x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ახვახები – ბალკანურ კავკასიური ტიპის ხალხი კავკასიაში
image


ახვახელები დაღესტნის ძირძველი მკვიდრები არიან. ისინი მცირერიცხოვნებით გამოირჩევიან. ახვახელების საერთო რაოდენობა დაახლ. 6, 5 ათასი კაცია. აქედან ოთხი ათასი დაღესტნის დასავლეთში ცხოვრობს, ორი ათასი _ აზერბაიჯანში. ახვახელების ენდოეთნონიმია აშვადო.

მეზობელი ხუნძების ერთი ნაწილი, კარატაელები და ბაგულალები მათ სადაკლიტუს უწოდებენ, ხუნძების მეორე ნაწილისათვის ისინი გახვალალები არიან. დაღესტნის სხვა ხალხები ახვახელებს ხუნძებისაგან არ ანსხვავებენ, რაც უპირველეს ყოვლისა იმან განაპირობა, რომ საბჭოთა პერიოდში 1930-იანი წლების ბოლოდან მათ ცალკე ეთნოსად არ თვლიდნენ და როგორც ხუნძები ისე აღირიცხებოდნენ.

ახვახელები დიდი ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიურ ტიპს მიეკუთვნებიან. ლაპარაკობენ ახვახურ ენაზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურდაღესტნური ჯგუფის ანდიურცეზურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება.


ახვახური ენა ორ დიალექტად იყოფა: ჩრდილოური და სამხრეთული. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ორ კილოთქმას შეიცავს (ცეკობურს და ტლიანუბურს). ახვახელები სამენოვან ეთნოსს მიეკუთვნებიან. მოსახლეობის დიდი უმეტესობა, დედაენასთან ერთად, ლაპარაკობს აგრეთვე ხუნძურ და რუსულ ენებზე. ხუნძური არა მხოლოდ ეთნოსის შიგნით საურთიერთობო ენაა (სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრეთათვის), არამედ სხვა ანდურცეზურ ხალხთან კონტაქტისაც.

ახვახელებს დამწერლობა აქვთ ხუნძურ ენაზე, რომელიც რუსულ გრაფიკს ეყრდნობა. უფრო ადრე, XIXსის დასაწყისიდან კი ხუნძურ და ახვახურ ენებზე არსებობდა დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე. ახვახელთა ნაწილი ყუმუხურ და აზერბაიჯანულ ენებსაც ფლობს.


ტერიტორიულად ახვახელები ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ახვახელებად იყოფიან. ჩრდილოეთ ახვახელები (“ცუნტა-ახვახ”) ჩრდილო-დასავლეთ დაღესტანში ბოგოსის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე არიან განსახლებული. აქ მათი სოფლები მდ. ანდის ყოისუს მარჯვენა შენაკადებზეა შეფენილი. ეს სოფლებია: კვანკერი, ცვაკილკოლო, ტად-მაგიტლი, ლოლო-გონიტლი, კუდიაბ-როსო, იზანი (დაქვემდებარებული არიან დღევანდელი დაღესტნის ახვახის რაიონისადმი). მათგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბოგოსის ქედის აღმოსავლეთ ქედზე, ავარიის ყოისუს მარცხენა შენაკადებზე განლაგებულია სამხრეთ ახვახელების (“რატლუ-ახვახ”) სოფლები: ცეკობი, ტლიანუბი, და რატლუბი (ახლანდელი შამილევსკის რაიონი).

ახვახელთა დასახლებები თუხუმური მოსახლეობის დასახლებების შედეგად წარმოიქმნა, რომელთა რაოდენობა ასეულ ერთეულს აჭარბებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი აქ მონღოლებამდელ პერიოდში დაიწყო და ის დაახლოებით ექვსშვიდ საუკუნეს გაგრძელდა და დამთავრდა მხოლოდ XIX-XXსს-ის მიჯნაზე. ახვახის მოსახლეობა ადრე შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, მაგრამ გვიან (XVI-XVIIსს.) ხუნძეთის სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებულთა ხარჯზე ივსებოდა.

