x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თათები – არიული მოდგმის ხალხი კავკასიაში
image


თათები ჩრდილოეთ კავკასიაში (დაღესტანში) მცხოვრები პატარა ხალხია. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე აზერბაიჯანსა და ირანში. თათების თავდაპირველი განსახლების არეალია ირანი. აქ თათები ირანის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, თეირანსა და ყაზვინს შორის გაბნეულად არიან განსახლებულნი.

ირანში თათების რაოდენობა 300 ათასი კაცია. ირანში მკვიდრობენ როგორც მთაში (ტალიკანის რაიონში), ისე ბარში (ზოხრას რაიონში). ტალიკანი ყაზვინიდან 36 კილომეტრში მდებარეობს. აქ თათების სოფლები შახრუდის ხეობაშია გაფანტული. იყოფა ზედა, შუა და ქვემო ტალიკანად.

ტალიკანში 78 თათურ სოფელს ითვლიან, ზოხრაში _ 28 სოფელს. სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ ზოხრელი თათების კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია საერთოევროპულ და აზერბაიჯანულ კულტურას. გეოგრაფიული იზოლირებულობის მიუხედავად, ტალიკანელ და ზოხრელ თათებს შორის მჭიდრო კავშირი არსებულა. ისინი ხშირად ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ.



1999 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში თათების რაოდენობა 10, 9 ათასი კაცია, დაღესტანში _ 12, 9 ათასი. მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში (რუსეთის ფედერაციაში მათი საერთო რაოდენობა 19, 4 ათასის ფარგლებშია).

თათების თვითსახელწოდებაა “თაგ”. თათები ლაპარაკობენ თათურ ენაზე, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფში შედის. სამეცნიერო ლიტერატურაში იმასაც აღნიშნავენ, რომ თათური ენა ფარსის დიალექტია, რომელზედაც თავდაპირველად ლაპარაკობდნენ აღმოსავლეთ მიდიაში და ის ახლოს იყო მაზანდარანულთან, თალიშურთან, გილანურთან, დარიულთან. დღევანდელ თათურს ორი დიალექტი აქვს: სამხრეთული და ჩრდილოური. ჩრდილოური დიალექტი დაღესტნის ერთერთი ლიტერატურული ენაა. დამწერლობა ეფუძნება რუსულ ანბანს. ოქტომბრის გადატრიალებამდე თათები სამწერლობო ენად სპარსულს იყენებდნენ, უმნიშვნელო რაოდენობა კი არაბულ ენას ფლობდა.


თათები ძირითადად მუსლიმი-შიიტები არიან. აზერბაიჯანში გვხვდებიან მონოფიზიტი (გრიგორიანი) ქრისტიანებიც. სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად ისიცაა აღნიშნული, რომ თათებს შორის არიან იუდეველებიც, რაც ერთგვარი არევდარევის შედეგია. იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მთის ებრაელების დედა ენა თათური ენა იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ XXს-ის 30-იან წლებიდან მთის ებრაელები პიროვნების დამადასტურებელ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებში თათებად ჩაწერა.

1970-1980-იან წლებში დიდი ძალა დაიხარჯა იმ თეზისის დასამტკიცებლად, რომ “თათები და მთიელი ებრაელები ესაა ეთნოგენეტიკური ერთობა, რომლებიც კონფესიური ნიშნით ხელოვნურად არიან გათიშულნი”. აზერბაიჯანში მუსლიმი თათები ცხოვრობენ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანში (ძირითადად აფშერონის ნახევარ-კუნძულზე). აზერბაიჯანში თათების განსახლების ძირითადი არეალი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთია. ცხოვრობენ ბაქოს გარშემო აფშერონის ნახევარკუნძულზე. ნახევარკუნძულის 40 დასახლებული პუნქტიდან 33 თათურია.


რუსების მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის დროს, XIX ს-ის დასაწყისში, ქალაქ ბაქოში 8 ათასი თათი ცხოვრობდა და მათ გარდა აქ სხვა ეთნოსის წარმომადგენლები არ ბინადრობდნენ. XIX-XX საუკუნეებში აზერბაიჯანელებმა თათების დიდი ნაწილის ასიმილაცია მოახდინეს, მათ თათური ენა დაკარგეს და ენასთან ერთად თვითშეგნებაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზერბაიჯანში 1999 წელს 10, 9 თათი მკვიდრობდა. 1931 წელს კი ამ ქვეყანაში 60, 5 ათასი თათი იყო აღრიცხული. 1886 წელს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 121 ათასზე მეტი თათი მკვიდრობდა.

ბაქოს მაზრაში თათები მთელი მოსახლეობის 82%-ზე მეტნი იყვნენ, ყუბის მაზრაში ეს მაჩვენებელი 36, 6%-ს უდრიდა. მთლიანად ბაქოს გუბერნიაში თათების პროცენტული რაოდენობა 16, 6 იყო. აზერბაიჯანში თათების ორ სოფელში ქრისტიანობის სომხური მიმართულება _ გრიგორიანობა მიიღეს. საბჭოთა პერიოდში ისინი პრაქტიკულად გასომხდნენ და ყარაბახის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და რუსეთში მიგრირდნენ.

