x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჰუნზიბელები
image


დასავლეთ დაღესტნის მთებში ცხოვრობენ ცეზური მოდგმის მცირერიცხოვანი ჰუნზიბელები. ჰუნზიბელების თვითსახელწოდებაა ჰუნზალ. ჰუნზიბელების ეთნიკური ტერიტორია წუნტის რაიონშია. მკვიდრობენ სოფლებში: ნახადა, გარბუტლი, ღელო, როდორი და ტოდორი.

ჰუნზიბელების მეზობლები არიან კაპუჭელები, დიდოელები, ანწუხელები და ხვარშიელები. ჰუნზიბელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონური ვარიანტის წარმომადგენლები არიან.

ჰუნზიბური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში შედის. ჰუნზიბელებში გავრცელებულია აგრეთვე, ხუნძური, რუსული, ქართული ენები. ბევრმა მეზობელი ხალხების: დიდოელების, კაპუჭელების და ჰინუხელების ენებიც იცის. ჰუნზიბური ენა უდამწერლობო ენაა. სადამწერლობო ენა მათთვის ხუნძურია.



ჰუნბიზელების რაოდენობის განსაზღვრა XX ს-ში ერთობ ძნელია, რადგან მათ ხან ხუნძებს და ხანაც კაპუჭელებს მიაკუთვნებდნენ. უკანასკნელი პერიოდის საენციკლოპედიო და ინტერნეტის მონაცემებით, ჰუნზიბელების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 1, 35 ათას კაცს უთანაბრდება, საერთო რაოდენობას კი 1, 7 ათას კაცს ანგარიშობენ. ამჟამად დასავლეთ დაღესტნის მთიანეთში მათი ეთნიკური განსახლების არეალში სულ 600 ჰუნზიბელი ცხოვრობს. 1866 წელს ჰუნზიბელების რაოდენობა 568 კაცი იყო, 1886წ. _ 426, 1894წ. _ 450, 1916წ. _ 479. წინააღმდეგობრივია საბჭოთა პერიოდის პირველი ორი აღწერის მონაცემებიც: 1926 წლის აღწერით 1100 ჰუნზიბელი იყო აღრიცხული, 1938 წელს კი სულ 400. ისტორიული ეთნიკური ტერიტორიის გარდა, ჰუნზიბელები დღეს დაღესტნის ბარშიც _ ყიზილიურტის რაიონშიც ცხოვრობენ (დაახლ. 750 კაცი). აქ ისინი საბჭოთა პერიოდში გადასახლდნენ.

საისტორიო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ჰუნზიბელებს დასავლეთ დაღესტნის მთიანეთის ტერიტორია ბოგოსის ქედის რაიონში და მდ. ავარიის ყოისუს შენაკად მდ. ტლოგლის ეხუს (ქართული ხვანორი) აუზში უკვე ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევარში ჰქონდათ დაკავებული.

ისევე როგორც ცეზური მოდგმის სხვა ხალხები, ჰუნზიბელებიც დიდოს სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში შედიოდნენ. ეს გაერთიანება XVს-ში დაიშალა. IV-V სს-დან ჰუნზიბელთა შორის ქრისტიანობას ქართველები ავრცელებდნენ. მათი განსახლებისა და მომიჯნავე ტერიტორიებიც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში იმყოფებოდა. XVს-დან ისლამმა დაიწყო გავრცელება. ამ დროიდან ისინი ანტლრატლის სასოფლო თემთა კავშირში შედიოდნენ.

ანტლრატლის შემადგენლობაში კაპუჭელებსა და ანწუხელებთან ერთად მათ ანწუხ-კაპუჭელთა კავშირი შექმნეს. ეს უკანასკნელიც XVII-XVIIIსს-ის მიჯნაზე ცალკეულ თემთა კავშირებად დაიშალა: უნზო (ჰუნზიბი), კაპუჭა და ანწუხი. ჰუნზიბელები ცარიზმის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური მონაწილენი იყვნენ. ამ ბრძოლაში ისინი მეორე ეტაპიდან, 1840-იანი წლებიდან ჩაებნენ.

1944 წელს ჰუნზიბელები იძულებით ჩაჩნეთში გადაასახლეს. უცხო მხარეში მათ 13 წელი გაატარეს და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მხოლოდ 1957 წელს დართეს. ჰუნზიბელები ჯამაათებად (თემებად) ცხოვრობდნენ. თითოეული ჯამაათი (თემი) სოციალ-პოლიტიკურ დამოუკიდებელ ტერიტორიულ-ნათესაურ წარმონაქმნს წარმოადგენდა. ის მესაქონლე და მიწათმოქმედი თავისუფალი მეთემეებისაგან შედგებოდა.

უმაღლესი ორგანო იყო ჯამაათის სრულწლოვანი მამაკაცების კრება ანუ სოფლის ყრილობა. ყოველდღიური მმართველობის ფუნქციას უხუცესები ასრულებდნენ, რომლებიც იმავე დროს სანათესაო გაერთიანების _ თუხუმების მეთაურებიც იყვნენ. სოციალური თვალსაზრისით, ჯამაათის წევრები თანასწორნი იყვნენ, თუმცა სოციალური დიფერენციაცია ადრე შუა საუკუნეებიდანვე შეინიშნებოდა. ჰუნზიბელთა ოჯახების პირად საკუთრებაში მხოლოდ სახვნელი ნაკვეთები და ნაწილობრივ სათიბებიც იყო.


