x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
წახურები
image


წახურები დაღესტნის მაღალმთიანეთის (მდ. სამურის ზემო წელის) მკვიდრი მოსახლეობაა. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, ისინი რუთულის რაიონის მკვიდრნი არიან. ამ ტერიტორიას წარსულში რუთულის მაგალი ეწოდებოდა.

დაღესტანში წახურების რაოდენობა 5, 2 ათასი კაცია (რუსეთის ფედერაციაში _ 6, 5 ათასი კაცი). მაგრამ წახურების უმეტესობა თავისი ისტორიული სამშობლოს გარეთ არის განსახლებული _დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (13, 6 ათასი კაცი). აზერბაიჯანში კი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ კახეთში ანუ დღევანდელ საინგილოში ბინადრობენ, რომელიც ადმინისტრაციული დაყოფით ზაქათალას, კახისა და ბელაქნის რაიონებს მოიცავს. წახურების საერთო რაოდენობა 20, 1 ათასი კაცია.


წახურები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის კასპიურ ტიპს მიეკუთვნებიან. წახურული ენა ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში შედის. წახურული ენა ოთხ დიალექტად იყოფა: საკუთრივ წახურული, მიშლეშური, მიქიქური, გილმიწურ-ყურდულური. წახურულ ენას 15 ხმოვანი და 40 თანხმოვანი აქვს. წახურული უდამწერლობო ენა იყო, მაგრამ 1990-იან წლებში მათ დამწერლობაც შექმნეს. როგორც ყველა სხვა პატარა ხალხი, წახურებიც ბილინგვები არიან. ეთნონიმი “წახი” (თვითსახელწოდებაა _ “იიხბი”) წახურელთა მთავარი სოფლის სახელიდან “წახური” მომდინარეობს.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ VIIს-ის “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული “ცახაიკამები” დღევანდელი წახურების წინაპრები არიან. საისტორიო ლიტერატურაში ისიც აღნიშნულია, რომ წახურები კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით, მათ ისლამი X-XIსს-ში მიიღეს.

XI-XIIIსს-ში წახურში არსებობდა მედრესი, სადაც სწავლა არაბულ ენაზე მიმდინარეობდა. XVს-ში წახურული საზოგადოებების გაერთიანებას სათავეში ედგა წახურის სულთანი. წახურელების აღმოსავლეთ კახეთში ჯგუფური გადასახლების გამო, XVIIIს-ში წახურის სულთანმა რეზიდენცია სოფელ ელისუში გადაიტანა, რასაც ხშირად ელისუს სასულთნოსაც უწოდებდნენ. ისევე როგორც დაღესტანში, საინგილოში გადმოსახლებულ წახურებს თავისუფალი სასოფლო საზოგადოებებიც ჰქონდათ შექმნილი, რომელთა ნაწილმაც აქვე ჩამოსახლებულ ხუნძებთან ერთად ჭარბელაქანის თავისუფალ საზოგადოებათა კავშირიც შექმნა.

1803 წელს წახურებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1844 წელს ელისუს სულთანი დანიელბეკი შამილს მიემხრო. ამით ისარგებლა რუსეთმა, სასულთნო გააუქმა და ის რუსულ ადმინისტრაციას დაუქვემდებარა (სამურის ოკრუგის შემადგენლობაში). 1852 წ. სამურის ზემო წელში მდებარე წახურელთა 15 სოფელი ცარიზმის არმიამ მიწასთან გაასწორა, მისი მცხოვრებნი კი ალაზნისპირა ველებში იძულებით გადაასახლა. ომის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს მათ უკან დაბრუნების ნება დართეს, “მთიანი მაგალი” კი ჭარბელაქანის სამხედრო ოკრუგში შეიყვანეს.

XIXს-ის შუა ხანებიდან წახურელთა საგარეო საქმეებს ცარიზმის ადმინისტრაცია აწესრიგებდა. სასოფლო თემის შიდა საქმეებს კი ისინი ადათების საფუძველზე თავად წყვეტდნენ. მართვის უმაღლესი ორგანო მამაკაცთა კრება (ჯამაათი) იყო, რომელიც ირჩევდა უხუცეს მმართველს, მოსამართლეებს, ქადიებს, აღმასრულებლებს, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ყველა წახურს ეხებოდა (მათ შორის, საინგილოში მცხოვრებთ), საერთო ყრილობას (“იჟლას”) იწვევდნენ.


წახურების ტრადიციული საქმიანობა იყო სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. XVI-XVIIსს-ში აღმოსავლეთ კახეთში გადმოსახლების შემდეგ, წახურელებმა სამეურნეო-კულტურული წყობა (ზონალური სპეციალიზაციით) შექმნეს. ერთი თემი ერთი დასახელებით წახურშიც ცხოვრობდა და საინგილოშიც. საინგილოში დასახლებულ ნათესავთა ერთი ნაწილი ზამთრისათვის საქონლის საკვებს ამზადებდა, მიწათმოქმედებას მისდევდა, მეორე, მთაში დარჩენილ ნაწილს, საქონელი საზაფხულო საძოვრებზე ჰყავდა და მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებდა.

