x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აღულები
image


აღულები სამხრეთ დაღესტნის ძნელადმისადგომ მდ. გიულგერიჩაის შენაკად ხეობებში (აღულდერე, ქურახდერე, ყოშანდერე, ხპიუყდერე) მკვიდრობენ. აღულელთა მცირერიცხოვანი ეთნოსი დაღესტნის აღულისა (21 სოფელი) და ქურახის (5 სოფელი) რაიონებში ცხოვრობს.

აღულელთა ნაწილი 1960-იან წლებში ბარში _ დერბენტისა და ყაიყენტის რაიონებში გადასახლდა. აღულების მცირე ნაწილი ქალაქებშიც (მაჰაჭყალა, კასპიისკი, დერბენტი) არის განსახლებული. აღულელთა დემოგრაფიული ვითარების შესახებ სხვადასხვა გამოცემაში სხვადასხვა ციფრებია დასახელებული. მაგალითად, 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ერთი წყაროს მიხედვით აღულელთა საერთო რაოდენობა 17, 7 ათასია. მეორე წყაროში 20 ათასია აღნიშნული. ამავე წელს დაღესტანში აღულელთა რაოდენობა 13, 8 ათასი კაცი იყო, რომელიც 2001 წელს 16, 5 ათასამდე გაიზარდა.


აღულელთა თვითსახელწოდებაა აღულ, აღულარ (“აღულის მცხოვრებნი”). თაბასარანელები აღულებს რუკუშანართა სახელით მოიხსენიებენ, რასაც მკვლევარები ერთერთ ძირითად ხეობას _ ყოშანდერეს უკავშირებენ. აღულების აღმნიშვნელი წახურული ეთნონიმია ხივინბი, ლაკები მათ აღალყუშაიმებს უწოდებენ. აღულები ანთროპოლიგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კასპიურ და კავკასიონურ ტიპებს მიეკუთვნებიან.


აღულური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურდაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში შედის. აღულურ ენას ხუთი დიალექტი აქვს: საკუთრივ აღულური (ტპიგური), ქერენული (რიჩიული), ბურკიხანული (გეხიური), ყოშანური და ფიტიური. ამასთანავე, ყოველ თემს აქვს თავისი თქმა. ახლომონათესავე ენათაგან აღულური ენა ყველაზე მეტ სიახლოვეს თაბასარანულთან ავლენს. აღულურ ენაში მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბული, სპარსული, თურქული ენებიდან. თანამედროვე აღულურ ენაში ინტენსიურად მკვიდრდება რუსული ენიდან შეთვისებული სიტყვები. სატომთაშორისო ენად აღულები ლეზგიურს იყენებენ. აღულური ენა უმწერლობო ენა იყო. აღულურ ენაზე დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე 1991-1992 წლებში შეიქმნა.


აღულების მეზობლები არიან: დარგუელები, ლაკები, ლეზგები, რუთულები, თაბასარანელები. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ძვ.წ. IVს-დან აღულები კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდნენ. ამის დამადასტურებლად სოფელ ბურკიხენის მახლობლად არსებულ ნასოფლარის სახელს _ “ალპან” ასახელებენ. VIIს-ის სომხურ გეოგრაფიაში დასახელებულ “აგუტაკანი”-ს აღულებთან აიგივებენ. ზოგიერთი სოფლის სახელწოდება (რიჩა, ტპიგი) XI-XII სს-ის ეპიგრაფიკული მასალებით დასტურდება.

ყოშანდერეს ხეობის მოსახლეობა VIII-IXსს-ის არაბულ წყაროებშია მოხსენიებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი ერის დასაწყისში აღულები უკვე დამოუკიდებელ, თვითმყოფად ეთნოკულტურულ ერთობას წარმოადგენდნენ. პატრიარქალურ-გვაროვნული ურთიერთობის დაშლას არაბთა (VIIს.) და მონღოლთა შემოსევებს (XIIIს.) უკავშირებენ.

X-XIIსს-ში მიმდინარეობდა ძველი ტერიტორიულ-თოხუმური დასახლებების გამსხვილება. აღულებში ისლამი არაბებმა გაავრცელეს. ეს სარწმუნოება საბოლოოდ XI-XIIსს-ში განმტკიცდა. აღულელთა სოფელი რიჩა მთიან დაღესტანში მაჰმადიანობის გავრცელების ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. აღულებს გმირული წინააღმდეგობა გაუწევიათ თათარ-მონღოლებისათვის. ბევრი აღულური სოფელი (რიჩა, ტბიგი, ხუტხული და სხვ.) თემურ-ლენგს მიწასთან გაუსწორებია. თემურ-ლენგის აღულთა ქვეყანაში ლაშქრობის შესახებ არაერთი გადმოცემაცაა ჩაწერილი.

