x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აფხაზები
image

აფხაზები საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. მათი თვითსახელწოდებაა აფსუა. 1990-იანი წლების მონაცემებით აფხაზების რაოდენობა 90 ათასი კაცის ფარგლებში იყო. თვით აფხაზეთში კი 83 ათასი აფხაზი ცხოვრობდა. დღეისათვის დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში კატასტროფიულად შეცვლილია. დაახლ. 300 ათასი ქართველი დევნილობაში იმყოფება.

აფხაზების გარკვეულმა ნაწილმაც დატოვა აფხაზეთი. მათ რაოდენობას ახლა 70 ათასამდე კაცს ანგარიშობენ. აფხაზებისაგან ფაქტობრივად მთა და მთისწინეთი დაიცალა. ისინი ქალაქ სოხუმსა და ზღვისპირა რაიონებში ქართველთა კუთვნილ სახლებში ჩასახლდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს მოსახლეობის პირველი, 1926 წლის აღწერით საქართველოში 56.847 აფხაზი იყო აღრიცხული. 1939 წელს მათი რაოდენობა 57.226 კაცით განისაზღვრებოდა, 1959 წელს _ 62.878, 1970 წელს _ 79.449, 1979 წელს _ 85.285, 1989 წელს _ 95.853 კაცით.


უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები მთლად რეალური არაა, რადგან საბჭოთა პერიოდში ქართველთა მნიშვნელოვან ნაწილს აფხაზები აფხაზებად წერდნენ. რაც შეეხება აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს, მათ შესახებ 1926 წლის აღწერაში მონაცემები არაა დაფიქსირებული. 1939 წელს აქ 1.029 აფხაზი იყო აღრიცხული, 1959 წელს _ 1.157, 1970 წელს _ 1.361, 1979 წელს _ 1.508, 1989 წელს _ 1.636, 2002 წელს _ 1.558. აჭარაში აფხაზების განსახლების არეალი ძირითადად ქალაქი ბათუმი და ხელვაჩაურის რაიონია. ცოტა იქით, XIXს-ში თუ გადავიხედავთ, უტყუარი მონაცემები გაგვაჩნია აფხაზთა რაოდენობის შესახებ 1886 წლისათვის. ამ წლის საოჯახო სიების მიხედვით 60.432 აფხაზი იყო აღრიცხული, მაგრამ, როგორც ამავე აღწერით ირკვევა, სამურზაყანოელი ქართველები აფხაზებზე იყვნენ მიწერილი (თუმცა “ნაროდნოსტის” გრაფაში მათ სამურზაყანოელები აქვთ მიწერილი). სამურზაყანოელების რაოდენობა კი ამ დროს 30.640 კაცი იყო.


რეალურად XIXს-ის ბოლოს საქართველოში 29.792 აფხაზი ითვლებოდა. 1917 წლის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკით აფხაზეთში 38.121 აფხაზი მკვიდრობდა (ეს მთელი მოსახლეობის 21, 4% იყო). რაც შეეხება აჭარას, 1886 წელს აქ, ბათუმის ოკრუგში სულ 915 აფხაზი იყო აღრიცხული. აფხაზთა რაოდენობის შესახებ უფრო ადრინდელი მონაცემები არ გაგვაჩნია. მეცნიერთა გამოანგარიშებით 1770-იან წლებში აფხაზეთში (დღევანდელ საზღვრებში) დაახლ. 64 ათასი კაცი ცხოვრობდა. რამდენი იყო ამ რაოდენობიდან ქართველი და რამდენი აფხაზი, ეს განსაზღვრული არ არის. 1800 წლისათვის აფხაზების რაოდენობას 30 ათასს ანგარიშობენ. 1832 წლისათვის კი _ 34, 8 ათასს.

XIX საუკუნის პირველი მესამედის გერმანელი ავტორის ედუარდ აიხვალდის მონაცემებით აფხაზეთში 8 720 კომლი და 52 320 მოსახლე ცხოვრობდა. ამ რაოდენობაში არ შედის სამურზაყანოს მოსახლეობა, რომელთა რიცხოვნობაც მაშინ 10 788 სული ყოფილა (1798 კომლი). აფხაზთა დემოგრაფიულ მონაცემებზე საუბარი იმით უნდა დავამთავროთ, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ ეთნოსის პროცენტული რაოდენობა 15-დან 18-მდე მერყეობდა, თუმცა მათი პროცენტი 1926 წელს 25, 6 იყო. შემდგომ წლებში, მართალია, ისინი რაოდენობრივად იმატებდნენ, მაგრამ პროცენტულად დაიკლეს, რაც ძირითადად აქ სომხების, რუსების და ბერძნების მასობრივმა შემოსახლებამ განაპირობა.

1886 წლიდან 1989 წლამდე აფხაზეთში რუსული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 70-ჯერ გაიზარდა (1216-დან 74.914-მდე), 73-ჯერ _ სომხური მოსახლეობა (1.090-დან 76.541-მდე). აფხაზთა შთამომავლები ცხოვრობენ აგრეთვე თურქეთსა და რამდენიმე არაბულ ქვეყანაში, სადაც მათი წინაპრები მუჰაჯირობის დროს გადასახლდნენ. აფხაზთა მიგრაციის პირველი ტალღა 1867 წელს განხორციელდა, მეორე _ 1877 წელს. პირველი მიგრაციული ტალღის დროს 19.342 კაცი გადასახლებულა, მეორე მიგრაციული ტალღის დროს _ 31.964 კაცი. ამავე დროს, აფხაზთა მცირე ნაწილი აჭარაში დამკვიდრდა. თურქეთში გადასახლებულ აფხაზთა ნაწილი ცარიზმის ხელის შეშლის მიუხედავად, როგორც ცნობილია, უკან დაბრუნდა.


image


აფხაზურ ეთნოსში ორი ეთნოგრაფიული ჯგუფი გამოიყოფა: აბჟუელები და ბზიფელები, შესაბამისად, აფხაზური ენა, რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახის ადიღეურ-აფხაზურ ჯგუფში შედის, ორი დიალექტის (აბჟუურის და ბზიფურის) ერთობლიობას წარმოადგენს. აფხაზური ენა უდამწერლობო ენა იყო. სალიტერატურო ენა მხოლოდ XXს-ში ჩამოყალიბდა. მას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი.

აფხაზური ანბანი პირველად რუსული გრაფიკის საფუძველზე 1862 წელს შეიქმნა. ანბანი რამდენჯერმე შეიცვალა. 1892 წელს დიმიტრი გულიამ და კ. მაჭავარიანმა იმავე რუსული გრაფიკის საფუძველზე ახალი აფხაზური ანბანი შექმნეს (დიმიტრი გულია აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელიცაა). 1926-1928 წლებში მოქმედებდა ნ. მარის ანალიტიკური ანბანი, 1928-1938 წლებში _ ლათინიზებული ანბანი, 1938-1954 წლებში _ ქართული ანბანი, 1954 წლიდან _ ძირითადად რუსული გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ანბანი.

თავდაპირველად იბეჭდებოდა საანბანო და სასულიერო ხასიათის წიგნები, პოპულარული ბროშურები. 1920-იანი წლებიდან ფართო გასაქანი მიეცა აფხაზურ მწერლობასა და მწიგნობრობას. აფხაზეთში აფხაზურ ენაზე მხოლოდ დაწყებით კლასებში სწავლობენ.


image(აფხაზური ანბანი 1938-54 წლებში)


მართალია, აფხაზები ენობრივად ჩრდილოეთკავკასიელი ადიღეელების მონათესავენი არიან, მაგრამ კულტურული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით მათ უფრო მეტი საერთო აქვთ ქართველებთან, რადგან ეს ორი ხალხი, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, მჭიდროდაა დაკავშირებული და დღევანდელ აფხაზთა ეთნოგენეზში ქართველებს ლომის წილი უდევთ.


თანამედროვე აფხაზები ანთროპოლოგიურად ქართველებთან ერთად განეკუთვნებიან ინდოხმელთაშუაზღვის რასის წინააზიურ შტოს, მაშინ, როდესაც აფხაზთა ენობრივი ნათესავები _ ადიღე-ჩერქეზები გაერთიანებული არიან ამავე რასის პონტოურ შტოში. ანთროპოლოგიურად აფხაზები უფრო ახლოს არიან დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან (მეგრელებთან, გურულებთან, აჭარლებთან), ვიდრე ადიღე-ჩერქეზყაბარდოელებთან.


აფხაზების ქართველებთან მსგავსებას ვახუშტი ბაგრატიონიც აღნიშნავდა: “კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქჳტნი და ტანოვანნი, წერწეტნი”. აიხვალდის სიტყვებით, “აფხაზთა სახის წყობა გამოირჩევა ჩერქეზებისაგან; მათი ნაკვთები ნაკლებ სწორია; სახის ფერი მოშაო-ყავისფერი, თმები შავი, ტანი ხმელი, საშუალო სიმაღლის, მაგრამ მოყვანილი. ისინი შეჩვეული არიან სიველურეს, არიან უხეშნი, უნდონი და შურისმაძიებლები. მოსისხლე მტრები არიან მეზობელი მთის ხალხების. არ აქვთ კანონები, არ ეშინიათ თავისი ბატონების და მხოლოდ თავის იარაღს ენდობიან, რომელსაც არასდროს არ იშორებენ”.

დღევანდელი აფხაზები სარწმუნოებით არიან როგორც მუსლიმი სუნიტები, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანები. ძველი აფხაზები კი, როგორც ყველა საისტორიო წყაროთი ირკვევა, ქრისტიანები იყვნენ. აფხაზეთის მოსახლეობის ქრისტიანობისაგან მიქცევა აშკარად გვიან შუა საუკუნეებში მოხდა. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, “აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა”. ისლამი აქ თურქთა ბატონობის ხანაში გავრცელდა (XVIIIს-ში).

რუსების აფხაზეთში შესვლის მომენტისათვის, ეთნიკური აფხაზების დიდი ნაწილი ფორმალურად მაჰმადიანი, მაგრამ ფაქტობრივად წარმართული რწმენა-წარმოდგენების მიმდევარი იყო. რუსეთის იმპერიის მიერ თავის საზღვრებს გარეთ გასახლებული მუჰაჯირი აფხაზები მაჰმადიანები იყვნენ. აფხაზთა ეთნიკური ისტორიის შესახებ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ქართველ და აფხაზ მეცნიერებს. აფხაზი მკვლევარების მტკიცებით, მათი წინაპრები ოდითგანვე აქ ცხოვრობდნენ და აქ ჩამოყალიბდნენ ეთნოსად და რომ ისინი წყაროებში მოხსენიებული აბაზგებისა და აფსილების უშულო მემკვიდრეები არიან.

ქართულ ისტორიოგრაფიაში კი აფხაზების წარმომავლობის, ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის შესახებ რამდენიმე შეხედულებაა. ერთი მათგანი იზიარებს აფხაზ ისტორიკოსთა შეხედულებას, რომ აფხაზები კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები აბაზგებისა და აფსილების შთამომავალნი არიან. მეცნიერთა სხვა ნაწილი ფირობს, რომ დღევანდელ აფხაზთა წინაპრები ნამდვილად აბაზგები და აფშილები არიან, რომლებიც ბერძნული წყაროების მიხედვით დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ჩრდილოეთ მონაკვეთში I-II სს-ში იხსენიებიან, მაგრამ აფხაზური (აბაზური) მოდგმის აფსილებმა (აფშილებმა) და აბაზგებმა (აფხაზებმა) ქართულ სახელმწიფოში ხანგრძლივად ცხოვრების გამო, ქართული კულტურის დიდი გავლენა განიცადეს. ისინი კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართველები იყვნენ (თუმცა ჰქონდათ საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა). აფხაზთა ზედაფენა კი ფაქტობრივად გაქართველებული იყო _ ისინი ქართველი ფეოდალები იყვნენ.

საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ (XVს-ის II ნახევარი), აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან აბაზური და ადიღეური ტომების მიგრაციის შედეგად, აფხაზთა კვლავ ადიღეური ეთნიკური ერთობისაკენ მიბრუნება მოხდა და არა მხოლოდ ეთნიკური თვალსაზრისით _ სოციალურადაც და კულტურულადაც ისინი ძველ ვითარებას დაუბრუნდნენ. მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ აბაზგებიცა და აფშილებიც იმთავითვე ეთნიკურად ქართველი ტომები იყვნენ, რომლებმაც გვიან შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელების აფხაზეთის ტერიტორიაზე ინტენსიური მიგრაციის შედეგად ეთნიკური იერსახე იცვალეს, ე.ი. “გააფხაზდნენ”.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიურმა ადიღეური და აბაზური მოდგმის ხალხებმა აფხაზეთში მიგრაციის შედეგად აფხაზეთის ძველი მკვიდრი ქართველების _ აფხაზური ეთნონიმი მიიღეს. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ქართველებმა აქ მოსულ ახალ ეთნოსს მკვიდრი აფხაზების ეთნონიმი მიაკუთვნეს. იმთავითვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს უკანასკნელი შეხედულება ჩვენთვის მიუღებელი და არაარგუმენტირებულია.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლები I-II სს-დან მკვიდრობდნენ, რომლებიც ინტეგრირებულნი იყვნენ ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ-სოციალურ სისტემაში, რომ მათ ჰქონდათ საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა _ აფხაზური (ანუ აბაზგური) ენა. სალიტერატურო, საღვთისმეტყველო, სახელმწიფო ენა აფხაზებისათვის და, მითუმეტეს, მათი ზედაფენისათვის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენა იყო. ამიტომაა რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ძველი აფხაზები, სრულიად სამართლიანად, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, ქართველებად არიან მიჩნეული.


