x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აზერბაიჯანელები
image

აზერბაიჯანელი ხალხი კავკასიის ხალხებს შორის შედარებით ახალგაზრდაა. აზერბაიჯანელები კავკასიის გარდა ირანშიც მკვიდრობენ. ამდენად, მიღებულია აზერბაიჯანელების ორ ნაწილად დაყოფა _ სამხრეთ აზერბაიჯანელები, რომლებიც ირანის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობენ და ჩრდილო აზერბაიჯანელები, რომელთა განსახლების არეალი სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილია.

კავკასიაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა სახელმწიფოებრიობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვეს. თუ არ ჩავთვლით 1918-1920 წლების პერიოდს, იქამდე აზერბაიჯანს სახელმწიფოებრიობა არასოდეს არ ჰქონია, მითუმეტეს, სამხრეთ და ჩრდილოეთ აზერბაიჯანელებს ერთად.

XIXსის დასაწყისში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის რუსეთის მიერ დაპყრობის პერიოდში, აზერბაიჯანის თურქულენოვანი მოსახლეობა სხვადასხვა პატარ-პატარა ფეოდალურ ერთეულებში (სახანოებში) იყო გაერთიანებული. ეს სახანოები იყო: შექის, ყარაბაღის, ყუბის, შირვანის, ბაქოს, ნახიჭევანის, განჯის, თალიშის. ასევე რამდენიმე სახანო არსებობდა ირანის (სამხრეთ) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე _ თავრიზის, არდებილის. არსებობდა უფრო პატარა ფეოდალური ერთეულებიც: ყაზახის, შამშადილის, ელისუს სასულთანოები. ეს უკანასკნელი დაღესტნელთა აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე მიგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა. იგივე შეიძლება ითქვას ელისუს სასულთნოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჭარბელაქნის საზოგადოებაზეც.


დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ფეოდალური ერთეულები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რუსეთ-ირანის 1828 წლის თურქმენჩაის საზავო მოლაპარაკების შემდეგ შევიდა. ამ დროისათვის თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი თათრების (როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ) რაოდენობა დაახლოებით 600 ათასი კაცი იყო.

ეთნონიმი აზერბაიჯანელი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საერთოდ არ არსებობდა. სხვადასხვა თურქულენოვან ტომებს საერთო ეთნიკური თვითშეგნება არ ჰქონიათ, რადგან ამ ტერიტორიაზე თურქულენოვანი ხალხების განსახლების შემდეგ მათ საერთო სახელმწიფო არასდროს შეუქმნიათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აზერბაიჯანად მხოლოდ დღევანდელი სამხრეთ აზერბაიჯანი ანუ ირანის აზერბაიჯანი იწოდებოდა. რუსეთის ცარიზმის ყოფილი ბაქოსა და ელიზავეტიპოლის გუბერნიებს და ზაქათალას ოკრუგს, რომლებიც ძირითადად თურქულენოვანი ხალხით იყო დასახლებული, აზერბაიჯანი უწოდეს. მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იყო _ მომავალში ირანის აზერბაიჯანის გაწითლება და მისი საბჭოთა აზერბაიჯანთან შეერთება.

ხალხს, რომელსაც აზერბაიჯანელი უწოდეს, ის როგორც ენდოეთნონიმის, ისე ეგზოეთნონიმის სახით უცნობი იყო. სხვადასხვა თურქულენოვანი ხალხები თავიანთი ტომობრივი სახელწოდებებით იწოდებოდნენ. თურქულენოვანი პოეტები და მწერლები ცდილობდნენ კრებითი თვითსახელწოდების შექმნას. ყარაბახის ხანის კარის პოეტი ვაგიფი მათ მომთაბარე ტომთა “ელის” სახელით მოიხსენიებდა. მირზა ფათალი ახუნდოვი დღევანდელ აზერბაიჯანელებს “კავკასიელებს”, “მუსლიმებს”, “თათრებს” უწოდებდა. არამუსლიმი ავტორები XIXს-ში ხშირად სარგებლობდნენ ტერმინებით: “ყარაფაფხები”, “ყიზილბაშები”, “ყაჯარები”, “თარაქამები”, “თურქები”, “თათრები” და სხვ., რომელთაგანაც თითოეულს განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა ჰქონდა.


თანამედროვე აზერბაიჯანელებს დაღესტნის ხალხები “ყიზილბაშებს” უწოდებდნენ, ე.ი. სეფევიდთა არმიის მეომართა სახელს, ანდა უწოდებდნენ “ყაჯარებს”, ე.ი. ირანის უკანასკნელის წინა მმართველის სახელს, რომელსაც ჰქონდა მცდელობა სამხრეთ კავკასიის დამორჩილებისა. იგივე დაღესტნელები ფართოდ იყენებდნენ სატომო სახელწოდებებს, ისეთებს, როგორებიცაა, “მუღალოელები” და “ფადარები”.

XXს-ის 20-იან წლებში აზერბაიჯანელებში თვითსახელწოდების არარსებობა განპირობებული იყო საზოგადოებრივი განვითარების დონით. ასე, მაგალითად, ნახევრადმომთაბარეებს, რომლებშიც შემორჩენილი იყო პატრიარქალური ურთიერთობის გადმონაშთები, იმ გვარისა და ტომის სახელით მოიხსენიებდნენ, რომელსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ. აქედან მომდინარეობს ისეთი სახელწოდებანი, როგორებიცაა ავშარები, თეკელები, ყენღერლები, აირუმები და ა.შ. მობინადრე სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა კი ტერიტორიული პრინციპით იხსენიებოდა (მაგალითად, შირვანელები, ყარაბაღელები, შექელები, ყუბელები, ბაქოელები). სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ტერმინი “აზერბაიჯანელები”, რომელიც ნაწარმოებია ახალგამომცხვარი ტოპონიმ _ პოლიტონიმიდან “აზერბაიჯანი”.


image(აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 1918 წლის ნოემბრამდე)


აზერბაიჯანელთა ანუ აზერბაიჯანის თათრების (თურქების) ეთნიკური ჩამოყალიბება მდ. მტკვრისა და მდ. არაქსის ქვემო დინებებსა და მათ შენაკად ხეობებში მოხდა. დღეს აზერბაიჯანელთა ენდოეთნონიმი (თვითსახელწოდება) არის აზერბაიჯანლილარ.

