x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
არჩიბელები
image


არჩიბელები მთიან დაღესტანში, მდ. ყარა-ყოისუს შენაკადის მდ. ხატარის სათავეში (დღევანდელი ჭარადის რაიონში) მკვიდრობენ. არჩიბელთა თვითსახელწოდებაა არშაშდიბ (არშიშტობ). ლაკები მათ არჩის უწოდებენ, ხუნძები _ როჩისელს.

1866 წლის მონაცემებით, არჩიბელების რაოდენობა 592 კაცი იყო, 1886 წელს _ 804, 1926 წელს _ 900. შეფასებითი მონაცემებით, დღეისათვის არჩიბელების რაოდენობა დაახლოებით 1.200 კაცია. 1939 წლიდან არჩიბელებს, როგორც ეთნოსს აღარ აღრიცხავდნენ; ისინი ხუნძებად იყვნენ ჩაწერილი.

XXს-ის 30-იან წლებამდე არჩიბელები ერთ სოფელში _ ხერეში (ხუნძური როჩიბ, რუსული არჩიბ) ცხოვრობდნენ, რომელშიც ძველი ადათების მიხედვით ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ცხოვრების უფლება. წლის დანარჩენ დროს ისინი ხუტორებში ატარებდნენ, რომელთა ირგვლივაც ცხვრის გამოსაზამთრებლებიც არსებობდა.


არჩიბელთა ძირითადი სოფელი _ არჩიბი 1944 წელს მოსახლეობისაგან თითქმის დაიცალა, 258 კომლიდან სულ 45 დარჩა. მისი ბინადარნი მუდმივ საცხოვრებლად ხუტორებში გადავიდნენ, რომლებიც თანდათანობით გაიზარდნენ და სოფლებად გარდაიქმნენ. არჩიბული (არჩიული, არჭიული) კავკასიურ ენათა ოჯახის დაღესტნის ჯგუფის ლეზგიური ქვეჯგუფის ენაა; მოქცეულია ხუნძური და ლაკური ენების გავრცელების არეალში.

საუკუნეთა მანიძილზე მონათესავე ენების გავლენით დიდი ცვლილება განიცადა; თანამედროვე არჩიბულ ენას ლეზგიური და ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენებს შორის გარდამავალი ადგილი უჭირავს. იგი ხუნძური და ლაკური ენების ინტენსიურ ზემოქმედებას დღესაც განიცდის. მეცნიერთა მტკიცებით, შეინიშნება აგრეთვე დარგუულ ენასთან მისი ურთიერთობის კვალი. იმასაც აღნიშნავენ, რომ ენობრივად, მართალია, ისინი ლეზგიებს ენათესავებიან, ეთნიკური თვითშეგნებით კი _ ხუნძებს, კულტურით, როგორც ხუნძებს, ისე ლაკებს.


არჩიბელები დაღესტნის ისეთივე ძველი ავტოქტონური ხალხია, როგორც სხვები. არჩიბელების რომელიმე კონკრეტული დაღესტნური ხალხისაგან წარმომავლობის დადასტურება გაძნელებულია.

არჩიბელები პირველად იხსენიებიან მუჰამედ რაფის ისტორიულ ქრონიკაში (XIV-XVსს. მიჯნა). XVII-XVIIIსს-ში არჩიბელები ეკონომიკურად ყაზიყუმუხელ ხანებს ემორჩილებოდნენ და ხარკს საქონლითა და მარცვლეულით უხდიდნენ. ირანსა და რუსეთს შორის დადებული გულისტანის ზავით, დაღესტნის ტერიტორია რუსეთს გადაეცა.

XIXს-ის დასაწყისში არჩიბის სასოფლო საზოგადოება ყაზიყუმუხის სახანოს შემადგენლობაში შევიდა, რომელიც ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად ოკრუგად გარდაიქმნა. XIXს-ის ბოლოს არჩიბი ხუნძებით დასახლებულ ღუნიბის ოკრუგს შეუერთდა. მთელი XIXს-ის მანძილზე არჩიბელებს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ მეზობელ ხუნძებთან. არჩიბელები ხუნძებთან ერთად ერთ სასოფლო სათემო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებულნი.


