x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
ალბერ ლამორისის „წითელი ბუშტის“ ფსიქოლოგიური ასპექტები
image

ალბერ ლამორისის “Le Ballon Rouge” კინოეკრანებზე 1956 წელს გამოსული გენიალური ფილმია. 34-წუთიანი ქრონომეტრაჟის მდინარება, ულამაზესი კადრებისა და ფერების ჰარმონიულ მელოდიასთან პასაჟური სინთეზი მაყურებელს ზღაპრულ, მსუბუქ და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის. ერთი მხრივ „საბავშვო“ ვიზუალური რეპრეზენტაციისა და მეორე მხრივ ღრმააზროვანი იდეების, სიმბოლოებისა და საზრისების კოლიზია ფსიქოლოგიურად საინტერესო რეფლექსიისკენ გვიბიძგებს. ფილმის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად მისი არაინტენციონალური, ენიგმატური ბუნება მიმაჩნია: ის მუნჯ კინოსთანაც კი შეიძლება გავაიგივოთ, რადგან ერთადერთი ეპიზოდის გარდა (რომელშიც სულ ერთმა წინადადებამ გაიჟღერა) ექსპრესიული მეტყველების გამომხატველ არცერთ ფრაგმენტს არ მოიცავს, რაც იდუმალებას მატებს მას. პირადად ჩემში ექსტაზის გრძნობას იწვევს სიმბოლოების გასიგრძეგანების რთულ და გრძელ გზაზე დგომა და თითოეული მონაკვეთის იდეაფიქსის „ამოხსნა“, რაც ასევე ფილმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებად მიმაჩნია.


როგორც უკვე აღვნიშნე, ლამორისის „წითელი ბუშტი“ სიმბოლიზებულია და მაყურებელს ონტოლოგიურ წიაღსვლებში ამოგზაურებს. ფილმის პროტაგონისტი, პასკალი, 6-7 წლის ბიჭია, რომელიც ბოძზე წითელ ბუშტს შენიშნავს, მოეწონება, მიისაკუთრებს და ყველგან, სადაც მიდის, თან ატარებს. პირველივე წუთებში შეინიშნება სოციუმის ნეგატიური დამოკიდებულება წითელი ბუშტისადმი, ანუ ალბერ ლამორისი კოლექტიური არქეტიპების უწონადო ველში ადამიანთა ვნებებს დემონსტრირებს: ისინი პასკალს გაკვირვებულები უცქერენ; როდესაც ბიჭი ავტობუსით მგზავრობას ბუშტთან ერთად გადაწყვეტს, კონტროლიორისგან უარს მიიღებს; არც სკოლის მასწავლებელი დართავს წითელი ბუშტის საკლასო ოთახში შეტანის უფლებას; საკუთარი ბებიაც კი უარზეა, თანატოლები კი თავდაპირველად ცდილობენ ბუშტი მოიპარონ, თუმცა, როცა არ გამოუვათ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ის პასკალს წაართვან და გახეთქონ. რა შიძლება იმალებოდეს წითელი ბუშტის ფენომენის უკან? ჩემი მოსაზრებით, ის ბედნიერების გენიალურ კონცეფციასა და იდეაფიქსს წარმოადგენს.


