x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ლეზგები
image


ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი ძირძველი მოსახლეობაა. გარდა დაღესტნისა ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ აგრეთვე მეზობელ აზერბაიჯანში. უკანასკნელი წლების მონაცემებით, დაღესტანში 204, 4 ათასი ლეზგიელი მკვიდრობს (რუსეთის ფედერაციაში _ 257, 3 ათასი). აზერბაიჯანში ლეზგების რაიოდენობა 171, 4 ათასი კაცია. ცხოვრობენ აგრეთვე ყაზახეთში (14 ათასი კაცი), თურქმენეთში (10 ათასი კაცი). ლეზგების საერთო რაოდენობა 466 ათასი კაცია.

დაღესტანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ლეზგები ფაქტობრივად, ერთმანეთის მეზობლები არიან, მათ ერთიანი ეთნიკური სივრცე უჭირავთ, თუმცა დღეს ორი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთისაგან გათიშული არიან. დაღესტანში ლეზგები სამხრეთ-აღმოსავლეთის ქურახის, მაჰარამქენთის, კასუმქენთის და ნაწილობრივ ხივისა და რუთულის რაიონებში მკვიდრობენ.

აზერბაიჯანში განსახლებულნი არიან გუსაპრის, ყუბისა და ნაწილობრივ ხუდათის რაიონებში. 1873-1874 წლებში ლეზგების რაოდენობა 120 301 კაცი იყო, 1883-1884 წლებში _ 123 994, 1926 წლის სრულიად საკავშირო აღწერით, ლეზგების რაოდენობა 134 536 კაცი იყო, რომელთაგანაც 40 709 აზერბაიჯანში ცხოვრობდა და 90 509 _ დაღესტანში. როგორც აღვნიშნეთ, 1989 წლის აღწერით, ლეზგების რაოდენობა 466 ათასზე მეტი იყო. ამ აღწერით, აზერბაიჯანში ლეზგების რაოდენობა 171, 4 ათასი კაცია მითითებული, თუმცა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ ქვეყანაში ლეზგების რაოდენობა გაცილებით მეტია და ის დაახლოებით 350 ათას კაცს უტოლდება.


ამ სხვადასხვაობის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებ ლეზგებს აზერბაიჯანელებად წერენ. ინტერნეტის მონაცემებით, ლეზგები მთელი აზერბაიჯანის მოსახლეობის 12, 2%-ს შეადგენენ. ლეზგების 64% სოფლად ცხოვრობს. ქალაქებიდან განსახლებულნი არინა მაჰაჭყალაში (9, 5%), დერბენტში (26%), კასპიისკში (16%), იზბერბაზში (8%). ლეზგების თვითსახელწოდებაა ლეზგი (ლეზგიარ _ მრ. რ.).


ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული ლეგები ლეზგები არიან. თუმცა ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ლეგებში არა მარტო ლეზგები, არამედ ლეზგური ჯგუფის სხვა ხალხებიც იგულისხმებიან. დაღესტნის ცალკეული ხალხები ლეზგების აღსანიშნავად ეგზოეთნონიმ ახტაკურალალს გამოიყენებდნენ, რასაც ისტორიულად ორი ყველაზე ცნობილი საზოგადოების (ახტი, კურახი) სახელი ედო საფუძვლად.


image


XIXს-ის რუსულ ლიტერატურაში ლეზგებს “კიურინელთა” სახელით მოიხსენიებდნენ. ლეზგებს ემეზობლებიან აღულები, რუთულები, წახურები, აზერბაიჯანელები. აღმოსავლეთით ლეზგები კასპიის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით, ლეზგები სამ ზოლში _ მთა, მთისწინეთი, ბარი _ მოსახლეობენ.

ლეზგელთა ეთნიკურ ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სამური, გიულგერიჩაი, კურახჩაი. ლეზგები დიდი ევროპეიდული რასის წაინააზიურ ლოკალურ რასას განეკუთვნებიან. ლეზგიური ენა ჩრდილოკავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფს განეკუთვნება. ლეზგიური ენა ახალდამწერლობიანი ენაა.