ჰუნზიბელების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მესაქონლეობა (უმთავრესად მომთაბარე მეცხვარეობა), მიწათმოქმედება და ხელოსნობა იყო. მისდევდნენ მონადირეობასაც. სახვნელი ნაკვეთები ძირითადად ფერდობებზე ჰქონდათ შეფენილი, იშვიათად ტერასებიც ჰქონდათ. მოჰყავდათ ქერი, ჭვავი, შვრია, ფეტვი. განვითარებული იყო მატყლის დამუშავება (მაუდი, ქეჩა, ფეხსაცმლის ქსოვა, ფარდაგები, ხურჯინები), მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება.

საჯდომ და საჭაპანო ტრანსპორტად ძირითადად ცხენს, იშვიათად, სახედარს იყენებდნენ. ჰუნზიბელთა საზოგადოებრივ, საოჯახო და პირად ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა საოჯახო-ნათესაურ გაერთიანებას _ თუხუმს. მასში რამდენიმე სანათესაო ოჯახი შედიოდა, რომლებსაც საერთო წარმოშობა, ერთი წინაპარი აკავშირებდათ. თემში (ჯამაათში) ორიდან რვამდე თუხუმი იყო გაერთიანებული. ოჯახის საყოველთაოდ გავრცელებულ ფორმას პატარა ოჯახი წარმოადგენდა. გაბატონებული იყო პატრიარქალური ურთიერთობები. აქ ასაკით უფროსის ერთგვარი კულტი არსებობდა.


ორიგინალური იყო ჰუნზიბელთა ზოგიერთი ტრადიციული საქორწილო რიტუალი. აუცილებელი იყო ნეფე შიშველი ფეხებით ხანჯალზე, დანაზე დამდგარიყო, რათა თავი დაეცვა არაკეთილმოსურნეთა შელოცვისაგან. ზოგიერთ სოფელში ნეფის ნათესავებს პატარძალი გადაჯაჭვული ხელებით გადაჰყავდათ, რომელსაც ცხვრის ქურქები, ნაბდები, ხალიჩები ჰქონდა დაფარებული. ნეფის სახლთან პატარძალს ნეფის ნათესავი ქალი წყალს გადაასხამდა.

ნეფის ეზოში ჯგუფური ცეკვა იმართებოდა, რომელთა შორის ორი-სამი ადამიანი გადაცმული იყო. მოცეკვავეებს სამხიარულოდ ხშირად პატარძლის მზითევით აკიდებული სახედარი შემოჰყავდათ. ხშირად ნეფეს საწოლში ადამიანის სიმაღლის ჩვრების თოჯინას ახვედრებდნენ. ნეფე კი ეძებდა თავის პატარძალს და ეს ძებნა გრძელდებოდა იქამდე, სანამ ის მას ტკბილეულითა და ხილით არ “გამოისყიდიდა”.

ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი საინტერესო წეს-ჩვეულებაც: პირველ საქორწინო ღამეს პატარძალი საქმროს (ქმარს) აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. საქმროს აუცილებლად 7-15 შარვლის დაბრკოლება უნდა გადაელახა და ისინი ხელით გაეხსნა. ჰუნზიბში ძირითადად პატარა ოჯახები იყო გავრცელებული. ჰუნზიბელთა სოფელი საფეხურებრივ-შეჯგუფული იყო. ისინი მთის ფერდობებზე იყო შეფენილი, ისე რომ, მათში შესვლა მხოლოდ ერთი მხრიდან შეიძლებოდა. აშენებული ჰქონდათ ბევრი საბრძოლო კოშკი. ნაგებობათა გარეთა კედლები ყრუ იყო. ისინი ერთმანეთზე იყო მიდგმული. მათ მხოლოდ სათოფურები ჰქონდათ. ჩვეულებრივ, სოფლის ცენტრში მეჩეთი იდგა. მამაკაცთა თავშესაყრელი ადგილიც აქვე იყო.

ჰუნზიბელები ტანსაცმლის ყველა მასალას სოფელში ამზადებდნენ. მათი საკვები ძირითადად ფქვილის, ხორცისა და რძისაგან მზადდებოდა. ჰუნზიბელები მუსლიმი-სუნიტები არიან. აღნიშნავდნენ რელიგიურ და კალენდარულ დღესასწაულებს. შემოდგომასა და ზამთარში სქესობრივი და ასაკობრივი ნიშნით მამაკაცებსა და ქალებში გავრცელებული იყო გასართობი და სამხიარულო შეკრებები _ ე.წ. საქმის საღამოები. ზეპირი ხალხური შემოქმედება მშობლიურ და ხუნძურ ენებზე ჰქონდათ.


ჰუნზიბელ მკურნალებს მრავალი ავადმყოფობის დიაგნოსტირება და მკურნალობა შეეძლოთ. შემორჩენილია ტრადიციული რწმენაწარმოდგენების გადმონაშთები. იცოდნენ ხარების გამოყვანის ანუ პირველი ხნულის გავლების დღესასწაული, რაც კოლექტიური ტრაპეზით, დოღით, სირბილში შეჯიბრით და ჭიდაობით მთავრდებოდა.

ზამთრის დადგომასაც 20-21 დეკემბერს სადღესასწაულო ვახშმით, მილოცვით, ხუმრობით, კოცონის ანთებით და მასზე გადახტომით, გადაცმული ახალგაზრდების მსვლელობით აღნიშნავდნენ. ასევე დღესასწაული იყო ნაკელის მინდორში გატანა და სხვა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0