x
image
თორ ნიკე
Mediator image
ენცეფალიტი
ენცეფალიტი


ენცეფალიტი (Encephalitis) თავის ტვინის ანთებაა. ის შესაძლოა იყოს პირველადი, ან მეორეული (რომელიმე დაავადების ფონზე განვითარებული). პირველადს მიეკუთვნება ეპიდემიური, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსული, ჰერპესული და სხვა ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი აღმოცენდება გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბსცესის, ოსტეომიელიტის, ტოქსოპლაზმოზისა და სხვა დაავადებების ფონზე. გამომწვევი მიზეზებისა და განვითარების მექანიზმის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.


არსებობს შემოფარგლული (ღეროვანი, ქერქქვეშა) და დიფუზური ენცეფალიტი. შესაძლოა დაზიანდეს თავის ტვინის რუხი ნივთიერება (პოლიოენცეფალიტი), თეთრი ნივთიერება (ლეიკოენცეფალიტი) ან ორივე ერთად (პანენცეფალიტი). მიმდინარეობის კვალობაზე განარჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ენცეფალიტს.


ენცეფალიტი



ეპიდემიური ენცეფალიტი

დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით ვრცელდება. ვირუსი ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან აღწევს. მისი ინკუბაციის პერიოდი 1-14 დღეა. ეპიდემიურ ენცეფალიტს ახასიათებს ვირუსის ჰემატოგენური დისემინაცია (სისხლით გავრცელება) და პათოლოგიურ პროცესში შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით ღვიძის ჩართვა. ვირუსი ლიმფური გზით ან პრენევრალურად ვრცელდება. აზიანებს ტვინის რუხ ნივთიერებას. შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. მწვავე სტადიისთვის, რომელიც რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება, დამახასიათებელია ტემპერატურის სწრაფი მატება 39-40 გრადუსამდე, კატარული მოვლენები (ხველა, სურდო, ყელის ტკივილი), თავის ტკივილი, მოთენთილობა, სახსრებში ტკივილი, გონების დაბინდვა.


ნევროლოგიური სტატუსის მხრივ გამოიყოფა შემდეგი სიმპტომოკომპლექსები:

1. დისსომნიური (ძილის დარღვევა) - ჰიპერსომნია, უძილობა და ძილის გაუკუღმართება (ინვერსია), რომელიც 1-2 თვეს გრძელდება;

2. თვალის მამოძრავებელი - დიპლოპია (მხედველობის გაორება), ფტოზი (ქუთუთოს დაშვება), სიელმე, მხედველობის დამბლა ან პარეზი;

3. ვესტიბულოვეგეტაციური - ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა), ვაზომოტორების (სისხლძარღვების მამოძრავებელი ნერვების) ლაბილობა, ტაქიკარდია, სუნთქვის რიტმის შეცვლა. ახასიათებს "ცხიმიანი სახე", ჰიპერსალივაცია (მომატებული ნერწყვდენა). შესაძლოა განვითარდეს ფსიქიკური დარღვევებიც (ეიფორია, გონების დაბინდვა ან ბოდვა). ზოგ ავადმყოფს უვითარდება სლოკინი.

ზურგის ტვინის სითხე ამ დროს გამჭვირვალეა, უფერო, ზოგჯერ შეინიშნება ზომიერი ლიმფოციტური პლეოციტოზი (ლიმფოციტების რაოდენობის მატება), ასევე ცილებისა და გლუკოზის ზომიერი ზრდა.


ტკიპისმიერი ენცეფალიტი - სეზონური (გაზაფხულ-ზაფხული) პირველადი ვირუსული ენცეფალიტია. ძირითად გადამტანს წარმოადგენს ტაიგასა და ტყეებში გავრცელებული ტკიპა. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი დაინფიცირებული ტკიპის ნაკბენით ზოგჯერ კი ალიმენტური გზით (დაავადებული თხის ან ძროხის რძის მოხმარების შედეგად) აღწევს. ვირუსი ჰემატოგენურად ან პერინევრულად ვრცელდება. ზურგის ან მოგრძო ტვინის უჯრედებში, იშვიათად - თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშა თეთრ ნივთიერებაში, მხედველობის ბორცვზე, ქერქქვეშა კვანძებში ლოკალიზდება. ინკუბაციური პერიოდი 8-20 დღეს შეადგენს. დაავადება მწვავედ იწყება. აღმოცენდება თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, საერთო ჰიპერესთეზია (გაძლიერებული ჰიპერმგრძნობელობა), სინათლის შიში, სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს. ზოგჯერ შეიმჩნევა დაავადების ორტალღოვანი მიმდინარეობა. განმეორებით ჰიპერთერმიას მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება ახლავს თან. აღინიშნება სასის, სკლერების, კანის საფარველის სიწითლე და დისპეფსიური მოვლენები (გულძმარვა, ღებინება, გულისრევა, მჟავე ბოყინი და სხვ.). სისხლში აღმოჩნდება ლეიკოციტები, ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) იმატებს, აღინიშნება ლიმფოპენია (ლიმფოციტების ნაკლებობა).