ლეზგიურ ენას აქვს დიალექტები, რომლებიც სამ დიალექტურ ჯგუფში არიან გაერთიანებულნი: კიურიული, სამურაული, და ყუბიური. კიურიულ დიალექტთა ჯგუფში სამი დიალექტი და ორი თქმაა გაერთიანებული, სამურაულ დიალექტთა ჯგუფში _ ორი დიალექტი და ორი თქმა. ლიტერატურულ ენას საფუძვლად უდევს კიურიული დიალექტის გიუნიური თქმა. XX ს-ის 20-იან წლებამდე ლეზგებს დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე ჰქონდათ, რომელმაც 1930-იანი წლების შუა ხანებამდე იარსება. ის ჯერ ლათინურმა, შემდეგ კი რუსულმა ანბანმა შეცვალა.


ლეზგების (და საერთოდ, დაღესტნის სხვა ხალხების) ეთნოგენეზის შესახებ თავის დროზე არაერთი სხვადასხვა და განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. მაგალითად, ერთი შეხედულებით, ისინი აზიიდან ევროპისაკენ გადასახლებულთა შთამომავალნი არიან. აბას ყული ბაქიხანოვი თვლიდა, რომ სოფელ მიკრახის მცხოვრებნი აქ ხაზარების დროს გადმოსახლებული რუსების შთამომავლები არიან. იმავე მკვლევარს კიურისა და სამურაის მკვიდრი ლეზგები ძველი, ადგილობრივი მკვიდრი და მოსული მოსახლეობის ნარევად მიაჩნდა. სხვადასხვა ვერსიით ასეთ მოსულ მოსახლეობას შორის სემიტები და ინდოელები იყვნენ. არც ერთი ეს ვერსია მეცნიერულად არ დადასტურდა.

მეცნიერი ისტორიკოსები ერთ რამეში კი შეთანხმებული არიან _ ლეზგების ისტორია დაკავშირებულია კავკასიის ალბანეთთან, რომელიც ძვ.წ. III ს-დან არაბთა შემოსევებამდე არსებობდა. მეცნიერებს ამის დამადასტურებლად ისიც მიაჩნიათ, რომ ლეზგების ძველი წარმართული ღვთაება “ალპან”-ის სახელს ატარებდა.

კავკასიის ალბანეთის დაშლის შემდეგ, ლეზგების ნაწილი ჩორას (დერბენტის) სამფლობელოს შემადგენლობაში შევიდა, რომელიც ფაქტობრივად ირანის ერთერთი პროვინცია იყო, დანარჩენი უფრო დიდი ნაწილი კი ლაკზის (ლეკზის) სახელმწიფოში ბინადრობდა (XIII ს-მდე).

XIIIს-ში ლეზგებმა მონღოლთა შემოსევები განიცადეს. სხვა დაღესტნელ ხალხებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს ნადირ-შაჰის არმიის განადგურებაში (1741წ.). XIII-XIV სს-ში ერთიანი ლაკზის სახელმწიფოებრივი გაერთიანების დაშლის შემდეგ ლეზგებმა ავტონომიური პოლიტიკური გაერთიანებები _ სასოფლო თემთა კავშირები (“თავისუფალი საზოგადოებები”) შექმნეს. ეს სასოფლო თემთა კავშირები დიდი სოფლების ირგვლივ იყვნენ გაერთიანებულნი. ეს სოფლები იყო კურახი, კუსარი, ახტი, გელხენი და სხვ.


XVIIIს-ში ლეზგები ყუბელი და დერბენტელი ხანების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. XVIIIს-ის ბოლოს სოფელი კურახი ყაზიყუმუხელი მმართველების რეზიდენციად გადაიქცა. XIXს-ის დასაწყისში კიურინის სახანო წარმოიქმნა. ყუბელი ლეზგები კი კვლავ ყუბელი ხანების დაქვემდებარებაში რჩებოდნენ. სამურელი ლეზგები ახტიპარის, ალტიპარის, დოკუზპარის “თავისუფალ” საზოგადოებებში რჩებოდნენ. აღნიშნული პოლიტიკური წარმონაქმნების არსებობით იყო განპირობებული ლეზგთა სამ ეთნოგრაფიულ ჯგუფად (კიურიელი, ყუბელი, სამურაელი) ჩამოყალიბებაც.


image


სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერიამ ლეზგებით დასახლებული ტერიტორია 1813 წელს დაიქვემდებარა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს დაქვემდებარება ეტაპობრივი იყო. ეს იმითაც დასტურდება, რომ რუსეთის ცარიზმმა 1839 წელს შექმნა სამურაის ოკრუგი და მხოლოდ 1862 წელს _ კიურინის ოკრუგი.