ახვახელთა მეზობლები ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არიან ხუნძები, დასავლეთით _ ბაგულალები, სამხრეთ-დასავლეთით _ თინდალები, ჩრდილოეთით _ კარატაელები.


XVIIXVIIIსს-ში ახვახელთა ნაწილი აღმოსავლეთ კახეთში (დღევანდელ საინგილოში), ზაქათალას რაიონში გადასახლდა და ასე იქცნენ ისინი საბჭოთა პერიოდში შექმნილი აზერბაიჯანის მოქალაქეებად. საინგილოში ახვახელები ცხოვრობენ როგორც შერეულად (ზაქათალა, ჭარი და სხვ.), ისე განცალკევებულად (სოფ. ახვახდერე). საბჭოთა პერიოდში ახვახელთა ნაწილი დაღესტანშივე, ყუმუხეთის ბარში, თერგსა და სულაკს შორის, ჩასახლდა. ახვახელებით განსახლებული მხარე მთიანი ადგილმდებარეობისაა.

ახვახის მთათა ფერდობებზე შესანიშნავი საძოვრები მდებარეობს. ახვახელები ადრე შუა საუკუნეების საისტორიო წყაროებში არ მოიხსენიებიან, მაგრამ მკვლევარები ფიქრობენ, რომ ისინი ანტიკური წყაროებისათვის ცნობილ ანდიურ-ცეზურ ხალხთა ერთობლივი სახელით ცნობილ დიდურებში (ქართული წყაროებით დიდოები) შედიოდნენ.

ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებული აქეოლოგიური მასალებით, აშკარაა, რომ ანდიის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მიწათმოქმედი, ბინადარი მესაქონლე და ლითონის დამუშავების მაღალი კულტურით გამოირჩეოდა. XV-XVI საუკუნეებისათვის რიგი შიდა და გარე მიზეზებით, დიდოთა ეთნოპოლიტიკური გაერთიანება დაიშალა, რის შედეგადაც ნაწილობრივ ჩამოყალიბდა სასოფლო თემთა დამოუკიდებელი კავშირები, მათ შორის, ახვახის “თავისუფალი საზოგადოება”.

ახვახელთა მთელი შემდგომდროინდელი ისტორია ხუნძთა ხანებისა და გიდატლის იდეოლოგიური და პოლიტიკური შეტევის წინააღმდეგ ბრძოლაა. XVI-XVIIსს-ში ახვახის ტერიტორიის ნაწილი კავშირს მოწყვიტეს, რომელიც შემდეგ გიდატლის საზოგადოების შემადგენლობაში შევიდა (რატლუ-ახვახ, სოფლები: რატლუბი, ცეკობი და ტლიანუბი).

რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ დაღესტნისა და ჩაჩნეთის ერთობლივ ბრძოლაში ახვახელებმა ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს, რომლებიც შამილს 1840-იანი წლების დასაწყისში შეუერთდნენ.


image


1860-იან წლებში ახვახში, ისევე როგორც მთელ დაღესტანში, სამხედრო-სახალხო მმართველობა შემოიღეს. დღეისათვის კარატაელებთან, ხუნძებთან და ბაგულალების მცირე ნაწილთან ერთად (სოფლები ტდიბიშო და თლისი) ისინი დაღესტნის ახვახის რაიონში ცხოვრობენ, ნაწილი კი _ შამილსკის რაიონში.


ახვახელთა რაოდენობა XIXს-ის მეორე ნახევრიდან XXს-ის პირველ ათწლეულამდე ასეთი იყო: 1866 წ. _ 2464 კაცი, 1886წ. _ 3585, 1894 წ. _ 3725 და 1916 წელს _ 2901 კაცი. მოსახლეობის რაოდენობის ასეთი კლების მიზეზი გაურკვეველია. საბჭოთა პერიოდში ახვახელთა რაოდენობამ იმატა. 1926 წლის მონაცემებით ისინი უკვე 3700 იყვნენ, 1938 წელს _ 4700. შემდეგი პერიოდის აღწერებში ახვახელებს ხუნძებად წერდნენ. 1959 წ. ახვახის ექვსი სოფლისა და შამილსკის რაიონის სამი სოფლის ახვახური მოსახლეობა 2324 სული იყო, 1970 წელს _ 4300 კაცი და 1979 წელს _ 5045 კაცი.