XIIIს-დან აღულელთა ცალკეული სოფლები ყაზიყუმუხმა დაიქვემდებარა. ყაზი-ყუმუხის საშამხლოში აღულელთა ცალკეული ხეობების გაერთიანება ეტაპობრივად მოხდა. ყაზიყუმუხის შამხალი მხოლოდ საგარეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა. საშინაო საკითხებს სოფლების წარმომადგენლები წყვეტდნენ.


image


XVIIIს-ში აღულებმა ნადირ-შაჰის შემოსევის სიმძიმეც გამოცადეს. 1812 წელს კიურა რუსეთის ქვეშევრდომ მხარედ იქცა. წარმოიქმნა კიურის სახანო, რომელშიც ჯურახის, კუშანის, აღულის სასოფლო თემთა კავშირების ტერიტორიები შევიდა. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან აღულები ცარიზმის წინააღმდეგ ანტიკოლონიურ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

1859 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, აღულები კიურის სახანოს შემადგენლობაში შევიდნენ და ქურახელი ნაიბების მიერ იმართებოდნენ, ხოლო სოფლები ბურკიხანი და ცირხე ყაზიყუმუხის სახანოს შემადგენლობაში შევიდნენ.

XVIII-XIX სს-ში აღულთა შორის მიწის საკუთრების შემდეგი ფორმები არსებობდა: ხანის საკუთრებაში არსებული მიწის ფონდი (სახვნელი, სათიბი, საძოვარი). ხანს შეეძლო თავისი საკუთარი მიწები გაეყიდა, გაეჩუქებინა, არენდით გაეცა; მიულკი (ყველა სახის სავარგული) _ თემის (ოჯახის) წევრთა საკუთრება; ვაკუფი _ მეჩეთების საკუთრება, რომელიც შეწირულობებისაგან იყო შემდგარი. ვაკუფის არც გაყოფა, არც გაყიდვა არ შეიძლებოდა; სათემო მიწების (საძოვარი, სათიბი) გასხვისება აკრძალული იყო. ამ მიწების სარგებლობა მკაცრად რეგლამენტირებული იყო.


აღულების სოციალური სტრუქტურა ერთგვაროვანი არ იყო. თემთა (ჯამაათთა) უმეტესობა სუსტად იყო დიფერენცირებული და მის მოსახლეობას თავისუფალი მეთემეები წარმოადგენდნენ. აღულების ტრადიციული საქმიანობა იყო სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ფერდობები ძირითადად ტერასირებული იყო. მოჰყავდათ: ქერი, ჭვავი, ხორბალი, XIXს-ის მეორე ნახევრიდან _ კარტოფილი. ჰყავდათ როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონელი, ცხენი, სახედარი, ჯორი.

XVIII-XIXსს-ში სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარების შედეგად აღულებმა ცხვარი მოამრავლეს. ზაფხულში თუ ცხვარი ალპურ საძოვრებზე ჰყავდათ, ზამთარში ცხვრის ფარებს სოფლისპირად აყენებდნენ, სადაც 250-300 სულზე გათვალისწინებული ცხვრის სადგომები ჰქონდათ მოწყობილი. ზაფხულში მეწველ საქონელს ძირითადად აულში ტოვებდნენ. ამზადებდნენ როგორც ყველს, ისე კარაქს. განვითარებული იყო შინამრეწველობა, ხელოსნობა (მჭედლობა, ტყავის, მატყლის დამუშავება, ხეზე და ქვაზე კვეთა).

ქალების საქმიანობის სფეროში შედიოდა სახლისა და ბავშვების მოვლა, საწვავის (კიზიაკი) დამზადება, ძროხების მოვლა და რძის პროდუქტების დამუშავება, მინდვრის სამუშაოები, მატყლის ნაწარმის დამზადება. მამაკაცების საქმიანობიდან აღსანიშნავია: მიწის დამუშავება, წვრილფეხა საქონელთან დაკავშირებული ყველა სამუშაო, ცხენისა და მისი ინვენტარის მოვლა. მამაკაცები კოლექტიურად თიბავდნენ. ვაჭრობასაც მხოლოდ მამაკაცები მისდევდნენ (ხორცის, კარაქის, მატყლის, ყველის გაყიდვა).