1988 წელს დასტამბულ მსოფლიო ხალხების ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ცნობარში (მოსკოვი) აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა 13, 77 მილიონია აღნიშნული. ამ დროს საბჭოთა კავშირში აზერბაიჯანელების რაოდენობას 6, 8 მილიონს ანგარიშობდნენ. თვით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 1989 წლის აღწერით 5, 8 მილიონი აზერბაიჯანელი მკვიდრობდა, რაც აზერბაიჯანის სსრ-ის მთელი მოსახლეობის 82, 6%-ს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირის პირველი აღწერით (1926წ.) აზერბაიჯანში ტიტულოვანი ეთნოსის პროცენტული რაოდენობა 62, 1% იყო (ერთი მილიონ 438 ათასი). მართალია, 1939 წლისათვის აზერბაიჯანელებმა მოიმატეს, ისინი 1 მილ. 900 ათასს მიუახლოვდნენ (სხვათაშორის ზოგიერთი პატარა ეთნოსის ასიმილიაციისა და ხელოვნურად აზერბაიჯანელებად ჩაწერის ხარჯზე), მაგრამ მათმა პროცენტულმა რაოდენობამ იკლო და 58, 4%-მდე დავიდა, რაც რუსეთიდან მოსახლეობის მიგრაციის ხარჯზე მოხდა. რუსების რაოდენობამ 2, 4-ჯერ მოიმატა (1926წ. _ 220, 6 ათასი, 1939წ. _ 528, 3 ათასი). შედარებისათვის, 1886 წლის საოჯახო სიებით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ელისავეტიპოლის გუბერნიაში სულ 407 949 თათარი მკვიდრობდა, რაც გუბერნიის მთელი მოსახლეობის 55, 96%-ს შეადგენდა.

ბაქოს გუბერნიაში თათრების რაოდენობა 377.521 კაცი იყო. ეს კი გუბერნიის მოსახლეობის 52, 97% იყო. ამრიგად, 1886 წელს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 785 470 თათარი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 54, 5% იყო. ერთი საუკუნის მანძილზე აზერბაიჯანელმა თათრებმა (თურქებმა) ქვეყნის ტერიტორიაზე 28, 1%-ით მოიმატეს, რაც იყო შედეგი საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა ეთნოსების (თათების, თალიშების, ქართველების, შაჰდაღის მოდგმის ლეზგიური ხალხების, ლეზგების და სხვ.) ასიმილაციისა და ხელოვნურად აზერბაიჯანული ეთნოსისადმი მიწერისა.

სხვათაშორის, აზერბაიჯანულ სამეცნიერო ლიტერატურაში 1873 წლისათვის აზერბაიჯანელების რაოდენობა თბილისის გუბერნიაში 64 ათასი აქვთ ნაჩვენები. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, ხელოვნურადაა გაზრდილი, რადგან მათი წარმოდგენით, თურმე თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის მოსახლეობის 51% აზერბაიჯანელი იყო.

აზერბაიჯანელ მეცნიერთა თავხედობას საზღვარი არა აქვს. მათ მაჰმადიანი ქართველები, რომელთაგანაც ბევრს ქართული გვარები კარგად ახსოვდა და რომლის გარკვეულმა ნაწილმა ქართულიც იცოდა, აზერბაიჯანელებად გამოაცხადეს. სინამდვილეში, 1886 წელს ახალციხის მაზრაში თათრებად ჩაწერილი ქართველი მაჰმადიანების პროცენტული რაოდენობა 27, 4% იყო (16.114 სული). აი, ერევნის მაზრაში 1886 წელს თათრების რაოდენობა კი მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო და ის თითქმის 53%-ს შეადგენდა. თურმე რუსეთის მიერ ახალციხის მხარის დაპყრობას აქედან და ლორედან ათასობით აზერბაიჯანელის გასახლება მოჰყოლია.

აზერბაიჯანელი მეცნიერების “მტკიცებით”, თურმე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ დააკარგვინა “აზერბაიჯანის ისტორიულეთნოგრაფიული ოლქი ბორჩალო”. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელი ისტორიკოსის ა. ალეკპეროვის მიხედვით, თურმე აზერბაიჯანის ტერიტორიის დასახლება ყივჩაღებით ბორჩალო-ყაზახის რაიონში XIIს-ს-ში მოხდა. სინამდვილეში ბორჩალო ქვემო ქართლის ერთერთი ისტორიული მხარე იყო, რომელმაც ეს სახელწოდება მიიღო XVIIს-ის დასაწყისში დებედას ხეობაში თურქმანული ტომის ბორჩალუს ჩამოსახლების შემდეგ. სხვათაშორის, ბორჩალოელი თურქულენოვანი მოსახლეობა ყოველთვის საქართველოს მოქალაქეებად გაიაზრებდა თავს და აქტიურ მონაწილეობასაც იღებდა საქართველოში შემოჭრილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. საილუსტრაციოდ, აღა-მაჰმად ხანთან გამართული 1795 წლის კრწანისის ბრძოლაც შეიძლება დავასახელოთ.