როგორც სხვა დაღესტნელები, ახვახელებიც შედიან დაღესტნის ისტორიულ-კულტურულ ოლქში, რომელიც თავის მხრივ, კავკასიის ისტორიულ-კულტურული პროვინციის ნაწილს წარმოადგენს. ახვახელები მასში როგორც ეთნოკულტურული, ისე სამეურნეო-კულტურული თვალსაზრისით შედიან.

ახვახელთა ტრადიციული საქმიანობა მომთაბარე (გადარეკვითი) მეცხოველეობა და სახვნელი მიწათმოქმედება იყო. მოშენებული ჰყავდათ (ძირითადად) ხუნძური და ანდიური ჯიშის ცხვარი, თხა, მსხვილფეხარქოსანი საქონელი, დაღესტნური ჯიშის ცხენი.

ტერასებზე, რომლებიც ნაწილობრივ ირწყვებოდა, მოჰყავდათ ქერი, შვრია, სვია. XIXს-ის მეორე ნახევრიდან _ სიმინდი და კარტოფილი. მისდევდნენ მეფუტკრეობას. ხელოსნობის დარგებიდან ახვახელებმა იცოდნენ ცხვრის ტყავის დამუშავება, ხით ხუროობა, ქვით ხუროობა, მჭედლობა.


მამაკაცებს შორის გავრცელებული იყო და დღესაც გავრცელებულია გარე სამუშაოზე სიარული: აზერბაიჯანში, შუა აზიაში, რუსეთის სხვადასხვა რაიონებში, სადაც ისინი ქვის მთლელებად, დურგლებად და მწყემსებად მუშაობდნენ. ახვახის თემთა კავშირი ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ კავშირსაც წარმოადგენდა. საერთო საკითხების გადასაწყვეტად თემთა კავშირის წევრები სოფ. ტადმაგიტლის მახლობლად იკრიბებოდნენ. ყოველი სასოფლო საზოგადოება (თემი) წარმოადგენდა თვითმმართველობით, თვიმარეგულირებელ და თვითმაკონტროლებელ ერთეულს.

უმაღლესი ორგანო სრულწოვან მამაკაცთა ყრილობა იყო. საზოგადოებრივი, თუხუმებშორისი, ოჯახებსშორისი, შიდასაოჯახო ურთიერთობები ჩვეულებითი სამართლის ნორმებით (ადათით) და შარიათით რეგულირდებოდა.

ახვახელთა ერთგვაროვან სოციალურ ორგანიზაციაში დიდხანს XIXს-მდე გამოიყოფოდა ადგილობრივი მმართველობითი ზედაფენა, შეძლებული მესაქონლეები და მიწათმოქმედნი, რომლებიც საზოგადოების ერთგვარად ფეოდალიზირებულ ფენას წარმოადგენდნენ. საზოგადოების არასრულფასოვანი წევრები, რომლებიც ყოფილ მონათა შთამომავლები იყვნენ, უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რამდენადმე მნიშვნელოვან როლს ვერ თამაშობდნენ.

ზამთარში ცხვრის მნიშვნელოვან რაოდენობას ახვახელები წლების განმავლობაში აზერბაიჯანის, საქართველოს, ყუმუხეთის დაბლობებში აძოვებდნენ. იქვე გასაყიდად მიჰქონდათ მაუდი, მატყლი, გამომშრალი ხორცი, ყველი, ერბო და ა.შ. ახვახელთა ოჯახის გაბატონებული ფორმა იყო პატარა ოჯახი. დაქორწინებისთანავე ცდილობდნენ ახალგაზრდები ცალკე დაესახლებინათ. თუმცა XXს-ის დასაწყისამდე გვხვდებოდა დიდი, გაუყოფელი ოჯახებიც.

