x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
დარგუელები
image


დარგუელები შუა დაღესტნის მთისა და მთისწინა რეგიონნების მკვიდრნი არიან. მათი თვითსახელწოდებაა დარგან, დარგანტი. მეზობელი ხალხებიც ამ ეთნონიმით მოიხსენიებენ, მაგრამ XIXს-ში ეთნონიმებად დარგუელთა საზოგადოებათა კავშირების სახელწოდებებს იყენებდნენ.

XVIII-XIXსს-ის ზოგიერთ რუსულ წყაროში დარგუელების ნაწილი (მთიელები) ყუმუხური ტერმინით “თავლინი” (მთიელი) მოიხსენიებოდნენ. ეთნონიმი “დარგუელები” პირველად XIVს-ში მოიხსენიება. არაბული ხელნაწერის აშიაზე საუბარია თემურ-ლენგის სოფელ დარგაში ლაშქრობაზე. 1404 წელს დარგუელებს “ტურიგების” სახელწოდებით ერთერთი ფრანგი არქიეპისკოპოსი მოიხსენიებს.

დარგუელები დაღესტნის შუა ნაწილის გარდა, ბარშიც ცხოვრობენ. საბჭოთა პერიოდში დარგუელები კაიაკენტის, ხასავიურტის, ყიზლარის, ნოღაის, ბაბაიურტის, დერბენტის და სხვა რაიონებში გადაასახლეს. დარგუელებს ემეზობლებიან: ხუნძები, ლაკები, ყუმუხები, თაბასარანელები, აღულები. საბჭოთა პერიოდში, დარგუელებთან კონსოლიდაციის მიზნით, დარგულებად წერდნენ ყუბაჩელებსა და ხაიდაყელებს, მაგრამ ამ ეთნოსებმა ეთნიკური და ენობრივი თავისთავადობა შეინარჩუნეს.


2001 წლის მონაცემებით დაღესტანში 356 300 დარგუელი იყო აღრიცხული, რომელთაგანაც 107 470 ქალაქების მკვიდრი იყო. დარგუელების 68% 16 სასოფლო რაიონში მკვიდრობს. ქალაქ იზბერბაშში დარგუელი მოსახლეობის 57%-ია აღრიცხული, მაჰაჭყალაში _ 12, 4%, ყიზლარში _ 7, 3%, ბუინაკსკში _ 6, 6%.

დარგუელები დაღესტნის ფარგლებს გარეთაც არიან განსახლებულნი: სტავროპოლის მხარეში (32, 7 ათასი კაცი), ყალმუხეთში (12, 9 ათასი კაცი). სამეცნიერო ლიტერატურასა და წყაროებში დარგუელთა შემდეგი რაოდენობაა მითითებული: ს. ბელოკუროვის მონაცემებით, 1598 წელს დაახლ. 50-60 ათასი დარგუელი იყო. რეინეგსი 1796 წლისათვის ამ რიცხვს 116 ათასით განსაზღვრავს, 1840 წელს 90 ათას დარგუელს ანგარიშობენ, 1862 წელს _ 85 ათასს, 1873 წელს _ 89 159. 1886 წლისა და 1897 წლების ზუსტი მონაცემები კი ასეთია: 123 ათასი და 121 ათასი, 1926წ. _ 125, 7 ათასი, 1959წ. _ 158 ათასი, 1970 წელს _ 230, 9 ათასი, 1979 წელს _ 287 ათასი, 1989 წ. _ 365 ათასი, 1995 წელს _ 332 ათასი.