აზერბაიჯანელ მეცნიერებს ასევე აზერბაიჯანის ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი ჰგონიათ დღევანდელი საინგილო ანუ აღმოსავლეთ კახეთი, რომელიც ქართველებმა შაჰ-აბას I-ის შემოჭრის შემდეგ დაკარგეს და რის შედეგადაც აქ დაღესტნური ტომების (ხუნძების, წახურების) მიგრაცია და დასახლკარება მოხდა. ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს ინგილოებს კი (როგორც მაჰმადიანებს, ასევე ქრისტიანებს) არაქართველებად აცხადებენ. მხოლოდ ქრისტიანებს წერენ აღწერების დროს ქართველებად, მაჰმადიანი ინგილოების კი ძალად ასიმილაციას ახდენენ და მათი ნების მიუხედავად, ყველა აღწერაში აზერბაიჯანელებად წერენ.

ამ თვალსაზრისით, უფრო ჰუმანური პოზიცია რუსეთის იმპერიას ჰქონდა, როდესაც ქართველ მაჰმადიანებს, ინგილოებს აღწერებში “ნაროდნოსტის” გრაფაში _ ინგილოებს უწერდა. 1886 წელს ზაქათალას ოკრუგში (საინგილოში) სულ 3 703 ქართველი (ე.ი. ქრისტიანი ინგილო) იყო აღრიცხული, ხოლო იგივე საოჯახო სიები მაჰმადიანი ქართველების, ანუ ინგილოების რაოდენობას 8 737 კაცს აჩვენებს, რაც საერთო ჯამში მთელი ზაქათალას მოსახლეობის 16, 7%-ს შეადგენდა. მხარის ძირითადი მოსახლეობა კი ხუნძები იყვნენ (54%). რაც შეეხება თათრების რაოდენობას ისინი 1886 წლისათვის ზაქათალას ოკრუგში 28, 3% იყვნენ.

წიგნის _ «Азербайджанцы» (1998) » ავტორები ძალიან შორს მიდიან და აცხადებენ, რომ თურმე საქართველოში აზერბაიჯანელები მთელი 70 წლის მანძილზე, საბჭოთა პერიოდში, მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ, თურმე ქართველები მათ თავიანთი ისტორიული ტერიტორიიდან ერეკებოდნენ, თურმე საქართველოს უმაღლეს და საშუალო განათლების სისტემაში აზერბაიჯანული ენა არ ფუნქციონირებდა. ტყუილს საზღვარი არა აქვს. ეს არის მხოლოდ მცდელობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის დაპირისპირებისა.

აზერბაიჯანელებით განსახლებულ ტერიტორიებზე საქართველოში მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე იყო სწავლა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ ინსტიტუტში აზერბაიჯანული განყოფილება არსებობდა. პირიქით კი იყო და არის: საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები არ სწავლობდნენ საქართველოს სახელმწიფო ენას _ ქართულ ენას.


image

დღეისათვის აზერბაიჯანელი მეცნიერები აზერბაიჯანში პირობითად ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონას გამოყოფენ: შირვანის, ანუ ცენტრალური; ყუბა-ხაჩმაზის; აფშერონის; ჩრდილო-დასავლეთის; ლენქორან-ასტარის; მტკვარ-არაქსის დაბლობის; ყარაბაღის; დასავლეთის; განჯა-დაშკესანის; ნახიჭევანის. ცენტრალური ანუ შირვანის ზონა დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ-დასავლეთ განტოტებებსა და შირვანის ველს მოიცავს. აქ ფართოდ იყო განვითარებული მიწათმოქმედება, მებაღეობა, განსაკუთრებით მევენახეობა და მეაბრეშუმეობა, აგრეთვე მესაქონლეობა. ცენტრალურ (შირვანის) ზონაში იყო ქალაქი შემახა. ამ ზონაში მდებარეობდა ხელოსნობით და განსაკუთრებით სპილენძის ჭურჭლის დამზადებით ცნობილი თათების სოფელი ლაგიჩი.

ყუბა-ხაჩმაზის ზონა ცნობილი იყო ეთნიკური სიჭრელით. აქ გარდა აზერბაიჯანელებისა მკვიდრობენ ლეზგები, თათები, მთიელი ებრაელები, შაჰდაღის ჯგუფის ხალხები (კრიწები, ბუდუხები, ხინალუღები). ამ მხარეში განვითარებული იყო მესაქონლეობა (არსებობდა როგორც საზამთრო, ისე საზაფხულო საძოვრები), მებაღეობა. მოყავდათ ისეთი ტექნიკური კულტურა, როგორიცაა ენდრო. აფშერონის ზონა აფშერონის ნახევარკუნძულს მოიცავს. აქ სარწყავი მიწათმოქმედება, მებაღეობა იყო დაწინაურებული.


ჩრდილო-დასავლეთ ზონაში აზერბაიჯანის ექვსი ადმინისტრაციული რაიონი შეჰყავთ, რომელთაგანაც სამი (ზაქათალა, კახი, ბელაქანი) ისტორიულ აღმოსავლეთ კახეთს ანუ საინგილოს მიეკუთვნება. ამ ზონაში დღეს უკვე მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, თუმცა აქ ხუნძები, წახურები, ქართველები (ინგილოები) და უდიებიც ცხოვრობენ. ლენქორან-ასტარის ზონა თალიშებით იყო დასახლებული. აქ თალიშის სახანოც არსებობდა. მისდევდნენ ბრინჯის მოყვანას, მეთევზეობას. საბჭოთა პერიოდში ამ ზონაში დაიწყეს სუბტროპიკული კულტურების მოყვანა. მტკვარ-არაქსის დაბლობის ზონა ყველაზე დიდია და 19 რაიონს მოიცავს. ეს ზონა აზერბაიჯანის მებამბეობის ცენტრია. XIXს-ში აქ ფართოდ იყო განვითარებული მესაქონლეობა.