შიდასაოჯაო ურთიერთობები პატრიარქალურ საწყისებს ეფუძნებოდა: უმცროსები ემორჩილებოდნენ უფროსებს, ქალები _ კაცებს, ოჯახის ყველა წევრი _ ოჯახის უფროსს.

ნაწილობრივ დღესაცაა შემორჩენილი პატრიარქალური სისხლნათესაობითი გაერთიანებები _ თუხუმები. ნათესაობას უპირატესად მამის ხაზით ითვლიდნენ, დედის ხაზით კი _ მეოთხე მუხლამდე. საოჯახო ცხოვრებაში მისდევდნენ აკრძალვებისა და უმძრახობის წეს-ჩვეულებებს, პატივს მიაგებდნენ უფროსებს; იცოდნენ ნათესაური და მეზობლური ურთიერთდახმარება, თუხუმური სოლიდარობა, უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი სტუმართმოყვარეობა.

ახვახელთა ტრადიციული დასახლება საფეხურებრივ-შეჯგუფული დაგეგმარებისა იყო. ისინი ხეობათა ქედებზე იყო განლაგებული. მრავალსართულიანი სათვალთვალო (სადარაჯო) კოშკები სოფლების მისასვლელებში იყო აგებული. ტვირთების ახლო და შორეულ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის ძირითადად სახედარსა და ცხენებს იყენებდნენ. ახვახში ბორბლიანი ტრანსპორტი არ იცოდნენ. სოფელსა და მის ახლომახლო ტვირთი ძირითადად სათრეველა ტრანსპორტით გადაჰქონდათ, რომელშიც ხარებს აბამდნენ.


ტანსაცმელი საერთოდაღესტნური ტიპის ჰქონდათ. ახვახელი მამაკაცები თავს იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს _ არა. ზამთრობით მამაკაცები მრავალდღიან გასართობ შეკრებებს აწყობდნენ. შემუშავებული ჰქონდათ ხალხური სასოფლო-სამეურნეო კალენდარი.

ძალიან ორიგინალური იყო მთელი დაღესტნისათვის პირუტყვის გაწყვეტის წინააღმდეგ ბრძოლის ახვახური წეს-ჩვეულება, ე.წ. მოხვნის წესი, რომლის დროსაც ღამით 12 ქალი გუთანში შეებმებოდა და მას სოფლის გარშემო ათრევდნენ. ისინი მუქარას უთვლიდნენ და წყევლიდნენ ზულულას. ეს წესი შავი კატის მოკვდინებითა და დასაფლავებით მთავრდებოდა.

წვიმის შესაწყვეტად იცოდნენ ახალგაზრდების სოფლის გარშემო რიტუალური სირბილი. ახვახელებში განვითარებული იყო ხალხური მედიცინა.

XVს-დან ხუნძახის სახანო და გიდატლის კავშირი ისლამის გავრცელების დროშით აქტიურ ბრძოლას ეწეოდა ახვახელების წინააღმდეგ. ისლამიზაციის პროცესი საუკუნეების განმავლობაში გაიწელა და მხოლოდ XVIIIს. II ნახევარში დასრულდა.

მაჰმადიანობამ ფესვები მყარად გაიდგა, მაგრამ მაინც შემორჩენილია ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ანიმისტურ წარმოდგენებთან, აგრეთვე მიწის, ცის, მზის, ცეცხლის, ვარსკვლავების, მთვარის, ჭექა-ქუხილის, მეხის, მთის მწვერვალების, ტყეების, მდინარეების და სხვათა კულტთანაა დაკავშირებული. დღეს ახვახელები მუსლიმი სუნიტები არიან. სამლოცველო სახლები ახვახის ყველა სოფელშია, უმეტეს მათგანში ფუნქციონირებენ მეჩეთები.


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0