x
თამაშის როლი სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაში
image

თამაშის განსაზღვრება

თავდაპირველად დავიწყოთ თამაშის განსაზღვრებით. თამაშის განსაზღვრება არ არის ადვილი ორი სხვადასხვა მიზეზის გამო:თამაში აბსტრაქტული და პროცესუალურია; ის არ არის კონკრეტული საგანი, ადგილი ან ქმედება. ისეთი აბსტრაქციების შემთხვევაში, როგორიცაა სიყვარული, ბედნიერება და თამაში, მაგალითების მოყვანა უფრო ადვილია, ვიდრე ცნების განმარტება.

ნებისმიერი ქცევა შეიძლება თამაში იყოს, გააჩნია როგორ „შეფუთავ“ მას. განსხვავება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივუდგებით. გაკვეთილისმოყოლა შეგვიძლია თამაშად ჩავთალოთ, თუკი წარმოვიდგენთ, რომ, მაგალითად, მასწავლებლობანას ვთამაშობთ. მაგიდის ჩოგბურთი შეიძლება მუშაობად იქცეს, თუ ამას მეგობრის დაჟინებული თხოვნით ვაკეთებთ და თავად იმ მომენტში თამაში ძალიან გვეზარება. თუმცა, ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია, რამდენად იოლად შეიძლება შევამჩნიოთ უეცარი ცვლილება თამაშისა და მუშაობის მდგომარეობას შორის, რომელსაც შემდგომ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. შეიძლება მეგობარმა რამე სასაცილო თქვას, თქვენი განწყობილება შეიცვალოს და მაგიდის ჩოგბურთის თამაშიც სასიამოვნო გახდეს - სათამაშოდ განეწყოთ. მეორე მხრივ, რა დაემართება ჩემს სათამაშო განწყობილებას, თუკი მასალის მოყოლისას ბევრ შეცდომას დავუშვებ და დაცინვას მივიღებ პასუხად?


თამაშის არსი

თამაშის არსის გარკვევაში შესაძლოა მისი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ცნების გაანალიზება დაგვეხმაროს. სერიოზული ქმედება, მაგალითად, მუშაობა, ჩვეულებრივ, თამაშის საპირისპირო ხასიათის ქმედებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ქმედებას თამაშად ან სამუშაოდ კონტექსტის, დროის და პირადი ცვლადების საფუძველზე აღვიქვამთ, სამუშაოს სერიოზულობა ამ ქმედებას თამაშს უპირისპირებს. მარკ ტვენმა თქვა: „თამაში ისაა, რის კეთებაც სხეულს უნდა, ხოლო სამუშაო ისაა, რის კეთებაც მისთვის სავალდებულოა“.

ამის მიუხედავად, ვიცით, რომ ზოგიერთი აქტივობა ერთდროულად შეიძლება სახალისოც იყოს და ამავე დროს ძალიან სერიოზულიც და სავალდებულოც. მაგალითად, როდესაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები კუბურებით ციხე-სიმაგრეს აშენებენ, დიდი კონცენტრაცია და ძალისხმევა სჭირდებათ; ამიტომ თუ შევეკითხებით, შეიძლება ისიც კი გვითხრან, რომ მუშაობენ.

ელკინდმა (2001) აღნიშნა, რომ ადრეული ასაკის განათლებაში თამაში მუშაობის იდენტური არ არის. იგი არ ეთანხმება სამუშაოსა და თამაშის ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრს, რომ „თამაში ბავშვის სამუშაოა“. ელკინდი ასევე აღნიშნავს, რომ თამაში მუშაობის საპირისპირო ცნება არ არის.

თამაში და მუშაობა ურთიერთშემავსებელი კომპონენტები არიან ადაპტაციის პროცესისა, რომელსაც ასიმილაციაც (თამაში) სჭირდება და აკომოდაციაც (მუშაობა). ელკინდის მიხედვით, თამაშისა და მუშაობის ურთიერთდამოკიდებულებაში კარგად გავერკვევით, თუ გავაცნობიერებთ, რომ ბავშვებში ხან მუშაობა უსწრებს თამაშს, ხან - თამაში მუშაობას, ზოგჯერ კი თამაშიც და მუშაობაც ერთდროულად მიმდინარეობს.