ყარაბაღის ზონას ორ ნაწილად _ მთიან და დაბლობის ყარაბაღად ყოფენ. ყარაბაღი განთქმული იყო მეხალიჩეობით. ყარაბაღი დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანელებს შორის სადავო ტერიტორიაა და ის სომხებს აქვთ ოკუპირებული. დასავლეთის ზონაში ოთხ რაიონს (ყაზახის, აღსტაფის, ტოვუზის, შამქორის) აერთიანებენ. ამ ზონაში ქართული დარბაზული ტიპის, საფეხურებრივ-პირამიდული გადახურვის საცხოვრებელი ნაგებობები იყო გავრცელებული. განჯა-დაშკესანის ზონაში შვიდი რაიონი შეყავთ. აქ განვითარებულია მარცვლეულის, ბამბის, ყურძნის, ხილის მოყვანა. მისდევენ მეაბრუშუმეობას. მეცხოველეობიდან უპირატესობა აქვს მოპოვებული მეცხვარეობას.

ნახჭევანის ზონა აზერბაიჯანიდან ტერიტორიულად სომხეთის სახელმწიფოს მიწა-წყლითაა გამოყოფილი. ნახჭევანს სომხები სომხეთის ისტორიულ ტერიტორიად თვლიან. დღეს ნახჭევანში ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ისტორიულად აქ სომხებიც მკვიდრობდნენ. 1886 წელს ნახჭევანის მაზრაში 33018 სომეხი მკვიდრობდა. აზერბაიჯანელების რაოდენობა კი ამ დროს 47 ათას 845 კაცი იყო. შესაბამისად, პროცენტული რაოდენობით სომხები 42, 2 იყვნენ, აზერბაიჯანელები _ 57%. ნახჭევანში განვითარებულია მებაღეობა, მებამბეობა და მევენახეობა; მისდევენ მეცხოველეობასაც. სამეცნიერო ლიტერატურაში აზერბაიჯანელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფებსაც ასახელებენ: აირუმები, აფშარები, ბაიათები, ყარადაღელები, ყარაფაფახები, ფადარები, შახსევანები და სხვ. აზერბაიჯანელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის სამხრეთულ რასას მიეკუთვნებიან.


აზერბაიჯანული ენა ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის სამხრეთდასავლურ (ოღუზურ) ქვეჯგუფში შედის. ის დიდად არ განსხვავდება თურქული ენისაგან. გამოყოფენ ოთხ დიალექტს _ აღმოსავლურს, დასავლურს, ჩრდილოურს და სამხრეთულს. დამწერლობა საბჭოთა პერიოდში რუსული გრაფიკის საფუძველზე ჰქონდათ შექმნილი, სახელმწიფოებრიობის გამოცხადების შემდეგ ის ლათინური ანბანით შეცვალეს. უფრო ადრე არაბულ გრაფიკს იყენებდნენ.

აზერბაიჯანელები ძირითადად მუსლიმი შიიტები არიან, თუმცა სუნიტებიც ბევრი გვხვდებიან. აზერბაიჯანელთა ეთნიკური კუტლურის დახასიათებამდე მოკლედ მათ ისტორიასა და ეთნიკურ ისტორიასაც უნდა შევეხოთ.


image

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები ირანის (სამხრეთ) აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ისტორიას ერთიან კონტექსტში განიხილავენ. ასეთი ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ისტორია ამ ერთი ენთოსის წარმოამდგენლებს ფაქტობრივად არ ჰქონიათ, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ირანის (სამხრეთ) აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ფეოდალური ერთეულები (სახანოები) სპარსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ.

ტერმინი “აზერბაიჯანი” ისტორიულად მხოლოდ სამხრეთ აზერბაიჯანის კუთვნილება იყო. ის მდ. არაქსის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას მოიცავდა და მომდინარეობს ირანის პროვინციის სახელიდან ატროპატენა. ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მანის სამეფო არსებობდა. ძვ.წ. VII-VIსს-ის მიჯნაზე მანის სამეფო მიდიამ შეიერთა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მიდიელთა მიერ მანის სამეფოს შეერთებამ მხარის ეთნოენობრივი იერი შეცვალა, ის მიდიზირებული იქნა. მიდიელთა ენა კი ირანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. შემდეგ ეს ტერიტორია ატროპატენად იწოდა, რადგან მისი პირველი მმართველის სახელი ატროპატა იყო.

სამხრეთ აზერბაიჯანის დღევანდელი ტერიტორია ძვ.წ. 550 წლამდე მიდიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, გვიან კი, ძვ.წ. IVს-ის 30-იან წლებამდე _ აქემენიდთა სპარსულ სახელმწიფოში. ახ.წ. IIIს-ის დასაწყისამდე ატროპატენა პართიის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო.

თანამედროვე აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ძვ.წ. IIIს-ში ალბანეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ალბანეთში მცხოვრები ხალხები ადგილობრივი კავკასიური მოდგმისანი იყვნენ და მათი უშუალო შთამომავლები მხოლოდ უდიები არიან. უდიელებს ამის შესახებ ისტორიული მახსოვრობა XVIIIს-ში ჰქონდათ შემორჩენილი. ისინი პეტრე I-ს წერდნენ: “ჩვენ ალბანელები ვართ, ეროვნებით უტიელები”. უტიელებს (უდიელებს) გარდა, ალბანეთში კიდევ სამი ძირითადი მათი მონათესავე ტომი მკვიდრობდა: გარდმანელები, წავდეელები და გარგარელები. 226 წელს ირანის ხელისუფლებაში სასანიდები მივიდნენ და მალე მათ ატროპატენა თავიანთი სახელმწიფოს ნაწილად აქციეს. ალბანეთმა კი გარკვეული დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.


