x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ხინალუღები
image


აზერბაიჯანში, შაჰდაღის მთებში დაღესტნური მოდგმის სამი მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობს. ესენი არიან ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები. ამ ხალხების, ანუ როგორც მათ უწოდებენ “შაჰდაღური ჯგუფის” ხალხების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა ერთობ მცირეა.

ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები აზერბაიჯანის მთიანეთის ძირძველი მოსახლეობაა. ისინი კავკასიის ალბანეთის მოსახლეობის ერთ-ერთი მემკვიდრეები არიან. ხინალუღები შაჰდაღის მთიანეთის მხოლოდ ერთ სოფელში _ ხინალიღში მკვიდრობენ. აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდებაც, თუმცა ხინალუღების ენდოეთნონიმი არის “კატიდდური”, რაც მათსავე ენაზე “თანასოფლელებს” ნიშნავს.

ადმინისტრაციულად სოფ. ხინალუღი ყუბის რაიონში შედის. საკუთარ სოფელს ისინი ამ ტოპონიმით არ მოიხსენიებენ, მას “კეტშ”-ს უწოდებენ. ყველა წყარო ხინალუღების სხვადასხვა რაიოდენობას უთითებს. ინტერნეტის ერთი საიტის მონაცემი ხინალუღების რაოდენობას 2 ათასს უჩვენებს, მეორე _ დაახლ. 6 ათასს. როგორც ჩანს, ამ რაოდენობაში აზერბაიჯანის ბარში განსახლებული ხინალუღები იგულისხმებიან, რომლებიც თავიანთი ეთნონიმით არასდროს არ აღურიცხავთ. აზერბაიჯანელებად აღრიცხავდნენ თვით სოფ. ხინალუღში მცხოვრებთაც.


ნ. ვოლკოვას მონაცემებით, 1976 წელს სასოფლო საბჭოს დავთრებით ხინალუღში 2, 5 ათასი კაცი ცხოვრობდა. 1886 წლის საოჯახო სიების მონაცემებით, ხინალუღში 2177 სული (359 კომლი) მკვიდრობდა. 1910 წლის “კავკაზსკი კალენდრის” მიხედვით, 1907 წელს სოფელ ხინალუღში 1917 ხინა-ლუღელი იყო აღრიცხული. 1926 წლის აღწერაში მხოლოდ 100 ხინალუღელია დაფიქსირებული.

ხინალუღურ ენას მეცნიერთა ნაწილი ნახურ-დაღესტნური ენების ცალკე შტოდ მიიჩნევს. ყველა ხინალუღელი თავისუფლად ლაპარაკობს აზერბაიჯანულ ენაზე. იციან რუსული ენაც. ხინალუღურ ენას დიალექტები არა აქვს, მისი ანბანი 77 ბგერას შეიცავს (59 თანხმოვანი და 18 ხმოვანი). უკანასკნელ წლებში ხინალუღურ ენას სკოლაშიც ასწავლიან. დღეს ხინალუღური ენა თურქიზმებითაა გაჯერებული. მართალია, ხინალუღები ალბანეთის ძველი მოსახლეობის შთამომავლები არიან, მაგრამ წერილობით წყაროებში ისინი ფაქტობრივად არ იხსენიებიან, მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში იხსენიებს მათ ი.გ. გრებერი. შაჰდაღის მთებში მცხოვრები ხინალუღების (კრიწების და ბუდუხებისაც) გადარჩენის და ჩვენამდე მოღწევის ძირითადი მიზეზი გეოგრაფიული ფაქტორი და ქორწინების ენდოგამიური ფორმაა.

მეზობელი კრიწების, ბუდუხებისა და ლეზგებისაგან ხინალუღები მაღალი მთების ჯაჭვით გამოიყოფიან. ხინალუღების სასოფლო თემი XIXს-მდე შემახიის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა. XIXს-ის მეორე ნახევარსა და XXს-ის მანძილზე ხინალუღიდან მუდმივად მიმდინარეობდა მოსახლეობის მიგრაცია. ხინალუღელები დაბლობში გადასახლდებოდნენ. ინტენსიური იყო მათი მიგრაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

1960-იან წლებში ხინალუღელებს შესთავაზეს ყუბის რაიონის ბარში გადასახლება. მაგრამ მათ ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს. ხინალუღელები შემახიის სახანოში შედიოდნენ, მაგრამ ხანს ისინი გადასახადს არ უხდიდნენ. ი.გ. გერბერის აღნიშვნით, ხინალუღებს და შაჰდაღის სხვა ხალხებს აზერბაიჯანის დაბლობში, თათების სოფელ რუსტოვის მახლობლად მიწები ჰქონდათ, სადაც “ზამთარში თავის საქონელს მიერეკებიან”. ასე რომ, შაჰდაღის მთებში მცხოვრები ხალხების აზერბაიჯანის ბართან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ტრადიციული იყო.