დარგუელები დაღესტნის მოსახლეობის 15, 6% შეადგენენ. დარგუული ენა, რომელიც დაღესტნის ერთ-ერთი სამწერლობო ენაა, კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის დაღესტნურ ქვეჯგუფში შედის. დარგუული ენა რამდენიმე დიალექტითაა წარმოდგენილი. ეს დიალექტებია: ჰურახული, მეჰებური, მუირული, წუდახარული, ახუშური (აკუშური), სირხიული, მეკეგინური, გუბდენური, ჩირაგული. დამწერლობა რუსული ანბანის საფუძველზე საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. მას საფუძვლად უდევს ახუშური (აკუშური) დიალექტი. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ზემოთ ჩამოთვლილი დარგუული ენის დიალექტები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დარგუელებს საერთო საურთიერთო ენა, ისე როგორც ხუნძებს (ბოლმაწი) არ შეუქმნიათ. სხვადასხვა დარგუულ დიალექტზე მოსაუბრენი ხშირად ერთმანეთთან რუსულ ენაზე საუბრობენ.


image


ანთროპოლოგიურად, დარგუელები დაღესტნელთა დასავლურ ტიპს მიეკუთვნებიან, რომელიც კავკასიონური ტიპის სახელითაც არის ცნობილი. ამ ტიპის დამახასიათებელი ნიშნებია:ღია ფერი, სიმაღლე, თავის მრგვალი ფორმა, ფართო სახე.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დარგუელების ეთნოგენეზი ძვ.წ. ათასწლეულში არა მარტო მათ მიერ დაკავებულ მთიანეთის ეთნიკურ ტერიტორიაზე, არამედ დაღესტნის ზღვისპირეთშიც მოხდა. დარგუელები თავდაპირველად კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდნენ, შემდეგ ჰუნთა სახელმწიფოსა და ხაზართა ყაღანატის გავლენის სფეროში იმყოფებოდნენ.

VII ს-ში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბებს. ისტორიკოსები დარგუელებში ფეოდალური ურთიერთობის წარმოქმნას XI-XII სს-ით ათარიღებენ. XII-XIII სს-ში ჩამოყალიბდა დიდი ფეოდალური სამფლობელო _ ხაიდაყის უწმია, მაგრამ დარგუელთა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ბარისა და მთისწინეთისას, გახშირებულმა თავდასხმებმა შეუშალა ხელი, რომელთაგანაც ყველაზე საშინელი მონღოლთა შემოსევა იყო.


დარგუელებისათვის გამანადგურებელი აღმოჩნდა თემურ-ლენგის ლაშქრობები. 1741 წელს, სხვა დაღესტნელებთან ერთად, დარგუელებმა ნადირ-შაჰის არმიის განადგურებაში მიიღეს მონაწილეობა. რუსეთის შემოსვლამდე დარგუელებს სასოფლო თემთა რამდენიმე კავშირი ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რომელთაგანაც ყველაზე დიდი აკუშა-დარგოს გაერთიანება იყო. მნიშვნელოვანი კავშირებიდან შეიძლება დავასახელოთ კიდევ: უწუმი-დარგო, კაბა-დარგო, სირგხა.

სასოფლო თემთა კავშირების უმეტესობა საშამხლოში, ხაიტაყის საუწმიოში და ყაზიყუმუხის სახანოში შედიოდა. “თავისუფალი საზოგადოებები” უწმიას მხოლოდ ომის შემთხვევაში თვლიდნენ თავიანთ წინამძღოლებად და მეთაურებად. დარგუელებით განსახლებული ტერიტორია შამილის იმამატში არ შედიოდა, ამიტომ ანტირუსულ ომში ისინი მხოლოდ ეპიზოდურად მონაწილეობდნენ. დარგუელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1877 წლის დაღესტნის მოსახლეობის ანტიკოლონიურ აჯანყებაში. ამ დროს დარგუელთა სოფელი წუდახარი რუსეთის არტილერიამ მიწასთან გაასწორა, გადარჩენილი მოსახლეობა კი სხვა ადგილას გადასახლდა.