VIIს-ის პირველ ნახევარში როგორც ირანის პროვინცია _ ატროპატენა, ისე ალბანეთი არბებმა დაიპყრეს. ამ ტერიტორიაზე არაბებმა ისლამის გავრცელება დაიწყეს. IXს-ის შუა ხანების შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფეოდალური ერთეულები ჩამოყალიბდა, რაც არაბთა სახალიფოს დაცემამ განაპირობა.

XIს-ის შუა ხანებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქულენოვანი ოღუზების ერთი შტო _ სელჩუკები შემოიჭრნენ. მათ დაიმორჩილეს აქ არსებული ფეოდალური ერთეულები, რომელთა შორისაც გამორჩეული ადგილი შირვანშაჰების სამფლობელოს ეჭირა. ამ დროიდან იწყება აზერბაიჯანული ეთნოსის ჩამოყალიბება, რომელმაც საბოლოო სახე მხოლოდ XIXს-ში მიიღო.

XIVს-ის ბოლოს აზერბაიჯანის ტერიტორიამ თოხთამიშისა და თემურ-ლენგის შემოსევები განიცადა. XVIს-ის დასაწყისიდან მთელი აზერბაიჯანი სეფევიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1722 წელს რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტმა დერბენტი აიღო, მაგრამ ბაქოს ადვილად აღება ვერ შეძლო. 1723 წელს რუსებმა ბაქო დაიპყრეს. სტამბულის 1724 წლის საზავო მოლაპარაკებით, კასპიის დასავლეთი სანაპირო რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა. მაგრამ რუსებს ამ ტერიტორიის დატოვება მალე მოუხდათ. ირანის ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 14 სახანო, 5 სასულთნო და 5 სამელიქო ჩამოყალიბდა. სასულთნოები და სამელიქოები ამა თუ იმ სახანოს დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ.

1828 წლის თურქმენჩაის საზავო მოლაპარაკებით, აზერბაიჯანის დღევანდელი ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ამით აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა (თუმცა ერთიანი აზერბაიჯანის სახელმწიფო არასდროს არსებობდა) და რომ რუსეთის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი სომეხთა ემიგრაცია იყო.

ხაზს უსვამენ, რომ XIXს-ის უკანასკნელი მეოთხედის ბოლოს ყარაბახში აზერბაიჯანელები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ. 1918-1920 წლებში აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ მალე მისი ანექსია რუსეთის წითელმა არმიამ ხელახლა მოახდინა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამრიგად, აზერბაიჯანული ეთნოსის ჩამოყალიბება, ყოფილი ალბანეთის ტერიტორიაზე, XI-XIII სს-ში ოღუზური ტომების შემოჭრისა და მიგრაციის შემდეგ დაიწყო, რომლის ფორმირება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის XIXს-ში დასრულდა.


დღევანდელი აზერბაიჯანელები თურქულენოვანი ხალხია, მაგრამ მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ასიმილირებული ირანულენოვანი და კავკასიური მოდგმის ხალხები შედიან. სამხრეთ აზერბაიჯანულ ეთნოსში ძირითადად ირანული წარმომავლობის ხალხი შევიდა, ჩრდილოეთ აზერბაიჯანელებში კი როგორც ირანული, ისე კავკასიელი ალბანელები. ამიტომაა, რომ დღეს აზერბაიჯანელები კავკასიის ალბანელთა უშუალო მემკვიდრეებად აცხადებენ თავს. თუმცა აზერბაიჯანელი ისტორიკოსები აძველებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქულენოვანი ხალხების მიგრაციასა და დასახლებას.

III-VIIსს-ში ცალკეული თურქულენოვანი ტომების შემოჭრას (ჰუნები, სავირები და სხვ.) და თუნდაც მათი მცირე რაოდენობით დასახლებას, რომლებიც სინამდვილეში მალევე ასიმილირდებოდნენ, თურქული აზერბაიჯანელი ხალხის ეთნოგენეზის დასაწყისს უკავშირებენ. ეს პროცესი მათ ჰუნების დაწყებულ საქმედ მიაჩნიათ. აღნიშნავენ იმას, რომ VIს-ის შუა ხანებში მდ. იტილიდან (ვოლგა) მოსული თურქულენოვანი სავირები მდ. მტკვრის აუზში დღევანდელ აღსტაფასა და შამქორს შორის ტერიტორიაზე დასახლდნენ, და რომ ირანის შაჰმა ხოსროვ I-მა 553 წელს ტყვედ ჩავარდნილი ხაზარების ნაწილს ალბანეთში მიუჩინა ადგილი. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო და იმდროინდელ ალბანურ ეთნოსს ისინი რაიმე საფრთხეს ვერ უქმნიდნენ. პირიქით, მათ ასიმილაციას ალბანელები ახდენდნენ.

ამრიგად, აზერბაიჯანელი მეცნიერების მტკიცებით VII-VIIIსს-ის მიჯნაზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (უფრო სწორი იქნებოდა ეთქვათ _ ალბანეთის ტერიტორიაზე) სამი ეთნოსი მკვიდრობდა: ალბანურ-კავკასიური, თურქული და ირანული, რომლებიც თანდათან ერთ აზერბაიჯანულ ეთნოსად ჩამოყალიბდნენ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენული ენა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამარჯვებული მხოლოდ XI-XIIIსს-ში გამოვიდა, რომელიც აქ მიგრირებულმა თურქ-სელჯუკებმა მოიტანეს.