დაღესტანში თათები განსახლებულნი იყვნენ ქ. დერბენტის დასავლეთით, მთისწინა ზოლში. ცხოვრობდნენ სოფლებში: ჯალგანში, მიტაგში, კამახში, რუკელში, ზიდონში, ბილგადში, მუგარეთში, გიმეელში, აგრეთვე ახალ დასახლებულ პუნქტებში _ ხაზირსა და ქვემო ჯალგანში. აქ ისინი შერეულად ცხოვრობენ აზერბაიჯანელებთან და ბევრი თავს აზერბაიჯანელადაც თვლის, როგორც ყოფით, ისე ოფიციალურად.

ბევრი თათი აზერბაიჯანულად ლაპარაკობს, რადგან ადგილობრივ სკოლებში მშობლიურ ენად აზერბაიჯანულს ასწავლიან. ქრისტიანი-მონოფიზიტები აზერბაიჯანის ორ სოფელში ცხოვრობენ და 1939 წლის შემდეგ ისინი სომხებად ჩაწერეს.


image


ეთნონიმი “თათი” თურქული წარმოშობისაა. თურქი მომთაბარეები ასეთი სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ყველა დამორჩილებულ ხალხს, რომელიც ბინადარ ცხოვრებას მისდევდა.

ანთროპოლოგიურად თათები დიდი ევროპეიდული რასის წინააზიურ რასას მიეკუთვნებიან. თათების კავკასიაში მოსვლის შესახებ ორი სხვადასხვა შეხედულებაა. ერთი შეხედულებით, თათების კავკასიაში მიგრაცია აქ სასანიდების ექსპანსიასთანაა დაკავშირებული.


ირანულმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთი საზღვრების დაცვის მიზნით, დერბენტის რაიონში მეომარი კოლონისტები დაასახლა. თათები სწორედ ამ კოლონისტების შთამომავალნი არიან.

ისტორიული წყაროებით, თათები კავკასიაში პირველად VII-X სს-ში იხსენიებიან. სხვა შეხედულებით, ხაზარეთის სამეფოს განადგურების შემდეგ და ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების გამო, ებრაელთა ცხოვრება უაღრესად მძიმე გახდა.

ამის გამო, ბევრი ებრაული სოფლის მოსახლეობა ისლამზე გადავიდა. ამათგან მომდინარეობენ დღევანდელი თათი-მუსლიმები. ეს მეორე შეხედულება გასაზიარებელი არაა. ცნობილია, რომ მსოფლიოში განსახლებულმა ებრაელებმა თავიანთი ენა დაკარგეს, მათ შორის, ირანში მცხოვრებმა ებრაელებმაც, რომლებიც შემდეგ ხაზართა სამეფოში გადასახლდნენ და როგორც ირანიდან გადასახლებულები ისინი თათურ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათ შეიტანეს ხაზარეთში იუდაიზმი, რომელიც ამ სამეფოს სახელმწიფო რელიგიადაც იქცა. ასე რომ, მთიელი ებრაელები და თათები სრულიად სხვადასხვა წარმოშობის ხალხია, რომლებიც უბრალოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათი მიგრაციაც კავკასიაში სხვადასხვა დროს განხორციელდა.


ცნობილი მეცნიერი ვს. მილერიც წერდა, რომ “თათები”, რომლებიც იუდაიზმს აღიარებენ სრულებითაც, საერთოდ არ არიან თათები, არამედ ისინი არიან თათურად მოლაპარაკე ებრაელები. სამართლიანად ვარაუდობენ, რომ ირანის ტერიტორიაზე მისული ებრაელები, შემდეგ ატროპატენაში გადავიდნენ, აქ სპარსელებს შორის განსახლებულებმა, აითვისეს მათი ენა, ბოლოს კი ჩრდილოეთში გადასახლდნენ.

XIXს-ის მეორე ნახევრამდე დაღესტანში მცხოვრები თათები ხაიტაყისა და თაბასარანის საფეოდალოებში შედიოდნენ. თათები მიწათმოქმედები იყვნენ. მარცვლეული კულტურებიდან მოყავდათ ხორბალი, XIXს-დან _ სიმინდი. განვითარებული იყო მებაღეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მებაღჩეობა. XIXს-ის 40-70-იან წლებში დაკავებულნი იყვნენ ენდროს შეგროვებით. თათებს სასოფლოსამეურნეო კულტურების მნიშვნელოვანი ნაწილი ბაზარზე გაჰქონდათ. გარდა ამისა, თათები მისდევდნენ მესაქონლეობასაც (მსხვილფეხარქოსანი საქონელი, ცხვარი), ჰყავდათ ბევრი ფრინველი.

თათი მამაკაცების დიდი ნაწილი შემოდგომა-ზამთრის სეზონში ნავთისა და მარილის სარეწებზე მუშაობდა. განვითარებული იყო შინამრეწველობა და ხელოსნობა (მეხალიჩეობა, მეაბრეშუმეობა, მაუდის ქსოვა, ტყავის დამუშავება, ხის ნახშირის წარმოება).

