x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ლაკები
image


ლაკები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ადრე ისინი ძირითადად ყაზიყუმუხების სახელით იყვნენ ცნობილი. ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის მთაში, უმთავრესად ლაკისა და ყულიყულის რაიონებში. ლაკების ნაწილი დაღესტნის დაბლობზე, ნოვოლაქსკის რაიონში მკვიდრობს.

ლაკების ტერიტორიაზე მიედინება მდ. ყაზიყუმუხის ყოისუ. მათი სოფლები არა მარტო ამ მდინარის ირგვლივ, არამედ მის შენაკად ხეობებშიცაა განფენილი. ლაკების (ყაზიყუმუხების) თვითსახელწოდებაა ლაკ. მეზობელი ხუნძები ლაკებს დუმალის სახელით მოიხსენიებენ, დარგუელები მათ ვულუგანს უწოდებენ, ლეზგიები _ იახულვის.

1989 წელს 118 ათასი ლაკი იყო აღრიცხული. დაღესტანში კი მათი რაოდენობა 91 ათასით განისაზღვრებოდა. დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ლაკების განსახლების არეალს სამკუთხედის ფორმა აქვს. ხუნძებისა და დარგუელებისაგან ლაკებს მთის ქედები ჰყოფს. იოანე ბაგრატიონი ლაკების ქვეყანას “შამხლის ადგილის” სახელით მოიხსენიებს.


ლაკური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი სამწერლობო ენაა. მკვლევართა ნაწილი ლაკურ ენას ხუნძურ-ანდიურ-ცეზურ ენათა შტოსთანაც აკავშირებს. ლაკურ ენაში რამდენიმე დიალექტს გამოყოფენ. ეს დიალექტები ძალიან არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომაცაა, რომ მეცნიერთა ნაწილი მათ კილოკავებად მიიჩნევს. ლიტერატურულ ენას საფუძვლად უდევს ღუმუქური (ყუმუხური) დიალექტი. დანარჩენი დიალექტებიდან კი შეიძლება დავასახელოთ: ვიცხიური, ვიხლიური, აშტიკულური, ბალხარული. დამწერლობა აქვთ რუსული გრაფიკის საფუძველზე.


ლაკების ეთნიკური ისტორიის ბევრი საკითხი გაურკვეველია. საისტორიო ლიტერატურაში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება ლაკების არადაღესტნური წარმომავლობის შესახებ. მაგრამ ეს შეხედულება წარსულს ჩაბარდა, რადგან არქეოლოგიური, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, ეთნოლოგიური მონაცემების ურთიერთშედარებამ მეცნიერები ღრმად დაარწმუნა იმაში, რომ ლაკები იმ ტერიტორიის უძველესი მკვიდრნი არიან, სადაც დღეს ცხოვრობენ. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ლაკების ეთნოგენეზში ინდოევროპულმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. ეს ინდოევროპული მოდგმის ხალხი კი ირანელები უნდა ყოფილიყვნენ.

ლაკების ძველი ისტორიიდან თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთი ავტორი მათ ანტიკურ წყაროებში მოხსენებულ ლეგებსა და გელებს უკავშირებს, თუმცა ისინი დაღესტნელ ლეზგიებსაც შეიძლება დავუკავშიროთ. მეცნიერთა ერთი ნაწილი ლაკებს ქართული და სომხური წყაროების ლეკებთანაც აკავშირებს. თუმცა, ქართველთათვის ლეკები დაღესტნის თითქმის ყველა ხალხი იყო. ლაკებს ურთიერთობა და კონტაქტი IVს-ში დაღესტანში შემოჭრილ მომთაბარე ჰუნებთან უნდა ჰქონოდათ, შემდეგ კი _ თურქულენოვან ხაზარებთან.

VIIს-ის შუახანებიდან დაღესტანში არაბები შემოიჭრნენ. არაბი ისტორიკოსები დაღესტნის ტერიტორიაზე არაერთ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომლებსაც “სამეფოებს” უწოდებენ, ასახელებენ, მათ შორის, ღუმიკსა და ტუმანს. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ლაკები სწორედ ამ “სამეფოებში” ცხოვრობდნენ. ადრე შუა საუკუნეებში ლაკებით დასახლებულ ტერიტორიაზე ყაზიყუმუხის საშამხლო წარმოიქმნა, რომელიც XV-XVIIსს-ში დაღესტნის ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება იყო. ყაზიყუმუხის საშამხლოში ნაწილობრივ ხუნძებით და დარგუელებით დასახლებული ტერიტორიებიც შედიოდა. საშამხლო ზღვისპირეთშიც გადიოდა.