გამოყოფენ ტკიპისმიერი ენცეფალიტის რამდენიმე კლინიკურ ფორმას, ესენია:

1. მენინგეალური ტკიპისმიერი ენცეფალიტი - იგი მენინგეალური სიმპტომებით მიმდინარე რუხი მენინგიტის ნაირსახეობაა. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გონების დაბინდვა, ბოდვა, ეპილეფსიური შეტევები, პარეზი, დამბლა და გამოხატული გარსისმიერი სიმპტომები.

2. პოლიოენცეფალომიელიტური ტკიპისმიერი ენცეფალიტი - ახასიათებს კისრის კუნთებისა და მხრის სარტყლის დამბლა, შეიმჩნევა ბულბური (სასის, ენის, ხორხის საყლაპავის კუნთების მოდუნება) და მენინგეალური სიმპტომები.

3. პოლიომიელიტური ტკიპისმიერი ენცეფალიტი - ვითარდება კისრისა და ზემო კიდურების პარეზი, თავი მკერდზეა დაკიდებული. აუცილებლად აღინიშნება მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა (მგრძნობელობა შენარჩუნებულია).

4. წაშლილი ტკიპისმიერი ენცეფალიტი - ახასიათებს ხანმოკლე (2-4 დღე) ცხელება, ნევროლოგიური სიმპტომები არ არის გამოხატული, აღინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ იმატებს არტერიული წნევა.

5. პროგრესირებადი ტკიპისმიერი ენცეფალიტი - ახლავს ეპილეფსიური შეტევები, კუნთების მუდმივი თამაში, განსაკუთრებით - კისრისა და ზემო კიდურების.


ტკიპისმიერი ენცეფალიტი


იაპონური ენცეფალიტი - ამ დაავადებას იწვევს ვირუსი, რომლის რეზერვუარსა და გადამტანს კოღო წარმოადგენს. ახასიათებს ვირუსმატარებლობა (ადამიანი, ფრინველი). ინკუბაციის პერიოდი 3-27 დღეს გასტანს. დაავადება მწვავედ იწყება, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს და 10 დღე ნარჩუნდება. აღინიშნება ციება, საერთო სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთების ტკივილი. სახის კანი ჰიპერემიულია (წამოწითლებულია), ენა - მშრალი, მუცელი - ჩაბრუნებული (შევარდნილი). ირღვევა გულის ფუნქცია. მკვეთრადაა გამოხატული მენინგეალური ნიშნები (თავის ტკივილი, ფოტოფობია ანუ სინათლის შიში, კისრის რიგიდულობა, კრუნჩხვები), გონებისმხრივი დარღვევები. გამოხატულია მინი და მაკროჰემიპარეზი, მომატებულია ზემო კიდურების მომხრელი და ქვედა კიდურების გამშლელი კუნთების ტონუსი. შესაძლოა, ცალკეული კუნთების კლონური კრუნჩხვები განვითარდეს. მძიმე შემთხვევაში აღმოცენდება ბულბური (სასის, ენის, ხახის, ხორხის, საყლაპავი კუნთების) დამბლა. აღნიშნული დაავადება (იაპონური ენცეფალიტი) 100-დან 50 შემთხვევაში სიკვდილით სრულდება.


გრიპოზული ენცეფალიტი (ტოქსიკურ-ჰემორაგიული) გრიპის ფონზე აღმოცენებული თავის ტვინისა და მისი გარსის მწვავე დაავადებაა.

ნევროლოგიური სიმპტომები გრიპის კლინიკური სურათის ფონზე აღმოცენდება. აღინიშნება თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თაბრუხვევა, მოძრაობისას თვალის კაკლის მტკივნეულობა, ზოგადი ჰიპერესთეზია, ზურგისა და კუნთების ტკივილი, ფტოზი, სამწვერა ნერვის საინერვაციო უბნების ტკივილი, ანორექსია, ჰიპოდინამია, ძილის დარღვევა.