ძველი აფხაზების კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართველობას გულისხმობს რუსულ ეთნოლოგიურ ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისი, რომ ისტორიულად აფხაზური ეთნოსი ქართველი ერის ასოცირებული წევრი იყო. უფრო დაწვრილებით შევეხოთ აფხაზთა ისტორიისა და ქართულ-აფხაზური პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეთნიკური ისტორიის საკითხებს. როდესაც აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ საუბრობენ, სამეცნიერო ლიტერატურასა და საენციკლოპედიო გამოცემებში ხშირად მცირე აზიაში განსახლებულ “აბეშლებსა” და “ქაშქებს” ახსენებენ, რომლებიც ძვ.წ. XIს-ში პირველად იხსენიებიან.

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ აფხაზები თითქოსდა ამ აბეშლაელთა შთამომავალნი არიან, რადგან პარალელს ავლებენ დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან მოსახლე აფსილებთან (აფშილებთან). ე.ი. აქედან უნდა მივიღოთ დასკვნა, რომ მათი წინაპრები მცირე აზიიდან ყოფილან მიგრირებული და ეთნონიმსაც ათეული საუკუნე გაუძლია და ჩვენამდე მოუღწევია. მხოლოდ ეთნონიმების მიმსგავსებით ეს მოსაზრება არგუმენტირებული არ არის.

საისტორიო წყაროებით აშკარაა, რომ აფხაზთა წინაპარი ტომების მოსვლამდე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ყველა მონაკვეთში ქართველური მოდგმის ტომები (სვანები და ზანები) ცხოვრობდნენ. აფხაზეთის მიწა-წყალი მთლიანად შედიოდა კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში (ძვ.წ. VI-IIსს.). ძვ.წ. VI-IVსს-ში დიოსკურიიდან (ცხუმი) ბიჭვინთის რაიონის ჩათვლით ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით კოლხები, კოლები და კორაქსები მკვიდრობდნენ. მათგან ჩრდილო-დასავლეთით კი ჰენიოხები არიან მოხსენიებულნი. ახ.წ. I ს-ში ჩრდილოეთ კოლხეთის სანაპიროზე სანიგები არიან დასახელებულნი.

ზოგიერთ ბერძნულ წყაროში I-II სს-ში პონტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მხოლოდ ორი ტომობრივი ერთეული _ სანიგები და ლაზები არიან მითითებული. ძალიან ბევრ მკვლევარს, სრულიად სამართლიანად, სანიგები ქართველური მოდგმის ტომად მიაჩნია, ოღონდ მათი ერთი ნაწილი სანიგებს სვანური მოდგმის ერთეულად თვლის, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ისინი ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, საპირისპიროდ აფხაზი მკვლევარებისაგან, რომლებიც დაბეჯითებით წერენ იმის შესახებ, რომ სანიგები მათი წინაპრები იყვნენ.

გადაჭრით ძნელია თქმა სანიგები სვანები იყვნენ თუ ზანები. ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში სვანური მოდგმის ტომებს ეკავათ. აქ შეიძლება გავიხსენოთ სტრაბონის ცნობა, რომ დღევანდელი სოხუმის მახლობლად, დიოსკურიის თავზე სვანები ცხოვრობდნენ.


image


სამართლიანადაა შენიშნული, რომ თანამედროვე აფხაზეთის აღმოსავლეთი მთიანი მხარე, კოდორის ხეობა თავის დროზე სვანებს ეკავათ და, როგორც აშკარად ჩანს, ამ ხეობით ისინი შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც გადიოდნენ. აღნიშნულის ყველაზე დიდი არგუმენტი კი ისაა, რომ სოხუმის ძველი სახელწოდება (აფხაზეთის სხვა ტოპონიმებთან ერთად) სვანურის საშუალებით იხსნება (ცხუმი სვანურად რცხილაა). ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიოსკურია (ცხუმი) სანიგების სამთავროში შედიოდა.

სამართლიანადაა შენიშნული, რომ სანიგებს მისი ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი ეჭირათ, ლაზები კი უფრო სანაპირო და ბარის ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული. ახ.წ. Iს-დან შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ეთნოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება. არენაზე ჩნდებიან ადიღეურ-აბაზური მოდგმის ტომები. სხვათაშორის, “ქართლის ცხოვრების” ავტორს _ ჯუანშერს საყურადღებო ცნობა აქვს დაცული.

წყაროში მითითებულია, რომ დღევანდელი აფხაზეთის ჩრდილოეთით ჯიქები (ანუ იგივე ზიხები) ჩრდილოეთ კავკასიიდან მიგრირდნენ და მათი გადმოსახლების მიზეზი თურქული ტომების მოწოლა გამხდარა: “... შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან, და წავიდნეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დამკჳდრნეს ბოლოს აფხაზეთისასა”.

ჩრდილოეთ კავკასიის ადიღეელთა მთიელი ტომები შავიზღვისპირეთში იჭრებიან ახ.წ. I ს-ში. ეს კოლხეთის სამეფოს დაცემითაც იყო განპირობებული. ანტიკური წყაროების მიხედვით, ახ.წ. I-II საუკუნეებიდან პირველად ჩნდებიან აფსილები და აბაზგები (შესაბამისად აფსილთა ქვეყანა და აბაზგთა ქვეყანა), რასაც ქართული წყაროების აფშილეთი და აფხაზეთი შეესატყვისება. მკვლევართა დიდი ნაწილი აფსილებსა და აბაზგებს (აბასკებს) თანამედროვე აფხაზების წინაპრებად თვლის. აფსილები მდ. კელასურის მარჯვენა მხარეს, ჩრდილო-დასავლეთით იყვნენ განსახლებულნი. შემდეგ მათ აბასკები (აბაზგები) ესაზღვრებოდნენ. ირკვევა, რომ ადგილობრივი ზანური მოდგმის ტომებთან აფსილები (აფშილები) შერეული ცხოვრობდნენ.

თავდაპირველად მათ დაუკავებიათ ტერიტორია კოდორიდან ღალიძგამდე, მაგრამ შემდეგ ისინი ლაზებს დაუძლევიათ და აფსილებს ჩრდილოეთისაკენ გადაუნაცვლიათ. ცხუმი IVს-ში აფშილების მიწა-წყალზეა. აფშილებს არა მარტო სანაპირო ზოლი, არამედ მთიანი ხეობებიც ეკავათ, სადაც ისინი სვანებს ესაზღვრებოდნენ. ადრე კი (IIს.) ცხუმი (სებასტოპოლისი) სანიგების მიწაზე იყო. VI ს-ში პროკოფი კესარიელის მიხედვით, აფსილეთი (აფშილეთი) შავი ზღვის სანაპიროზე მდინარეებს კოდორსა და მდ. გუმისთას (ცხუმის ჩრდილოეთით) ლოკალიზდება. ჩრდილოეთით კი აბაზგები მკვიდრობდნენ.


IV-VI საუკუნეებში აფშილეთი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VII ს-ის პირველ ნახევარში აფშილეთის დასავლეთი ნაწილი აბაზგიასთან გაერთიანდა და აფშილეთმა დამოუკიდებლობის სტატუსი დაკარგა, ხოლო აფშილეთის აღმოსავლეთი ნაწილი (მდ. კოდორის სამხრეთით) ეგრისს შეერწყა. საისტორიო მეცნიერებაში აღიარებულია, რომ აფსილეთსა (აფშილეთს) და აბაზგიას (აფხაზეთს) შორის საზღვარი ანაკოფიიდან აღმოსავლეთით, მდ. გუმისთაზე გადიოდა. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთში, მდ. კოდორის ზემო წელში VIს-ში მისიმიანელები მკვიდრობდნენ, რომლებიც ჩრდილოეთით კავკასიონის ქედამდე იყვნენ განსახლებულნი. მისიმიანელებს ჩრდილო-დასავლეთით აბაზგები ესაზღვრებოდნენ. ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ ისინი სვანები (სვანთა ერთ-ერთი ტერიტორიული თემი) იყვნენ.

ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, სტრაბონის ცნობა უნდა გავიხსენოთ, რომლის მიხედვითაც დიოსკურიის თავზე, ე.ი. კოდორის ხეობის მთიან მონაკვეთში, სვანები ცხოვრობდნენ. ისევე როგორც აფშილები და აბაზგები, მისიმიანებიც ლაზების (ეგრისელების) ქვეშევრდომები იყვნენ.


image


ეთნონიმი მისიმიანი სვანთა თვითსახელწოდების “მუშვანის” ბერძნული ვარიანტი იყო. აფშილთა და მისიმიანელთა ქვეყნებს შორის ბიზანტიელი ავტორები ფუსტის ციხე-სიმაგრეს ასახელებენ. ფუსტიც სვანური ტოპონიმია. ის “ბატონს”, ღვთაებას აღნიშნავს. აღარას ვამბობთ კოდორის ხეობის ზემო წელის სახელწოდებაზე _ დალი.

“დალი” სვანთა ერთ-ერთი უძველესი ღვთაება იყო. ამრიგად, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფშილები ერთი მხრივ, სვანებს და მეორე მხრივ, ლაზებს ემეზობლებოდნენ. მურვანყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობების დროს, VIII ს-ის 80-იან წლებში მდ. კელასური საბერძნეთსა და საქართველოს შორის საზღვარს წარმოადგენდა. ე.ი. აღნიშნული დროისათვის აფშილეთის ტერიტორია საქართველოს მიწა-წყალია, ხოლო აბაზგია (აფხაზეთი) ბერძენთა ქვეშევრდომობაში შედიოდა.


აფხაზ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აფშილები, ისევე როგორც აბაზგები, აფხაზთა წინაპრები იყვნენ. აბაზგები და აფშილები თუ ერთი და იგივე მოდგმის ხალხები იყვნენ, მაშინ რატომღა მოიხსენიებოდნენ ისინი სხვადასხვა ხალხებად? რატომ აღინიშნებოდნენ სხვადასხვა ეთნონიმით? აფშილს ანალოგია აქვს დღევანდელ აფხაზთა თვითსახელწოდებასთან აფსუა (ქართული წყაროების აფსარი). ერთიც და მეორეც აბაზების დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე განსახლების შედეგადაა წარმოქმნილი. აფსილში (აფშილში) მკვლევარები სამართლიანად გამოყოფენ აფს ფუძეს და –ილ სუფიქსს, რომელიც სადაურობის აღმნიშვნელი ქართული –ელ სუფიქსის ფარდია.

აბაზი ტომების სამხრეთაღმოსავლეთით წამოწევის შემდეგ, სადაც ქართველური მოდგმის სვანები (სანიგები) და ლაზები (მეგრელები) მკვიდრობდნენ, ფაქტობრივად ახალი ეთნიკური ერთეული იქმნება, რომლის სახელწოდების ფუძესაც არაქართული აფს წარმოადგენს. ქართველურ გარემოში დასახლებული აბაზური მოდგმის ტომები ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ და კოლხური კულტურული ტრადიციები გაითავისეს. ლაზების პოლიტიკურ დაქვემდებარებაში ყოფნამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აფშილებმა ქრისტიანობა ლაზებთან ერთად მიიღეს.

ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი აბაზები სვანებს, სანიგებს და ლაზებს (მეგრელებს) შორის აღმოჩნდნენ და დასავლეთ ქართული ენობრივი და კულტურული სამყაროს გავლენით არსებითი ცვლილება განიცადეს. აფსილები (აფშილები) ზანურენოვანი მოსახლეობა იყო, რომლებიც ზანური, სვანური და მოსული აბაზური ელემენტების შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

VIII ს-ის შემდეგ აფსილები (აფშილები) წყაროებში აღარ იხსენიებიან. ქართული წყაროებით, ცხუმი აფშილეთის ქალაქი იყო. ეგრისის დასუსტების გამო, VIII ს-ში აფხაზთა საერისთავომ ჯერ აფშილეთი და შემდეგ მისიმანეთიც შეიერთა. თანდათან დაიწყო მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანების პროცესი. გაერთიანებული დასავლეთ საქართველო ლეონ ერისთავმა რვა საერისთავოდ დაყო, რომელთაგანაც ორს აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოები ერქვათ. აფხაზეთი ადრინდელ აბაზგიას მოიცავდა, ცხუმი კი _ აფშილეთს. ჩვენი აზრით, აფშილეთის სახელწოდების გაქრობა და ცხუმის საერისთავოდ სახელდება იმით იყო გამოწვეული, რომ VIII ს-დან ამ ტერიტორიის მოსახლეობას წარმოადგენდნენ არა აფშილები, არამედ ზანები (მეგრელები).


აფსილებს (აფშილებს) ჩრდილოეთით აბაზგები ემეზობლებოდნენ. მათ ბერძნული წყაროები პირველად ახ.წ. II ს-ში აფსილებსა და სანიგებს შორის მოიხსენიებენ. აბაზგია ამ დროს რომის ხელქვეითი “ქვეყანა” (სამთავრო) იყო, რომლის მთავრებს რომის იმპერატორი ამტკიცებდა. აბაზგების დაწინაურებას რომაელი იმპერატორები უწყობდნენ ხელს, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელი გზები უნდა ჩაეკეტათ. ისინი თანდათან სანიგების მიწა-წყალზე გაბატონდნენ. თუ ახ.წ. II ს-ში სანიგებს ეკავათ ტერიტორია _ ზღვის ზოლი სებასტოპოლისიდან (ცხუმიდან) მდ. ახეუტამდე (შახემდე), შემდეგ დროში მათ ამ ტერიტორიის მხოლოდ ვიწრო ზოლი _ სებასტოპოლისიდან მდ. ბზიფამდე აქვთ დარჩენილი. ჩრდილოეთით მდ. ბზიფიდან მდ. ახეუნტამდე (შახემდე) უკვე აბაზგთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასე რომ, სანიგების მიწა-წყლის ნაწილი აბაზგთა შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ ჩრდილოეთიდან ახალი მიგრაციული ნაკადის შემოსვლის შემდეგ, მალე სანიგთა დანარჩენი ტერიტორიაც აბაზგების კუთვნილება გახდა.

