x
image
თორ ნიკე
Mediator image
აუტიზმი
აუტიზმი


აუტიზმი (Autism) ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. აუტიზმი ყალიბდება 3 წლამდე და ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. მისი მიზეზი უცნობია. საუბრობენ გარემოს, ცხოვრების პირობების, ასევე მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის როლზე.


სიმპტომები და მიმდინარეობა

აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება. მშობლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბავშვის უცნაური საქციელით, ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ ნიშნებზე:


1. ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ტაქტილურ კონტაქტზე (შეხებით ურთიერთობაზე);

2. 3 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს;

3. უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს;

4. არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები;

5. ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით. სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს. მეტყველების განვითარებით ჩამორჩება ასაკს;


აუტიზმი


აუტი (აუტისტი) ბავშვი სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე გამოირჩევა უცნაური ქცევით. უპირველეს ყოვლისა, გაურბის უფროსებთან ყოველგვარ კონტაქტს - როცა დედას ხელში აჰყავს, არ ცდილობს ჩაეხუტოს, დედის დანახვისას მას არ უწვდის ხელებს და არ სთხოვს ხელში აყვანას, არ უყურებს თვალებში, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე. ხშირად ამის გამო ოჯახის წევრები სმენის დეფექტსაც კი ეჭვობენ.

აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი გადახრები ჩვილი ასაკიდანვე იპყრობს ყურადღებას, მოზრდილები კი გონებრივად ურთიერთსაპირისპიროდ ვითარდებიან - ან ჩამორჩებიან, ან მაღალი განვითარებით გამოირჩევიან რომელიმე ერთ დარგში (მუსიკაში, ხატვაში, მათემატიკაში), თუმცა უბრალო ყოფით სიტუაციაში შესაძლოა პატარა ბავშვივით დაიბნენ.


აუტიზმი


მიზეზები

უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება - დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილი გაუჩნდეთ. სტრესი - აუტიზმის გამომწვევი უხშირესი მიზეზია.


დიაგნოზი

ჯერჯერობით არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც ზუსტად ახდენს დაავადების დიაგნოსტირებას, მაგრამ მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. ამჟამად სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები აკვირდებიან ბავშვების ქცევას და სწავლობენ მათ რეაქციებს სპეციალური კითხვარის მეშვეობით.

ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს ბავშვი მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.


აუტიზმი


მკურნალობა

მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება (ჯერჯერობით), მაგრამ სწავლობს იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრენინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები. დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.


აუტიზმი


რეკომენდაციები

აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახის წევრებისგან უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ის ოჯახის ისეთივე ჩვეულებრივი წევრია, როგორც დანარჩენები.

მიეცით საშუალება, თვითონ შეადგინოს დღის რეჟიმი - სეირნობა, კვება, ძილი, თამაში მისი სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. თავს ნუ მოახვევთ მისთვის არასასურველ იდეებს - ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე და უფრო გააღრმავოს ქცევის გადახრები.

როცა დავალებას სწორად შეასრულებს, გამოხატეთ ეს მისთვის გასაგებად და ხაზგასმით - მათთვის ქება სასარგებლოა.

არასწორი საქციელი სწრაფად ექცევათ ჩვევად, ამიტომ მაშინვე აუკრძალეთ და შეეცადეთ გააგებინოთ, რომ ცუდად მოიქცა.

ყოველ ახალ დავალებას და ზოგადად სიახლეებს თანდათან შეაგუეთ და რამდენჯერმე თქვენთან ერთად შეასრულებინეთ.

ნუ დაანახებთ, რომ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაუბრაზდებით - ის უფრო მეტად ჩაიკეტება და თქვენთან კონტაქტის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს.


წყარო: მედიცინის დიდი ცნობარი - სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია. ტომი I; 2016. ავტორები: ნინო ჩარგეიშვილი, თამარ მამაცაშვილი. გვ. 147-148;


აუტიზმი



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;

15. ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები;

16. ტვინის აბსცესი;

17. ალცჰაიმერის დაავადება;

18. ანოსმია;

19. ასთენია;

20. ატაქსია;

21. ატროფია;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0