ეს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები მხოლოდ ცხვრის საზამთრო საძოვრებზე ძოვებით არ შემოიფარგლებოდა. ინტენსიური იყო სავაჭრო ურთიერთობებიც. ხინალუღები პურს ძირითადად ბარში ყიდულობდნენ, მეცხოველეობის პროდუქტებს კი აქვე ყიდდნენ. მიუშკიურის დაბლობში ხინალუღებს ყიშლაღები ჰქონდათ. ცხვრის ფარებს, მეცხვარეებთან ერთად, ხინალუღთა ნაწილიც თან მისდევდა. აქ ისინი შემოდგომიდან ივნისის დასაწყისამდე რჩებოდნენ.

1921 წლის მონაცემებით, ხინალუღელთა 367 ოჯახს 11 778 ცხვარი და 13 ათასი მსხვილ-ფეხარქოსანი საქონელი ჰყავდა. ჰყავდათ აგრეთვე თხები, ცხენები, სახედრები. მეფუტკრეობა არ იყო განვითარებული.

image


ხინალუღში მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა. თესავდნენ ქერს, სვილს. მთის კალთებზე ტერასები ჰქონდათ მოწყობილი. 1930-იანი წლებიდან ხინალუღებმა კარტოფილისა და კომბოსტოს მოყვანა დაიწყეს; განვითარებული ჰქონდათ შინამრეწველობა; ამზადებდნენ მატყლის ქსოვილებს, მაღალყელიან წინდებს, თექას; თხის ბეწვისაგან თოკებს გრეხდნენ.

ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგაზე ჰინალუღები მატყლის ქსოვილს (შალს) ქსოვდნენ, რისგანაც სახვევებს (ტოლაღებს) ამზადებდნენ. ასეთ დაზგაზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქალები ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვდნენ. ქალები ფერად-ფერად წინდებსაც ქსოვდნენ. გარესამუშაოზე ხინალუღები იშვიათად დადიოდნენ.

XIX-XXსს-ის მიჯნაზე გახშირდა ამ სოფლიდან ბაქოს ნავთობის სარეწებზე გასვლა, რათა ურვადისათვის ფული შეეგროვებინათ. ამ მიზნით, მათ აქ მუშაობა 5-6 წელი უხდებოდათ. ხინალუღი ტიპიური მთის სოფელია. სოფელი მთის ფერდობზე საფეხურებრივად იყო შეფენილი. საცხოვრებელი სახლები ორსართულიანი ჰქონდათ. სწორ სახურავს მიწის სქელი ფენილი ჰქონდა. პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მეორე სართული საცხოვრებელი იყო. იატაკი თიხით ჰქონდათ მოგლესილი. მეორე სართულს რამდენიმე ოთახი ჰქონდა.


ხინალუღელთა ტრადიციული კოსტიუმი აზერბაიჯანულის მსგავსი იყო. მხოლოდ ქალების თავსაბურავი ჰქონდათ ორიგინალური. ის სხვადსხვა ზომისა და ფერის ხუთი თავშლისაგან შედგებოდა, რომელთა შორის აუცილებლად თეთრი და წითელი ფერის მოსახვევიც უნდა ყოფილიყო. ხინალუღელების საკვები ძირითადად რძის პროდუქტებისაგან შედგებოდა: ძროხისა და ცხვრის ყველი, რძე, მაწონი. პურს ხორბლისა და ქერის ფქვილის ნარევისაგან აცხობდნენ. საკვებად გამოიყენებდნენ ველურ მცენარეებს.

მათი ტრადიციული საკვები იყო შერბეთი (წყალში გახსნილი თაფლი). სადღესასწაულო კერძი იყო მოხარშული ხორცი და ბრინჯისა და ლობიოს ფლავი. XVIII საუკუნესა და XIXს-ის დასაწყისში ხინალუღი დამოუკიდებელ სასოფლო თემს (ჯამაათს) წარმოადგენდა, რომელიც კრიწელთა სოფლებთან და ერთ აზერბაიჯანულ სოფელთან ერთად ერთ მაგალს შეადგენდა. XIXს-სა და XXს-ის დასაწყისში თემის მმართველი ძირითადი ორგანო იყო ყრილობა, რომელშიც ყველა ოჯახის უფროსი მამაკაცი შედიოდა. ყრილობაზე ირჩევდნენ მამასახლისს (ქეთხუდი, იუზბაში) და მის ორ მოადგილეს (ვექილი), აგრეთვე მოსამართლეს. ხინალუღელები თავისუფალი მეთემები იყვნენ, რომლებიც XIXს-ში სახაზინო გლეხებს მიაკუთვნეს.

