x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თალიშები
image


თალიშები სამხრეთ კავკასიის და აზერბაიჯანის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ძირძველი ეთნოსია. თალიშები აზერბაიჯანის მოსაზღვრე ირანშიც ცხოვრობენ. ბოლო შეფასებითი მონაცემებით, ირანში თალიშების რაოდენობას 100 ათას კაცს ანგარიშობენ. რაც შეეხება აზერბაიჯანში თალიშების ეთნოდემოგრაფიულ მონაცემებს, აქ დიდი გაურკვევლობაა. საბჭოთა პერიოდში, 1959, 1970, 1979 წლების მოსახლეობის აღწერებში თალიშები, როგორც დამოუკიდებელი ეთნიკური ერთეული, საერთოდ არ აღრიცხეს. ისინი აზერბაიჯანელებს მიაკუთვნეს.

1989 წელს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თალიშების რაოდენობა 21, 2 ათასი იყო, 1999 წელს კი 67, 8 ათასი. 10 წელიწადში ასეთი მატება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 1989 წელსაც მათი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანელებად ჩაწერა. სხვადასხვა ინტერნეტ-საიტების მიხედვით, დღეს აზერბაიჯანში თალიშების რეალური რაოდენობა 200 ათასი კაციდან 250 ათას კაცამდე მერყეობს. ინტერნეტსაიტებზე ისიც არის აღნიშნული, რომ XIXს-სა და განსაკუთრებით XXს-ში მოხდა ეთნიკური თალიშების მნიშვნელოვანი ნაწილის იდენტობის შეცვლა. ისინი რეალურად როგორც ენით, ისე კულტურით აზერბაიჯანელებად იქცნენ.

1886 წლის საოჯახო სიებით, ბაქოს გუბერნიის ლენქორანის მაზრაში თალიშების რაოდენობა 40.510 კაცი (6.612 ოჯახი) იყო, რაც აღნიშნულ მაზრაში მთელი მოსახლეობის 46, 2%-ს შეადგენდა. მთლიანად ბაქოს გუბერნიაში აღნიშნულ დროს თალიშების პროცენტული რაოდენობა 7-ზე მეტი იყო. 1859-1864 წლების მონაცემებით, ლენქორანის მაზრაში 34.444 თალიში იყო აღრიცხული, 1880 წელს _ 39.186. 1897 წლის პირველმა საყოველთაო საიმპერიო აღწერამ მხოლოდ 34.991 თალიში დააფიქსირა. 1921 წელს მათი რაოდენობა 66.206 იყო, 1926 წელს _ 77, 3 ათასი, 1939 წელს _ 97, 5 ათასი.


თალიშების თვითსახელწოდებაა თოლიშ. თალიშები ინდოევროპულ ენათა ოჯახის დასავლურ-ირანული ჯგუფის თალიშურ ენაზე ლაპარაკობენ. დამწერლობა ლათინური გრაფიკით 1928 წელს შეიქმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში თალიშურ ენაზე გამოიცემოდა 19 ბეჭდვითი გამოცემა. 1930-იანი წლების ბოლოს თალიშურ ენაზე ყველა გამოცემა შეწყდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში თალიშურ ენაზე წიგნებისა და გაზეთების გამოცემა განახლდა. სოფლებში, სადაც ეთნიკური თალიშები ცხოვრობენ, შემოიღეს თალიშური ენის სწავლება. ყველა თალიში ორენოვანია. ისინი თალიშურ ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენასაც თანაბრად ფლობენ.

თურქული ტომების შემოჭრამდე (XI-XIIსს.) თალიშები თავიანთი ეთნიკური ტერიტორიის სრული ბატონ-პატრონები იყვნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ თალიშების განსახლების არეალი ჯერ ძველი სახელმწიფოს _ მიდიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სპარსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVIს-ის დასაწყისიდან თალიშების მხარე სეფევიდების სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი იყო. თალიში ფეოდალები ყოველთვის შაჰების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. თალიშის პროვინციას შაჰის მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ლენქორანი ცენტრისაგან საკმაოდ დაშორებული იყო, შემდგომში შაჰის ხელისუფლებამ ლენქორანი გილიანის ოლქს შეუერთა (გილიანელები ეთნიკურად და ენობრივად თალიშებთან ძალიან ახლოს არიან).