აზერბაიჯანული ფეოდალური ერთეულების ჩამოყალიბების დრო XII-XIVსს-ით განისაზღვრება. აზერბაიჯანი სარწყავი მიწათმოქმედების ქვეყანა იყო. აქ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ხორბალი, ქერი, ბრინჯი, ტექნიკური კულტურებიდან _ ბამბა. XXს-ის დასაწყისში ბამბის ნათესები, ისევე როგორც შუა აზიაში, ძალიან გაიზარდა. ბამბის კულტურამ ნაწილობრივ გამოდევნა მარცვლეული კულტურები. ეკონომიკის აღმავლობის გამო XIXს-ში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძალიან მოამრავლეს თუთის ხეები, რომლის ფოთოლსაც აბრეშუმის ჭიის საკვებად იყენებდნენ, აგრეთვე თამბაქო და საღვინე ჯიშის ვაზი.

აზერბაიჯანის მიწათმოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა აგრეთვე მებაღეობა, მებოსტნეობა და ბაღჩეული კულტურების მოყვანა. აზერბაიჯანის ტერიტორიის მოსახლეობას უძველესი დროიდან მორწყვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდა. იცოდნენ მდინარეებისა და ხევების დაგუბება, გაყვანილი ჰქონდათ არხები, გაკეთებული ჰქონდათ ჭები. რელიეფის, ნიადაგის ტენიანობიდან გამომდინარე მიწას ძირითადად ორი ტიპის სახვნელით ამუშავებდნენ: მსუბუქი სახვნელით (“ხიშ”) და ხის მძიმე გუთნით (“კარა კოტან”). ხნავდნენ ხარებით. მინდვრის სამუშაოებს კაცები ასრულებდნენ. ქალები მხოლოდ ლეწვაში ღებულობდნენ მონაწილეობას. ლეწავდნენ ქართულის მსგავსი კევრით.

XIXს-ის შუა ხანებამდე აზერბაიჯანის დაბლობის სტეპების და ნახევრადსტეპების რაიონები ძირითადად მომათაბარე მესაქონლეობის ზონებს წარმოადგენდა. XIXს-ის მეორე ნახევრიდან სამომთაბარეო ზონა შემცირდა, რადგან დაიწყო მომთაბარეთა მიწაზე დამკვიდრების პროცესი. თუმცა საქონელი მთელი წლის განმავლობაში საძოვ საკვებზე ჰყავდათ: ზამთარში _ დაბლობში, ზაფხულში კი _ მაღალმთიან ალპიურ საძოვრებზე. აზერბაიჯანის საზამთრო საძოვრებს ძველი დროიდან მეზობელი მთის ხალხებიც იყენებდნენ.

ასეთი ცნობა აქვს დაცული ალბანელ ისტორიკოსს მოვსეს კალნკატუაცს. აზერბაიჯანელებიც ძველთაგანვე იყენებდნენ მეზობელ კავკასიელ მთიელთა საზაფხულო საძოვრებს. მესაქონლეობიდან უპირატესად მეცხვარეობა იყო განვითარებული, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში თხის მოშენებას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ბინადარი მიწათმოქმედების რაიონებში _ მსხვილფეხარქოსან საქონელს. ძროხებთან ერთად მათ დიდი რაოდენობით ყავდათ კამეჩები, აგრეთვე ზებუ.

სტეპებში მომთაბარეებს მოშენებული ჰყავდათ აქლემები, რომლებითაც რკინიგზის გაყვანამდე ყველანაირი შორს გადასატანი ტვირთი გადაჰქონდათ. ადგილებზე ტვირთის გადასატანად სახედარს გამოიყენებდნენ. როგორც სტეპებში, ისე მთებში ყველგან დაწინაურებული იყო მეცხენეობა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული, განსაკუთრებით ყარაბაღული, სადოღე ცხენები მთელ კავკასიაში იყო სახელგანთქმული.


image

აზერბაიჯანში განვითარებული ფეოდალური ურთიერთობები არსებობდა. გლეხები (“რაიათები”) ხანებისა და ბეგების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. XIXს-ის მეორე ნახევარში აზერბაიჯანულ სოფელში კლასობრივი, გლეხების ფენებად დაშლის პროცესი დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული გაღატაკებული გლეხობა ბაქოს ნავთობის სარეწებს მიაწყდა.

იაფფასიანი რუსული ქსოვილისა, საგნებისა და ჭურჭლის შემოსვლამ XIXს-ის რეფორმის შემდგომ პერიოდში ტრადიციული შინამრეწველობისა და ხელოსნობის შეკვეცა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, შინამრეწველობის ზოგიერთმა დარგმა, რომლებიც მაღალი მხატვრული ღირებულებით და ეთნიკური სპეციფიკით გამოირჩეოდა, წარმატებით გაუძლო კონკურენციას და არსებობა განაგრძო. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ აბრეშუმისა და მაუდის ქსოვილები, თექა და ხალიჩები, ეროვნული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოჭიქული კერამიკა, სპილენძის ჭურჭლი, საიუველირო საქმე, ხეზე და ქვაზე კვეთა და სხვ.


ქალაქებსა და დიდ სოფლებში ხელოსანთა საამქრო გაერთიანებები არსებობდა. შინამრეწველობის ჩამოთვლილი დარგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მეხალიჩეობა. აზერბაიჯანელთა ყოფაში ხალიჩებს ძველთაგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სახლში ხალიჩებზე ისხდნენ და ეძინათ. ხალიჩისაგან გაკეთებულ სკივრებში ინახავდნენ ტანსაცმელს. ხალიჩისაგან შეკერილ ტომრებში _ მარცვლეულს, ხალიჩის ჩულებს აფარებდნენ აქლემებსა და ცხენებს, ხალიჩებს აკრავდნენ უნაგირებს და ა.შ.