1860 წელს ცარიზმმა დარგუელებით დასახლებულ ტერიტორიაზე შექმნა დარგოს და ხაიტაყ-თაბასარანის ოკრუგები. რუსეთის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის პერიოდში დარგუელებს შორის ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. მთისწინეთსა და ბარში განვითარებული იყო სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. შუამთაში ტერასული მიწათმოქმედება იყო გაბატონებული. მაღალმთაში მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. შინამრეწველობასთან შედარებით დიდი ხვედრითი წილი ჰქონდა გარესამუშაობზე სიარულს. მხოლოდ ერთი დარგოს ოკრუგიდან XIX-XXსს-ის მიჯნაზე გარესამუშაოზე ყოველწლიურად 12 ათასი მამაკაცი გადიოდა. ზოგიერთი სოფლიდან კი ამ მიზნით, 20-30% გადიოდა.

დარგუელებს თავიანთი მოყვანილი მარცვალი დიდხანს არ ჰყოფნიდათ. ხორბალს ისინი ძირითადად ყუმუხებისაგან ყიდულობდნენ. შინამრეწველობიდან განსაკუთრებით განვითარებული იყო მატყლის დამუშავება (მაუდი, ხალიჩები, ფარდაგები, ნაქსოვი ტანსაცმელი), აგრეთვე: ლითონის, ხის, ქვის, ტყავის დამუშავება. ზოგიერთი სოფელი ამა თუ იმ ნაწარმის დამზადებით იყო სახელგანთქმული.

დარგუელებისათვის მთაში ძირითადი სატრანსპორტო საშუალება ცხენი იყო, ბარში _ ორბორბლიანი ურემი. დარგუელთა მატერიალური კულტურა საერთო დაღესტნური ნიშნების მატარებელი იყო.


image


დასახლება შეჯგუფული ტიპისა იყო. დარგუელთა სოფლები სიდიდით გამოირჩეოდა. ზოგიერთ მათგანში 700 კომლზე მეტი მკვიდრობდა, ბევრი იყო 100-დან 350-მდე კომლიანი სოფელიც.

სოფლები მდინარეთა ნაპირებზე ტერასებზე, მთის ფერდობებზე იყო შეფენილი. სოფელი რაც უფრო მაღლა მთაში მდებარეობდა, მით უფრო ნათლად იყო გამოკვეთილი მისი შეჯგუფული, საფეხურებრივი და ამფითეატრისებური ტიპი. ასეთ სოფლებში სახლები ერთმანეთზე იყო მიკრული. ქვედა სახლის სახურავი ზედა სახლის ეზოს წარმოადგენდა.

დარგუელთა სოციალური ორგანიზაციის საფუძველს სასოფლო თემი _ ჯამაათი წარმოადგენდა. სათემო საკუთრებაში იყო დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები, სახვნელი მიწები კი კერძო საკუთრებაში ჰქონდათ. არსებობდა აგრეთვე მეჩეთების (ვაკუფური) კუთვნილი მიწის ნაკვეთები და ფეოდალთა საკუთრებაში არსებული მიწები.

თემებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ თემთა კავშირები (სასოფლო საზოგადოებები), რომელთაგანაც ზოგიერთი დამოუკიდებელი (თავისუფალი) იყო, ზოგიერთი კი ფეოდალთა დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. კავშირები ხშირად უფრო დიდ კავშირებში იყვნენ გაერთიანებულნი. დარგუელების უმეტესობა ახუშის (აკუშის) სუპერკავშირში შედიოდა, რომელიც აერთიანებდა ახუშას (აკუშას), წუდახარის, მეკელის, უსიშას, მუღის და დროდადრო სირხის თემთა კავშირებს. დარგუელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხაიტაყის საუწმიოსთან თავისებურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა და ის უწუმი-დარგოს სახელს ატარებდა. ტარკის საშამხლოში შედიოდა გუბდენი და კადარი, ყაზიყუმუხის სახანოში _ ბერყუნ-დარგვა, სოფელი მემუღი კი _ ანდალალის ხუნძთა კავშირში.