image


რეჟისორი ალეგორიულად, მრავლისმეტყველი და კომპლექსური ნიუანსებით გვიჩვენებს, თუ რამდენად პირქუში, ეგოცენტრული, ცალსახად ინფერნალური საზოგადოება ვართ და როგორ ვეღობებით წინ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად სხვების ბედნიერებას. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ბავშვობაში ჩვენც წაგვერთვეს, დაგვიმალეს, გაგვინადგურეს ჩვენი „წითელი ბუშტები“? ამ უკანასკნელის მიზეზის იდენტიფიცირება კი ფსიქოლოგიური წიაღსვლითაა შესაძლებელი: მოგეხსენებათ, მუცლად ყოფნის დროს დედის სხეულის ნაწილები ვართ, ის გვიღებს და ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. შესაბამისად, მიკუთვნებულობის შეგრძნება, ჩვენი ფუნდამენტური, პერმანენტული მოთხოვნილება, დაკმაყოფილებულია. დაბადების შემდგომ ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბრძოლა იწყება, ბრძოლის იარაღი და სტრატეგია კი ყველას განსხვავებული აქვს. ერთ-ერთი ტენდენცია პერფექციონიზმისკენ ლტოლვაა. ალბათ ხშირად გინახავთ, როგორ უბიძგებენ მშობლები შვილებს, რომ იყვნენ საუკეთესოები: ყველაზე ლამაზები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონეები, ყველაზე მშრომელები. გონებრივ კონსტრუქციებში მოტივტივე ამ აზრთა მდინარებას უსათუოდ სჭირდება რეგენერაცია და უპირობო რღვევა, რადგან სწორედ ამ დროს ართმევენ და უმალავენ მშობლები (საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად) საკუთარ შვილებს წითელ ბუშტებს. შედეგად, ღრმა ბავშვობიდანვე განიცდიან ადამიანები ბედნიერების შეგრძნების დისფუნქციასა და ატროფიას. შესაბამისად, როდესაც ხედავენ, სხვა ბედნიერია, თვლიან, რომ კონდიცია და კანონზომიერება, რომლის თანახმადაც ყველანი თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ (და რომელიც არ არსებობს), ირღვევა, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ „პასკალების“ წითელი ბუშტებიც მოსპონ და გააქრონ. როგორ შეიძლება ეს პრობლემა აღვკვეთოთ? ერთ-ერთი გზა საკუთარი იდენტობის კვლევა, ეგზისტენციალურ „მესთან“ მაქსიმალურად მიახლოება, მისი ნაწილების აღმოჩენა და „ფაზლის“ ანუ პიროვნული „მეს“ აწყობაა, რასაც მოჰყვება საკუთარი თავის რეალიზებაც და სოციუმის ტაშის დაკვრა აღარ დაგვჭირდება მიწაზე მყარად სადგომად და ჩვენივე თავის შემდგარ, ერთიან პიროვნებად გასაცნობიერებლად. მეორე მხრივ, საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ჩემი, შენი და მისი სრულფასოვან ადამიანებად იდენტიფიცირება სილამაზის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების, ოლიმპიადებში გამარჯვებისა და/ან ძვირადღირებული სამოსის გარეშე.


image

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ალბათ შეგიმჩნევიათ საზოგადოების ცინიკური დამოკიდებულება იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ბედნიერებას წვრილმან, ელემენტარულ მომენტებში პოულობენ: „გიჟია, შეშლილია, გადაცდა ჭკუიდან...“ სინამდვილეში, გავიხსენოთ, რას გვეუბნებოდა ჰერმან ჰესე: „ერთი კია, ვისაც წამისათვის ამდენის წაგლეჯა შეეძლო, ვინც ასეთი გატაცებით ცხოვრობდა აწმყოთი, ვისთვისაც გზის პირას პაწია ყვავილის დანახვაც კი კმაროდა, რომ ალერსად დაღვრილიყო, იმას ცხოვრება ვერას დააკლებდა“. მართლაც, ერთადერთი, რაც გვჭირდება, ყოველდღიურობით, ყოველწამიერობით ტკბობაა; წინააღმდეგ შემთხვევაში „ჰილ ჰაუსის“ წითელი კარის მიღმა დაობდება ეს მომენტები და პერმანენტული უბედურების შეგრძნება დაგვტანჯავს ანიდან ჰოემდე. ბედნიერების გასაღები ჩვენს ცნობიერებაშია: ფართოდ დახუჭული თვალები უნდა გავახილოთ, მიმოვიხედოთ და დავინახოთ წითელი ბუშტები ჩვენ გარშემო; სხვებს არ უნდა წავართვათ, არამედ ჩვენსას უნდა მოვუფრთხილდეთ საგულდაგულოდ და ცხოვრებით ტკბობა ვისწავლოთ.


საბოლოო ჯამში, ფილმი თავისი არსითა და ღირებულებებით კინომატოგრაფიის ღირსსახოვარი ძეგლია. ის საზოგადოებას ზნეობრივ სარკეში ახედებს და მისი პირქუშობის ვიზუალურ რეპრეზენტაციას ახდენს. ჩემი სუბიექტური აზრით, „წითელი ბუშტი“ ფართოკონტექსტუალური, ენიგმატური მიმართვა-გზავნილია სოციუმისთვის.

image


0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი სარდლიშვილი
ქეთი სარდლიშვილი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0