image

აზერბაიჯანელებში სხვადასხვა სახის ხალიჩები იყო გავრცელებული: ხაოიანი და უხაო, ცალმხრივი და ორმხრივი. ხალიჩებს ვერტიკალურ დაზგებზე ქსოვდნენ. ხალიჩები ფერთა ნათელი გამით და სპეციფიკური ორნამენტული მოტივების შეხამებით გამოირჩეოდნენ. ორნამენტში ხშირად იყენებდნენ სტილიზებული ნუშის ნაყოფს და მცენარეთა გეომეტრიზირებულ გამოსახულებებს, იშვიათად _ ცხოველებსა და ფრინველებს. მეხალიჩეობა მთელს აზერბაიჯანში იყო გავრცელებული და, ჩვეულებრივ, ამ საქმიანობით თითქმის ყველა ოჯახის ქალი იყო დაკავებული. აზერბაიჯანელთა მატერიალური კულტურა, განსაკუთრებით ხალხური საცხოვრებელი ნაგებობანი და ტანსაცმელი, მრავალი ლოკალური ვარიანტით გამოირჩეოდა, რაც აზერბაიჯანის ცალკეული ეთნოგრაფიული მხარეების ბუნებრივ-კლიმატური პირობებითა და მოსახლეობის ხანგრძლივი პოლიტიკური გათიშულობით იყო გამოწვეული.

XIXს-ის ბოლოსა და XXს-ის დასაწყისში აზერბაიჯანში ინტენსიურად დაიწყო არქიტექტურის ევროპული ფორმებისა და ტანსაცმლის შეღწევა. სოფლებისა და ძველი ქალაქური დასახლებების იერში ბევრი იყო შუა აზიის ყიშლაღებისათვის დამახასიათებელი ნიშანი. სოფლები ვიწრო ქუჩებით განკვეთილი უბნებისაგან შედგებოდა, რომლებიც, თავის მხრივ, კარმიდამოთა ერთობლიობას წარმოადგენდნენ. კარმიდამო კი გარე სამყაროსაგან სახლების ყრუ კედლებისა და ქვის გალავნებით იყო მოწყვეტილი.

სოფლების ერთსახოვნებას მხოლოდ არც თუ ისე დიდი უბნების მეჩეთთა მინარეთები არღვევდა. სამშენებლო მასალად იყენებდნენ თიხასა და ძირითადად რიყის ქვას. ცდილობდნენ სახლის კარმიდამოს სიღრმეში აშენებას. კარმიდამოს ცოცხალ ღობედ თუთის ხეები აკრავდა. ასეთი დასახლების ტიპი ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მიწათმოქმედებისათვის იყო დამახასიათებელი. სტეპების გვალვიან რაიონებში სახლები ძირითადად ერთსართულიანი და ბანური გადახურვის ჰქონდათ. ისინი, ჩვეულებრივ, ერთი ან ორი საცხოვრებელი ოთახისაგან შედგებოდა და სახლს მიშენებული ჰქონდა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

მთიან რაიონებში უფრო ორსართულიანი სახლები იყო გავრცელებული, რომელთა ქვედა სართულში სამეურნეო სათავსოები იყო, ზედა კი საცხოვრებელს წარმოადგენდა. აქვე კარმიდამოში, სახლის წინა მხარეს აგებდნენ ხის ერთსართულიან ან ორსართულიან გალერეებს. საჭმელს ჩვეულებრივ, გალერეის პირველ სართულზე აკეთებდნენ. აქვე აცხობდნენ პურს. დასავლეთის ზოგიერთ რაიონში ბანური სახურავის ნაცვლად, ორფერ-დიან ან ოთხფერდიან სახურავიან სახლებს აგებდნენ. ასეთი სახლები გადახურული ჰქონდათ ყავრით ან კრამიტით. სახურავებს ხშირად აბრეშუმის ჭიის გამოსაყვანად, ჩირის გასაკეთებლად და შესანახად იყენებდნენ. დგამჭურჭელს, ტანსაცმელს, ლოგინს თახჩებში ინახავდნენ. საცხოვრებელ სახლებში ხშირად იცოდნენ ცალკე სასტუმრო ოთახის გამოყოფა. აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებში გავრცელებული იყო ქართული დარბაზული ერდოიანგვირგვინიანი ტიპის საცხოვრებელი სახლი.

მომთაბარეებში შემორჩენილი იყო გადასატანი საცხოვრებელი _ “ალა-ჩიყი”. მის საფუძველს წარმოადგენდა გრეხილი ხარიხები, რომლებსაც აყუდებდნენ ცენტრალურ ბოძს. მას გარედან თექას ახურებდნენ, ძირზე კი გადაჭიმული ჰქონდათ ლელქაშის ჭილოფი.


აზერბაიჯანელთა საკვებში ერთმანეთთან შეხამებული იყო მცენარეული და ცხოველური, ადგილობრივი და საერთო კავკასიური და შუააზიური ტრადიციები. აზერბაიჯანელთა შორის პურის რამდენიმე სახეობა იყო გავრცელებული. პურს ცეცხლზე შემომდგარ რკინის ტაფებზე ანდა ქართული თორნის მსგავს “თენდირებში” აცხობდნენ.

ხორცეული კერძებიდან ყველაზე უფრო ცხვრის ხორცისაგან გაკეთებულ კერძებს აფასებდნენ. გავრცელებული იყო ფაფები. საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რძის პროდუქტებს. საკვებად გამოიყენებდნენ ცხვრის, თხის, ძროხის, კამეჩის რძეს.