1240 წელს სამხრეთ დაღესტნის მხრიდან ლაკეთში მონღოლები შემოიჭრნენ. მათ ყუმუხეთი მიწასთან გაასწორეს. XIVს-ის ბოლოს აქ თემურლენგი შეჭრილა. 1640 წელს ლაკებს ყუმუხის შამხალი გაუძევებიათ. ამის შემდეგ შამხლებად ლაკებს ყოფილი შამხლების გვერდითი შტო აურჩევიათ. 1741 წელს ლაკებმა, სხვა ხალხებთან ერთად, დაღესტანში შემოჭრილი ნადირ-შაჰის განადგურებაში მიიღეს მონაწილეობა. 1820 წელს ყაზი-ყუმუხის სახანო რუსეთმა შეიერთა. მიუხედავად ამისა, ლაკებით დასახლებულ ტერიტორიას კვლავ ხანები მართავდნენ. 1859 წელს თავისი სიმკაცრით და უხეშობით ცნობილი აღლარ-ხანის გარდაცვალების შემდეგ ყაზიყუმუხის სახანო ყაზიყუმუხის ოკრუგად გარდაიქმნა (1860წ.), რომელიც ოთხ სანაიბოდ იყოფოდა.

1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, დაღესტანში ანტირუსულმა აჯანყებამ იფეთქა, რომელმაც ძირითადად ლაკეთის ტერიტორია მოიცვა. ის მალე ჩაახშეს. 1944 წელს ლაკების ნაწილი ჩაჩნეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაასახლეს. ლაკების ტრადიციული საქმიანობა იყო მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ხელოსნობისა და შინამრეწველობის სხვადასხვა დარგი. მეცხოველეობას მომთაბარული ხასიათი ჰქონდა.

სახვნელი ნაკვეთები ჰქონდათ როგორც ფერდობებზე, ისე ტერასებზე. იცოდნენ მიწის ნაკვეთების ნაკელითა და ნაცრით განოყიერება. XIXს-ის ბოლოს ლაკებში მეცხვარეობამ დიდი მასშტაბები მიიღო. ცალკეულ მეცხვარეებს ათასობით სული ცხვარი ჰყავდათ.

XIXს-ის ბოლოს კ.ფ. განის სიტყვებით, ყაზი-ყუმუხელთა ზოგიერთი ოჯახი 3 ათასიდან 4 ათასამდე ცხვრისა და ასზე მეტი ცხენის პატრონი ყოფილა. 1886 წლის მონაცემებით, ყაზიყუმუხის ოკრუგში 182 ათას სულზე მეტი ცხვარი იყო აღრიცხული.


image


შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან ყველაზე მეტად დაწინაურებული იყო ლითონის დამუშავება. ლაკი იუველირების, სპილენძის ჭურჭლის მკეთებლების, იარაღთა დამამზადებლების ნახელავი მთელ დაღესტანში იყო ცნობილი. დიდად იყვნენ დახელოვნებულნი ძვირფასი მეტალების დამუშავებაში. ხელოსნობისა და შინამრეწველობის ამა თუ იმ დარგის განვითარებაში ცალკეული სოფლები იყვნენ დაწინაურებულნი.

მაუდის, ფარდაგების, ნაბდების (თექის) დამზადებით სახელგანთქმული იყვნენ სოფელ ყუმუხისა და უბრას მცხოვრებნი, საიუველირო საქმის წარმოებით _ ყუმუხელები, მეთუნეობით _ ბალხარელები, ოქრომკედის ნაქარგობით და ცხენის აღკაზმულობის დამზადებით _ სოფ. უნჩუკატლი, ფეხსაცმლის კერვით _ სოფ. შოვკრა, ქვის დამუშავებით _ სოფ. უბრა. სოფელ კაიას ვაჭრებით იცნობდნენ, სოფ. ცივკარას _ აკრობატებით და ა.შ. თავისი მოხატულობით საყოველთაოდ იყო ცნობილი ბალ-ხარული კერამიკა (წყლის დოქები, ერბოს შესანახი ჭურჭელი, ფინჯნები, ტოლჩები), რომელსაც ქალები აკეთებდნენ.

ლაკების სოფლები და სახლებიც სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იყო ორიენტირებული. გადმოცემით, მრავალი აული პატარა თუხუმური დასახლებების გაერთიანებების შედეგად ჩამოყალიბდა. IX-Xსს-ში ყუმუხი უკვე დიდი დასახლებული პუნქტი იყო. გადმოცემით, ზოგიერთი აული კი მესისხლოების ნიადაგზე გაძევებულ ხალხს ჩამოუყალიბებია. ლაკებს თითქმის ისეთივე საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, როგორც დაღესტნის სხვა ხალხებს, მაგრამ ლაკურ სახლებს ერთგვარი თავისებურებაც ჰქონდა, რაც მათ სხვათა საცხოვრებლებისაგან განასხვავებდა. ეს იყო ე.წ თიხისაგან გაკეთებული საწოლი, რომელიც თბებოდა. ამ საწოლში ბოლის გამტარი არხი იყო მოწყობილი, რაც მას ათბობდა.