მენინგოენცეფალიტი შესაძლოა პარეზებით, დამბლით, კომითა და ეპილეფსიური გულყრებით გამოვლინდეს. თავ-ზურგტვინის სითხეში შეინიშნება სისხლი, ცილების შემცველობა მატულობს. ვლინდება ლიმფოციტური პლეოციტოზი.


წითელასმიერი ენცეფალიტი (ენცეფალომენინგიტი) წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენიდან 3-5 დღეში ან რეკონვალესცენციის პერიოდში ვითარდება. უპირატესად ზიანდება თავისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება. ახასიათებს ტემპერატურის ხელმეორედ მატება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავადმყოფთა ნაწილს სისუსტე და ძილიანობა სოპოროზულ მდგომარეობასა და კომაში გადასდის, ნაწილს კი ბოდვა, აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა აღენიშნება. არცთუ იშვიათია ეპილეფსიური შეტევებიც. ნევროლოგიური სიმპტომების მხრივ შეიმჩნევა დამბლა, ჰემიპარეზი (სხეულის ნახევარში მოტორული ფუნქციის მოშლა), ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა), ატაქსია (მოძრაობითი კოორდინაციის დარღვევა), ხშირად ზიანდება მხედველობისა და სახის ნერვები.


ენცეფალიტი ჩუტყვავილასა და წითურას დროს - დაავადების სიმპტომები ძირითადად მე-2-8 დღეს აღმოცენდება. ზიანდება ნერვული სისტემა. დაავადება უმეტესად მწვავედ იწყება: ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ძილიანობას, აქვს ეპილეფსიური შეტევები, კიდურების პარეზი ან დამბლა, ჰიპერკინეზია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ზოგჯერ ზიანდება მხედველობის ნერვი, ვითარდება ენცეფალომიელიტური სინდრომი.


ენცეფალიტი ჩუტყვვილას,  წითელას და წითურას დროს


ჰერპესულ მენინგიტს ჰერპესის ვირუსი იწვევს. ამ დროს ზიანდება ტვინის თეთრი ნივთიერება, ვითარდება ნეკროზული პროცესი (კეროვანი ან დიფუზური ხასიათის). დაავადება "ნელ" ინფექციებს მიეკუთვნება, რადგან ვირუსი ადამიანის ორგანიზმში დიდხანს ძლებს. გამომწვევი ნერვულ სისტემაში ჰემატოგენური გზით ან პერინერვული სივრცეებით აღწევს.

პროდრომული პერიოდი რომელიც სხეულის ტემპერატურის ზრდითა და სახესა და სხეულზე ჰერპესული გამონაყარით მიმდინარეობს, რამდენიმე დღე გრძელდება. დაავადების მწვავე ფორმისას აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ეპილეფსიური შეტევები, მენინგეალური, პარეზისა და დამბლის კეროვანი ნიშნები, ცნობიერების დარღვევა. ნეკროზულ ენცეფალიტს ახასიათებს კატარული მოვლენები. მე-7 დღეს ტემპერატურა მკვეთრად მატულობს და ჩნდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები: ცნობიერების დარღვევა, დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია, დაბნეულობა, აფაზია (მეტყველების უნარის მოშლა), აკალკულაცია, აპრაქსია (მიზანდასახული მოქმედების შესაძლებლობის უნარის მოშლა). ზოგ ავადმყოფს აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები. თავ-ზურგტვინის სითხეში აღმოჩნდება ლიმფოციტური ან ნეიტროფილური პლეოციტოზი, ცილების რაოდენობა იმატებს, გლუკოზის კი იკლებს.

ბავშვებში ჰერპესული ენცეფალიტი ძალზე მძიმედ მიმდინარეობს. მწვავე ფორმას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის სწრაფი მატება, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ეპილეფსიური გულყრები, ცნობიერების დარღვევა და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.


ჰერპესი


პოლისეზონური ენცეფალიტი - იგი წარმოადგენს გაურკვეველი ეტიოლოგიის ენცეფალიტის შერეულ ჯგუფს. დაავადებას არ ახასიათებს სეზონურობა და სხვადასხვაგვარი სიმპტომით (თვალის მამოძრავებელი ან სახის ნერვის ფუნქციის დარღვევით) ვლინდება. არ არის გამორიცხული ვესტიბულური და ბულბური დარღვევები. ავადმყოფთა ნაწილს უვლინდება სიარულისა და კოორდინაციის უნარის მოშლა, ჰიპოტონია, ატაქსია. დაავადება ზოგჯერ ეპილეფსიური შეტევებით, პარეზისა და დამბლის სწრაფი განვითარებით, ჰიპერკინეზიებით ვლინდება. აღინიშნება ცნობიერების დარღვევა, გულის წასვლა და კომაც კი.


ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი - დაავადების გამომწვევია Toxoplasma gondii. მწვავე ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი იშვიათად გვხვდება. ის მეტწილად თანდათანობით ვითარდება. მწვავე ფორმის დროს აღინიშნება ტემპერატურის მატება, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია (ღვიძლისა და ელენთის გადიდება), პნევმონია, მიოკარდიტი, კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, კანის ეგზანთემები, მონოციტოზი. ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი არცთუ იშვიათად ეშლებათ ინფექციურ მონონუკლეოზში. თავ-ზურგტვინის სითხეში ცილების რაოდენობა არ კლებულობს, აღინიშნება ლიმფოციტური პლეოციტოზი. დაავადების მწვავე სტადიაში სისხლში, შარდში, თავ-ზურგტვინის სითხესა და ლიმფურ კვანძებში ზოგჯერ ტოქსოპლაზები გამოიყოფა.


გადაუდებელი დახმარება

ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენისთანავე ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნას ინფექციურ საავადმყოფოში ან ნევროლოგიურ განყოფილებაში. ინიშნება მკაცრი წოლითი რეჟიმი. ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.

ჰოსპიტალიზაციამდელ პერიოდში მას დეჰიდრატაციული საშუალებები (ლაზიქსი, დიაკარბი) უნდა მიეცეს.

თუ მენინგეალური და ენცეფალური სიმპტომები (თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტოქსიკოზი, ღებინება და სხვა) აღინიშნება, ავადმყოფს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს, რინგერს უსხამენ, იმავდროულად კანქვეშ ან ვენაში უკეთებენ B ჯგუფის ბიტამინებს, ასკორბინის მჟავას.


ეპიდერმული ენცეფალიტის მწვავე პერიოდში ავადმყოფს ენიშნება ინტერფერონი და ინტერფერონის გამოყოფის მასტიმულირებელი პრეპარატები (პროდიგიზანი), ასევე - რიბონუკლეაზა და დექოსირიბონუკლეაზა, მათთან ერთად - მადესენსიბილიზებელი საშუალებები (დიმედროლი, სუპრასტინი).

ტკიპისმიერი ენცეფალიტის დროს რეკომენდებულია პრედნიზოლონი, ტკიპისმიერი ენცეფალიტის საწინააღმდეგო ვაქცინით ინაქტივირებული ადამიანის გამა-გლობულინი.

პოლისეზონური ენცეფალიტისას ავადმყოფი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. ამ ინფექციის დროს ინიშნება რიბონუკლეაზა, ტვინის შეშუპების შემთხვევაში კი ოსმო- და სალურეტიკები.

ენცეფალიტის მძიმე შემთხვევაში ტარდება ინტენსიური თერაპია. ეპილეფსიური შეტევებისას ვენაში ან კუნთებში კეთდება სედუქსენი (რელანიუმი). მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისა და დეჰიდრატაციის მიზნით ინიშნება დექსტრანი (პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი).

გრიპის, პარაგრიპისა და ადენოვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული ენცეფალიტის შემთხვევაში ნაჩვენებია გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი).

თუ ავადმყოფი მეტისმეტად დასუსტდა, გლუკოზის 5%-იან ხსნარს უსხამენ. სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში კი ინიშნება დიცინონი, ამინოკაპრონის მჟავა და სხვა.

ჰერპესული ენცეფალიტის ადრეულ სტადიაში კურანტილის ინექციას ნიშნავენ. რეკომენდებულია ასევე ვიროლექსი, ლევამიზოლი და გამა-გლობულინი. პარალელურად ტარდება დეჰიდრატაციული თერაპია. მძიმე შემთხვევაში ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციური მკურნალობა (რეოპოლიგლუკინი).

ტვინის პარაინფექციური დაზიანებისა და ენცეფალიტის ნიშნების გაჩენისას ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები და გლუკოკორტიკოიდები. წითელასმიერი ენცეფალიტის დროს კი კარგ ეფექტს იძლევა ლევოდოფა. მწვავე სტადიაში ნაჩვენებია დეჰიდრატაციული და შარდმდენი პრეპარატები (ლაზიქსი), კრუნჩხვების შემთხვევაში კი სიბაზონი კუნთებში ან ვენაში.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 315-318;



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;

20. ატაქსია;

21. ატროფია;

22. აუტიზმი;

23. აფაზია;

24. დემენცია;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
47
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
47
  
2023, 22 აპრილი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1