სამეცნიერო ლიტერატურაში ისიც არის აღნიშნული, რომ XVIIს-ის ბოლოდან ჩამოყალიბდა თალიშის სახანო. 1747 წელს ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ, თალიშის სახანომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სახანოს ტერიტორია დღევანდელი აზერბაიჯანის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა. სახანოს დედაქალაქი იყო ლენქორანი. იმდროინდელი ლენქორანი კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. ამ დროისათვის თალიშის სახანოში ექვსი რაიონი შედიოდა: ლენქორანის, ასტარის, ზუვანდის (ახლანდელი ლერიკი), სებიჩანის (ახლანდელი პრიშიბი), ვერკადუზის (ახლანდელი იარდიმლის რაიონი) და ბილასუვარის. XVIIIს-ის შუა ხანებში ლენქორანში გარა ხანმა ხანის სასახლე, მეჩეთი, საქალაქო აბანო, ბაზრობა, ქარვასლა ააშენა.

1795 წელს ლენქორანში აღა-მახმად ხანი შემოიჭრა. ამავე დროიდან დაიწყო თალიშის სახანოს დაახლოება რუსეთთან. 1802 წლის დეკემბერში თალიშის სახანო რუსეთის უმაღლესი მფარველობის ქვეშ გადავიდა. 1809 წელს ლენქორანში ირანის შაჰის არმია შეიჭრა. მოსახლეობამ ქალაქი დატოვა და კუნძულ სარის შეაფარა თავი. 1814 წელს ქალაქში რუსეთის არმია შეიჭრა. 1813 წლის 12 სექტემბერს რუსეთსა და ირანს შორის დაიდო გულისტანის საზავო შეთანხმება. ამ ხელშეკრულებით საფუძველი ჩაეყარა სპარსეთის აზერბაიჯანის პროვნიციის ორ ნაწილად გაყოფას და თალიშის მიწა ორ დამპყრობელს შორის იქნა განაწილებული. თალიშის სახანო სხვა სახანოებთან ერთად რუსეთმა შეიერთა. ჰასან ხანის გარდაცვალების შემდეგ, 1826 წელს თალიშის სახანო ლიკვიდირებულ იქნა.

მეცნიერებაში არის მოსაზრება, რომ თალიშები ირანულენოვანი კადუსების შთამომავალნი არიან. ამავე დროს, იმასაც აღნიშნავენ, რომ თალიშების ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ კავკასიურენოვანი ტომებიც. თალიშების გეოგრაფიული მდგომარეობა კი ყველა მეცნიერს აფიქრებინებს, რომ ისინი ძველი მიდიიდან წარმომავლობენ.

პირველად ამის შესახებ მოსაზრება ვ. ლეგკობიტოვმა (1836წ.) გამოთქვა. მანვე აღწერა თალიშების მატერიალური კულტურა (განსაკუთრებით, საცხოვრებელი სახლები). აღნიშნა, რომ თალიშების საჭმელი მრავალი კერძისაგან შედგება, რომელთა შორის საყვარელ საჭმელად ფლავი ითვლება, რომ მათ ძალიან უყვართ ტკბილეულობა. თალიშების ეთნოგრაფიულ ყოფას შემდეგ პ. რისი შეეხო. ის აღნიშნავდა, რომ მოხუცთა გადმოცემით, ძველად თალიშურ ენაზე ლენქორანის ჩრდილოეთითაც ლაპარაკობდნენ. მის დროს კი თალიშური ენა 142 სოფელში იყო გაბატონებული.


image

თალიშების ტანსაცმელი პ. რისის განსაზღვრით, თითქმის არაფრით განსხვავდებოდა მეზობელ აზერბაიჯანელთა ტანსაცმლისაგან. ეს ავტორი იმასაც წერს, რომ თალიშები პურს არ აცხობენ. როგორც კეთილსინდისიერი მუსლიმები, სასმელებიდან ისინი მხოლოდ წყალს სვამენ. ჭამენ დღეში სამჯერ იატაკზე. თითოეული მათგანი იატაკზე დადებული სინიდან ხელით იღებდა საჭმელს.

პ. რისი თალიშებს ახასიათებდა როგორც სტუმართმოყვარე, უანგარო, არამეომარ ხალხს. XIXს-ის მეორე ნახევარში თალიშების შესახებ გამოკვლევის ავტორი დ. კისტენოვი წერდა, რომ თალიშები ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ერთგვაროვანი ხალხი არ არის. საკუთრივ თალიშებს გარდა, ის მათ რამდენიმე ეთნოგრაფიულ ჯგუფს ასახელებდა (პორნაიმები, ალარები, ორატლინები, ზუვანდები). მისი დაკვირვებით, თალიშების ოჯახი პატრიარქალური ტიპის იყო. თალიშების მეურნეობის ძირითადი დარგი მიწათმოქმედება იყო. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეფუტკრეობას და მეთევზეობას. გამოყვანილი ჰქონდათ ბრინჯის ორმოცდაათადე სახეობა. აქედან გამომდინარე, საკვებში პირველი ადგილი ბრინჯის კერძებს ეკავა.