IV ს-დან აბაზგია უკვე ლაზიკის (ეგრისის) სამეფოში შედიოდა. იმდროინდელი აბაზგები (VIს.) ორი ტომობრივი ერთეულისაგან შედგებოდნენ, რომლებსაც შესაბამისად ორი არქონტი (მთავარი) მართავდა. მათ ეგრისის მეფე ამტკიცებდა. დასავლეთ აბაზგია პიტიუნტის (ბიჭვინთის) დასავლეთით მდებარეობდა. მის აღმოსავლეთით კი აღმოსავლეთ აბაზგია იყო. ე.ი. აბაზგების ორ ტომობრივ გაერთიანებას შორის საზღვარი მდ. აბასკოეზე (ბზიფზე) გადიოდა.

აფშილებისაგან განსხვავებით, აბაზგები, საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით, დაბალ საფეხურზე იდგნენ. აბაზგები VI ს-ში იმპერატორმა იუსტინიანემ ძალით გააქრისტიანა. ეს განსაკუთრებით დასავლეთ აბაზგებზე ითქმის, რომლებიც ბიჭვინთის იქით ცხოვრობდნენ. აბაზგია, ლაზიკასთან ერთად, სასანურ ირანსა და ბიზანტიას ებრძოდა.


550 წელს აბაზგები ბიზანტიას აუჯანყდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. VI-VII სს-ში აბაზგიაში არსებითი ეთნოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ბიზანტია ცდილობს აბაზგები ლაზიკის წინააღმდეგ გამოიყენოს. მათი მხარდაჭერით აბაზგები მეზობელი ტომების (ლაზები, მისიმიანები, აფშილები) მიწა-წყლის ხარჯზე ტერიტორიებს იფართოვებენ. VII ს-ის პირველ ნახევარში აბაზგია ბიზანტიამ ლაზიკის სამეფოსაგან გამოყო და თავის ადმინისტრაციას დაუქვემდებარა.


VII-VIII საუკუნეებისათვის პოლიტიკურად გაძლიერებულმა აბაზგებმა თავისი აღმოსავლეთელი მეზობლების აფსილეთის (აფშილეთის) სანაპირო ტერიტორიაც შეიერთეს. ამიერიდან აფშილეთის ქალაქი ცხუმი (სებასტოპოლისი) აბაზგების (აფხაზების) ქალაქად იქცა. ამრიგად, მის შემადგენლობაში შევიდა დასავლეთ აფშილეთი, სანიგებისა და მისიმიანელების მიწა-წყალი.

ტერმინმა აბაზგიამ პოლიტიკური შინაარსი მიიღო. ის მოიცავდა როგორც ამ მხარეში მოსახლე საკუთრივ აბაზგური ისე აფშილური, მეგრული და სვანური ტომებით დასახლებულ ტერიტორიას, ე.ი. აღნიშნავდა იმას, რასაც ქართული სახელწოდება “აფხაზთა სამთავრო”. ეკლესიურად აბაზგია ერთ საარქიეპისკოპოსოს წარმოადგენდა, რომლის მღვდელმთავრის რეზიდენცია სებასტოპოლისში იყო. აბაზგიის (აფხაზეთის) საარქიეპისკოპოსო კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. ამრიგად, აბაზგიის (აფხაზეთის) საერისთავოს გაძლიერება ბიზანტიის დახმარებით მოხდა, რაც პირველ ყოვლისა, მის ტერიტორიულ გაფართოებაში გამოიხატა. თავდაპირველად მას ეჭირა ტერიტორია მდ. გუმისთიდან მდ. ფსოუმდე, შემდეგ ის გაფართოვდა როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. VIII ს-ის 30-იანი წლებიდან აფხაზეთის სამთავრო მოიცავდა შავიზღვისპირეთის მიწა-წყალს მდ. კელასურიდან მდ. ნიკოფსიამდე.

მის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც ძველი აფშილეთის ტერიტორიის ნაწილი ქალაქ სებასტოპოლისის (ცხუმის) ჩათვლით, ისე ჯიქეთი (ზიხია), რომელიც აბაზური მოდგმის ხალხით იყო დასახლებული. აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში აშკარად შეინიშნება ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული კულტურის გავლენა. ამ პერიოდში აშენდა ქართული საეკლესიო არქიტეტურის ძეგლები.

სრულიად სამართლიანადაა აღნიშნული (დ. მუსხელიშვილი), რომ იმ დროის აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბერძნულ-ბიზანტიურთან ერთად, ქართული ქრისტიანული თემებიც არსებობდა. თანდათან ქართულმა ფეოდალურმა კულტურამ ბერძნული კულტურა დაჯაბნა.

აფხაზეთის აფხაზურენოვან და ქართველურენოვან მოსახლეობაში (არა მხოლოდ ზედაფენებში) ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ და ქართულმა ენამ პრიორიტეტი მოიპოვა. მდ. კელასურიდან მდ. ნიკოფსიამდე მდებარე აფხაზეთის სამთავროს მოსახლეობა, რომლებსაც აფხაზებს უწოდებდნენ ვიწრო ეთნიკურ საზღვრებს გასცდა და ის პოლიტიკურ ტერმინად იქცა.


image


ამ დროიდან ის აღნიშნავს არა მხოლოდ ერთი წარმომავლობის აბაზური (აბაზგური, აფხაზური) მოდგმის ტომს (ეთნოსს), არამედ ამ მხარის (სამთავროს) ქართველურ მოსახლეობასაც. ასე რომ, აბაზგები (აფხაზები) ეთნიკურად ნარევი იყვნენ. ეს ნარევობა აფხაზურმა ეთნოსმა დღემდე შეინარჩუნა, რაც გვარსახელებზე დაკვირვებითაც ნათლად ჩანს. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში აბაზეთიდან მიგრირებული აფხაზური მოსახლეობა ერთი ეთნოსის განვითარების შედეგად არ ფორმირებულა. ისინი ქართველური მოდგმის (სვანები, მეგრელები) მოსახლეობასთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ. ენა აბაზთა მსგავსი ჰქონდათ, მაგრამ ქართველურ ეთნოკულტურულ სამყაროსთან კონტაქტების შედეგად, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც მეგრელები და სვანები.


საუკუნეთა განმავლობაში აფხაზების (ყოფილი აბაზგების) მიერ საოჯახო სამეტყველო ენის შენარჩუნებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ადიღეური ტომების და ზღვისპირეთიდან აბაზების მუდმივი შემოდინება განაპირობებდა. VIIIს-ის 30-იანი წლებიდან აფხაზეთის მმართველმა ლეონ პირველმა ბიზანტიის იმპერიის ვასალობაზე უარი თქვა და ქართლის ერისმთავრის _ ერთიანი საქართველოს მმართველის _ არჩილის ქვეშევრდომი გახდა. ამ დროიდან აფხაზეთი საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სამყაროს ორგანულ ნაწილად იქცა. ლეონ I მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებს. არჩილმა მას ეგრისის მეფის გვირგვინი გადასცა, რადგან ცოლად შერთო თავისი გარდაცვლილი ძმის _ მირის ასული გურანდუხტი. ფაქტობრივად, აფხაზეთი ძველი ეგრისის სამეფოს პოლიტიკურ მემკვიდრედ იქცა.

მოგვიანებით, VIII ს-ის 70-იან წლებში ლეონ I-ის ძმისწულმა ლეონ II-ემ, ქართული პოლიტიკური წრეების მონაწილეობით, მთელი დასავლეთ საქართველო გააერთიანა, საბოლოოდ განთავისუფლდა ბიზანტიელთა დამოკიდებულებისაგან და “აფხაზეთის მეფის” ტიტული მიიღო, დასავლეთ საქართველოს კი აფხაზეთის სამეფო ეწოდა. აფხაზთა საერისთავოსაგან აფხაზთა სამეფო ტერიტორიულად დიდად განსხვავდებოდა. ეს უკანასკნელი მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ნიკოფსიამდე აღწევდა, სამხრეთით _ ჭოროხის ხეობამდე, აღმოსავლეთით _ ლიხის ქედამდე. ცნობილი არაა აფხაზთა ერისთავები (მთავრები), რომლებმაც დასავლურ ქართული სამეფო _ აფხაზეთის სამეფო (სახელმწიფო) შექმნეს, ეთნიკურად ვინ იყვნენ. მეცნიერებაში არსებობს მოსაზრებები მათი ბიზანტიური, აბაზგური (აფხაზური) და ზანური წარმომავლობის შესახებ. ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ძალიან ბევრი ქვეყნის სამეფო დინასტიები ადგილობრივი წარმოშობის არ ყოფილან. მთავარია, რომ მათ დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო, ე.წ. “აფხაზთა სამეფო” შექმნეს.


ამ სამეფოში ცხოვრობდნენ როგორც ქართველურად მეტყველი ქართები, მეგრელჭანები, სვანები, აფშილები, ისე აბაზგები (აფხაზები). ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილი კი შედარებით მცირე იყო. როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ქართულ-ქართველური იყო. “აფხაზთა სამეფოს” ქართულობის დამადასტურებელი ფაქტი ისიც იყო, რომ “აფხაზთა მეფეებმა” სამეფოს დედაქალაქი ანაკოფიიდან ქუთაისში გადმოიტანეს. “აფხაზთა სამეფოს” _ დასავლურქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რვა საერისთავო შეიქმნა, რომელთა შორის ორი უშუალოდ აფხაზეთის _ ძველი ბიზანტიური საერისთავოს _ ფარგლებში მდებარეობდა; საკუთრივ აფხაზეთის საერისთავო და ცხუმის საერისთავო. ეს უკანასკნელი მთელი ძველი აფშილეთის ტერიტორიას მოიცავდა მდ. ღალიძგამდე.

აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია ეთნიკური აფხაზებით (აფსუებით) იყო დასახლებული, რომელსაც უმნიშვნელო რაოდენობით არ ჰქონდა ქართველური (ზანურ-სვანური) მინარევი, ხოლო ცხუმის საერისთავო ზანური იყო, რომელშიც ასევე წარმომავლობით სვანებიც ერივნენ და რომელშიც ინფილტრირებული იყო აფხაზური (აბაზგური) ეთნიკური ერთეული. სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოს (“აფხაზთა სამეფოს”) სულიერების ცენტრი, საეკლესიო ცენტრი აფხაზებით დასახლებულ ტერიტორიაზე _ ბიჭვინთაში მდებარეობდა. ასე რომ, ე.წ. “აფხაზთა სამეფო” აფხაზური ეთნიკური სახელმწიფო არ ყოფილა.

თითქმის ორი ასეული წლის განმავლობაში აღნიშნული სამეფოს მმართველი ფენა საქართველოს დანარჩენი “ფეოდალური მიწების” გაერთიანებისათვის იღვწოდა. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე (და დღევანდელი აფხაზეთის ფარგლებშიც) ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები შენდებოდა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული წარწერებითაა დამშვენებული. ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ დადგენილია, რომ VIII-IX-X-XI საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებს ყველაზე მეტი საერთო აქვთ აფხაზეთიდან ყველაზე უფრო მეტად დაშორებულ კახეთის ანალოგიური ტიპის ძეგლებთან. მაგალითად, აღნიშნავენ, რომ ქიაჩის მთაზე აგებული ეკლესია (VIII-Xს. დასაწყისი) თითქმის ანალოგიურია ნეძვის ეკლესიისა (თორი).

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ინტენსიურად ვრცელდება IX საუკუნიდან. ქართული ქრისტიანული არქიტექტურა ქართული ეპიგრაფიკით IX ს-დან მოკიდებული XVI ს-ის ჩათვლით თარიღდება და ის დღევანდელი აფხაზეთის ყველა რაიონს მოიცავს, მათ შორის გუდაუთის რაიონში ქართულწარწერიანი მსიხგუას, ხუაფის, ანუხვას ეკლესიები.

არ შეიძლება არ აღინიშნოს X-XI საუკუნეების ლიხნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის _ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1066 წლის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ. როდესაც ამას ვწერთ, სრულიადაც არ ვგულისხმობთ იმას, რომ აფხაზეთში (აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლებმა თავიანთი ენა დაკარგეს.

გლეხობა ეთნიკურ თავისთავადობას და აფხაზურ ენას ინარჩუნებდა, თუმცა ამის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტები არა გვაქვს. ის ქართული კულტურა, რომელიც აქაა წარმოდგენილი არა მხოლოდ აფხაზური ფეოდალური საზოგადოების, არამედ მთელი მოსახლეობის საკუთრებაც იყო. აფხაზეთში მცხოვრებმა ფეოდალებმა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა, არამედ მათ გათავისებული ჰქონდათ ქართული ენა, ქართული მწიგნობრობა, ქართული ქრისტიანობა, იყვნენ ქართული ფეოდალური საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილნი.

სხვათაშორის, XIX ს-ის ბოლომდე აფხაზები ქართულად წერდნენ. ქართულ ენაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შვილი გიორგი შარვაშიძე (1846-1918წწ.). თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური აფხაზები მხოლოდ აფხაზეთის საერისთავოში მკვიდრობდნენ. ცხუმის საერისთავო ქართულ-ქართველური იყო. ქართული იყო “აფხაზთა სამეფოს” არსებობის დროს (VIII-Xსს.) “ბედიის საერისთავოც”, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი ეგრისწყალზე (ღალიძგაზე) გადიოდა.