მთაში სახვნელი მიწის სიმცირისა და სათიბების ნაკლებობის გამო, მრავალი ოჯახი ზამთარში მომთაბარეობდა ისტორიულ აღმოსავლეთ კახეთში, ზაფხულში კი მთიან მაგალში ბრუნდებოდნენ. შეიქმნა გარესამუშაობზე გასვლის თავისებური ფორმა. როგორც წახურში, ისე საინგილოში სახვნელი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბი, საძოვარი და ტყე კი სათემო საკუთრებას წარმოადგენდა. არსებობდა საკუთრების მესამე ფორმაც _ სავაკუფო. ეს იყო მეჩეთებისათვის მორწმუნეთა მიერ შეწირული მიწები. არ შეიძლებოდა ვაკუფის გაყოფა და გასხვისება.

წახურში მთის მიწათმოქმედება ურწყველი იყო. საინგილოში განვითარებული იყო სარწყავი მიწათმოქმედება. მესაქონლეობაში უპირატესობას მეცხვარეობას ანიჭებდნენ. ჰყავდათ ბევრი ცხენი. მთაში ერთადერთი საჭაპანო და საჯდომი ტრანსპორტი ცხენი იყო. დაღესტნელი წახურების სოფელი შეჯგუფული ტიპის იყო. საფეხურებრივ-ტერასისებურ სოფლებში ვიწრო ქუჩები სახლების სახურავებსა და სახლების ქვეშ გადიოდა. ყოველ წახურულ სოფელში იდგა მეჩეთი და მეჩეთთან ახლოს იყო მოედანი, სადაც კრებები იმართებოდა.

წახურელთა ტრადიციული ტანსაცმელი საერთოდაღესტნურის მსგავსი იყო, მაგრამ ერთგვარი თავისებურებაც ახასიათებდა, რადგან აზერბაიჯანული კულტურის გავლენას განიცდიდა. ტანსაცმლის ძირითადი მასალა მესაქონლეობის პროდუქტები იყო: მატყლი, ცხვრის ტყავი, მსხვილფეხარქოსანი საქონლის ტყავი. კვების რაციონში დიდი ადგილი ეკავა ფაფებს. რძეს, ჩვეულებრივ, ცოტას მიირთმევდნენ. მისგან აკეთებდნენ არაჟანს, კარაქს, ხაჭოს, აირანს, რძემრჟალს. ყველს ცხვრის რძისაგან ამზადებდნენ. სამზარეულო ჭურჭელი სპილენძის, ხისა და კერამიკის ჰქონდათ.


image


წახურელთა ოჯახის ძირითადი ფორმა იყო პატარა ოჯახი, მაგრამ XXს-ის 30-50-იან წლებამდე შემორჩენილი იყო სამი-ხუთი საქორწინო წყვილისაგან შემდგარი დიდი გაუყოფელი ოჯახებიც. სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ოჯახების არსებობა ახსნილია როგორც ტრადიციით, ისე სამეურნეო მიზანშეწონილობით. დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც გაუყოფელი ოჯახის ერთი ნაწილი “მთიან მაგალში”, მეორე კი საინგილოში ცხოვრობდა.

XIXს-ში გაუყოფელ ოჯახებს ჰყავდათ 3000 სულ ცხვარზე მეტი, 60 მსხვილფეხარქოსანი საქონელი, 20-ზე მეტი ცხენი. წახურელთა უმძრახობის ჩვეულება ერთგვარად თავისებური ფორმით არსებობდა. ახალგაზრდა ქალების უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა თავშეკავებული იყო და სხვათა თანდასწრებით ისინი ბავშვების საშუალებით საუბრობდნენ.

წახურებში ქორწინება ენდოგამიური იყო. იცოდნენ აკვანში დანიშვნა, ლევირატი, სორორატი. სხვა დაღესტნელთაგან განსხვავებით, მათთვის ურვადი უცნობი იყო. დღესასწაულობდნენ საზამთრო საძოვრებიდან საქონლის დაბრუნებას. ამ დროს ერთმანეთს უმასპინძლდებოდნენ, აწყობდნენ მარულას, ძაღლების ბრძოლას, ჭიდაობას, ცეკვავდნენ, საქონელს წირავდნენ და ხორცს არიგებდნენ.

ძალიან პოპულარული იყო ძველი წარმართული დღესასწაული “სეირანი”, რომელსაც თან ახლდა მდიდარი რელიგიურ-მაგიური ქმედებები და სპორტულ-გასართობი თამაშობები. ეს დღესასწაული ზაფხულში თიბვის და პურეულის მოსავლის აღების წინ წმინდა მთის ველობში იმართებოდა; გრძელდებოდა სამი დღე. წარსულში, შარიათის დანერგვამდე, ამ დღესასწაულში ქალებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, რომლებიც აქ ცხენოსნობის მაღალ ხელოვნებას აჩვენებდნენ.


ზაფხულში იცოდნენ მზისა და წვიმის გამოწვევის რიტუალების შესრულება. მკაცრად იცავდნენ ურთიერთდახმარების, სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებებს. წახურებს შორის ძლიერი იყო შიდათუხუმური სოლიდარობა. თუხუმები უფრო პატარა სანათესაო ჯგუფებადაც (“ნასილი”) იყოფოდნენ. წახურები სიმღერებს, წახურულ ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენაზეც ასრულებდნენ; ფოლკლორი კი მხოლოდ მშობლიურ ენაზე ჰქონდათ.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0