედრას. ამ შემთხვევაში კი კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის მსგავსი ტექნოგენური კატასტროფების ხდომილება სამწუხაროდ პრაქტიკულად გარდაუვალია.

როგორც რუსეთის ცენტრალური, ისე ოკუპირებული რაიონების ხელისუფლების უუნარობა ასე თვალშისაცემი არასდროს ყოფილა. მათ თავში აზრადაც კი არ მოსვლიათ მოეხდინათ მათივე „გათავისუფლებული“ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. მეტიც, საკუთარ, ბელგოროდის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტაკებების შემდეგ მოსახლეობა ბედის და დაბნეული გუბერნატორების ანაბარად დატოვეს. გუბერნატორს, რომალსაც არასდროს არაფერს ეკითხებოდნენ, ბიუჯეტსაც თვითონ უდგენდნენ და მის მისაღებადაც თვეების განმავლობაში მოსაცდელში აყურყუტებდნენ, რომელიც მხოლოდ ნომინალურ ჩინოვნიკს წარმოადგენს ამ მახინჯი ბიუროკრატიული მმართველობის ვერტიკალში, განუცხადეს რომ თურმე ის არის გადაწყვეტილების მიმღები და უნდა გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას.

სამწუხაროდ ტექნოგენური კატასტროფები, დიდი თუ მცირე კიდევ იქნება. ავტომატიანები, ვისაც გაუმართლებთ, თავს გაქცევით უშველიან და ეს მთელი უბედურება რუსების მიერ იავარქმნილ ტერიტორიებზე განწირულ მძევლებად ჩარჩენილი უმწეო მოსახლეობის თავზე გადაივლის. ამ სასტიკმა და დაუნდობელმა ომმა სრულად გააშიშვლა რუსეთის გარედან „მბრწყინავი და დიდებული“, ხოლო შიგნიდან ჩამპალი, კორუფციითა და არაპროფესიონალიზმით ძირგამოცლილი მმართველობითი ვერტიკალი. მმართველი ელიტა ყველაფერს აგვარებდა ფულითა და დაშინებით, ხოლო როდესაც მდგომარეობა გაცდებოდა ამ ბერკეტებით მოგვარების შინაარსობრივ არეალს, თუნდაც მცირე სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, თითქოს არც არსებობდა, უმალ მიეფარებოდა მათ მიერვე ჩამოშვებულ მძიმე ფარდას ...

პუტინის რუსეთი, სადაც მიჩნეულია, რომ ნებისმიერი პრობლემა უბრალოდ მხოლოდ ხარჯია, სხვა უამრავი მანკიერი და მეტიც, საშინელი რეალობის გათვალისწინებით, არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. გვაჩვენებს, თუ რას ემსგავსება მმართველ ელიტაზე ვერტიკალურ დამოკიდებულებაში მყოფი ადგილობრივი უუნარო ჩინოვნიკების და სამსახურის გარეშე დარჩენის შიშით გასაცოდავებული ადამიანების ვითომ მმართველობის ქვეშ აღმოჩენილი ქვეყანა.

2
182
შეფასება არ არის
ავტორი:გოჩა წერეთელი
გოჩა წერეთელი
182
  
2023, 14 ივნისი, 12:24
კი, ვიცი, რუსებმა რომ დაბომბეს და ყველა უკრაინელი, მათ შორის მართვის სპეციალისტები რომ გაყარეს, ეგ ვიცი, თან ზუსტად.
2023, 13 ივნისი, 17:13
დასაშვებ ზღვარს ზემოთ მიშვებულმა წყალმა დაბომბვებით დასუსტებული ჯებირი გაარღვიაო, ოოო ბომბავდნენ დასანგრევად ალბათ ხომ? ჰოოდა ვინ ბომბავდა ხომ არ იცი?
0 1 2