“აფხაზთა სამეფომ” (დასავლურქართულმა სახელმწიფომ) დიდი წვლილი შეიტანა ერთიანი ქართული სახელმწიფოს გაერთიანებაში. საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის მთელ მანძილზე (XI-XVსს.) აფხაზეთი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ისეთივე ორგანული ნაწილი იყო, როგორც ქართლი, კახეთი, გურია, ოდიში, სამცხე, აჭარა, სვანეთი... თუმცა აღნიშნული დროის აფხაზეთი დღევანდელ აფხაზეთს არ გულისხმობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე XIV ს-ის 20-იან წლებამდე ცალ-ცალკე არსებობდნენ აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოები. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგაც, კარგა ხნის განმავლობაში, აფხაზეთს დამოუკიდებელი პოლიტიკურ სტატუსი არ ჰქონია. ის ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, რომელიც, თავის მხრივ, იმერეთის სამეფოს ექვემდებარებოდა.

ისტორიოგრაფიაში ამის დამადასტურებელი არაერთი საისტორიო წყაროა მოხმობილი. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით, “აფხაზეთის ზემოთი” დადიანის სამფლობელო იყო, ხოლო აფხაზეთი ჯიქეთამდე _ შარვაშიძისა. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის საზღვარი ანაკოფიასთან, მდ. ფსირცხაზე გადიოდა. ლევან II დადიანის (1611-1657 წწ.) დროს შარვაშიძის სამფლობელო მხოლოდ აღნიშნულ საზღვრებში იყო მოქცეული და მათი რეზიდენცია არა სოხუმში, არამედ ზუფუში (ლიხნში) იყო. ცხუმი შარვაშიძეების რეზიდენციად მხოლოდ XVIII ს-ის მიწურულს იქცა. იმდროინდელ მოგზაურთა ცნობებით აფხაზები მხოლოდ მთებში ცხოვრობდნენ (XV-XVIსს-ში აფხაზეთი მხოლოდ მთიანი ქვეყანა იყო).


არქანჯელო ლამბერტის მიხედვით სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის საზღვარი მდ. კოდორზე გადიოდა. ის 1635-1653 წლებში ცხოვრობდა სამეგრელოში და აღნიშნავდა, რომ კოდორის ჩრდილო-დასავლეთით მთების ზურგია და ამ “მთების ზურგზე” სახლობენ აფხაზები (და სხვა მთიელები). ოდიშ-აფხაზეთის საზღვარს მდ. კოდორზე სდებდა ჟან შარდენიც, რომელიც 1672 წელს იმყოფებოდა სამეგრელოში. აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვრის დამადასტურებელია კელასურის კედელიც, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, “... ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღჳდან მთამდე შეავლო ზღუდე ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათჳს”. ამ დროს ცხუმში მთიელთა თავდასხმების, თარეშების გამო მოსახლეობა ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა.

ა. ლამბერტის რუკაზე ზემოთ აღნიშნულ კედელს აწერია: “კედელი აფხაზთა შემოსევების წინააღმდეგ”. კასტელს კი ამ კედლის შესახებ თავის რუკაზე ასეთი მინაწერი აქვს: “აფხაზთა შემოსევების წინააღმდეგ აგებული 60 მილი სიგრძის კედელი”. ჟ. შარდენს კი აღნიშნული აქვს: “ძველად იგი (სამეგრელო _ რ.თ.) აფხაზებისაგან ჩრდილოეთის მხრიდან დაცული იყო სამოცი მილის სიგრძის კედლით”. როგორც დადგენილია, კედელი თავდაპირველად მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ მიემართებოდა, გადაკვეთდა მაჭარასა და კოდორს (ამ ხეობის ზემო წელი აფხაზთა სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა).

კედელი გადადიოდა ფარავანის ქედზე, გადაკვეთდა მდ. მოქვს და მდ. ღალიძგის სათავეებამდე აღწევდა. ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული საზღვარი ირღვევა, რადგან დასავლეთ საქართველოში ფეოდალური შინააშლილობა დაიწყო. შესაბამისად, აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლები სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მოიწევენ. ეს აფხაზები XVს-დან მოკიდებული უკვე აშკარად განსხვავდებიან ძველი აფხაზებისაგან, რომლებიც კულტურულისტორიულად ქართველები, ქრისტიანები იყვნენ. საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, ინტენსიური ხასიათი მიიღო აფხაზთა თარეშმა. მოთარეშე აფხაზებში ხშირად აბაზები და ადიღეური ტომების წარმომადგენლებიც შედიოდნენ. თარეში ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ეთნოსებისათვის დამახასიათებელი მოვლენა იყო; მათთვის ის რჩენის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა. აბაზურ-ადიღეურმა ტომებმა თარეშით ჯერ თვით აფხაზები შეაწუხეს. ამის გამო იყო, რომ აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიგრირდა. მათ ტერიტორიაზე კი ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელები ესახლებოდნენ. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა მოსულ ენობრივად მონათესავე ტომებს ერეოდა. მათ ასიმილაციას, მოსულებში გათქვეფას სოციალური ფაქტორიც აჩქარებდა.


აფხაზეთის ისტორიულ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მოსახლეობა ორი გზით შემოდიოდა: ზღვის მხრიდან (აბაზები) და მთიდან (ადიღეელები). აფხაზეთში კოდორის ჩრდილოეთით ეს შერევა ადგილობრივი აფხაზებისა მიგრირებულ აბაზებსა და ადიღეელებთან XIV ს-ში დაიწყო. ინტენსიური იყო ეს პროცესი XV ს-ში. XV ს-ის მეორე ნახევრის დოკუმენტით აფხაზები უკვე ქრისტიანობისაგან განდგომილები არიან. ცხუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით აფხაზებისა და ჩრდილოეთ კავკასიელთა თარეში XV-XVI სს-შიც ხდებოდა. სწორედ ამ მიზნით ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II-ემ ზემოაღნიშნული კელასურის კედელი. თუმცა ამ დროს მათ თარეშებს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის აყრაგადასახლება არ გამოუწვევია. ეს პროცესი ოდნავ მოგვიანებით დაიწყო.

ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, შინააშლილობამ და საშინელმა ფეოდალურმა ანარქიამ ახალ აფხაზებს ხელფეხი გაუხსნა. მოთარეშეები არა მხოლოდ აფხაზეთის მომიჯნავე ჩრდილოეთ სამეგრელოს ტერიტორიას არბევდნენ, იტაცებდნენ ქონებასა და ადამიანებს, არამედ მის შიდა რაიონებსა და გურიაშიც კი აღწევდნენ. აფხაზთა თარეშების შესახებ არაერთი ფაქტია დაფიქსირებული არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ წყაროებშიც. მოსახლეობასთან ერთად ისინი ქრისტიანულ ტაძრებსაც არბევდნენ.

იერუსალიმის პატრიარქს დოსითეოზს აღნიშნული აქვს, რომ “აბაზგებმა გაანადგურეს მისი (დადიანის) სამფლობელო, აიკლეს ეკლესიები და მონასტრები: მოქვი, ხოფი, ქიაჩი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე და ფაზისამდე” (სოხუმიდან ცხენისწყლამდე და რიონამდე). “დადიანი ისეთი უმწეო იყო, რომ ძალა არ შესწევდა გაერეკა აფხაზები”. ქართველი მოსახლეობა იყრებოდა და ენგურგამოღმა გადმოდიოდა. ხშირად მათ თან მოჰქონდათ ჯვარ-ხატებიც. მაგალითად, წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მაშინ გამოქცეულან ჯგერდის მახლობელ სოფელ კვიტოულიდან (დღევანდელი ოჩამჩირის რიაონი, გულრიფშის რაიონის საზღვართან) კაკაჩიები, რომლებსაც თან ქიაჩის მთავარანგელოზის ხატი წამოუღიათ და ის ობუჯში დაუსვენებიათ. სოფელ ჯგერდიდან არც თუ ისე შორს დღესაცაა ადგილის სახელი “ქიაჩი”, სადაც X ს-ის ეკლესიის ნანგრევებია (ა. თორდიას აღნიშვნით, ქიაჩის მთა და ნაეკლესიარი კელასურის კედლის იქითა მხარესაა).

ვახუშტი ბაგრატიონიც წერდა: “.. გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდნენ ნავებით და ჴმელითა და სტყუევნიდნენ, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდნენ. თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქვს ეპისკოპოსნი”. ისინი ძირითადად ქართველი მოსახლეობის ნასოფლარებში ეშენებოდნენ, რომლის მოსახლეობაც აფხაზებს ან ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი და თურქეთში გაყიდული, ანდა აფხაზების შიშით ენგურს გამოღმა იყვნენ გადმოსახლებულნი.

XVII ს-ის 70-იანი წლების მიწურულს აფხაზმა ფეოდალებმა (შარვაშიძეებმა) მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ტერიტორიის დიდი ნაწილი _ ჩრდილო-დასავლეთი _ მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე. ამრიგად, აფხაზების (ახალი აფხაზების) თარეშის მიზანი XVII ს-ის 60-იანი წლებიდან არა მხოლოდ ძარცვა და მოსახლეობის ტყვედ წაყვანა იყო, არამედ ტერიტორიების მიტაცებაც. ამ დროს არიან აფხაზები დასახლებული დღევანდელი ოჩამჩირისა და გულრიფშის რიაონებში, რომლებსაც ისინი “აბჟუას” უწოდებენ. აქ ისინი უპირატესად აფხაზეთის მთებიდან, ბზიფისა და კოდორის ზემო წელიდან არიან მოსული.

XVII-XVIII სს-ის მიჯნამდე აფხაზმა მთავრებმა _ შარვაშიძეებმა ღალიძგადან ენგურამდე ტერიტორიაც ჩაიგდეს ხელში. ამიერიდან მთელ ტერიტორიას, რომელიც აფხაზეთის მთავრებმა (შარვაშიძეებმა) ჩაიგდეს ხელში აფხაზეთი ეწოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის სამთავრო ერთიანი მხოლოდ ფორმალურად იყო. ის სხვადასხვა სამფლობელოებად იყო დაქუცმაცებული. მარშანიები, რომლებსაც ძირითადად მთიანი მხარეები (წებელი, დალი) ეკუთვნოდათ, ფაქტობრივად არ ემორჩილებოდნენ შარვაშიძეებს. ზეგნა შარვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მთელი აფხაზეთის ტერიტორია მის სამ ვაჟს გადაუნაწილებია. უფროს ვაჟს როსტომს ისტორიული აფხაზეთი _ ბზიფსა და კოდორს შორის მდებარე მიწები მიუღია. მანვე შეინარჩუნა მთავრის ტიტული. მდ. კოდორსა და ეგრისწყალს (ღალიძგას) შორის მდებარე მიწაწყალი შუათანა ძმას _ ჯიქეშიას შეხვედრია.


ესაა შემდეგდროინდელი აფხაზური აბჟუას ქვეყანა (შუა ნაწილი, შუა სოფელი). უმცროს ძმას _ ყვაპუს ღალიძგიდან მდ. ენგურამდე მდებარე მიწები მიუღია, რომელსაც მოგვიანებით მისი ვაჟის _ მურზაყანის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა. მიწების ფეოდალურ ანექსიასთან ერთად დემოგრაფიული ანექსიაც ხდებოდა. შარვაშიძეებმა ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე, როგორც აბჟუაში, ისე სამურზაყანოში აფხაზი თავადაზნაურობაც დაასახლეს (ანჩაბაძეები, ემუხვარები, ინალიშვილები, მარღანიები, ზვანბაიები, ლაკირბაიები, აქირთავები). აბჟუას მხარეში ძირითადად მოსახლეობის ეთნიკური ცვლა მოხდა. მიგრირებულ აფხაზებს აქ ქართული მოსახლეობის ნაწილი დახვდათ, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში, როგორც ენობრივი, ისე ეთნიკური თვალსაზრისით გააფხაზდნენ, თუმცა ქართული გვარ-სახელები კი შეინარჩუნეს.


რაც შეეხება სამურზაყანოს, მიუხედავად იმისა, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურს გამოღმა გადმოსახლდა, აქ მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობით იყვნენ დარჩენილნი. აქ მოსულმა აფხაზმა თავად-აზნაურობამ თან აფხაზური მოსახლეობაც მოიყოლა, თუმცა ამ მხარის მოსახლეობა ეთნიკურად არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივ გარემოში დამკვიდრებული აფხაზური გვარები გაქართველდნენ. ამის დამადასტურებელია ქართული გვარსახელები: ზუხბაია, ქეცბაია, კაკუბავა, დოლბაია, ქირობაია, როსტობაია, ყოლბაია, გვაზბაია, მიქელბაია, თარბაია, ცხუცხუბაია, აბუხბაია. ფრიად საგულისხმოა, რომ სამ ნაწილად წარმოდგენილ აფხაზეთის სამთავროში მხოლოდ პირვანდელს ერქვა სახელწოდება აფხაზეთი, მეორე და მესამე ახალ სახელებს აბჟუას (რაც შუა საუკუნეების ქართული “შუა სოფლის” აფხაზურად ნათარგმნი სახელი იყო) და სამურზაყანოს ატარებდნენ.