თამაში წინ უსწრებს მუშაობას, როდესაც ბავშვი თამაშის გზით რთული ემოციური სიტუაციის დაძლევას ცდილობს. მაგალითად, ბავშვებზე ზრუნვის ცენტრში ახლად მოსული ბავშვი თოჯინებით თამაშისას რეგულარულად იგონებს, რომ შვილი დაკარგა და თოჯინებს ოთახში სხვადასხვა ადგილას ტოვებს. ასეთ შემთხვევაში მომვლელი მიხვდება, რომ ბავშვი ცდილობს თამაშის გზით გამოხატოს თავისი გრძნობები დედის მიერ მისი ცენტრში დატოვების თაობაზე.

თამაში და მუშაობა ერთდროულად იჩენენ თავს წესებიან თამაშებში. როდესაც ბავშვი თამაშის წესებს სწავლობს და შემდეგ იცავს (მაგალითად, სამაგიდო თამაშებში, როგორიცაა შაში), ის მუშაობს, რადგანაც შეთანხმებული წესების სოციალურ სამყაროსთან შეწყობას ცდილობს.

შეიძლება ჯონ დიუი სწორი იყო, როდესაც თამაში და მუშაობა ოთხგანზომილებიან კონტინუუმში მოათავსა. ესენია: ქაოსი, თამაში, მუშაობა და რუტინა. დიუის აზრით, საკლასო ოთახში უკიდურესობების ადგილი არ არის, მაგრამ თამაშისა და მუშაობის ადგილი კი ნამდვილად არის. კარგი გაკვეთილები და კარგი სწავლა უაღრესად სერიოზული, მაგრამ ამავე დროს ძალიან სახალისოცაა. თუმცა, მეტისმეტად ბევრი სამუშაო ან მეტისმეტად ბევრი თამაში ყველაფერს აფუჭებს და აქტივობა უგუნურ ქცევად გარდაიქმნება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თამაშის არსის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ისეთი ძნელიც არ არის, რომ თამაში ვერ ამოვიცნოთ.

თამაშები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ერთი საყოველთაო განზომილების მოძებნა. ბავშვის ან ზრდასრული ადამიანის შინაგან განცდებზეა დამოკიდებული, თამაშობს ის თუ არა, ანუ ვხვდებით თუ არა თამაშს. თამაშისას შინაგანად გარკვეულ თავისუფლებას უნდა ვგრძნობდეთ. ის საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს განცდა, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და თვით-ინიცირებული ქცევების განხორციელება შეგვიძლია. თამაში დროებით ხსნის ყოველდღიურ სტრესს და შფოთვას და როგორც საყვარელი მელოდიის მოსმენა, თამაშიც საშუალებას გვაძლევს აწმყო მომენტით ვიცხოვროთ, წარსული დავივიწყოთ და გარკვეულ ხანს მომავალზე არ ვიფიქროთ.

თამაშის ფუნქციები

თამაში თითქმის ყოველთვის სახალისოა. სასიამოვნოა, როცა ცოტა ხნით სოციალური მოლოდინების ზეწოლისგან ფსიქოლოგიურად ვთავისუფლდებით და ყოველდღიურ ქცევაში აუცილებელ მუდმივ დისციპლინასა და თვითკონტროლს ვადუნებთ. რადგან თამაში რეალური სამყაროსგან მოწყვეტის გზადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ნაკლებად სავარაუდოა სხვების მიერ მოთამაშის სოციალური შეფასება და მასაც ნაკლები სადარდებელი აქვს, რაც გამოხატვის კრეატიულობასა და სოციალურ ინტიმურობას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, თამაში გართობაზე მეტია. ის აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრებისთვის. ფსიქიატრმა ლენორ ტერმა აღნიშნა, რომ „თამაში გვანიჭებს სიამოვნებას, წარმატების შეგრძნებას და თავს ჯგუფის ნაწილად გვაგრძნობინებს“ და „ჩვენი საზრუნავებისგან, წუხილებისგან, ნაღველისა და საიდუმლოებებისგან შვებას დანაკარგების გარეშე მოვიპოვებთ“ . თამაში ისეთივე შედეგების მომტანია ადამიანისთვის სიფხიზლისას, როგორც სიზმარი ძილის დროს. ის ფსიქიკურ მდგომარეობას აღადგენს. ამ ფუნდამენტური მიზეზის გამო თამაში ადამიანის ბუნების საბაზისო საჭიროებაა.

