x
image
თორ ნიკე
Mediator image
ენცეფალოპათია
ენცეფალოპათია


ენცეფალოპათია, იგივე ცერებროპათია, ენცეფალოზი, თავის ტვინის დიფუზური დაზიანების სინდრომია. მას ზოგჯერ ფსევდოენცეფალიტსაც უწოდებენ. ენცეფალოპათია წარმოდგება ორი სიტყვისგან: ანატომიურად "ენცეფალონ" ნიშნავს ტვინს, ბერძნულად "პათოს" - ტანჯვას, დაავადებას. ჩვეულებრივ, თავის ტვინის დიფუზურ დაზიანებას ტვინის ქსოვილის იშემია (სისხლმომარაგების დარღვევა) და ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი, ჟანგბადის ნაკლებობა) განაპირობებს. შედეგად სხვადასხვა დაავადება და პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება, რომელთა გამოც ნერვული უჯრედები (ნეირონები) იღუპება.

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ენცეფალოპათიებს.


თანდაყოლილი ენცეფალოპათიები შეიძლება განპირობებული იყოს მეტაბოლიზმის გენეტიკური დეფექტებით, თავის ტვინის განვითარების ანომალიებით, უკავშირდებოდეს პერინატალურ (მუცლადყოფნის, დაბადებამდელ) პერიოდში დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებას, მაგალითად თავის ტვინის ჰიპოქსიას და ქალასშიდა სამშობიარო ტრავმას.


შეძენილი ენცეფალოპათიები აღმოცენდება პოსტნატალურ (დაბადების შემდგომ) პერიოდში თავის ტვინზე დამაზიანებელ ფაქტორთა ზემოქმედებით. გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ შეძენილი ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს:

1. პოსტტრავმულს - რომელიც, ფაქტობრივად, ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი, მოგვიანებითი შედეგია;

2. ტოქსიკურს - რომელიც განპირობებულია ნეიროტროპული ნივთიერებების (ეთილის სპირტი, ქლოროფორმი, ბარბიტურატები, ტყვია და სხვა) სისტემური ზემოქმედებით (მაგალითად ალკოჰოლური ენცეფალოპათია, სხვადასხვა სახის მოწამვლები), ასევე ბაქტერიული ტოქსინების დამაზიანებელი გავლენით (მაგალითად ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის დროს და სხვა);

3. სხივურს - რომელიც დაკავშირებულია მაიონიზებელ გამოსხივებასთან (სხივური დაავადების, სხივური დაზიანების დროს);

4. მეტაბოლურს - რომელიც გამოწვეულია შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს განვითარებული მეტაბოლური დარღვევებით. მაგალითად, ღვიძლის დაავადებათა დროს, რომელთაც ახლავს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ნეკროზი და ღვიძლის სისხლძარღვოვანი სისტემის ცვლილებები. ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა ღვიძლის მიერ ვეღარ წარმოებს, შესაბამისად სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში მოხვედრის შემდეგ ეს მავნე ნივთიერებები ტოქსიკურად მოქმედებენ თავის ტვინზე და იწვევენ ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიას. მეტაბოლურ ენცეფალოპათიას მიეკუთვნება აგრეთვე თირკმლების პათოლოგიასთან, ურემიასთან (ურემიული ენცეფალოპათია) დაკავშირებული თავის ტვინის დაზიანებები. აგრეთვე პოსტდიალიზური დემენცია და დიალიზური დისბალანსის სინდრომი. კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიასთან დაკავშირებულია პანკრეასული ენცეფალოპათია, რომელიც უხშირესად მწვავე პანკრეატიტის გართულების სახის აღმოცენდება, ასევე ჰიპოგლიკემიური, ჰიპეროსმოსური და ჰიპერგლიკემიური ენცეფალოპათიები.

5. სისხლძარღვოვანს - რომელიც განპირობებულია თავის ტვინის სისხლით მომარაგების ქრონიკული დარღვევით. დისცირკულატორული ენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის (ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია), ჰიპერტონული ენცეფალოპათია ვითარდება ჰიპერტონული დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს, რომელიც თირკმლის პათოლოგიათა და ორსულთა ნეფროპათიების დროს შეინიშნება. მეტაბოლური ენცეფალოპათია მწვავედ მიმდინარეობს ფილტვის ვენტილაციის, სისხლის მიმოქცევის, ქსოვილოვანი ცვლის დარღვევებით გამოწვეული ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) დროს. მაგალითად, არტერიული წნევის ხანგრძლივად დაქვეითებისას გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე მიმდინარე ოპერაციების დროს. ჰიპოქსიური ენცეფალოპათიის მაგალითია აგრეთვე პოსტრეანიმაციული ენცეფალოპათია.