ყუბელი ლეზგიებით დასახლებული ტერიტორია ყუბის მაზრის სახელწოდებით ბაქოს გუბერნიაში 1866 წელს შევიდა. ეს უკანასკნელნი 1920 წლიდან აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ, კიურელი და სამურელი ლეზგები კი _ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის ავტონომიის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქმის ყველა სახის ნაშრომში, რომლებიც ლეზგებს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ ისინი, როგორც ერთიანი ხალხი ხელოვნურად არიან გაყოფილი ორი სახელმწიფოს მიერ, რომელთა განვითარებაც ამის გამო ხელოვნურად ბრკოლდება.

ინტერნეტის მასალებში აღნიშნულია, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მცხოვრებ ლეზგებს კავშირ-ურთიერთობის საშუალება მოესპოთ, საბაჟო ბარიერებმა კი მათი ეკონომიკური და კულტურული კავშირები შეაფერხა.


image(ლეზგისტანის დროშა)


ლეზგები შეწუხებულნი არიან აზერბაიჯანის კონსტიტუციის იმ მუხლითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიწა, წიაღისეული, წყლები და სხვ. აზერბაიჯანელი ხალხის საკუთრებას წარმოადგენს. როგორც ითქვა, ლეზგები ბინადრობენ ბარში, მთისწინეთსა და მთაში. აქედან გამომდინარე, ლეზგების სამეურნეო ყოფაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ბარსა და მთისწინეთში მეურნეობის წამყვანი დარგები მიწათმოქმედება და მებაღეობა იყო, მთაში _ მესაქონლეობა და მიწათმოქმედება.

ლეზგების სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფები ერთმანეთთან მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირებით იყვნენ დაკავშირებულნი. ყუბისა და სამურის პროვინციები პურის ბეღლებად ითვლებოდა. ყუბელები სამურელ ლეზგებს პურს მეცხოველეობის პროდუქტებში უცვლიდნენ. კიურელი ლეზგები თავიანთ მარცვლეულს მეცხოველეობის პროდუქტებზე დაღესტნის სხვა ხალხებს უცვლიდნენ.

ლეზგელი მეცხვარეები საზამთრო საძოვრებზე ცხვარს აზერბაიჯანში მიერეკებოდნენ. აზერბაიჯანშივე დადიოდნენ გარესამუშაოზე, განსაკუთრებით, ბაქოს ნავთობის სარეწებზე, სადაც ბევრი მათგანი სამუდამო საცხოვრებლადაც დარჩა. ლეზგებში ძველთაგანვე განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ხელოსნობამ. მთისწინა ტყიან ზონაში აღსანიშნავია ხის ნაწარმის წარმოება. საყოველთაოდ განვითარებული იყო ტყავის დამუშავება, ქეჩის დამზადება, მეხალიჩეობა, მაუდის წარმოება. განვითარებული იყო კერამიკული წარმოებაც, ლითონის დამუშავებაც, ქვაზე კვეთის ხელოვნებაც და ა.შ.


XXს-ში ხელოსნობისა და შინამრეწველობის დარგები არათუ გაქრა, არამედ, პირიქით, განვითარდა. ასეთი დარგებიდან პირველ რიგში მეხალიჩეობა შეიძლება დავასახელოთ. ლეზგელთა ტრადიციული მატერიალური კულტურა საერთოდაღესტნური ტიპის იყო.

