x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თაბასარანელები – ტყის ადამიანები
image


თაბასარანელები დაღესტნის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ხალხია. 1989 წლის აღწერით, თაბასარანელების საერთო რაოდენობა 98, 5 ათასი კაცი იყო. აქედან დაღესტანში 78, 2 ათასი კაცი ცხოვრობდა. დღეისათვის თაბასარანელების 80% დაღესტანში ცხოვრობს.

აღულები თაბასარანელებს უხანარს უწოდებენ (“ტყის ადამიანები”), ლეზგები _ “კაბგანარს”, ხაიდაყები _ “შილანს”. იოანე ბაგრატიონი მათ ქვეყანას “თაბასარანის” სახელით მოიხსენიებს. თაბასარანელები კომპაქტურად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორ ადმინისტრაციულ რაიონში (თაბასარანის და ხივის) ცხოვრობენ. საბჭოთა პერიოდში თაბასარანელები თაბასარანის რაიონის ბარის მხარეში და დერბენტის რაიონში, აგრეთვე ქალაქებში (დერბენტი, კასპიისკი, მაჰაჭყალა) გადასახლდნენ.

თაბასარანელების მეზობლები არიან აღულები, ლეზგები, ხაიდაყელები, აზერბაიჯანელები. ბუნებრივ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, თაბასარანის ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთის (მდ. რუბასის ზემო წელი) და სამხრეთის (მდ. ჩირაგჩაის შუა დინების მარცხენა მხარე და მდ. ყარჩაგსუს ზემო წელი). ძირითადად ეს მთისწინეთია, რომელიც ნაწილობრივ მთასაც მოიცავს და ბარსაც.


ანთროპოლოგიური თვალსაზრისით თაბასარანელები დიდი ევროპეიდული რასის კასპიური და კავკასიონური ტიპების ნარევს წარმოადგენენ. თაბასარანული ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ჯგუფში შედის. თაბასარანული ლეზგიური ჯგუფის ენაა. თაბასარანულ ენაში ორი დიალექტი გამოიყოფა _ სამხრეთისა და ჩრდილოეთის, რომლებსაც, თავის მხრივ, რამდენიმე თქმა გააჩნიათ. თაბასარანული ენა სამწერლობო ენაა. სალიტერატურო ენა სამხრეთის დიალექტს ეფუძნება. დამწერლობა 1932 წელს ლათინური გრაფიკის საფუძველზე შემოიღეს; 1938 წელს ის რუსული ანბანით შეცვალეს.


ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ თაბასარანი კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა. კავკასიის ალბანეთის დაშლის შემდეგ, საისტორიო წყაროებში თაბასარანი ფიგურირებს როგორც დამოუკიდებელი მხარე, თაბასარანელები კი როგორც დაღესტნის ერთერთი დიდი ხალხი. IV-V სს-ის სომეხი ავტორი ფავსტოს ბუზანდი “თავასპართა” სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში ლაშქრობის შესახებ საუბრობს. მათ იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი ეღიშეც (Vს.). “თავასპართა” სახელით გვხვდებიან VIIს-ის “სომხურ გეოგრაფიაშიც”. თაბასარანელებს იხსენიებენ ადრე შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსები და გეოგრაფები. ლაკების მეზობლად თაბასარანელებს იაკუტი იხსენიებს (XIIIს.).


IVს-ში თაბასარანს ჰუნები შემოესივნენ. V-VIსს-ში ჰუნები აქ სასანიდებმა შეცვალეს. ამ პერიოდში დერბენტსა და თაბასარანში სპარსეთიდან ათასობით ოჯახი გადმოასახლეს. საისტორიო წყაროების მიხედვით, თაბასარანელები ხაზარი და არაბი დამპყრობლების წინააღმდეგაც იბრძოდნენ. XI-XIIსს-ში ერთიანი თაბასარანის პოლიტიკური წარმონაქმნი წვრილ-წვრილ დამოუკიდებელ ერთეულებად დაიშალა. წარმოიქმნა სასოფლო საზოგადოებათა კავშირები.