ენცეფალოპათია შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში წყლის შეკავებისას, ოსმოსური წნევის დაქვეითებისა და ჰიპონატრიემიის (სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობის) დროს, რომელიც ანტიდიურეზული ჰორმონის მოჭარბებული გამოყოფის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა სიმსივნრი პათოლოგიის, ტრავმების, სისხლდენების, ფილტვის დაავადებების დროს. ჰიპერთერმიით გამოწვეული ენცეფალოპათიის დროს აღინიშნება ჰიპოთალამუსის (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურის) დიქსფუნქცია შემდგომი მეტაბოლური დარღვევებით.


ნებისმიერი სახის ენცეფალოპათიის განვითარების მექანიზმს უხშირესად საფუძვლად უდევს თავის ტვინის ჰიპოქსია, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეულია თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებით, ვენური სისხლსავსეობით, შეშუპებით, თავის ტვინზე ენდოგენური და ეგზოგენური ტოქსინების ზემოქმედებით, ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ დარღვევათა გაღრმავებით. მსგავსი პათოგენეზური მექანიზმების არსებობა სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს (სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად) იწვევს დაახლოებით ერთგვარ მორფოლოგიურ ცვლილებებს თავის ტვინში, ესენია: თავის ტვინის დიფუზური ატროფია, ნეირონთა რაოდენობის შემცირებითა და დეგენერაციული ხასიათის ცვლილებებით მათში, ნეკროზის წვრილი კერები, თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დემიელინიზაცია გლიურ უჯრედთა პროლიფერაციასთან ერთად, თავის ტვინის შეშუპება, მიკროჰემორაგიები (სისხლჩაქცევები) თავის ტვინში, ზოგჯერ სისხლის სტაზის (შეგუბების) ნიშნებით, თავის ტვინის გარსების შეშუპება და სისხლსავსეობა. სხვადასხვა სახის ენცეფალოპათიების დროს დამახასიათებელ თავისებურებებს ქმნის დაზიანებათა სპეციფიკური გამოხატულება და უპირატესი ლოკალიზაცია ტვინის თეთრ ან რუხ ნივთიერებაში, აგრეთვე ტვინის სისხლმომარაგების დარღვევის შესაბამისი ხარისხი.


სიმპტომები

ენცეფალოპათიები კლინიკურად განსხვავებულად გამოიხატება. მათი ადრეული ნიშანია გონებრივი შრომისუნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა, მოდუნებულობა დღისით, ზოგადი დაღლილობა და სისუსტე. პაცინტები ხშირად უჩივიან დიფუზურ თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, ზოგად სისუტეს, გუნება-განწყობის არამდგრადობას, გაღიზიანებადობას. ნევროლოგიური შემოწმებისას შეიძლება გამოვლინდეს ნისტაგმი (მხედველობის გაორება), სმენისა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კუნთოვანი ტონუსისა და მყესთა რეფლექსების მომატება, პათოლოგიური პირამიდული და ორალური რეფლექსების არსებობა, კოორდინაციის დარღვევა, ვეგეტატიური ცვლილებები. აღნიშნული სიმპტომები და დარღვევები შესაძლოა პროგრესირებდეს ძირითადი დაავადების (რომელსაც თან ახლავს ენცეფალოპათია) განვითარებისდაკვალად. ასეთ შემთხევებში, მოგვიანებით სტადიებზე ვლინდება მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სინდრომები, მაგალითად პარკინსონის ან ფსევდობულბური (ფსევდობულბური აფექტი არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უეცარი უკონტროლო შეუსაბამო სიცილის ან ტირილის ეპიზოდებით, ამ დროს ტვინს უჭირს ემოციების კონტროლი). პაციენტთა ნაწილს შესაძლოა ფსიქიკის დარღვევებიც გამოუვლინდეს.


