x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ინტერვიუ პედაგოგ ნინო კორძაძესთან

image

⁃ გამარჯობა. პირველ რიგში წარგვიდგინეთ საკუთარი თავი: სახელი, გვარი და პროფესია.


⁃ მოგესალმებით. მე ვარ ნინო კორძაძე, ინგლისური ენის პედაგოგი.


⁃ რამდენი ხანია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით?


⁃ პირველი კურსიდან დავიწყე მუშაობა საკუთარი პროფესიით, შესაბამისად, დიდი ხანია. 25 წელზე მეტია, რაც პედაგოგი ვარ.



⁃ თავის დროზე რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა და ზოგადად, ბავშვებთან აქტიური ურთიერთობა?


⁃ ბევრი მიზეზი მქონდა მაგისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ალბათ ის, რომ ბავშვები მიყვარდა და მიყვარს ძალიან. მათთან კომუნიკაცია ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. მათგან ყოველთვის შეგიძლია ცხოვრებისეულად რაღაც ახალი გაიგო და ჩაწვდე, მთავარია მოუსმინო. როდესაც მათ აგრძნობნებ, რომ უსმენ, აფასებ და გიყვარს, მათგანაც იგივეს იღებ, ხშირად, უფრო დიდი ოდენობით. ბავშვობის ხანა შეუფასებელია, ეს არის ცხოვრების ყველაზე სუფთა, და ლაღი პერიოდი. ბედნიერებაა, ვიყო ამ პროცესის ნაწილი და წვლილი შევიტანო მათ განვითარებაში.


⁃ თუ გაქვთ რაიმე ინდივიდუალური მიდგომა ბავშვებთან?


⁃ დიახ. მაგრამ ეს იქმნება უშუალოდ ბავშვთან კომუნიკაციის და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გაცნობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომები ჩნდება ექსპრომტად და არის ძალზედ ინდივიდუალური.


⁃ თუ ამჩნევთ, რომ ბავშს აქვს ქცევითი დარღვევა და ზოგადად, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას/ყურადღებას, ამ შემთხვევაში როგორ იქცევით, რა ნაბიჯებს დგამთ მასთან დასაახლოვებლად?


⁃ დავიწყებ იმით, რომ არ არსებობს მოურჯულებელი, უზნეო და ზოგადად, "ცუდი" ბავშვი. უბრალოდ, არსებობენ განსხვავებული ბავშვები, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებენ. ასეთ ბავშვებთან, რასაკვირველია, უფრო სათუთადაა შესარჩევი მიდგომის, კომუნიკაციის ფორმა. პირადად მე, ასეთ სიტუაციებში სწორედ ასე ვიქცევი. მასზე დაკვირვებით, ვცდილობ გავიგო რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რაზე როგორ რეაგირებს. ვცდილობ ვიყო ძალიან მშვიდი, თბილი და გამგებიანი მის მიმართ. არ გამომეპაროს არც ერთი დეტალი მასთან ურთიერთობის პროცესში. როდესაც ბავშვს უსმენ, მას პატივს სცემ და სიყვარულს ამჟღავნებ, შეუძლებელია, ვერ დაამყარო კარგი კომუნიკაცია. რაც მთავარია, არამარტო პრობლემურ, არამედ, ყველა ბავშვთან უნდა ვიყოთ ძალიან გულწრფელები და გამგებიანები.


⁃ ხომ ვერ გაიხსენებდით ფაქტს, როდესაც მოსწავლესთან პრობლემას შეხვდით და როგორ გაუმკლავდით მას?


⁃ დიახ, მყავდა მოსწავლე, რომელსაც ძმა ჰყავდა ავად. მან კი პირობა დადო ღმერთთან, რომ თუკი ის მას გადაარჩენდა, ჩემი მოსწავლე აღარ დაილაპარაკებდა და იქნებოდა მუდამ მდუმარე. ძმა გადარჩა და ამ ბავშვმაც შეასრულა პირობა. ჩაიკეტა, აღარ საუბრობდა, ვეღარ იღებდა სიამოვნებას კომუნიკაციით და საყვარელ ადამიანებთან ყოფნით. ამ ბავშვთან მუშაობა დავიწყეთ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და სხვა საყვარელმა ადამიანებმა. პერიოდულად მომყავდა სახლში, გავაცანი ჩემი ოჯახი, ვესაუბრე მას ძალიან სიღრმისეულად და ნელ-ნელა ჯერ ჩემთან, შემდეგ კი მთელ სამყაროსთან მოახერხა ვერბალური კომუნიკაციის დამყარება. დღეს ის წარმატებული სტუდენტია.


⁃ და ბოლოს, რას გვეტყოდით თანამედროვე თაობაზე, რომელსაც უფროსი თაობა ნეგატიურად მოიხსენიებს, თუნდაც გავრცელებული ფრაზა რომ ავიღოთ "რა თაობა მოდიის !.."


⁃ ვფიქრობ, მშვენიერი თაობა მოდის. გონებაგახსნილი, ინტერესიანი, სიახლეებისადმი ღია, კარგი ადაპტაციის უნარის მქონე. მაღალია ცნობიერება ნებისმიერი ასაკის ბავშვთან, თუ მათ წინა თაობებს შევადარებდით. მათში მეტია თავისუფლებისკენ, წარმატებისკენ და საინტერესო, სავსე ცხოვრებისკენ სწრაფვა. რაც შეეხება უარყოფითს, ესაა კომპიუტერზე და ზოგადად, გაჯეტებზე დამოკიდებულება, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ბავშვი ნაყოფიერად და სასარგებლოდ იყენებს მას, ვითარდება, იმეცნებს და იმაღლებს ცნობიერებას.


⁃ სულ ეს იყო. დიდი მადლობა დროის დათმობისა და ასეთი საინტერესო საუბრისთვის.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ელისაბედ მამულაძე
ელისაბედ მამულაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0