არჩიბელები მუსლიმი-სუნიტები არიან. მაჰმადიანობა მათ Xს-ში მიიღეს. არჩიბელების ტრადიციული საქმიანობაა მეცხვარეობა და ურწყავი მიწათმოქმედება. მათი მეურნეობა კარჩაკეტილი ხასიათის იყო. ზამთარში ცხვარი სოფლებსა და მათ შემოგარენში ჰყავდათ, ზაფხულში _ ალპურ საძოვრებზე. სახვნელი მიწის ნაკვეთები მთის ქედებს და დამრეც ადგილებში ჰქონდათ. სასოფლო-სამეურნეო იარაღიდან აღსანიშნავია საერთოდაღესტნური რკინის სახნისიანი ხის კავი. ძირითადად თესავდნენ ქერს, ასლს, ხორბალს. მათთვის უცნობი იყო საბოსტნე და ბაღჩეული კულტურები. ნიორსა და ხახვს ყუმუხში ანდა ხუნძთა და ლაკთა სოფლებიდან მოსული წვრილი მოვაჭრეებისაგან ყიდულობდნენ.

მისდევდნენ ნადირობასა (ძირითადად ჯიხვზე) და მეფუტკრეობას. შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან აღსანიშნავია შალის ქსოვა, ორნამენტიანი ფარდაგების დამზადება და ხეზე კვეთა. სოფელი არჩი (არჩიბი) უბნებად იყოფოდა, რომლებშიც სხვადასხვა თოხუმის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრები მეჩეთები იყო.

მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს სასოფლო თემი თამაშობდა. სასოფლო მმართველობას მამასახლისი (ბეგაული) მეთაურობდა, რომელსაც სასოფლო თემი (ჯამაათი) კრებაზე ირჩევდა. ჯამაათი უხუცესთა რიგებიდან ირჩევდა აგრეთვე სოფლის მოსამართლეს, მამასახლისის დამხმარეებს (ჩაუშებს), განიხილავდა სოფლის ქადიის (მოსამართლის) კანდიდატურას. ჯამაათის ფუნქციაში შედიოდა აგრეთვე პატარა ოჯახებს შორის საძოვრების გადანაწილება, გზების, ხიდების, სასაფლაოს კეთილმოწყობა, მეზობლებს შორის ურთიერთობის საკითხები და სხვა.


ტრადიციული საოჯახო ყოფისათვის დამახასიათებელი იყო აგრეთვე უმცროსების უფროსებისადმი მორჩილება. არჩიბელებში დღესაც ტრადიციულია ურთიერთდახმარება, ნათესაური სოლიდარობა. წარსულში უპირატესობა ენიჭებოდა ნათესავებს შორის ქორწინებას. არჩიბელთა წეს-ჩვეულებები ძირითადად სამეურნეო ციკლთან იყო დაკავშირშებული. ზაფხულის მე-15 დღეს იცოდნენ ცხვრის საზაფხულო საძოვარზე გადარეკვის დღესასწაული, რასაც თან ახლდა სპორტული შეჯიბრებები (დოღი, ჭიდაობა, სიმძიმეების აწევა), ერთობლივი ტრაპეზი (მთავარი საჭმელი იყო ახლადამოყვანილი ცხვრის ყველი).


შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს “გლეგი ბუმულის” დღესასწაულს აწყობდნენ. ამ დღესასწაულის მთავარი მიზანი საქონლის ჯიშის გაუმჯობესება იყო. ბავშვები სახლიდან სახლში სიმღერით გადადიოდნენ და ოჯახებს ცხვრის გამრავლებას უსურვებდნენ. გაზაფხულზე იცოდნენ პირველი ხნულის გავლების დღესასწაული. სპორტული შეჯიბრებები ამ დროსაც იმართებოდა. იცოდნენ წვიმის გამოწვევის რიტუალიც.

არსებობს არჩიბულ ენაზე XIXს-ის დამწერლობის ძეგლები (რელიგიური ტრაქტატი, ლექსები), აგრეთვე მხატვრული და თეოლოგიური ნაწარმოებები, რომლებიც არჩიბელთა მიერ ხუნძურ, ლაკურ და არაბულ ენებზეა დაწერილი.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0