თავის ტვინის მძიმე, გენერალიზებული დაზიანების დროს როდესაც აღინიშნება მიკროცირკულაციის მნიშვნელოვანი დარღვევა და თავის ტვინის შეშუპება, ენცეფალოპათიის კლინიკური სურათი მწვავედ ვითარდება: პაციენტს აღენიშნება ზოგადი მოუსვენრობა, ძლიერი თავის ტკივილი, უხშირესად კეფის არეში, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, რყევა-რხევა, ზოგჯერ მტევნის თითების ბოლოების, ცხვირის, ტუჩების და ენის დაბუჟება. მოუსვენრობას მოგვიანებით მოდუნებულობა და სისუსტე ენაცვლება, ზოგჯერ ვლინდება ცნობიერების დაბინდვა. მწვავე ღვიძლისმიერი, თირკმლისმიერი და პანკრეასული ენცეფალოპათიების დროს არცთუ იშვიათად ვლინდება ცნობიერების დარღვევა და გულყრის შეტევები. ენცეფალოპათიის მწვავე განვითარება ინტენსიურ თავის ტკივილთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, ნისტაგმთან, პარეზებთან, ფსიქიკურ დარღვევებთან, იშვიათად კრუნჩხვებთან ერთად, შეინიშნება ფილტვის არტერიის ემბოლიის, ინფარქტული პნევმონიის, ცალკეულ შემთხვევებში კი ქრონიკური პნევმონიის გამწვავების დროს.


დიაგნოსტიკა

ენცეფალოპათიის დიაგნოსიტიკისა და მისი ფორმის განსაზღვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს. სპეციალისტები საგულდაგულოდ არკვევენ, აღენიშნება თუ არა პაციენტს: პერინატალური პათოლოგია, ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმა, მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვების, თირკმლების, პანკრეასისა და ღვიძლის დაავადებები, მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება.

ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) კვლევისას რეგისტრირდება ძირითადი რიტმების დეზორგანიზაცია, ვლინდება პათოლოგიური ნელი ტალღები, ეპილეფსიური აქტივობა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას (MRT) ვლინდება თავის ტვინის დიფუზური დაზიანების ნიშნება: პარკუჭებისა და სუბარაქანოიდული სივრცის გაგანიერება, ტვინის ხვეულების გაღრმავება. სისხლის, შარდის, ცერებროსპინალური (თავ-ზურგტვინის) სითხის ბიოქიმიური ანალიზი, ტოქსიკურ ნივთიერებათა გამოვლენა აზუსტებს ენცეფალოპათიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს.



ენცეფალოპათიის ფორმები


გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს. თითოეული მათგანი დაავადების სხვადასხვა ფორმას აერთიანებს. გთავაზობთ ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმების მოკლე დახასიათებას.


ალკოჰოლური ენცეფალოპათია

ალკოჰოლური ენცეფალოპათია ალკოჰოლური ფსიქოზის მძიმე ფორმაა. ის ძირითადად ალკოჰოლიზმის მესამე სტადიაზე ვითარდება. არსობრივად, ეს არის ჯგუფი რამდენიმე დაავადებისა, რომლებიც კლინიკური სურათითა და გამომწვევი მიზეზებით ემსგავსებიან ერთმანეთს. ალკოჰოლური ენცეფალოპათია ხასიათდება მძიმე ნევროლოგიური და სომატური გამოვლინებებით.

დაავადების განვითარებისა და მიმდინარეობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ძალიან ხშირად ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მქონე პირებს ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სუროგატების ბოროტად გამოყენება. ეს პირები უწინ სხვებზე ხშირად მოხვედრილან ტოქსიკოლოგიურ ან ნარკოლოგიურ განყოფილებაშიალკოჰოლური ინტოქსიკაციის (მოწამვლის) გამო. ამ კატეგორიის პრაქტიკულად ყველა პაციენტს აღენიშნება შინაგანი ორგანოების ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პათოლოგია. ხშირად ენცეფალოპათიის კლინიკურად გამოვლენას წინ უძღვის მრავალდღიანი ან მრავალთვიანი თრობა. არცთუ იშვიათად დაავადება ვლინდება გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ყველა ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება. ამ მდგომარეობას აღრმავებს ისიც, რომ ლოთობის (გაბმით სმის) ფონზე ავადმყოფები პრაქტიკულად არ იღებენ საკვებს. მეტიც, მათ საკვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება (განრიდება) უვითარდებათ, რასაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში. ხშირია ყაბზობა, რომელსაც ფაღარათი ცვლის. შედეგად, პაციენტები კატასტროფულად იკლებენ წონას.