დღეისათვის ბარში გადასახლებულები მევენახეობას, მებაღეობას მისდევენ. მთებში კვლავ მეურნეობის ტრადიციული დარგების ერთგულნი არიან, შინამრეწველობიდან _ მეხალიჩეობის. აღულები როგორც ადრე, ისე ახლაც კვლავ მისდევენ ლითონების დამუშავებას. აკეთებდნენ და აკეთებენ ნამგლებს, ცელებს, ცულებს, თოხებს, დანებს. მიუხედავად იმისა, რომ აღულებით დასახლებული ტერიტორია ტყით ღარიბი იყო, ხის დამუშავების ოსტატები ადრე შუა საუკუნეებიდან იყვნენ.

აღულებს შორის ქვითხუროობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია ისიც, რომ აქაურ ოსტატებს მეზობელი ხალხები სხვადასხვა ობიექტების, განსაკუთრებით მეჩეთების მშენებლებად იწვევდნენ. აღულები, ისევე როგორც სხვა დაღესტნელი ხალხები, გარესამუშაოზეც გადიოდნენ (ბარის სხვადასხვა სოფელში, თაბასარანელ ბეგებთან, ბაქოს ნავთობის სარეწებზე).


image

აღულების სოციალურ ურთიერთობებში ფეოდალიზმი პატრიარქალურ გადმონაშთებთან იყო გადაჯაჭვული. სასოფლო თემი დამოუკიდებელი ტერიტორიული სამეურნეო ერთეული იყო. სამართალწარმოება ჩვეულებითი სამართლით (ადათით), მუსლიმური სამართლის ნორმებით (შარიათით) ხდებოდა.

თემის უმაღლესი ორგანო იყო სასოფლო ყრილობა. XIXს-ის მეორე ნახევრამდე ირჩევდნენ მამასახლისს. სასამართლოს სათავეში ქადია ედგა. შემორჩენილი იყო პატრიარქალური სისხლნათესაური, ენდოგამიური გაერთიანებები _ თოხუმები. ოჯახის გავრცელებული ფორმა იყო პატარა ოჯახი. XXს-ის დასაწყისამდე აქა-იქ გაუყოფელი, 15-20 სულიანი ოჯახებიც იყო შემორჩენილი. ოჯახის ერთიანობა კოლექტიურ საკუთრებასა და მისი ყველა წევრის შრომას ეყრდნობოდა. იცოდნენ ურთიერთდახმარება.

გათხოვილი ქალიშვილები მზითვად მიწისა და ქონების ნაწილს იღებდნენ. დაღესტნის სხვა ხალხებისაგან განხვავებით, საოჯახო საქმეებში ქალები შედარებით თავისუფალნი იყვნენ. აღულთა შორის უმძრახობის წეს-ჩვეულება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, სხვების თანდასწრებით მეუღლეთა ურთიერთობა მაინც თავშეკავებული იყო. აღულელთა ტრადიციული დასახლება (აული) დაახლოებით 60 კომლისაგან შედგებოდა. აშენებული ჰქონდათ თავდასაცავი, საბრძოლო და სადარაჯო კოშკები. სოფლის შიგნით კოშკები ერთმანეთთან მიწისქვეშა გადასასვლელებითი იყო დაკავშირებული.

სოფლები (სასოფლო თემები) თოხუმური უბნებისაგან (“მირა”) შედგებოდა. მთის ქედებზე აშენებული სოფლები საფეხურებრივ-ტერასული იყო, სწორ ადგილზე კი _ შეჯგუფული. სახლები ისე იყო მჭიდროდ ერთმანეთზე მიდგმული, რომ მნახველს ერთიანი და უწყვეტი ნაგებობის შთაბეჭდილებას უქმნიდა. სოფელს ძალიან ვიწრო, დაკლაკნილი და ხშირად კიბისებური ქუჩები ჰქონდა. სოფლის საზოგადოებრივი თევშეყრის ადგილი მეჩეთი და მისი წინა მოედანი იყო. აღულელთა საცხოვრებელი ფაქტობრივად კარ-მიდამოს გარეშე იყო.