ხინალუღელთა ხანებისადმი დამოკიდებულება მხოლოდ დროდადრო მოლაშქრე მეომართა გაგზავნით შემოიფარგლებოდა. მიწაზე არავითარი ფეოდალური საკუთრება არ ყოფილა. საძოვრები თუ სათემო საკუთრებაში იყო, სახვნელი და სათიბი მიწები ცალკეულ კომლთა საკუთრებას წარმოადგენდა. ჯამაათის მიერ საზაფხულო საძოვრები სოფელში არსებული უბნების მიხედვით იყო დაყოფილი. ბარში საზამთრო საძოვრების არენდირებას კი რამდენიმე კომლი ერთად ახდენდა. ხინალუღებში ერთმანეთთან იყო შეთანწყობილი სისხლნათესაური, თემურ-გვაროვნული და ტერიტორიულ-სათემო ნიშნები.

ხინალუღი ხუთ უბნად იყოფოდა. ყოველ უბანს თავისი სალოცავი და სასაფლაო ჰქონდა. უბანს მეხელე ეწოდებოდა. მეხელეს წევრს მხოლოდ საუბნო სასაფლაოზე კრძალავდნენ. ხინალუღებს შორის ბევრი დიდი ოჯახი არსებობდა. ხშირად ერთ ოჯახში ოთხი-ხუთი ცოლშვილიანი ძმა ცხოვრობდა. დიდი ოჯახის ერთი წევრი თუ საზამთრო საძოვრებზე იმყოფებოდა, საზაფხულო საძოვარზე უკვე მას სხვა ცვლიდა. მომდევნო წელს ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

ხინალუღელთა სისხლნათესაურ გაერთიანებებს მეხელე და კებელე ეწოდებოდათ. ისინი დაღესტნურ თუხუმებს მოგვაგონებდნენ. მკაცრად იცავდნენ ენდოგამიას. უპირატოსობას ანიჭებდნენ ბიძაშვილების, ბიძაშვილ-მამიდაშვილების და დეიდაშვილების ერთმანეთზე დაქორწინებას. ხინალუღში არ იყო არც ერთი შემთხვევა სხვა მხრიდან ცოლის შერთვისა. საქორწინო ასაკი ქალებისათვის 14-15 წელი იყო, კაცებისათვის _ 20-21 წელი. იშვიათად აკვანში დანიშვნაც იცოდნენ. ახალგაზრდების ბედს მათი მშობლები წყვეტდნენ. გამოსასყიდის გადახდა იცოდნენ ძირითადად საქონლით, ცხვრით, ბრინჯით, ზოგჯერ _ ფულით.

1912 წლისათვის მაშინდელი ფულით გამოსასყიდი 200 რუბლს შეადგენდა. სამზითვოდ ხინალუღელ გოგონას თავისი ხელით აუცილებლად ხუთი-ექვსი ფარდაგი უნდა დაემზადებინა და 50-60 წყვილი წინდა მოექსოვა. იცოდნენ უმძრახობა. ორი-სამი წელი რძალი მამამთილს არ ელაპარაკებოდა. უმძრახობის ერთ-ერთ ფორმად ქალის მიერ სახის დაფარვაცაა მიჩნეული. ჩადრი არ იცოდნენ. ქალები ატარებდნენ იაშმაგს (ნაჭერს), რომლითაც მხოლოდ სახის ქვედა ნაწილს იფარავდნენ. წარსულში ხინალუღელებმა სისხლის აღება იცოდნენ. იცოდნენ ურთიერთდახმარება (მაგალითად, სახლის აშენების დროს), ძმად გაფიცვა; სტუმართმოყვარეობა ისევე მაღალ დონეზე იყო განვითარებული, როგორც კავკასიის სხვა ხალხებში.


ხინალუღები სუნიტი მუსლიმები არიან. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ჰქონდათ მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენები. იცოდნენ წვიმის, მზის გამოწვევის რიტუალები. არსებობდა ცეცხლის კულტი. გადაუღებელი წვიმების დროს შემდეგ რიტუალს ასრულებდნენ: ხისაგან აკეთებდნენ თოჯინას, რომელსაც ქალის ფერად ტანსაცმელს აცმევდნენ. ამ თოჯინას ჭაბუკები მთელ სოფელს შემოატარებდნენ და თან აზერბაიჯანულ ენაზე მღეროდნენ. სიმღერის შინაარსი ასეთი იყო: “ხვალ თქვენ მზე გექნებათ”. ჭაბუკებს კვერცხებითა და ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ. ხინალუღებს აზერბაიჯანულენოვანი ფოლკლორი ჰქონდათ.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0