მათთვის დამახასიათებელია:

1. ძილის დარღვევა (ვერ იძინებენ ვერც ღამით, ვერც დღისით);

2. პარესთეზია (სხეულის სხვადასხვა უბანზე ჭიანჭველების ცოცვლის შეგრძნება);

3. ქვედა კიდურების კრუნჩხვა;

4. ზოგადი სისუსტე;

5. მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა;

6. თავბრუხვევა;

7. მთელი სხეულის კანკალი;

8. ცხელება, რომელიც უმეტესად ღამღამობით ვითარდება შეტევისებურად, ან კიდევ წამოხურება ოფლიანობით;

9. გულისცემის აჩქარება;

10. ჰაერის უკმარისობა;

11. უსამოვნო შეგრძნება გულის არეში;

12. სხეულის ცალკეულ ნაწილებში სიცივისა და მტვრევის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი;



დისცირკულატორული ენცეფალოპათია

დისცირკულატორული ენცეფალოპათია ტვინის ქსოვილის პროგრესირებად ორგანულ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც სისხლით ტვინის მომარაგების სხვადასხვა ტიპის დარღვევის გამო ვითარდება. განასხვავებენ ათეროსკლეროზულ, ჰიპერტონულ, შერეულ (ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია) და ვენურ ენცეფალოპათიებს.


დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია

ყველაზე ხშირად გვხვდება დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია. ამ პათოლოგიის სამ სტადიას გამოყოფენ:


I სტადია - მას ზომიერად გამოხატულ, კომპენსირებულ სტადიასაც უწოდებენ. ვლინდება ცერებრასთენიური სინდრომით (მეხსირების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, არასისტემური თავბრუხვევა), დისტონიური ვეგეტოსისხლძარღვოვანი რეაქციებითა და ფსიქოპათოლოგიურ სინდრომთა სხვადასხვა ვარიანტით (ასთენოდეპრესიული, ასთენოიპოქონდრიული, პარანოიდული, აფექტური). ამ სტადიაზე მყარი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები არ შეინიშნება. შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქად გამოხატული პარქოსიზმული დარღვევები. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის საწყის სტადიაზე ჭარბობს ცერებრასთენიის ჰიპერდინამიკური ფორმა, რომელიც ვლინდება აგზნებადობით, თავშეუკავებლობით, გუნება-განწყობის ლაბილობით, მშფოთვარე ძილით.


II სტადია - გამოხატული, სუბკომპენსირებული სტადიაა. ამ დროს იმატებს სტრუქტურული ორგანული ცვლილებები. სიმპტომატიკა არათუ ღრმავდება, უფრო მყარდება კიდეც. თავის ტკივილი მუდმივ ხასიათს იძენს, ვლინდება გაბმული ხმაური თავში. ღრმავდება ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, ცერებრასთენია ჰიპოდინამიკურ ფორმას იძენს - აღინიშნება მოდუნებულობა, სწრაფად დაღლა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ტირილისადმი მიდრეკილება, ყურადღების შესუსტება, მეხსირების დაქვეითება, ძილის დარღვევა. დიფუზური სისხლძარღვოვანი უკმარისობა იწვევს თავის ტვინის სტრუქტურების წვრილკეროვან დაზიანებებს, ამის შედეგად ყალიბდება შესაბამისი კლინიკურ-ნევროლოგიური სინდრომი. ყველაზე ხშირად გვხვდება ფსევდობულბური, ამიოსტატიკური სინდრომები, ასევე პირამიდული უკმარისობა.

ამ უკანასკნელს (პირამიდულ უკმარისობას) ახასიათებს:

1. დიზართრია (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა);

2. დისფონია (ხმის ჩახლეჩა, ხრინწიანობა);

3. ორალური ავტომატიზმის რეფლექსები;

4. სახის ქვედა ნაწილისა და ენის ინერვაციის დარღვევა - დევიაცია ანუ ნორმალური მდგომარეობიდან გადახვევა, მოძრაობის შენელება, ჰიპომიმია ანუ სახის კუნთების მიმიკური მოძრაობის შესუსტება, შებორკილობა;

5. თავისა და ხელების რიტმული ტრემორი (კანკალი);

6. დისკოორდინაცია;

7. ხელის თითების მოძრაობათა უხერხულობა;

8. მხედველობის დარღვევა ფოტოფსიის ანუ სინათლის ჰალუცინაციური შეგრზნების სახით;

9. სმენის დაქვეითება;

10. ჯექსონის ტიპის გულყრა;

11. ანიზორეფლექსია (სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს რეფლექსების სხვადასხვაგვარობა);

12. მოხრის ტიპის პათოლოგიური რეფლექსები;