XIIს-ის არაბული წყაროს თანახმად, თაბასარანი 24 რუსტაკად (სასოფლო თემთა კავშირებად) იყოფოდა. XIII-XIVსს-ში თაბასარანელებს მონღოლები ლაშქრავდნენ, შემდეგ _ თემურლენგი. ამ პერიოდში კვლავ მოხდა თაბასარანის ერთიან პოლიტიკურ წარმონაქმნად ჩამოყალიბება.

XVს-ის შუა ხანებში თაბასარანის სამაისუმო თაბასარანელებით დასახლებულ მთელ ტერიტორიას და ლეზგების ტერიტორიის ნაწილს აერთიანებდა. XVIს-ის მეორე ნახევარში მის ტერიტორიაზე ორი ფეოდალური სამფლობელო ჩამოყალიბდა, რაც ახალ სასოფლო საზოგადოებათა ჩამოყალიბებითაც იყო განპირობებული. XVIIIს-ის 40-იან წლებში თაბასარანელებმა ატიური მონაწილეობა მიიღეს ნადირ-შაჰის არმიის განადგურებაში.

XIXსის მეორე ნახევარში თაბასარანი ცარიზმმა შეიერთა. თაბასარანელების ძირითადი სამეურნეო საქმიანობაა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მარცვლეული კულტურების წამყვანი რაიონებია ბარი და მთისწინეთი. თაბასარანში ხელოვნური მორწყვის სისტემაც არსებობდა. მთაში სახვნელად მსუბუქ გუთანს იყენებდნენ, ბარში კი _ შედარებით მძიმეს. ხელოსნობის ტრადიციული დარგებია მეხალიჩეობა, ხის დამუშავება, მეთუნეობა, ხეზე და ქვაზე კვეთა, მჭედლობა, მქსოველობა, ჭრელი წინდების ქსოვა, ტყავის დამუშავება.

თაბასარანის რამდენიმე სოფელში გვარჯილასა და გოგირდსაც მოიპოვებდნენ. თაბასარანელები ადრეული პერიოდიდან გარესამუშაოზე დადიოდნენ. დერბენტთან, დაღესტნის სხვა ხალხებთან, სამხრეთ კავკასიასთან სიახლოვის გამო, თაბასარანელებში ჩამოყალიბებული იყო სავაჭრო კავშირები. ვაჭრობდნენ მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტებით, სამეთუნეო და ხის ნაკეთობებით, ხალიჩებით, მატყლით, ხილით, ენდროთი. თაბასარანელთა სოფლების უმეტესობა საკმაოდ დიდი ხნის წინაა წარმოქმნილი. რელიეფიდან გამომდინარე, სოფლებს საფეხურებრივი, შეჯგუფული და შედარებით თავისუფალი დაგეგმარება ჰქონდათ. ყველზე ძველი ის დასახლება იყო, რომელშიც ერთი თოხუმი ცხოვრობდა.


image


XIXს-ში ტერიტორიულ-ნათესაური დასახლებები გაბატონებული აღარ იყო. ბევრი სოფლის უბნის სახელწოდება ნათესაური ჯგუფის სახელწოდებებს შეესატყვისებოდა. სოფლის ცენტრში, მეჩეთთან ხდებოდა სასოფლო ყრილობების ჩატარება. ყრილობაზე წყდებოდა უმნიშვნელოვანესი სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმეები, რომლებიც მთელ სოფელს ეხებოდა. წარსულში ყველა სოფლის სასაფლაოზე ცალკე იყო გამოყოფილი თოხუმური უბნები. ეს ტრადიცია დღესაც შემორჩენილია. ზოგიერთ სოფელს ცალკე თოხუმური სასაფლაო ჰქონდა.