თათები დაღესტნის სხვა ხალხებთან ერთად, დაღესტნის ისტორიულ-კულტურულ ოლქში შედიოდნენ. ქალაქელი თათები (დერბენტი, მაჰაჭყალა, ხასავიურთი, იზბერბაშლი) ქალაქის მოსახლეობის საერთო მასისაგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ირანის სოფლებში თათები საოჯახო-ნათესაური ჯგუფების პრინციპით იყვნენ განსახლებულნი. ასეთი ჯგუფები აქ ტერმინით “ბონა” აღინიშნებოდნენ. თითოეული ბონა ერთი წინაპარი მამაკაცისაგან მომდინარეობდა. ყველა ბონას თავისი სახელწოდება ჰქონდა. სოფელში ბონები უბნების მიხედვით იყვნენ განსახლებულნი.

ირანელ თათებში უაღრესად განვითარებული იყო მიწათმოქმედება. ჰქონდათ შესანიშნავად მოვლილი ვენახები. ყურძენს მთელი წლის განმავლობაში ჭამდნენ, იცოდნენ ქიშმიშის ორი წესით (მზესა და შენობაში) დამზადება.

თათელთა ოჯახები გაერთიანებულნი იყვნენ სანათესაო კოლექტივში (ჯამაათში). სამართალწარმოება ჩვეულებითი სამართლის (ადათის) ნორმებს ემყარებოდა. გავრცელებული იყო მუსლიმური სამართლის (შარიათის) ნორმებიც.


image


სოციალური თვალსაზრისით თათები თანასწორნი იყვნენ, თუმცა, მათ შორის, ქონებრივი დიფერენციაცია საკმაოდ შორს იყო წასული. თათები ძალიან შრომისმოყვარენი და ამავე დროს, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეთნიკურად შეკრულნი, აუჩქარებელნი და დინჯნი იყვნენ.

თათებში ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო. გაუყოფელი, დიდი ოჯახი თათებს შორის იშვიათობას წარმოადგენდა. ძალიან დიდი იყო ოჯახის უფროსის ავტორიტეტი.

გარიგებითი ქორწინების გარდა, იცოდნენ ქალის მოტაცება, გაცვლა-გამოცვლითი ქორწინება, აკვანში დანიშვნა, მცირეწლოვნების დანიშვნა, ლევირატისა და სორორატის ფორმები. საქმრო პატარძლის მშობლებს ყალიმს (ურვადს) ნივთებითა და ფულით უხდიდა. ამას გარდა, საქმრო პატარძლის დედას “რძის ფულსაც” აძლევდა.


თათები ქორწინდებოდნენ ახლო ნათესავებზე (ბიძაშვილზე, დეიდაშვილზე, მამიდაშვილზე). როგორც პატარძალი, ისე ნეფე უმძრახობის წესს იცავდა. ნათესავებს შორის ქორწინება დღეს შედარებით იშვიათია. იცოდნენ სისხლის აღება. როგორც დაღესტნის მოსახლეობის სხვა ჯგუფები (მთის ებრაელები, ყუბაჩელები, ბალხარელები და სხვ.), თათებიც ჩაკეტილ ეთნიკურ ერთობებს წარმოადგენდნენ. ეთნოსის გარეთ ქორწინებები მათთან ძალიან იშვიათი იყო.


XIXს-ის ბოლოდან და XXს-ის დასაწყისში თათების მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანელების მიერ უკვე ასიმილირებული იყო. თათებში ვაჟის დაბადებას დიდი ზეიმით ხვდებოდნენ. ბიჭის წინდაცვეთა დაბადებიდან მე-3 დღეს იცოდნენ. თათები იკრძალებოდნენ დაბალ (35-40სმ. სიმაღლის) ქვის ყუთებში. სამარეში მოთავსებულ ქვის ყუთებს ზემოდან ქვისავე თავსახურები ედო. თათები უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ ასაკით უფროსებს. გამოირჩეოდნენ თავშეკავებით, მოკრძალებულობით, კეთილგანწყობილებით, როგორც ნათესავებთან და თანასოფლელებთან, ისე სხვებთან ურთიერთობაში.

თათებში მთელი რიგი ისლამამდელი რწმენა-წარმოდგენები იყო შემორჩენილი. მაგალითად, საახალწლო კოცონზე ჩალისაგან (ნამჯისაგან) გაკეთებულ პატარა ანთროპომორფულ ფიტულებს სწვავდნენ. მკვლევარები აღნიშნავენ თათური ფოლკლორის მშვენიერებას, რომელშიც ასახულია მისი ირანული წარმომავლობა. მასში აშკარად ორი ფენა გამოიყოფა: უფრო ძველი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საერთოირანული პერსონაჟები (შაჰები, ვეზირები, ვექილები, ფერიხანუმი, რუსტამ-ზოლი და დევები) და გვიანდელი, დაღესტანური.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან - კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0