ბოლო დრომდე აბჟუას და სამურზაყანოს მოსახლეობა ისტორიულ აფხაზეთს “სააფხაზოს” სახელით მოიხსენიებდა. მაგალითად, პ. ცხადაიას სოფელ ჩხორთოლში, რომელიც სამურზაყანოს მთის ძირასაა, ასეთი გადმოცემა ჩაუწერია: “სირგინავები და კიკორიები სააფხაზოდან არიან, ოღონდ სირგინავების იქაური გვარი ყოფილა ცეცბა, ხოლო კიკორიების _ კაკალია (ბზიფიდან); თარბაიები სხუდან გადმოსულან”. აფხაზეთში მნიშვნელოვანი ეთნოდემოგრაფიული ცვლილებები ძირითადად XIV ს-ის მეორე ნახევრიდან დაიწყო.


image(კელასურის კედლის ფრაგმენტი)


ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელებისა და შავიზღვისპირელი აბაზების აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოჭრა-დასახლებაში თარეშებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა XIVს-ის შუა ხანებში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიას. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ამოძრავება, თავის მხრივ, ჯერ მონღოლთა ლაშქრობებმა და შემდეგ თემურ-ლენგის შემოჭრამაც განაპირობა.

საისტორიო გადმოცემებით, რომელიც არაერთ ავტორს ჩაუწერია როგორც XIX, ისე XX საუკუნეებში, აფხაზეთში მცხოვრები აფხაზური გვარების დიდი ნაწილის თავდაპირველი საცხოვრებელი ჩრდილოეთ კავკასია და აბაზეთის შავიზღვისპირეთია. ამ გადმოცემების გამო იყო XIXს-ის რუსი ავტორის დიაჩკოვ-ტარასოვის დასკვნა, რომ თანამედროვე აფხაზები არ არიან ამ ტერიტორიის აბორიგენები.


ისტორიოგრაფიაში მითითებულია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან დღევანდელ აფხაზთა წინაპრები ძირითადად ბზიფის ხეობის ქვაბულის _ ფსხუს გზით გადმოდიოდნენ. აქ გარკვეული ხნით მკვიდრობის შემდეგ, მოსახლეობა მთისწინეთსა და ბარში გადადიოდა, გადასახლებულთა ადგილს კი ახალი მიგრანტები იკავებდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრ აფხაზურ გვარს სალოცავი ფსხუს ქვაბულში აქვს. ფსხუდან სხვადასხვა დროს გადმოსახლებულ გვარებს თან მისი ნიშებიც მოჰქონდათ. აფხაზთა ხალხური გადმოცემებითვე ძველთაძველ დროში აფხაზეთის მთებში ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც წანები იყვნენ. ეს წანები კი დასავლურქართული მოდგმის სანებს (სვანებს) ანდა ჭანებს (ზანებს) წარმოადგენდნენ.

ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე ანუ მიწა-წყალზე კოდორიდან ბზიფამდე, რომ ჩრდილოეთ კავკასიური ტომების მიგრაცია მოხდა და რომ აქაც გზა მათ იარაღით გაიკაფეს, მოწმობს გადმოცემა, რომ ყაბარდოელი ინალი, რომელიც მთელი რიგი აფხაზური არისტოკრატიული გვარების საფუძველჩამყრელად ითვლება, წარმატებულ ომებს აფხაზებთანაც აწარმოებდა. XIVს-ის მეორე ნახევრიდან დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაწყებული აბაზური (ჯიქური) და ადიღეური მოსახლეობის ჯგუფური და გაჟონვითი შემოსახლება თითქმის მთელი გვიან შუა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც საბოლოოდ საქართველოს ამ ძირძველ და ისტორიულ მხარეში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება გამოიწვია. ფაქტობრივად, მოხდა ძველი აფხაზების ახალი აფხაზებით ჩანაცვლება და ეს პროცესი თავდაპირველად მხოლოდ ნამდვილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ძველ აბაზგიაში განხორციელდა, რომელიც თანამედროვე აფხაზეთის მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავდა. შემდეგ კი გვიან შუა საუკუნეებში, ძირითადად XVIIს-ის ბოლო მეოთხედში მათი უფრო სამხრეთით, აბჟუაში წინ წამოწევა მოხდა.


ძველი აფხაზები (აბაზგები) ასევე ნარევი აბაზურ-ქართველური მოსახლეობა იყო, რომელთა ენაც აბაზურის ერთ-ერთ დიალექტს წარმოადგენდა და რომელსაც გვიან შუა საუკუნეების “ქართლის ცხოვრების” მინაწერის ავტორი აფსარულ ენას უწოდებს, მაგრამ ეს ძველი აფხაზები IXს-დან ვიდრე XVს-მდე კულტურულ-ისტორიულად ქართველები იყვნენ. ისინი ისეთივე შემქმნელები იყვნენ ფეოდალიზმის პერიოდის ქართული კულტურისა, როგორც საქართველოს სხვა მხარეების მკვიდრნი. გვიანი შუა საუკუნეების აფხაზები კი ფაქტობრივად, ახალი აფხაზები არიან, რომლებიც ძველი აფხაზების, აბაზების, ადიღეელებისა და ქართველური მოდგმის (ძირითადად მეგრელების) და სხვათა შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

ამ ახალი აფხაზების ეთნიკურ საფუძველს კი ძველი აფხაზების (აბაზგების) ენა წარმოადგენდა. აფხაზეთის ძველ და ახალ მკვიდრებს შორის ზღვარი იმიტომ ევლება, რომ ძველი აფხაზები ქრისტიანები, მიწათმოქმედნი და ქართული ფეოდალური საზოგადოების, სოციალური სფეროს, კულტურის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. მაშინ როდესაც ახალი აფხაზები წარმართები (ქრისტიანობიდან მიქცეულები), მეჯოგეები და თემური ცხოვრების მომდევრები იყვნენ.

აბაზური და ადიღეური მოდგმის მოსახლეობის აფხაზეთის ტერიტორიაზე მიგრაცია გვიან შუა საუკუნეებში (XV-XVIIსს.), მათი მიგრაციის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოსახლეობის მიგრაცია ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისშიც მოხდა.


image


ეს იყო აბაზურ-ადიღეური ეთნოსის პირველი დასახლკარების შემთხვევა. შემდგომშიც არაერთხელ ხდებოდა მათი ინფილტრაციაშემოჟონვა. თუმცა ერთიანი საქართველოს მონარქიის პირობებში კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიგრაცია ადგილობრივ მკვიდრ ქართულ ეთნოსს რაიმე პრობლემას ვერ უქმნიდა. აფხაზური ეთნოსის ქართველ ხალხში და ქართველების აფხაზებში ორმხრივი შეღწევა თითქმის მუდმივი პროცესი იყო. ამიტომაა, რომ თანამედროვე აფხაზებს ანთროპოლოგიურად უფრო მეტი საერთო აქვთ დასავლურ ქართულ მოსახლეობასთან, ვიდრე აბაზ-ადიღეელებთან. ამის დამამტკიცებელია ქართული წარმოშობის გვარების დიდი რაოდენობა, რომლებსაც ახალი აფხაზები ატარებენ.


1867 წელს აფხაზეთიდან თურქეთში წასულ მუჰაჯირთა სიაში გვარების დიდი ნაწილი დასავლურქართულია, რომლებიც –ია და – ა სუფიქსებით ბოლოვდება. ისიც ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ სიაში პირველ ნომრად კიკნაძის გვარია დასახელებული. ამავე დროს, XIXს-ის პირველი ნახევრის აფხაზეთის ზოგიერთი სოფლის მცხოვრებთა სიების მიხედვით ბევრ აფხაზურ გვარს ორმაგი აფხაზურქართული სუფიქსი (-ბა+-ია) აქვს (ეიბაია, ჭანუნბაია, გუნბაია, თორბაია, ღოლუშბაია, თარბაია, ავშიბაია, ცუიბაია, ამიბაია და სხვ.) და არა მხოლოდ, მაგალითად “შვა სოფლის (აბჟუას) სოფელ კვიტოულში, არამედ “აფხაზეთის სამფლობელოსა შინა სოფლის ლიხნსაც”. აღნიშნული კი უდავოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ აფხაზები ქართული სახელმწიფოებრივი, ფეოდალური და კულტურული ერთობის განუყოფელი წევრები იყვნენ.

სამეცნიერო ლიტერატურაში ყურადღება აქვს მიქცეული იმ გარემოებას, რომ XVI საუკუნიდან მოყოლებული თურქულ ენაში ეთნონიმი “აფხაზი” თითქმის ქრება და მის ადგილს იკავებს უფრო ფართე შინაარსის ტერმინი “აბაზა”, რომელიც თვით აბაზებთან ერთად აფხაზეთის მოსახლეობასაც აღნიშნავს. სრულიად სამართლიანად მეცნიერთა მიერ ეს მოვლენა აფხაზეთის ტერიტორიაზე აღნიშნული დროიდან აბაზთა მასობრივ შემოსახლებასთან არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია ერთი ფაქტიც.

ცნობილია, რომ აფხაზთა თვითსახელწოდებაა “აფსუა” (სხვათაშორის, აფსუაც, აბაზგიც, აფსილიც, აფხაზიც აბაზადან მომდინარე ეთნონიმებია). გვიან შუა საუკუნეებში “ქართლის ცხოვრების” ერთ-ერთი გადამწერი იქ, სადაც საუბარია მეფე ლაშა გიორგიზე, შემდეგ ჩანართს აკეთებს, რომ ლაშა “ითარგმნების აფსართა ენითა “ქვეყნის მანათობელად”. აფხაზის ნაცვლად ჩნდება ეთნონიმი “აფსარი” (აფხაზთა თვითსახელწოდება “აფსუადან”). ჩანართის ავტორის მიერ “აფხაზის” ნაცვლად “აფსარის” ხმარება შემთხვევითი არ იყო, რადგან გვიანფეოდალურ პერიოდში, კერძოდ, XV-XVIსს-ში აფხაზის შინაარსი შეიცვალა. ისინი კულტურულად უკვე შეცვლილნი იყვნენ.

ადრეული აფხაზები, ქართული კულტურის ერთ-ერთი შემქმნელნი, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართველები იყვნენ. გვიანდელი აფხაზები კი ადრინდელი აფხაზებისაგან განსხვავდებოდნენ, პირველ რიგში, მათი ქრისტიანობისაგან მიქცევის თვალსაზრისით. ჩანართის ავტორი კარგად გრძნობდა ქართული კულტურული სამყაროსაგან აფხაზების გაუცხოებას და სწორედ ამიტომ მათ აღსანიშნავად ხმარობს არა ქართულ ეთნონიმს აფხაზს, არამედ აფხაზთა თვითსახელწოდების აფსუას ვარიანტს _ აფსარს. ჩანართის ავტორმა ისიც იცოდა, რომ შუა საუკუნეების აღმოსავლურ წყაროებში ხშირად ქართველების აღსანიშნავად ეთნონიმს _ აფხაზი გამოიყენებდნენ.

მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში და XIX ს-შიც აფხაზი ფეოდალები თავს ქართველ ფეოდალებად თვლიდნენ. მათ ინტენსიური საქორწინო ურთიერთობები ჰქონდათ ქართველ, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურებთან. XIXს-შიც აფხაზეთის მთავრის კანცელარია ქართულად მუშაობს. ქართული ენა რომ აფხაზებისათვის უცხო არ იყო, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1714 წელს კუნძულ მალტაზე ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფს _ სულხან-საბა ორბელიანს ხვდება აფხაზი ტყვე, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ასე რომ, მართალია, აფხაზებს საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა ჰქონდათ, მაგრამ ქართული მათთვის არა მხოლოდ ადრე საუკუნეებში, არამედ XVIIIს-შიც მეორე, კულტურის ენა იყო. ისევე თვლიდა ქართველებად აფხაზებს სულ-ხან-საბა ორბელიანი, როგორც თამარ მეფის ისტორიკოსი.

მიუხედავად ახალი აფხაზების შექმნისა, აფხაზი ფეოდალის სახლი “ქართულია” და ეს ასეა არა მხოლოდ ქრისტიანობის თვალსაზრისით, არამედ საერთოდ კულტურის თვალსაზრისით. ნ. ბერძენიშვილის სიტყვით, საშუალსაუკუნეების აფხაზეთში არ არსებობდა ფეოდალური კულტურა, გარდა ქართულისა, გარდა ვეფხისტყაოსნის კულტურისა. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ალექსანდერე შარვაშიძის სიტყვები: «Я не абхазский, а грузинский князь...» სამწუხაროდ, დღეს აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლები მთლად გაუცხოებული არიან ქართველთაგან.


image(ალექსანდრე შარვაშიძე)


ამ გაუცხოებაში და, სამწუხაროდ, სიძულვილში გადამწყვეტი როლი რუსეთის იმპერიამ ითამაშა. ცნობილია, რომ ქართული სამეფო-სამთავროები რუსეთის იმპერიამ ცალ-ცალკე შეიერთა. 1805 წელს სამეგრელოს სამთავროს ხელისუფლების აქტიური ხელშეწყობით, სამურზაყანო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა და ოდიშის სამთავროს დაუბრუნდა.

1810 წელს რუსეთმა თანამედროვე აფხაზეთის დანარჩენი ტერიტორიაც დაიპყრო, რომლეზედაც მისი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი აფხაზეთის სამთავრო. ამ სამთავროს მთავრად სოხუმში რუსებმა გიორგი (საფარბეი) შარვაშიძე დასვეს. 1864 წელს ცარიზმმა ეს სამთავრო გააუქმა და ის ჯერ სოხუმის სამხედრო განყოფილებად, შემდეგ კი სოხუმის ოკრუგად აქცია. სოხუმის ოკრუგში სამურზაყანოც შეიყვანეს. სოხუმის ოკრუგი, თავის მხრივ, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. აფხაზები რუსეთის კოლონიურ ხელისუფლებას არ ეგუებოდნენ და რამდენიმე აჯანყებაც მოაწყვეს (1821-1824წწ., 1840-1842წწ., 1866წ.). მაგრამ ცარიზმმა ეს აჯანყებები სისხლში ჩაახშო. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ისინი 1840-1842 წლებში აჯანყებულ დალწებელელებს (კოდორის ზემო და შუა წელი). რუსის ჯარმა აქ რამდენიმე სოფელიც კი გადაწვა.