თაბასარანელთა ძირითადი საზოგადოებრივი ნაგებობები იყო საბრძოლო და სათვალთვალო კოშკები, მეჩეთები. თაბასარანელთა ტრადიციული საცხოვრებელი ქვისაგან იყო აშენებული. ორსართულიან სახლში საცხოვრებლად მეორე სართულს გამოიყენებდნენ. მთაში სამ და ოთხსართულიანი სახლებიც ჰქონდათ აშენებული. თაბასარანელთა სოციალური ორგანიზაციის საფუძველს სასოფლო- ტერიტორიული თემი _ ჯამაათი შეადგენდა. თემის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება ადათითა და შარიათით რეგულირდებოდა. თაბასარანელებს ნათესაური ჯგუფების აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი ჰქონდათ: თოხუმი, ნასილი, ჯინსი, კამი. ყველაზე მიღებული ტერმინია თოხუმი. ნათესაობა მამის ხაზით შვიდი თაობით (მუხლით) განისაზღვრებოდა.

ყველა სასოფლო-ტერიტორიული თემი (ჯამაათი) რამდენიმე თოხუმისაგან შედგებოდა. თითოეული თოხუმი თავის სახელს ამა თუ იმ წინაპარს უკავშირებდა. თოხუმში უცხო ადამიანის მიღებაზე უარს არ ამბობდნენ. უღირს ადამიანებს თოხუმის რიგებიდან აძევებდნენ. XIXს-ში ჭარბობდა პატარა ოჯახი, მაგრამ XXს. დასაწყისში გავრცელებული იყო სამი და მეტი თაობისაგან შემდგარი დიდი გაუყოფელი ოჯახებიც.

როგორც გოგონებისათვის, ისე ვაჟებისათვის, ქორწინების ასაკი 15-16 წლით განისაზღვრებოდა. ქორწინება სოფლის შიგნით ხდებოდა. საქორწინო პარტნიორის მოსაძებნად იშვიათად გადიოდნენ სოფლის გარეთ. იცოდნენ აკვანში დანიშვნა, ლევირატი, სორორატი, გაცვლითი ქორწინება, მოტაცება. ქორწილი სამი-ოთხი დღე გრძელდებოდა. ქორწილს თან ახლდა ცეკვები, სიმღერები, ნიღბოსანთა წარმოდგენები, დოღი.

თაბასარანელთა ყოფაში მტკიცედ იყო შემორჩენილი ურთიერთდახმარება, სტუმართმოყვარეობა, სისხლ-მესისხლეობის წეს-ჩვეულება. არსებობდა ხელოვნური დანათესავების სხვადასხვა ფორმა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შრომით და ზნეობრივ აღზრდას. თამაშები და გართობა იმისკენ იყო მიმართული, რომ ბიჭებისაგან მომავალი მეომარი, მშრომელი გლეხი, ჯამაათის ღირსეული წევრი გაზრდილიყო.


თაბასარანელებში ისლამის გავრცელება VII-VIIIსს-ში დაიწყო, მაგრამ ის საბოლოოდ მხოლოდ XI-XIIსს-ში დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი იყო მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენები (ცეცხლის, ქვის, ხის, გამოქვაბულის, წყაროს კულტი). ირკვევა, რომ თაბასარანელთა პანთეონის უმაღლესი ღვთაების სახელი იყო “უმჩარა”. მყარად იყო შემორჩენილი გაზაფხულის ძველი დღესასწაული _ “ებელცანი”. ებელცანი აგრარული ღვთაება იყო.

გამოვლინდა ჯვრის ფორმის მუსლიმური საფლავის ქვები. ჰქონდათ მდიდარი მუსიკალური და საცეკვაო ფოლკლორი. თაბასარანელთა თითქმის ყველა სოფელში სახალხო მკურნალები ცხოვრობდნენ. ისინი არა მხოლოდ სოფელში, არამედ სოფლის გარეთაც იყვნენ ცნობილნი.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
300
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0