ლაკურ სახლში ავეჯი საერთოდ არ ჰქონდათ. ტანსაცმელს, აღკაზმულობას და სხვა ნივთებს სკივრებში ინახავდნენ. საკვებად ძირითადად ხორცს, რძის პროდუქტებს და ფქვილის ნაწარმს იყენებდნენ. ყველაზე პოპულარული იყო ფაფები, ხინკალი, ხალვა. გაზაფხულის დღესასწაულებზე ერბოზელილი ცომისაგან ადამიანის, ცხოველების, ფრინველების ფორმის განსაკუთრებულ პატარა პურებს აცხობდნენ, რომლებსაც სხვა დროს არ ამზადებდნენ. ასეთ ნამცხვრებს ისინი ბარტას (აბარტს) უწოდებდნენ. გაზაფხულის ბუნიაობას, რომლის დროსაც ნამცხვარ ბარტას აცხობდნენ “ბარტას ღამეს” უწოდებდნენ.


ლაკური სოფელი თუხუმური უბნებისაგან შედგებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, თითოეული უბნის ცენტრში მეჩეთი მდგარა. იქვე მამაკაცების თავშესაყრელი მოედანი ჰქონიათ. თუხუმები სასოფლო თემში (ჯამაათში) იყვნენ გაერთიანებულნი. სასოფლო თემი (ჯამაათი) ძირითადი სოციალური ერთეული იყო. ოჯახის ძირითადი და გაბატონებული ფორმა პატარა ოჯახი იყო. ჯამაათის უხუცესთა საბჭო განიხილავდა საჩივრებს, ჩხუბის შემთხვევებს, განსაზღვრავდა მკისა და თიბვის დაწყების დროს. აღმასრულებელ ხელისუფლებას მამასახლისთა მოადგილეები _ იალურზუსები ანხორციელებდნენ. თუხუმები მონათესავე ოჯახთა ჯგუფებად ანუ პატრონიმიულ ერთეულებად იყოფოდა.

შემორჩენილი იყო მესისხლეობა და მკვლელობისათვის გარკვეული გადასახადის გადახდა. XIX ს-ში იცოდნენ მკვლელის სოფლიდან ექვსი-შვიდი წლით გასახლება; ამ დროის განმავლობაში მოკლულის ნათესავებს სისხლის აღება შეეძლოთ. ამ დროის გასვლის შემდეგ მკვლელი ხელშეუხებლად ცხადდებოდა. სისხლის აღების ობიექტი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სრულწლოვანი მამაკაცი. მოხუცზე, ქალზე და ბავშვზე შურისძიება დაუშვებელი იყო.

როგორც ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის სხვა ხალხები, ლაკებიც სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ, ახასიათებდათ უფროსებისადმი მოწიწება და პატივისცემა, ნათესაური ურთიერთდახმარება, ბავშვების ადრეული ასაკიდან შრომაში ჩაბმა. ლაკები გაზაფხულის დადგომას პირველი ხნულის გავლების დღესასწაულით აღნიშნავდნენ. პირველი ხნულის გავლებამდე არავის არ შეეძლო ხვნის დაწყება. დღესასწაულებს თან ახლდა მარულა, ახალგაზრდებისა და ბავშვების სირბილში შეჯიბრი.

ზაფხულის პირველი დღის ალიონზე მწვერვალებზე ადიოდნენ, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცულობდნენ. ამ დროს ლაკებს აუცილებლად ქვის ვიწრო კორიდორი უნდა გაევლოთ და სპეციალური ცეკვაც (“საპა”) უნდა შეესრულებინათ.

ლაკები მუსლიმი სუნიტები არიან. მათ შორის მაჰმადიანობა არაბთა ბატონობის დროს გავრცელდა. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი იყო სხვადასხვა წარმართული რწმენაწარმოდგენები: ბუნების ძალთა კულტი (უმაღლესი ღვთაება “ზალ”, ჭექა-ქუხილისა და მეხის ღვთაება _ “ასს”, წვიმისა _ “ზუვილ”), კერის კულტი, შამანიზმის ელემენტები. ხალხური ზეპირი შემოქმედებიდან აღსანიშნავია საგმირო და საისტორიო ეპოსი, ლირიკული, საწესჩვეულებო და ყოფითი სიმღერები, ზღაპრები, ნართების ეპოსი, გამოცანები, ანდაზები, თქმები.


ლაკებში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული ხალხური მედიცინა. მკურნალობისას იცოდნენ სხვადასხვა ბალახეულის, თაფლის გამოყენება. მკვლევარებს დადგენილი აქვთ, რომ ლაკების ხალხურ მედიცინაზე გარკვეული გავლენა აღმოსავლეთის ქვეყნების მედიცინამაც მოახდინა.

ლაკებს დამწერლობა თავდაპირველად არაბული ანბანის საფუძველზე ჰქონდათ. 1860 წელს რუსმა ლინგვისტმა პ. უსლარმა ლაკურ ენაზე წიგნები რუსული გრაფიკის საფუძველზე გამოსცა (ლაკურ-რუსული ლექსიკონი, გრამატიკა). ლაკურ ენაზე პირველი გაზეთი 1912-1914 წლებში პეტერბურგში გამოდიოდა. XXს-ში დაღესტანში არაერთი ლაკი მწერალი მოღვაწეობდა. ლაკები ამაყობენ აგრეთვე კოსმონავტ მუსა მანაროვით, რომელიც ეთნიკური ლაკია.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0