რუსებს, აფხაზთა დიდი წინააღმდეგობის გამო, გადაწყვეტილი ჰქონდათ დალელებისა და წებელელების გასახლება. მაგრამ ეს განზრახვა მაშინ მათ ვერ განახორციელეს. ეს ჩანაფიქრი მხოლოდ გვიან მოიყვანეს სისრულეში, როდესაც 1867 და 1877 წლებში, რუსების წაქეზებით, აფხაზებმა მშობლიური ადგილსაცხოვრისი მიატოვეს და უცხო ქვეყანაში, თურქეთში გადასახლდნენ. “მუჰაჯირობა” დიდი ტრაგედია იყო აფხაზი ხალხისათვის. რუსეთის იმპერიას შავი ზღვის სანაპირო ზოლი სჭირდებოდა და აქ მცხოვრები აფხაზები სწორედ ამის მსხვერპლნი შეიქმნენ. ქართველები აფხაზთა მუჰაჯირობის შესახებ დიდ გულისტკივილს XIXს-ში, ამ პროცესის მიმდინარეობის დროსვე, გამოხატავდნენ. ქართულ პრესაში არა ერთი და ორი სტატია დაიბეჭდა აფხაზთა მხარდასაჭერად. 1920 წელს აფხაზმა მუჰაჯირებმა საქართველოს ხელისუფლების თხოვნით მიმართეს, რათა დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში. გ. ძიძარიას სიტყვით, მუჰაჯირების თხოვნა თბილისში “გაქრა”. სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებამ მუჰაჯირი აფხაზების საკითხი, რაც ასე აღელვებდა აფხაზურ საზოგადოებას, ანტანტის უმაღლეს საბჭოში განხილვის საგნად აქცია.

აფხაზეთში საკოლონიზაციო მიწებზე მხოლოდ რუსებს ასახლებდნენ, შედარებით მცირე რაოდენობით სხვებსაც (ბერძნები, სომხები, ესტონელები, მოლდოველები, გერმანელები) აძლევდნენ ამის საშუალებას. მხოლოდ დასავლეთ საქართველოს უმიწაწყლო გლეხებს არ ჰქონდათ აქ დასახლების საშუალება. საყურადღებოა, რომ 1886 წლისათვის ქ. სოხუმში უკვე 120 კაცზე მეტი რუსი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 30% იყო (ამ დროს სოხუმში არც ერთი აფხაზი არ ცხოვრობდა).


აფხაზ ავტორებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან მოსახლეობის გადასახლების შესახებ. თუმცა კრინტს არ ძრავენ იმის შესახებ, თუ რა ინტენსიური იყო აქ რუსებისა და სომხების მიგრაცია. მაგალითად, მექანიკური მატების ხარჯზე 1926 წლიდან 1959 წლამდე შესაბამისად რუსებისა და სომხების რაოდენობა 6 ათასიდან და 12, 5 ათასიდან 87 ათასსა და 64 ათასამდე გაიზარდა. ამრიგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოველთვის ცხოვრობდნენ ქართველები (მეგრელები, სვანები) და ის ყოველთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. აფხაზები, რომელთა ენდოეთნონიმია აფსუა, XVIIს-ის 70-იან წლებამდე მხოლოდ დღევანდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთში მკვიდრობდ-ნენ. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აბაზგები (აფხაზები) კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ქართველები იყვნენ.

XVIIს-ის უკანასკნელი მეოთხედიდან აფხაზები კოდორსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორიაზე (აბჟუა) განსახლდნენ. ისინი თავიანთი ტერიტორიის გაფართოებას სამეგრელოს ტერიტორიის დაპყრობის ხარჯზე, მიგრაციის გზით ახდენდნენ. თანამედროვე აფხაზური ეთნოსის ფორმირება ძირითადად გვიან შუა საუკუნეებში (XV-XVIIსს.) მოხდა ძველი აფხაზების, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის _ მეგრელებისა და ჩრდილოეთიდან მიგრირებული აბაზებისა და ადიღეელების შერევის შედეგად. მათი ენდოეთნონიმი აფსუა აბაზიდან არის მიღებული, რადგან ძველად აბაზგები (ქართული წყაროების აფხაზები) და აბაზები ერთ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის სამთავრო XIXს-ის პირველი ათეული წლისათვის ერთ მთლიან პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ ერთეულს არ წარმოადგენდა. აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია შემდეგი ცალკეული სამფლობელოებისაგან შედგებოდა: მდ. მზიმთიდან (თანამედროვე რუსეთის საზღვრებშია, ფსოუს დასავლეთით) ბზიფამდე აბაზები (ქართული წყაროების ჯიქები) ცხოვრობდნენ. ბზიფი ანუ ზუფუ მდინარეებს ბზიფსა და გუმისთას შორის მდებარეობდა; გუმა მდ. გუმისთასა და მდ. კოდორს შორის იყო მოთავსებული, აბჟუა (შუასოფელი) _ მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის (ეთნიკურად ეს მხარე XVIIს-ის ბოლოს შეიცვალა). მდ. ღალიძგიდან მდ. ენგურამდე კი სამურზაყანო მდებარეობდა, რომელსაც ქართული ეთნიკური იერსახე და ეთნოგრაფიული თავისებურებანი არასდროს არ დაუკარგავს. მდ. კოდორის ზემო წელში წებელ-დალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფის აფხაზები ცხოვრობდნენ, მდ. ბზიფის ზემო წელში კი _ ფსხუელები. ამ უკანასკნელი სამი ერთეულის გამგებლები თავადი მარშანიები იყვნენ.


საყურადღებოა ისიც, რომ ფსხუს, დალის და წებელის მოსახლეობა თავს ძირითადად მაინც აბაზებად გაიაზრებდა და ისინი უფრო თავისუფალი ტერიტორიული თემების სახით ცხოვრობდნენ. ფსხუელები, წებელელები და დალელები, ისევე როგორც შავიზღვისპირეთში მცხოვრები აბაზები თავიანთ თავს აბსნეს უწოდებდნენ. სამწუხაროდ, თანამედროვე აფხაზურ გამოცემებსა და ინტერნეტსაიტებზე სამურზაყანოს შესახებ ფრიად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. თითქოსდა ის აფხაზეთის ძირძველი, ისტორიული მიწაა, თითქოსდა “სამურზაყანოს” არა ქართული კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსი (-ო) და პრეფიქსიც (-სა) აწარმოებს, არამედ პირველი პირის მრავლობით რიცხვის აფხაზური ნაცვალსახელი (“სარა”_მე).

აფხაზი ავტორების “მტკიცებით” თურმე სამურზაყანოელები ეთნიკური აფხაზები იყვნენ, რომლებიც აქ XIXს-ის მეორე ნახევრიდან ზუგდიდის მაზრიდან მეგრელთა დიდი რაოდენობით გადმოსახლების შემდეგ, გაქართველდნენ. მათი აზრით, სამურზაყანოელი აფხაზების ეთნიკური ასიმილაცია დააჩქარა აფხაზი მამაკაცების მეგრელ ქალებზე დაქორწინებამ.


image

(სამურზაყანოელები)


თითქოსდა XIXს-ის ბოლოდან დაიკავა სამურზაყანოში მეგრულმა მეტყველებამ მნიშვნელოვანი პოზიციები, რომელმაც უფრო რთული აფხაზური ენა განდევნა. იმასაც აღნიშნავენ, რომ არა მხოლოდ წეს-ჩვეულებებით და ტრადიციებით, არამედ ენითა და რელიგიით სამურზაყანოელები აფხაზებისაგან ერთ განუყოფელ ტომს შეადგენდნენ.

არის მოწოდებები, რომ ბოლოს და ბოლოს სამურზაყანოელმა ქართველებმა აფხაზებად გაიზრონ თავი. სამურზაყანოელი აფხაზების ძალადობრივი ასიმილაციის დამადასტურებელია თურმე ის, რომ ადგილობრივი აფხაზური გვარსახელები სასულიერო პირებმა ქართულ ყაიდაზე გადააკეთეს. მაგალითები: აჩბას გვარის წარმოამდგენლებმა დაიწყეს მეგრელიზებული ფორმის ანჩბაიას ტარება (ქართული ტრანსკრიფციით ანჩაბაძე), ჩაჩბა_შარაშია (შარვაშიძე), ამარშანი_მარშანია, აამხაა_ემუხვარი, ჩააბალირხუა_სოტისკუა (სოტიშვილი), ძიაფ-შიფა_ძეფშისკუა (ძეიშვილი), ინალიფა_ინალისკუა (ინალიშვილი), მაან_მარღანია, ლაკრბა_ლაკერბაია, ზვანბა_ზვანია, აკირთაა_აქირთავა, ეშბა_ეშბაია, მიკამბა_მიქამბაია, კილბა_კილბაია, უარდან_ვარდანია, შამბა_შამბაია, კაპბა_კაპბაია, კაკუბა_კაკუბავა, ზუხბა_ზუხბაია, შაყრილი_შაკირბაია და ა.შ.


სამურზაყანოს გაქართველება თურმე 1930-იან წლებში დამთავრდა. სამურზაყანო (“სამურზაყან-ო”) აფხაზების თუ როგორი მიწა-წყალია ზემოთ ვნახეთ. ლაპარაკიც არ ღირს და სასაცილოა ის არგუმენტი, რომ “სამურზაყანოს” პრეფიქსი სა _ აფხაზური პირველი პირის ნაცვალსახელიდან “სარა”_“მე” არის მიღებული. რაც შეეხება სამურზაყანოში ზუგდიდის რაიონიდან ქართველთა მიგრაციას, XIXს-ში ასეთი ფაქტები იყო.

1886 წლის საოჯახო სიებით, სამურზაყანოში ცალ-ცალკე იყვნენ აღრიცხული სამურზაყანოელები და მეგრელები. აქ არც ერთი აფხაზი არ იყო აღრიცხული. საოჯახო სიებში სამურზაყანოელების რაოდენობა 29.520-ითაა განსაზღვრული, მეგრელების _ 6234-ით. სამურზაყანოელების მეგრელთაგან გამოყოფა ცარიზმის პოლიტიკის შედეგი იყო. მათი სამეტყველო ენა ხომ მეგრული იყო და გვარებსაც ხომ ქართულსუფიქსიანს ატარებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთ სამურზაყანოელს ორმაგი (-ბა+-ია) სუფიქსიანი გვარები ჰქონდათ, ამის შესახებ ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ეს XVIIს-დან ისტორიული აფხაზეთის (აბაზგიის) ტერიტორიიდან დაწყებული ინფილტრაციის შედეგი იყო.

ბუნებრივია, მეგრულ გარემოში აფხაზური გვარები ჩვეულებრივ –ია სუფიქსს ირთავდნენ (და არა სასულიერო პირები მიზანმიმართულად უკეთებდნენ მათ გვარებს). თანაც ასეთი გვარების მატარებელი მოსახლეობა სამურზაყანოში ბევრი არაა. რაც შეეხება 1886 წლის აღწერაში ცალკე აღწერილ მეგრელებს, რომელთა რაოდენობაც 6.231 იყო, ნამდვილად ენგურის მარცხენა სანაპიროდან იყვნენ გადასახლებულნი და იმიტომაც წერდნენ ასე. ისინი უპირატესად XVI-XVII სს-ში აფხაზთა თარეშის დროს გაქცეულთა შთამომავლები იყვნენ.

ქართველები რომ აფხაზთა თარეშის გამო ინტენსიურად გამორბოდნენ სამურზაყანოს ტერიტორიიდან, ამის დამადასტურებელი არაერთი წყარო გაგვაჩნია. 1525-1550 წლებით დათარიღებულ “ბიჭვინთის იადგარში” ენგურის იქითა მხარეს მოხსენიებულია სოფლები (ქართული ტოპონიმები) _ ნაჟანეო, ხოირი, წამხარი, მუხური, ტყაურუ, მარმარისკარი, რომლებშიც ქართული გვარის მატარებელი მოსახლეობა მკვიდრობდა (გამკერვალია, შამიგია, ჩხუნბურია...). ასეთივე ვითარებაა ასახული ბედიის გულანში (XVIს.) (ბოკუჩავა, დადალია, შარია, ანტონია, ბაიდია..). ბედიელის სასმწყსო კი მოიცავდა ტერიტორიას დადისწყალსა (მდ. ოქუმი) და მოქვისწყალს შორის.

ნაჟანეულის საკათალიკოსო გლეხების ბეგარის ნუსხაში (XVIს. ბოლო) დასახელებული არიან: შუშანიები, ჯგვიბურიები, სუბუქიები, ჯაკობიები, კოდიები, ქაჯაიები, ლოგუები, გაბელიები, ძაძუები, კონჯარიები, ფიოლიები.. 1621 წელს სამუზაყანოს სოფელ ნაჟანეულში თუ 58 კომლი ქართველი ცხოვრობდა, 1706 წელს, აფხაზთა თარეშის შედეგად, აქ მხოლოდ 6 კომლი იყო დარჩენილი. ვინც აფხაზთა აყრას გადაურჩა, ყვაპუ შარვაშიძეს გაუყიდია. დანარჩენები კი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს ენგურის მარცხენა ნაპირზე გადმოუსახლებია.