თემების საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულებითი სამართლით (ადათით) და შარიათის ნორმებით რეგულირდებოდა. თემს უხუცესები მართავდნენ. ყველაზე უმნიშვნელოვანესი საკითხები კი სასოფლო ყრილობაზე წყდებოდა, რომელშიც ყველა სრულწლოვანი მამაკაცი მონაწილეობდა.


დარგოში ყველაზე გავრცელებულ ფენა თავისუფალი გლეხობა (უზდენები) იყო. უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ მონები, რომლებსაც უპირატესად საოჯახო სამუშაოებში გამოიყენებდნენ. კლასებისა და წოდებათა არსებობის მიუხედავად, დარგუელთა საზოგადოების სოციალური განშრევება და უთანაბრობა, მეცნიერთა მტკიცებით, XVIII-XIXსს-ში კლასობრივი თვალსაზრისით განვითარებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტით სოციალური განვითარება ნაციონალური და კულტურული კონსოლიდაციის დაუსრულებლობით ხასიათდებოდა.

დარგუელთა ოჯახის გაბატონებული ფორმა XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში პატარა ოჯახი იყო, რასაც 1886 წლის საოჯახო სიებიც ადასტურებს. ამ დროს ოჯახის საშუალო სიდიდე დარგოს ოკრუგში 4, 2 კაცი იყო, ხაიტაყ-თაბასარანში კი _ 4, 9. თუმცა ამ პერიოდში დიდი ოჯახებიც გვხვდებოდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მთელ დაღესტანში XIX-XX სს-ის მიჯნაზე დიდი ოჯახების რაოდენობა 13, 4%-ს შეადგენდა. დარგუელებში ასეთი ოჯახების პროცენტული რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. ოჯახები პატრილინეურ მონათესავე ოჯახთა ჯგუფთა გაერთიანებაში _ თუხუმში შედიოდნენ, რომლებიც ერთი წინაპრისაგან მომდინარეობდნენ და რომლებსაც მკვეთრად გამოხატული ნათესაური, იდეოლოგიური, საზოგადოებრივყოფითი და ეკონომიკური ერთობა ჰქონდათ.

თუხუმი უფრო პატარა ერთეულებად _ პატრონიმიებად იყოფოდა, რომლებსაც აქ ორი ტერმინით (ჟინსი, აღლუ) აღნიშნავდნენ. თუხუმი ეგზოგამიური არ იყო, მაგრამ არც მისი ენდოგამიურობა იყო აუცილებელი, რადგან ზოგჯერ დარგუელები საქორწინო პარტნიორის მოსაძებნად თუხუმის გარეთ, თემში (ჯამაათშიც) გადიოდნენ. სოფელი (თემი) კი მკაცრად ენდოგამიური იყო. თითქმის არ დასტურდება შემთხვევები სოფლის გარეთ დაქორწინებისა.

დარგუელთა ნათესაობის სისტემა არაბული ტიპის იყო. თუხუმში ნათესაობა მამის ხაზით მე-12 მუხლამდე აღინიშნებოდა. დარგუელთა ერთ-ერთი სოფლის მკვიდრთ ორიგინალური საქორწილო ჯგუფური ცეკვა ჰქონდათ. ცეკვის დროს მამაკაცები სახლის ფარგლებს ცდებოდნენ და ცეკვას სხვა სახლების სახურავებზე აგრძელებდნენ. წუდახარელები კი ჯგუფურ, წრიულ ცეკვას კოცონის ირგვლივ ასრულებდნენ.


image


დარგუელების ტრადიციული ყოფა ჩვეულებრივ ფეოდალურ-პატრიარქალური და ფეოდალურ-გვაროვნული იყო. მაგრამ მეცნიერები ხაზს უსვამენ იმას, რომ მასში როგორც ფეოდალური, ისე გვაროვნული საკმაოდ ცოტა იყო. საოჯახო ყოფაში ეს უპირველეს ყოვლისა ოჯახურ ურთიერთობებში, მამაკაცის ბატონობაში, ქალის მამაკაცისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა.