აზერბაიჯანელთა საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას ახასიათებდა ძლიერი პატრიარქალური ტრადიციები, რომლებიც ჩვეულებრივი სამართლისა და მუსლიმური სამართლის ნორმების ერთობლიობას ეფუძნებოდა. ოჯახის ცხოვრება მთლიანად დამოკიდებული იყო ოჯახის უფროსი მამაკაცის ნება-სურვილზე. სოფლის ცხოვრებას კი უხუცესების _ “აღსაყალების” უბრალო ნება ანდა გადაწყვეტილება განსაზღვრავდა. ქალი საოჯახო და სათემო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა. სახლშიც კი მამაკაცებთან და უფროს ქალებთან ურთიერთობის დროს, ქალს სახე აუცილებლად მოსახვევით (“იაშმაგი”) უნდა დაეფარა. ურვადის მაღალი გადასახადის გამო, მრავალცოლიანობა ფართოდ გავრცელებული არ იყო.


image

ქორწინების გაბატონებული ფორმა იყო მონოგამია. ქორწინებისას ცდილობდნენ ნათესაური ანდა ტერიტორიული (საუბნო) ენდოგამიის დაცვას. უპირატესობას ანიჭებდნენ ბიძაშვილებსა და დეიდაშვილებს შორის ქორწინებას. ქორწინების მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარეობდა ისეთი არქაული ფორმის არსებობა, როგორებიცაა ლევირატი და სორორატი. ახალგაზრდების ბედს მხოლოდ უფროსები წყვეტდნენ. მომავალი მეუღლეები მხოლოდ მორჩილი სტატისტების როლში გამოდიოდნენ.

დანიშვნის შემდეგ საქმროს და მის ნათესავებს (მამაკაცებს) კატეგორიულად ეკრძალებოდათ საპატარძლოს ნახვა. ქორწილის ორი დღის განმავლობაში ნეფე-პატარძალი ცერემონიალში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. ამ დროის განმავლობაში ისინი რომელიმე ნათესავის სახლში იმყოფებოდნენ. პატარძლის საქმროს სახლში გადაყვანა რიტუალური ხასიათის იყო და მას თან ახლდა მაგიური ქმედებები. პატარძალს მიაცილებდნენ მისი ნათესავების ცხენოსანი რაზმი, მუსიკოსები. გზაში მრავალ წინაღობას უწყობდნენ და ამ ბარიერს მხოლოდ სახუმარო ჭიდილისა და გამოსყიდვის შემდეგ აღწევდნენ თავს. სადედამთილო მას აყრიდა მარცვლეულს, მონეტებს, ტკბილეულს.

ახალ სახლში შესვლისთანავე, პატარძალი აუცილებლად რკინის საგანზე უნდა დამდგარიყო, რადგან მათი წარმოდგენით, რკინა ყოველგვარი სიავისაგან იფარავდა. ნეფის სახლში გადმოყვანის შემდეგ, პატარძალს ყოველი მხრიდან ფარდებით დაფარულ ოთახში მალავდნენ. ნეფე მასთან ფარულად შედიოდა და ასევე დილაუთენია ფარულად ტოვებდა. მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, შეეძლოთ ახალგაზრდებს სოფლის უხუცესებსა და ნათესავებს ჩვენებოდნენ, მაგრამ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, პირველი შვილის დაბადებამდე, საბურველი უნდა ეტარებინა და ქმრის მამაკაც ნათესავებს მორიდებოდა.


ისლამი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე VIII ს-დან გავრცელდა, რომელმაც ალბანელთა სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა განდევნა. აზერბაიჯანელები ისლამის ორი განშტოების _ სუნიზმისა და შიიზმის მიმდევრები არიან (1886 წელს ელისავეტპოლის გუბერნიაში მთელი მოსახლეობის 61, 5 პროცენტი მუსლიმი იყო, რომელთაგანაც სუნიტი 25, 2% გახლდათ, შიიტი _ 36, 3%. ბაქოს გუბერნიის მთელი მოსახლეობის 84, 6% მაჰმადიანი იყო. მოსახლეობის 39, 5% სუნიზმს აღიარებდა, 45, 1% _ შიიზმს. ასე რომ, აზერბაიჯანში XIXს-ის ბოლო პერიოდის მონაცემებით, შიიტები ბევრად ჭარბობდნენ სუნიტებს).

საუკუნეთა განმავლობაში ისლამის ამა თუ იმ შტოს მიმდევრებს ერთმანეთს შორის ხშირი და გააფთრებული ბრძოლები ჰქონდათ, რომელთა უკანაც წინა აზიის ორი დიდი სახელმწიფოს _ შიიტური ირანისა და სუნიტური თურქეთის ინტერესები იდგა. შიიტური ისლამის ყველაზე დიდ დღესასწაულად “შახსეივახსეი” ითვლება. ამასთანავე, შემორჩენილი იყო ბევრი ძველი წარმართული რწმენაწარმოდგენაც. განსაკუთრებული ადგილი ეკავა ცეცხლის კულტს, რაც ზოროასტრიზმის გადმონაშ-თადაა მიჩნეული.

ცნობილია, რომ დღევანდელი აზერბაიჯანის ძველ მოსახლეობაში _ ალბანელებში ცეცხლთაყვანისმცემლობა ფართოდ იყო გავრცელებული. შემონახული იყო მზისა და მთვარის კულტთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, საფლავების, ქვების, ხეების, წყაროების თაყვანისცემა. ბიჭების წინდაცვეთა 4-5 წლის ასაკში იცოდნენ. ბავშვს წინდაცვეთის წინ ხელისა და ფეხის ფრჩხილებს ინით უღებავდნენ; უმზადებდნენ სპეციალურ ტახტსაწოლს და წითელ გადასახვევს. ამ საქმით მგზავრი დალაქი ლეზგები იყვნენ დაკავებულნი.

აზერბაიჯანული ოჯახებისათვის მრავალშვილიანობა იყო და არის დამახასიათებელი. ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხებისათვის, აზერბაიჯანელებისათვისაც სტუმარი საპატივცემულო ადამიანი იყო. მათ სტუმრისადმი მიმართვის მკაცრად დადგენილი ეტიკეტი ჰქონდათ შემუშავებული. ტრადიციული იყო მოხუცების (“აღსაყალების”) პატივისცემა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

1
744
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
744
  
2022, 3 მარტი, 17:37
№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

№1 ქართული სოციალური ქსელი. FRE,GE ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1