1712 წლის საბუთში ვკითხულობთ: “... ნაჟანევს სოფელი აფხაზს აეყარა, სამოცი მოსახლე კაცი, ნეფსაძე კათალიკოზს ყვაპუ შარვაშიძისათვის მიებარებინა. უფროსი ერთი დაკარგულიყო. ის კათალიკოზი ეცადა და ჩვენც ვეცადეთ, მაგრამ ვერ ამოვიყვანეთ. მეტი აღარ იყო, შვიდი მოსახლე კაცი წამოვიყვანე მათის ყოვლისფერითა... ენგურიდაღმი ყველაი ფასით ამოვიყვანე. ზოგი ხიბულას დავასახლე, ზოგი ხობს”. კათალიკოსს სამურზაყანოდან გლეხების გამოსყიდვა (“ფასით ამოყვანა”) უხდება.

მალაქია კათალიკოსის შეწირულობის წიგნში (1616-1639წწ.) საუბარია იმაზე, რომ “ხაუჟელს სასახლე აოხრებული იყო”, “ღალიძგას სასახლე არ იყო და ბატონის დადიანის ძველი გაოხრებული სასახლე იყო.. და თჳთან ხატსა შესწირა”. “.. ილორს ჩხოხოძისაგან ერთი პარტახტი მიყიდია...”, “.. ხოირს სასახლე ადგილი ვიყიდე მეგრელებისაგან”. 1628 წლის სიგელით, დადიანი ბიჭვინტის ტაძარს სწირავს ღალიძგაში სასახლეს და მოსახლე ალექსანდრიას გვარის კაცს, თილითს_ჩანგელიას, კამულეთს _ კუბეციას, ესებაიას, გაბრაას (გაბრავას), ზეგანს _ ხუბელავას, გოგუას, ნადარაიას, ილორის მკვიდრ წაწულუას.. ყველა ესენი ხომ ეთნიკური ქართველები იყვნენ.

რაც შეეხება აფხაზური გვარსახელების ქართულ ყაიდაზე გადაკეთებას, უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მცხოვრები თავად-აზნაურები ყოველთვის ქართველ ფეოდალებად თვლიდნენ თავს და შესაბამისად მათი გვარებიც ქართული სუფიქსებით იწარმოებოდა. ასეა ყველა საისტორიო წყაროსა და საბუთში. შარვაშიძის (აფხაზური ჩაჩბას) მეგრული ფორმა _ შარაშია კი XVIIს-ის იტალიელ მისიონერს კასტელს აქვს დაფიქსირებული. მას ნახატზე მიუწერია “აფხაზეთის მთავარი სეტემან შარაშია”.

აფხაზებს ჰგონიათ გვარსახელის აქირთავას აფხაზური ფორმაა აქირთა. პირიქით, აქირთაა სწორედ მეგრული ფორმა (რაც აფხაზურში პირდაპირ შევიდა), აქირთავა კი მისი ლიტერატურული ქართულის ვარიანტია. ყველაზე დიდი წყარო იმის დამადასტურებლად, რომ სამურზაყანო და აბჟუაც ისტორიულად ქართველური მოდგმით იყო დასახლებული არის ტოპონიმები, როგორც ჰიდრონიმები, ისე ოიკონიმები. სამურზაყანოს ტოპონიმები კი ქართველ ენათმეცნიერებს (პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა) კარგად აქვთ შესწავლილი და მიღებულია ერთმნიშვნელოვანი დასკვნები. ოიკონიმები (სოფლის სახელები) მხოლოდ და მხოლოდ მეგრული მეტყველებით აიხსნება. არაერთია ლე- (და აგრეთვე სა-) პრეფიქსიანი სოფლის სახელები. მაგალითად, სოფელ ლეჭარაიეში ჭარაიას გვარის დღეს აღარავინ მკვიდრობს. როგორც ჩანს, სამურზაყანოდან ჭარაიები ზუგდიდისა და წალენჯიხის მხარეს აფხაზთა მოძალების ჟამს გადასახლდნენ. აქვეა სოფლები საბერიო, სახახუბიო, რომლებშიც ბერიები და ხახუბიები აღარ ცხოვრობენ. საბულისკირიოში, სამელაიოში, საჩაჩხალიაში კი ბულესკირიები, მელაიები და ჩაჩხალიები დღესაც ცხოვრობენ.

დიდი მდინარეების სახელები ხომ საუკუნეებს უძლებენ და მოსახლეობის ეთნიკურ ცვლასაც. ადგილობრივი დიდი მდინარეების (ოქუმი, ღალიძგა, ერისწყალი, წარჩე, ოხურეი, ოხოჯა, ოჯოღორე, ხუმუშქური, ანარია, ნიშონი, ქვიშონა, ვატაფი, ოლიე...) სახელები მხოლოდ და მხოლოდ ქართველურია. აბჟუაში, სადაც XVII-XVIIIსს. მიჯნაზე ნარევი ქართულ-აფხაზური მოსახლეობა შეიქმნა, გამარჯვებული აფხაზური ეთნოსი და აფხაზური ენა გამოვიდა, თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობით დარჩა აქ ქართველური ლექსიკური და ტოპონიმიკური სუბსტრატი. სამურზაყანოსა და აბჟუაში იყო და არის ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები (მოქვი, ბედია, ილორი...), რომლებიც ქართული ეპიგრაფიკითაა დამშვენებული.

სხვათაშორის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია არა მარტო აფხაზეთ-სამეგრელოში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. აქ არამარტო სამეგრელოს, არამედ სვანეთის მოსახლეობაც იყრიდა თავს. XIს-ში აგებული ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ამავე პერიოდის ძველი ქართული წარწერებიანი ხუთი ქვა (ნუსხური, ასომთავრული და მხედრული წარწერებით). ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია მღვდელი გიორგი ქოჩოლავა. ეს ადგილობრივი ქართული გვარის პირველი ეპიგრაფიკული დაფიქსირებაა.

წებელის XIVს-ის ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ მისი მაშენებელი ყოფილა ლუკა მარტინევა. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში აფხაზთა მეურნეობის წამყვანი დარგი მესაქონლეობა, განსაკუთრებით წვრილფეხა მესაქონლეობა (თხა, ცხვარი) იყო. მსხვილფეხარქოსან მესაქონლეობას მხოლოდ ბარში მისდევდნენ. მოშენებული ჰყავდათ აგრეთვე ცხენი, ჯორი, სახედარი. ცხენს ძირითადად საჯდომად და ცხენოსნობაში იყენებდნენ, იშვიათად _ საჭაპანედ. მესაქონლეობას ძირითადად ინტენსიურ-მომთაბარული ხასიათი ჰქონდა. მთელი წლის განმავლობაში საქონელი საძოვ საკვებზე (ნავროტი) ჰყავდათ _ ჯოგი ზაფხულობით მაღალმთიან ალპიურ საძოვრებზე ძოვდა, ზამთარში _ მთისწინეთში, რაც მთის საძოვრების სიახლოვით და თბილი ზამთრით იყო განპირობებული.

ბუნებრივი პირობების გამო, აფხაზებმა საზამთროდ თივის დამზადება არ იცოდნენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ აფხაზთა სამეურნეო ყოფაში მესაქონლეობის პრევალირება მათ ენასა და ფოლკლორშიც აისახა. ირკვევა, რომ აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიის სამთო საძოვრებს თავისუფლად, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოიყენებდნენ, საპირისპიროდ კოდორის ხეობისა, სადაც ჯოგისათვის საძოვრების გამოყენების გამო, აფხაზებს სვანებისათვის უნდა გადაეხადათ გადასახადი.


სამეცნიერო ლიტერატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეს საძოვრები ან მათი წინაპრების სათემო საძოვრები იყო ანდა ცალკეული გვარების საკუთრება. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ათეული გვარის თავდაპირველი საცხოვრებელი, რომლებსაც საქონელი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუდიოდათ სწორედ აქ იყო. ფრიად საყურადღებოა, რომ სოფელ ჯგერდაში მოსახლე ჩეგემის საგვარეულო სალოცავი ქედის მეორე მხარეს იყო. გვარსახელის ეტიმოლოგიაც ცხადია _ ის ყაბარდოული ტოპონიმიდან მომდინარეობს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აფხაზური და ჩერქეზულ-აბაზური გვარების სერები (ჭრილები) ერთმანეთის იდენტურია.

აფხაზთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ნადირობასა და მეფუტკრეობას. ნადირობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. მონადირეები მთებსა და თოვლში გადასაადგილებლად იყნებდნენ განსაკუთრებულ რკინის ნალს და თხილამურებს. ნადირობდნენ მწევარით და სანადირო ფრინველებით. ყველა აფხაზური კარ-მიდამოს წინ გამართული ჰქონდათ საფუტკრეები (გამოფუღრული სკები). ეწეოდნენ ტყის მეფუტკრეობასაც _ გარეული ფუტკრის თაფლის შეგროვებას. აფხაზეთი ზღვისპირა მხარეა, მაგრამ აფხაზები თევზს არ ჭამდნენ.


image(აფხაზი გოგონა)


XVII ს-ის შუა ხანებში ამის შესახებ ლამბერტიც აღნიშნავდა. სამიწათმოქმედო კულტურებიდან მოჰყავდათ ფეტვი, ღომი, ქერი. მოგვიანებით ძირითადი კულტურა გახდა სიმინდი. ისევე როგორც ჩერქეზეთში, აფხაზეთშიც მიწათმოქმედებაში ძირითადად ქალები იყვნენ დასაქმებული. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მევენახეობას. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, აფხაზეთშიც მხოლოდ მაღლარი ვაზი გვხვდებოდა. ადგილობრივი ვაზის ჯიშების ადგილი XIXს-ის ბოლოს იზაბელამ დაიკავა.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი დროისათვის აფხაზები ყურძენს არ სწურავდნენ და ღვინოს არ აყენებდნენ. მოჰყავდათ აგრეთვე ბოჭკოვანი კულტურები (სელი, კანაფი, ბამბა). სასაქონლო მნიშვნელობა მხოლოდ თამბაქოს მოყვანას ჰქონდა (XIXს. II ნახევრიდან). აფხაზთა შორის ხელოსნობამ განვითარების ისეთ დონეს ვერ მიაღწია, როგორც კავკასიის სხვა ხალხებში. იცოდნენ მხოლოდ ხის საოჯახო ჭურჭლის დამზადება. ტანსაცმელს ყველა ოჯახი თავისთვის ამზადებდა. ამზადებდნენ თოფის წამალსაც (დენთს).


ეთნოგრაფიული მასალებით აფხაზებს საზღვაო ტრანსპორტი არ ჰქონიათ. მაგრამ, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს, “გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდიდონ ნავებითა და ჴმელით და სტყუვნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდნენ თჳთ აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი”. ე.ი. აფხაზები ნავებს მხოლოდ სამეკობროდ, თარეშისათვის იყენებდნენ. თარეშების შეწყვეტის შემდეგ ამ სატრანსპორტო საშუალებამ მათთვის მნიშვნელობა დაკარგა.

რამდენადაც ცნობილია, ისინი თევზს საერთოდ არ ჭამდნენ და თევზის რეწვისათვის ნავის გამოყენებაც წარმოუდგენელი იყო. აფხაზთა საცხოვრებელი მრგვალი, მოწნული ერთკამერიანი სათავსი იყო, რასაც ჩალით ხურავდნენ და თიხით ლესავდნენ. იგი შეესაბამებოდა აფხაზთა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ექსტენსიურ მეურნეობას. არსებობდა აგრეთვე ერთკამერიანი ოთხკუთხა ფიცრული სახლი, რომელსაც მრგვალი გადახურვა ჰქონდა. ასეთ სახლში სოციალურად მაღალი ფენა ცხოვრობდა. საცხოვრებელ ნაგებობას ერთმანეთის პირდაპირ ორი კარი ჰქონდა დატანებული. ერთ-ერთ კედელთან მიწის იატაკზე მოწყობილი იყო ღია კერა. კარმიდამოში ჩვეულებრივ სამი საცხოვრებელი ნაგებობა ედგათ: ოჯახისთვის, ახალდაქორწინებულებისათვის და სასტუმრო. ეს უკანსკნელი უკეთესად ჰქონდათ მორთული. XIXს-ის შუა ხანებიდან აფხაზებმა დაიწყეს დასავლურქართული “ოდის” ტიპის სახლების მშენებლობა. ასეთი ტიპის სახლებს თავდაპირველად სტუმრების მისაღებად იყენებდნენ.

აფხაზური სოფლები გაშიშვლებულ ადგილებზე არ იყო გაშენებული. ისინი ძირითადად არც კი ჩანდა, რადგან უპირატესობას სოფლების ტყის მასივებში გაშენებას ანიჭებდნენ. დასახლების ეს ტიპი ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი და თავდაცვითი ფუნქციით იყო განპირობებული. აფხაზთა კარმიდამო შემოზღუდული იყო მოწნული ან ძელის (მორის) ღობეებით, ზოგჯერ არხითაც კი. “ხუტორული” ტიპის დასახლებას ვრცელი ტერიტორია ეკავა. აქ ერთ კომპლექსში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და სამეურნეო ნაგებობებისა შედიოდა მთელი დასამუშავებელი მიწა, მცირე საძოვარი, ტყე და სასაფლაო.