ლეზგელთა დასახლებებში სათვალთვალო და თავდასაცავი კოშკები ბევრი ჰქონდათ. ლეზგები სასოფლო თემებად (ჯამაათებად) ცხოვრობდნენ. ჯამაათები “თავისუფალ საზოგადოებებში” იყვნენ გაერთიანებულნი. სოფელი უბნებად იყო დაყოფილი, რომლებშიც ნათესაური ჯგუფები (თოხუმები) მკვიდრობდნენ. ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო, მაგრამ დაღესტნის სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, ლეზგებში დიდი გაუყოფელი ოჯახიც ბევრი იყო შემორჩენილი. ეთნოგრაფიული მონაცემებით ასეთ ოჯახებში ხშირად 50-დან 100 სულამდე ადამიანი იყო გაერთიანებული.

ქორწინება ენდოგამიური იყო. მაგრამ აუცილებელი არ იყო მხოლოდ თუხუმის შიგნით დაქორწინება. სხვადასხვა თუხუმების წარმომადგენლებიც ერთმანეთთან ხშირად ქორწინდებოდნენ, მაგრამ ამ მიზნით, სასოფლო თემის გარეთ იშვიათად გადიოდნენ. საკმაოდ გავრცელებული იყო ქორწინების ისეთი ფორმები, როგორიც იყო გაცვლითი ქორწინება, რომლის დროსაც მხარეები ერთმანეთში გოგონებს (ქალიშვილებს, დებს) ცვლიდნენ, ლევირატი და სორორატი, იცოდნენ აკვანში დანიშვნაც. მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება სხვა ეთნოსისა და სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან. მართალია, თეორიულად პოლიგამია დაშვებული იყო, მაგრამ პრაქტიკულად ის არ არსებობდა. დაღესტნის სხვა ხალხებისაგან განსხვავებით, ლეზგებში კლასიკური ფორმის ურვადი (სყიდვითი ქორწინება) არ არსებობდა.


image


ლეზგების სამეურნეო საქმიანობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული კალენდარული დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები (“ყვავილების დღესასწაული”, “ბლის დღესასწაული” და ა.შ.). ზამთრის თვეებში ქალები მართავდნენ ე.წ. საქმის საღამოებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცეკვებით მთავრდებოდა. იცოდნენ ე.წ. “წვიმის გამოწვევა”, “მზის გამოწვევა”.


ლეზგები მაჰმადიანი სუნიტები არიან. ისლამი მათ შორის საბოლოოდ XVIIIს-ში განმტკიცდა. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი იყო ისლამამდელი რწმენა-წარმოდგენები (ანიმიზმი, ფეტიშიზმი, წინაპრების კულტი, ტოტემიზმი _ ცხოველებისადმი თაყვანისცემა, მაგალითად, განსაკუთრებული ჯიშის გველის კულტი). საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია ხალხურმა მედიცინამ (ქირურგია, თერაპია, ფსიქოთერაპია). ამ თვალსაზრისით, ფართოდ იყენებდნენ მცენარეებს.


საისტორიო მეცნიერებაში აღნიშნულია, რომ ლეზგთა წინაპრები თავდაპირველად ალბანურ დამწერლობას იყენებდნენ. დაღესტანში არაბთა შემოჭრის შემდეგ არაბული დამწერლობა გავრცელდა. XV ს-დან გავრცელდა არაბული ანბანის ვარიანტი, რომელიც დაღესტნური ენების თავისებურებებთან იყო მისადაგებული და რომელიც “აჯამეს” სახელს ატარებდა. XX ს-ის 30-იანი წლებიდან ლეზგთა დამწერლობა რუსულ გრაფიკას ეყრდნობა.

ლეზგებმა შექმნეს მდიდარი ფოლკლორი (ეპოსი “შარვიელი”, თქმულებები, ლეგენდები). მდიდარია მათ მიერ შექმნილი მუსიკალური და საცეკვაო ფოლკლორიც. ლეზგებს არაერთი გამორჩეული პოეტი ჰყავთ (ე. ემინი, ს. სტალსკი, ტ. ხრიუკსკი). 1906 წელს შექმნეს ეროვნული თეატრი.

დაღესტანში დაბეჭდილ სამეცნიერო ნაშრომებში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებ ლეზგებს არა აქვთ კულტურის განვითარების საშუალება, რომ აქ ლეზგურ ენაზე არ გამოდის არც ერთი ბეჭდვითი ორგანო. ლეზგთა შორის დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ლეზგთა გაერთიანების იდეა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0