III სტადია - მკვეთრად გამოხატული დეკომპენსირებული სტადიაა. ხასიათდება ტვინის ქსოვილის მძიმე დიფუზურ-მორფოლოგიური ცვლილებებით. წარმოიქმნება პერივასკულური ლაკუნები, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ჰემისფეროთა ქერქის ატროფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRT) განისაზღვრება ტვინის თეთრი ნივთიერების სიმკვრივის დაქვეითება, როგორც გვერდითი პარკუჭების გარშემო, ასევე სუბკორტიკულ (ქერქქვეშა) შრეებში, ე.წ. ლეიკოარიოზი. ამ სტადიაზე უკვე არსებული სიმპტომები ღრმავდება და მძიმდება, ჭარბობს თავის ტვინის რომელიმე უბნის დაზიანების ნიშნები, ნათხემისეული დარღვევები, პარეზები, მეტყველებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება ეპილეფსიური გულყრები, ფსიქიკის მძიმე ცვლილებები ხშირად ღრმა დემენციას იწვევს. ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებათა კვალად სომატური მდგომარეობაც მძიმდება. ამ სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.


დისცირკულატორული ჰიპერტონული ენცეფალოპათია

ათეროსკლეროზულისგან განსხვავებით ჰიპერტონიული ცისცირკულატორული ენცეფალოპათია შედარებით ახალგაზრდა ასაკში იწყება და სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით - ცერებრული ჰიპერტონიული კრიზების ფონზე. ამ დაავადების დროს ახალი სიმპტომები ხშირად მწვავედ ვლინდება კრიზების დროს. ფსიქიკურ ცვლილებებს შორის პირველ ეტაპზე ვლინდება აჟიტირებულობა, ემოციური არამდგრადობა, ეიფორია.


დისცირკულატორული ვენური ენცეფალოპათია

ვენური ენცეფალოპათია დისცირკულატორული ენცეფალოპათიის განსაკუთრებული ფორმაა. ის გვხვდება ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც შეინიშნება ქალას ღრუდან ვენური ნაკადის გადინების ქრონიკული დარღვევა (ვენური ტონუსის რეგულაციის პირველადი დარღვევები - ცერებრული ვენური დისტონია, პათოლოგიური პროცესებით ქალასშიდა და ქალასგარეთა ვენებზე ზეწოლა). ამ დროს თავის ტვინში ვითარდება ვენური შეგუბება ქრონიკული შეშუპებით. კლინიკურ სურათში ჭარბობს ქრონიკულად რემისირებადი ჰიპერტენზიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თავის ყრუ, მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, ცხვირცემინების, ჭინთვის დროს. ხშირად არასისტემური თავბრუხვევა, მოდუნებულობა, აპათია, უძილობა, არცთუ იშვიათად - თავის ტვინის გაფანტული, წვრილკეროვანი დაზიანების სიმპტომები, მძიმე შემთხვევებში - გულისრევა და ღებინება, შეგუბება თვალის ფსკერზე, მენინგეალური ნიშნები.



პერინატალური ენცეფალოპათია

პერინატალური ენცეფალოპათია პერინატალურ (მუცლადყოფნის) პერიოდში აღმოცენებული ტვინის პათოლოგიაა. არსობრივად, ეს ჯგუფი აერთიანებს ყველა დაუზუსტებელ (კონკრეტულად განუსაზღვრელ) ტვინის დისფუნქციას და შესაბამისად, ტერმინი "პერინატალური ენცეფალოპათია" აუცილებლად ტვინის დაზიანებას არ ნიშნავს. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთი დიაგნოზის დასმა მართებულია ახალშობილის სიცოცხლის ერთი თვის თავზე. სხვები კი ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაშიც. საზოგადოდ, ერთი თვის ასაკამდე განსაზღვრა იმისა კონკრეტულად ტვინის რომელი პათოლოგია აღენიშნება ჩვილს, მეტისმეტად რთულია. ამიტომაც თავის ტვინის ნებისმიერ სტრუქტურულ თუ ფუნქციურ დაზიანებას პერინატალურ ენცეფალოპათიად მოიხსენიებენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტიპის ენცეფალოპათიებს მრავალგვარი გამოვლინება აქვს. მაღალპროფესიონალი ნევროლოგები ჩვეულებრივ, დიაგნოზს ასეთი სახით სვამენ: "პერინატალური ენცეფალოპათია ამა და ამ სინდრომის სახით". რეალურად, ექიმისგან სწორედ ასეთი ფორმულირების მიღებაა საჭირო, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო ბევრი რამ ხდება გასაგები როგორც დაავადების გამოვლინებათა თვალსაზრისით, ასევე პროგნოზის კუთხით.



წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 318-324;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;

20. ატაქსია;

21. ატროფია;

22. აუტიზმი;

23. აფაზია;

24. დემენცია;

25. ენცეფალიტი;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0