საერთოდ, აფხაზთა დასახლების ფორმას ბევრი რამ აქვს საერთო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე ადიღეური ტომების დასახლების ფორმასთან. აფხაზებს ადიღეურ ტომებთან ერთი რამეც აახლოვებთ. ცნობილია, რომ მთელ კავკასიაში რაოდენ განვითარებული იყო ციხე-სიმაგრეების, კოშკების კულტურა. აფხაზებისათვის კოშკები უცნობი იყო. მხოლოდ მდ. კოდორის სამხრეთით, იქ სადაც ოდითგანვე ზანთა განსახლების არეალი იყო, შემორჩენილია კოშკთა ნარჩენები, ნანგრევები. ამას ტოპონიმიკაც მიუთითებს. აფხაზებისათვის საერთოდ უცნობი იყო სამშენებლო მასალად ქვის გამოყენება.


image(აფხაზური ტრადიციული კერძი - აბისტა)


მოწნული სახლები მოხერხებული იყო ადგილსაცხოვრისის შესაცვლელად. ისინი განაპირობებდნენ სწრაფ და მსუბუქ გადაადგილებას. საერთოდ, მეცნიერები აფხაზთა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მოსახლეობის დასახლების ტიპებს შორის გენეტიკურ მსგავსებას ხედავენ. თუმცა აშკარაა, დასავლურქართული ყოფითი კულტურის გავლენა, რაც რამდენიმე საუკუნის კულტურულ-ისტორიულმა ურთიერთობებმა და ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მსგავსებამაც განაპირობა.

შეიმჩნევა მთელი რიგი ტერმინოლოგიური ნასესხობები ქართველური ენებიდან. მაგალითად, მეგრული მეტყველებიდან აქვთ შეთვისებული მოწნული სახლის, ქოხის სახელწოდება “აფაცხა”. აფხაზებისათვის ტრადიციული საკვები იყო ღომის ფაფა, რომელსაც “აბასტას” უწოდებდნენ. ჩვეულებრივ მას ფეტვის ბურღულისაგან ხარშავდნენ; ის XIXს-ში სიმინდის ფქვილმა შეცვალა. წარსულში ღომს ცივად მიირთმევდნენ _ ის მაგიდაზე ნაჭრების სახით დაჭრილი მიჰქონდათ. ჟ. შარდენიც აღნიშნავდა, რომ აფხაზები (ჩერქეზები და შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები კავკასიელები) “მხოლოდ და მხოლოდ ფაფით იკვებებიან. ეს არის მათი პური, სხვა მათ არ გააჩნიათ”.


წარჩინებული აფხაზი მამაკაცის ტანსაცმელი იყო ჩოხა, რომელსაც შინნაქსოვი შალისაგან კერავდნენ. ქალებს ეცვათ გრძელი, წელში გამოჭრილი კაბა (ნაზა). ფეოდალური ურთიერთობები თავისი კლასიკური ფორმით მხოლოდ აფხაზეთის იმ ნაწილში იყო წარმოდგენილი, რომელიც, თავის დროზე, ოდიშის სამთავროში შედიოდა (აბჟუა, სამურზაყანო). დასავლეთ აფხაზეთში ანუ ისტორიულ აფხაზეთში და აგრეთვე მთიანეთში შემორჩენილი იყო თემურ-გვაროვნული კავშირები. გლეხებთან ერთად აფხაზებისათვის მონების ყოლაც არ იყო გამონაკლისი. აფხაზებს აზნაურის აღმნიშვნელი საკუთარი ტერმინი (“აამსთა”) ჰქონდათ, თავადს კი ქართული ტერმინით აღნიშნავდნენ (“ათაუად”), რაც მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იძლევა _ აფხაზთა ფეოდალური სისტემა ქართული იყო.

აფხაზეთის მთავრის ხელისუფლება მხოლოდ ბზიფზე, გუმაზე, მოგვიანებით აბჟუასა და სამურზაყანოზეც ვრცელდებოდა. რაც შეეხება მთის ე.წ. “თავისუფალ” საზოგადოებებს (წებელდა, დალი, ფსხუ, ახჩიფსი, საძენი), ისინი ფაქტობრივად დამოუკიდებელნი იყვნენ. XIX ს-ის შუა ხანებამდე შემორჩენილი იყო მონობა. ანსხვავებდნენ მონების ორ კატეგორიას: დაბადებით მონებს და “აგრუას”. ამ კატეგორიის მონები თარეშების შემდეგ მოყვანილი ტყვე მეგრელები და მათი შთამომავალნი იყვნენ.


აფხაზეთის მთავრის (აჰ) ხელისუფლება სასოფლო თემებით და სახალხო კრებებით იყო შეზღუდული. აფხაზების საზოგადოებრივი წყობის საფუძველს სასოფლო თემი (“აქითა”) წარმოდგენდა. “აქითა” ფაქტობრივად ადმინისტრაციული ერთეული იყო, რომლის სათავეში რომელიმე სათავადო სახლი იდგა. აფხაზებს შორის ურთიერთობები ძირითადად ჩვეულებითი სამართლით რეგულირდებოდა. იცოდნენ სისხლის აღება. გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში ფეოდალური ურთიერთობები პრიმიტიული ხასიათის იყო. გლეხს შეეძლო სადაც უნდა იქ დასახლებულიყო.

კავკასიის სხვა ხალხთა მსგავსად, აფხაზთა შორისაც სტუმართმოყვარეობა ტრადიციებს შორის უმაღლეს ადგილს იკავებდა. უცხო სტუმარს არასდროს არ ეკითხებოდნენ ვინ იყო, საიდან მოდიოდა. იცოდნენ ურთიერთდახმარება. გვიანდელ პერიოდამდე არსებობდა ძლიერი საგვარეულო კავშირებიც, რომელთაც საერთო წინაპარი ჰყავდათ. აფხაზური თემი გვიანდელ გვაროვნულ თემს წააგავდა. გვარი სერთო წინაპრისაგან მომდინარეობდა და მას საფუძვლად ძირითადად ეპონიმი ედო.

აფხაზებისათვის დამახასიათებელი იყო მკაცრი ეგზოგამია. ყველა მეტნაკლებად დიდი გვარი განშტოებებად იყოფოდა. გვარის დანაყოფებს “აბიფარას” უწოდებდნენ და ეს პატრონიმიული ერთეულები ახლომონათესავე ოჯახებისაგან შედგებოდა. აფხაზური გვარსახელები ჩვეულებრივ –ფა (-ბა) სუფიქსით იწარმოება, რაც “შვილს” აღნიშნავს. რაც შეეხება –ია და –ა-ზე დაბოლოვებულ გვარების მატარებლებს, მათი უმეტესობა ქართული წარმოშობისაა, ანდა იშვიათად ასეთი გვარები ქართველებთან ეთნოკულტურული ურთიერთობის შედეგად, ქართველთა წაბაძვით აქვთ გაფორმებული. გვხვდება უსუფიქსო აფხაზური გვარსახელებიც (ბარციცი, ამპარი, სმირი, კიუტი...). არის რამდენიმე გვარსახელი, რომლებსაც საფუძვლად ეთნონიმი უდევთ (აშაა-ყაბარდოელი, ზუხბა-ზიხის შვილი, ასვანუა, შანუა (სვანები), აგრბა_მეგრელის შვილი, ჭანბა_ჭანის შვილი...). აფხაზთა შორის, საკუთრივ აფხაზურ სახელებს გარდა, გავრცელებული იყო ქართველური საკუთარი სახელებიც: მაცი, მახარია, კვაჯი, ხუტა, ჯოღორია, ქვარა, ხუჭუ, ლომკაც, კოჩა, გუძა, გიორგობე, კაცი.


XIXს-ში აფხაზები ძირითადად პატარა ოჯახებად ცხოვრობდნენ. მაგრამ არც თუ ცოტა იყო დიდი ოჯახიც. საქორწინო აკრძალვა ძირითადად ორი მოტივით ხდებოდა. ეს იყო ნათესაობა და წოდებრივი მიკუთვნებულობა. ერთი წინაპრის შთამომავალნი, ანუ ერთი გვარის წევრები ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. ამავე დროს, აკრძალული იყო ქორწინება ორ სხვადასხვა გვარს შორის, რომლებსაც ჰქონდათ გადმოცემა საერთო წარმომავლობის შესახებ. ეგზოგამიური აკრძალვა ვრცელდებოდა აგრეთვე დედის, ბებიის გვარზეც. სისხლის ამღვრევი მკაცრად ისჯებოდა (თემიდან განდევნა, გვარის ტარების უფლების ჩამორთმევა). საქმროს გვარს აუცილებლად გამოსასყიდი უნდა გადაეხადა საცოლის გვარისათვის. გამოსასყიდს ძირითადად საქონლით იხდიდნენ.

ერთადერთი ქალიშვილის ყოლის შემთხვევაში იცოდნენ ზესიძეობაც, რაც ხალხში არაპოპულარული იყო. ასეთ შემთხვევაში ქონება ქალიშვილს და მის ოჯახს გადაეცემოდა. სხვა შემთხვევაში ქონების პატრონები სახლიკაცები, მოგვარეები ხდებოდნენ. ძველაფხაზური საოჯახო ყოფისათვის დამახასიათებელი იყო ათალიკობა ანუ გაძიძავება. აფხაზ ფეოდალებს შორის თითქმის არავინ იყო ისეთი, რომლებსაც დედის ძუძუ ჰქონდათ ნაწოვი და რომლებიც საკუთარ სახლში ყოფილიყვნენ გაზრდილნი.

ისტორიული წყაროების თანახმად, ისევე როგორც აბაზებში, აფხაზებშიც გავრცელებული ყოფილა ხეზე დაკრძალვის წეს-ჩვეულება. ცნობილია, რომ ძველი აფხაზები ქრისტიანები იყვნენ. მაგრამ XVს-ში ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ახალი ტალღების შემოსვლის გამო, ქრისტიანობამ თავისი პოზიციები დათმო და მოხდა ძველი წარმართული სარწმუნოების გააქტიურება, რომელიც დღესაც ცოცხალი და მოქმედია მოსახლეობაში. ჟ. შარდენი აფხაზების შესახებ აღნიშნავდა, რომ მათ “წარმოდგენა არა აქვთ სარწმუნოების არსზე, მის წესებზე და არ ემორჩილებიან არავითარ კანონს”.


image(ფსირცხას სამონასტრო კომპლექსი)


თურქთა ბატონობის ხანაში (XVIს-დან) გავრცელდა სუნიტური ისლამი. აფხაზთა წინაქრისტიანული და წინაისლამური რწმენა-წარმოდგენები მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებენ, როგორც ქართველთა, ისე ჩრდილოეთ კავკასიელთა ანალოგიურ რწმენა-წარმოდგენებთან. ამასთანავე, თანამედროვე აფხაზთა რწმენა-წარმოდგენათა ამსახველ გადმოცემებში ასახულია მოსული ჩრდილოელების მიერ ადგილობრივი სალოცავების ყმადქცევის პროცესი, რითაც ხდებოდა მათი რელიგიური და სოციალური ადაპტაცია.

არსებობს ისეთი გადმოცემებიც, რომლებიც მიუთითებენ სალოცავების დაარსებას ჩრდილოეთიდან მოსული წინაპრების სახელობაზე, რაც ასახავს უკანასკნელ საუკუნეებში ჩრდილოეთკავკასიელთა მასობრივად ჩამოსახლების პროცესს. მაგალითად შეიძლება ინალკუბას საფლავი (ინალის საფლავი ფსხუში) დავასახელოთ.

ახლად დაარსებული აფხაზური სალოცავები ხშირად ქრისტიანული ეკლესიების ადგილებში ან ნაეკლესიარებში იმართებოდა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, აფხაზების მთავარი ღვთაებები არიან ტყის, ნადირისა და ნადირობის მფარველები _ აიერგი და აჟვიფშა. განსაკუთრებით ძლიერი და მკაცრია ელვისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება აფი. პოპულარულია მჭედლობის მფარველი და სამჭედლოს პატრონი შაშვი.


ღვთაებათა სახელზე გამართულ სათემო და საგვარეულო დღესასწაულებზე სწირავდნენ მსხვერპლს, ძირითადად თხას. აფხაზურ ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნართების ეპოსს. ეს ელემენტი შემოჭრილია მათ მატარებელ ეთნოსებთან ერთად შედარებით ახალ დროში. ფაქტია, რომ ნართული ეპოსი ჩრდილოეთკავკასიელი სხვადასხვა ენობრივ-ეთნიკური ჯგუფების მახასიათებელია. აფხაზურ ვერსიაში ნართები ცხოვრობენ ქვის საცხოვრებლებსა და ციხე-სახლებში, კოშკებში, რაც არც ადიღეველებისა და არც აფხაზების ტრადიციული ყოფისათვის დამახასიათებელი არ ყოფილა.

აფხაზურ ეპოსში არც ქრისტიანული დანაშრევები ჩანს. აქედან ფაქტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ძველ აფხაზებს ნართული ეპოსი საერთოდ არ ჰქონდათ და რომ ეს ეპოსი მათ ჩრდილოეთ კავკასიიდან მიგრაციის შედეგად მოიტანეს. აფხაზეთი შუა საუკუნეებში ხომ ქრისტიანული ქვეყანა იყო. გამორიცხულია ქრისტიანული რწმენის ხალხს ეპოსში ქრისტიანული ელემენტები არ შეეტანა.

ნართები მეომრები და მესაქონლეები იყვნენ და არა მიწათმოქმედნი. ნართების ეპოსში აღწერილი გეოგრაფიული გარემო აფხაზეთის გეოგრაფიულ გარემოსა და ადგილმდებარეობას, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს არ მიესადაგება, რაც იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ დღევანდელი აფხაზების წინაპრების ეთნიკური ერთობის ჩამოყალიბების ტერიტორია აფხაზეთში არ იყო.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
256
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0