სახვნელ მიწათმოქმედებას (პურეული კულტურების მოყვანას) წამყვანი ადგილი მხოლოდ მთასა და მთისწინეთში ეკავა. ბახჩეული და ბოსტნეული კულტურები დაბლობში მოყავდათ. თალიშთა ქვეყანაში 26 ჯიშის ნესვი და ათი ჯიშის საზამთრო იყო გავრცელებული. ბრინჯის მაღალი მოსავლის მისაღებად, თალიშები მიწას ექვსჯერ ამუშავებდნენ, თანაც ექვსივე შემთხვევაში სხვადასხვა, შესაბამისი იარაღით. მოსახლეობის სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მეაბრეშუმეობას, მევენახეობას. მეცნიერებს თალიშების სამეურნეო ყოფის შესწავლამ შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა XIXს-სა და XXს-ის დასაწყისში თალიშები მაღალი სამიწათმოქმედო კულტურის მატარებელნი იყვნენ არა მხოლოდ თავიანთი განსახლების არეალში, არამედ მთელ აზერბაიჯანში. სამიწათმოქმედო მეურნეობაში თალიშები გამოიყენებდნენ თვითმყოფად და ტრადიციულ ხელის იარაღსა და სახვნელებს.


თალიშებს დაბლობში საცხოვრებელ სახლებს გარდა აშენებული ჰქონდათ დროებითი საზაფხულო საცხოვრებლები _ “ლემ”. ლემებს ეზოებში აგებდნენ და გათვალისწინებული იყო სინესტისა და კოღოებისაგან თავდასაცავად. ზაფხულის სიცხეების დროს, ოჯახის ყველა წევრი სახლს ტოვებდა და ლემში სახლდებოდა, რადგან ის უფრო ზევით იდგა, ვიდრე სახლი. ლემებს ჩვეულებრივ ორსართულიანებს აშენებდნენ კედლების გარეშე. ცხოვრობდნენ მხოლოდ მეორე სართულზე. თალიშებს ავეჯი არ ჰქონდათ.

თალიშებს ჰქონდათ მდიდარი და თავისებური კვების კულტურა. თალიშების ძირითადი საჭმელი იყო მოხარშული ბრინჯი, რომელსაც “ფლო”-ს უწოდებდნენ. თალიშებს ფლავის 20- მდე სახეობა ჰქონდათ, რომლებიც შესაკაზმავი საშუალებებით განსხვავდებოდნენ. იცოდნენ ფლავი მოხარშული ხორცით, ქათმით, იხვით, ქიშმიშით, გოგრით, ოსპით, რძით და ა.შ. ძალიან უყვარდათ ფქვილისაგან გამომცხვარი ტკბილეულობა. ყოველდღე მიირთმევდნენ რძის პროდუქტებს, სხვადასხვაგვარ მწვანილეულს. არ სვამდნენ სპირტიან სასმელებს. რადგანაც თალიშებში ძალიან განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მათი კვების რაციონში დიდი ადგილი თაფლს ეკავა.

თალიშებს შექმნილი ჰქონდათ მრავალფეროვანი შინამრეწველობა. შეიძლება დავასახელოთ: ხის დამუშავება, ქარგვა, ქსოვა, ლითონის დამუშავება, მეთუნეობა, ჭილოფების დამზადება. ჭილოფებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ. კალათებს და გოდრებს კი კაცები წნავდნენ.

თალიშთა ოჯახი მონოგამიური იყო. ქორწინება ძირითადად ენდოგამიური იყო, თუმცა მას ხშირად არღვევდნენ. ხშირი იყო კუზენური ქორწინებები. ცხოვრობდნენ როგორც დიდ, ისე პატარა ოჯახებად. ოჯახის უფროსი მამაკაცი იყო, მისი სიტყვა კანონი იყო ოჯახის ყველა წევრისათვის. აჩენდნენ ბევრ ბავშვს. მეორე ცოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეირთავდნენ, თუ პირველი ცოლისაგან ბავშვები არ უჩნდებოდათ. ამ შემთხვევაში პირველი ცოლი ქმარს მეორე ცოლის შერთვის ნებას აძლევდა. ქორწილი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და მასში არა მხოლოდ ნათესავები, არამედ ყველა თანასოფლელი ღებულობდა მონაწილეობას. ქორწილში ტრადიციულ სიმღერებს ქალები ასრულებდნენ.

მართალია, თალიშებში ფეოდალური ურთიერთობა მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა, მაგრამ მათ შორის ჯერ კიდევ XIXს-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო სისხლის აღების წეს-ჩვეულება. შემორჩენილი იყო მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენებიც: მაგიური ქმედებები, “წმინდა ადგილების” _ ქვების, ხეების, საფლავების თაყვანისცემა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0