დარგუელების ბევრი ზნეობრივ-ეთიკური ნორმა სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულებაში იყო კონცენტრირებული. სტუმრის მიღებისას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მის ეთნიკურობას, კონფესიურობას, არც იმას, ის მეგობრული თუ მტრული ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

სტუმართმოყვარეობის დერივატი იყო ყონაღობა. ყონაღი არა მხოლოდ უბრალოდ სტუმარი, არამედ პირადი მეგობარიც იყო. ყონაღობა მემკვიდრეობითი იყო. ღირსების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტთაგანი სისხლის აღების ტრადიცია იყო. თუმცა დარგუელთა თემმა დროთა განმავლობაში სისხლის აღების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება მოახერხა.

ცეცხლის ჩაქრობის მიზნით იცოდნენ მკვლელის გაძევება. მორალისა და ეთიკის ტრადიციული ნორმები დარგუელების კვების კულტურაშიც აისახა. ჭამაში თავშეკავება მამაკაცის ერთ-ერთ ღირსებად ითვლებოდა, ღორმუცელობა კი _ სირცხვილად. დარგუელთა ყველაზე პრესტიჟული დღესასწაული პირველი ხნულის გავლება იყო. მასთან დაკავშირებული რიტუალებით დარგუელები თავს კარგი მოსავლით უზრუნველყოფდნენ. ეს დღესასწაული იყო ყველაზე მასობრივი, თამაშებით მდიდარი, სანახაობრივი, თავშესაქცევი, აწყობდნენ შეჯიბრებებს, იცოდნენ გამასპინძლება. მკვლევართა ვარაუდით, ეს დღესასწაული ადრესამიწათმოქმედო კულტურაში იღებს სათავეს. იცოდნენ წვიმის და მზის გამოწვევის რიტუალები.


დარგუელებში ხალხურმა კულტურამ და ხელოვნებამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია: დეკორატიულ-გამოყენებითმა ხელოვნებამ, სასიმღერო-მუსიკალურმა შესრულებამ, პოეზიამ, მუსიკამ, ცეკვებმა და ა.შ. მნიშვნელოვნად იყო განვითარებული ხალხური ხუროთმოძღვრება (კოშკები, სახლები, ციხე-სიმაგრეები, მეჩეთები, ხიდები, ქვაზე და ხეზე კვეთა). ქვის-მჭრელთა ხელოვნებიდან აღსანიშნავია საფლავთა სტელების კეთება. ამზადებდნენ საიუველირო ნაწარმს, იარაღს, კერამიკას.

შინამრეწველობიდან აღსანიშნავია ტყვავის დამუშავება, ხალიჩების, ფარდაგების წარმოება. დარგუელთა ეროვნული სპორტის სახეობებიდან ეთნოლოგიურ ლიტერატურაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: მძიმე ქვების სროლაში შეჯიბრს, ქვის მიწიდან აწევას, სირბილს, ხტომას, მარულას, კრივს, ჭიდაობას.


დარგუელები მუსლიმი-სუნიტები არიან. აქ ეს სარწმუნოება XIVს-ის შემდეგ გავრცელდა და აღმავლობას XVIII-XIXსს-ში მიაღწია. თუმცა ისლამი დარგუელებში სინკრეტული ხასიათის იყო, რადგან შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენებიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგიური ქმედებები.

დიდ განვითარებას მიაღწია ხალხურმა მედიცინამ. გარდა ხალხური ტრადიციებისა, ის აღმოსავლურ მედიცინასაც ეფუძნებოდა. სახალხო მკურნალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ჭრილობების, დაჟეჟილობის, მოტეხილობის, ნაღრძობების მკურნალობაში, აკეთებდნენ თავის ქალის ტრეპანაციას. ფიტოთერაპიული საშუალებებით კურნავდნენ ზოგიერთ შინაგან დაავადებას.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0