ორ-სამსართულიან სახლებს შიგნიდან ქვის კიბეები ჰქონდა. ოჯახი ძირითადად ერთ ოთახში ცხოვრობდა. ავეჯიდან მხოლოდ დაბალი მაგიდა (ტაბლა) და ხის გრძელი დივანსავარძელი იცოდნენ. იატაკი ხალიჩებით ჰქონდათ დაფარული. სხდებოდნენ სპეციალურ მრგვალ ბალიშებზე. სხვადასხვა ზომის ნიშებს და განჯინებს ლოგინისა და ჭურჭლის შესანახად იყენებდნენ. ოთახის ცენტრში მოწყობილ კერას ერთიანობისა და კეთილდღეობის სომბოლოდ მიიჩნევდნენ. ცალკე ჰქონდათ მოწყობილი სასტუმრო ოთახი, რომელიც შედარებით უკეთესად და მდიდრულად იყო მორთული.

ტრადიციულ ტანსაცმელს ძირითადად ადგილობრივი მასალისაგან (მატყლი, ტყავი) კერავდნენ. იცოდნენ ძალიან ჭრელი წინდების ქსოვა. ტრადიციული საკვები ხორცეულის, მცენარეულის და რძისა ჰქონდათ. ყოველდღიურ საკვებად ფაფეულობა ითვლებოდა. აცხობდნენ სპეციალურ აღულურ აჟურულ პურს. დღესასწაულებზე ფქვილში რძის, კვერცხის, კარაქის შერევით ფენოვან პურს აცხობდნენ. ზამთარში იცოდნენ ხორბლის, ლობიოსა და გამომშრალი ხორცის ერთად მოხარშვა. ახალ ხორცს ძირითადად შემოდგომაზე ჭამდნენ. წელიწადის დანარჩენ დროს მზეზე გამოყვანილ, გამომშრალ ხორცს ხმარობდნენ. ცხვრის რძისაგან ორგვარ ყველს ამზადებდნენ. ძროხის რძეს ძირითადად კარაქისა და ხაჭოს დასამზადებლად იყნებდნენ.


აღულები სუნიტი მუსლიმები არიან. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი ჰქონდათ მაჰმადიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები. ხალხურ სასოფლო-სამეურნეო კალენდართან დაკავშირებული იყო მრავალი დღესასწაული, თქმულება, კოსმოგონიური წარმოდგენა. გაზაფხულის ბუნიაობის დღეს ახალ წელს აღნიშნავდნენ. ამ დროს კოცონზე ცხვრის დუმის ნაჭრებს სწვავდნენ. ამზადებდნენ საწესჩვეულებო კერძებს, ერთმანეთთან (ნათესავები და მეზობლები) საჩუქრებით მიდიოდნენ. სამიწათმოქმედო სამუშაობების დაწყების წინ იცოდნენ პირველი ხნულის გავლების დღესასწაული. გუთნის მინდორში გამოტანას ზოომორფული ნიღბებით მაგიური წეს-ჩვეულებების შესრულება ახლდა თან. ამ დროს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, განსაკუთრებით _ დოღში.

ქორწინება აღულებს შორის ენდოგამიური იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ თოხუმებს შიგნით დაქორწინებას. ქორწილში სოფლის მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა. ქორწილი ახალდაქორწინებულთა წყალზე, წყაროზე გაყვანით მთავრდებოდა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემორჩენილია ურთიერთდახმარების ფორმები, უხუცესების პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა (ეტიკეტის სპეციალურ ფორმად ითვლებოდა სტუმრისადმი მისალმება არა ზღურბლზე, არამედ სახლის შიგნით).

აღულებმა იცოდნენ ლირიკული პოეზია, ლირიკული სიმღერები, რომლებსაც მამაკაცები მუსიკის თანხლებით, ქალები კი _ მუსიკის გარეშე ასრულებდნენ. აღულებს შორის პოპულარულია აგრეთვე ლეზგური და აზერბაიჯანული სიმღერები. იცოდნენ საყოფაცხოვრებო სიმღერებიც, მოთქმითი ტირილი. კოლექტიურ ცეკვებს სწრაფად ცეკვავდნენ.

აღულებს შორის განვითარებული იყო დეკორატიული ხელოვნება. ორნამენტირებული იყო ფარდაგები, სახლის ბოძები, მეჩეთები, თაღები, საფლავის ძეგლები. ბოლო წლების ბეჭდვით გამოცემებში ხაზგასმულია, რომ აღულებს დღეისათვის უაღრესად შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობა აქვთ. უმუშევრობის გამო ბევრი აღულელი ტოვებს წინაპართა საცხოვრებელს, რაც მათი ასიმილაციის საშიშროებას ქმნის.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0