თამაშის როლი მნიშვნელოვანია სამ ძირითად სფეროში: (ა) წარმოსახვის უნარი და პრობლემების შემოქმედებითი გადაწყვეტა; (ბ) პიროვნება და თვითგამოხატვა და (გ) სოციალური კუთვნილება ან ადამიანებს შორის კავშირები (Brown & Kennard, 2000).

თამაში არის ადაპტაციის მექანიზმი ან საშუალება, რომლითაც ვივითარებთ ან ვინარჩუნებთ ევოლუციის პროცესში შეძენილ უნარს, მუდმივად ცვალებად გარემოში ახლის სწავლისთვის ყოველთვის მზად ვიყოთ. „სხვა ფუნქციებთან ერთად, თამაში ადამიანის ცვლილების უნარისთვის აერობიკის ტიპის ვარჯიშს წარმოადგენს - მენტალური, ემოციური, ფიზიკური და სულიერი ვარჯიშის თავისუფალი ფორმაა. გარდა იმისა, რომ თამაში შემოქმედებითობის და ღიაობის შენარჩუნებაში გვეხმარება, მისი ძალა იმითაც არის განპირობებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის როგორც ჩვენს მიერ საკუთარი თავის ხედვის და ინდივიდუალობის გამოხატვის გზა.

ცხადია, ბავშვებმა განვითარების გარკვეულ დონეს უნდა მიაღწიონ, რომ ზოგიერთი თამაში დაძლიონ და გამოხატვის უნარი ჰქონდეთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვი ამ უნარებს შეიძენს, თამაშის სტილი და არჩევანი ჩამოყალიბების პროცესში მყოფ იდენტობას და ბავშვის უნიკალურ პიროვნულ თვისებებს ასახავს. თამაში თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

რატომ ირჩევს ზოგიერთი ბავშვი რისკთან მეტნაკლებად დაკავშირებულ აქტივობებს ეზოში, მაშინ როდესაც სხვებს შენობაში თამაში ურჩევნიათ და მაგალითად, ხეების ხატვით კმაყოფილდებიან? რატომ არის, რომ ზოგიერთი ზრდასრული ადამიანი პარაშუტით, თხილამურებით ხტება ან აკვალანგით ყვინთავს, ხოლო სხვები კროსვორდებს ხსნიან ან თავსატეხებს აწყობენ? თამაშის გზით თვითგამოხატვის უთვალავი შესაძლებლობა ყველას აძლევს შანსს მისთვის მისაღები უნიკალური გზა თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს.

თამაში შეიძლება ჩვენი, როგორც სოციალური არსებების, გაერთიანების ძლიერი ინსტრუმენტი იყოს: იქნება ეს ბავშვების თუ ზრდასრული პირების ჯგუფები, ერთი ასაკის ადამიანებისგან შემდგარი თუ შერეული ჯგუფები, ან სოციალური, რასობრივი, კლასობრივი, გენდერული, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა ნიშნით ჰომოგენური თუ ჰეტეროგენური ჯგუფები. თამაში ხელს უწყობს ჩვენს კომუნიკაბელურობას.

თამაშის დამახასიათებელი თვისებები

სხვადასხვა მეცნიერი თამაშის აღსაწერად ურიცხვ ძირითად განმსაზღვრელ თვისებას იშველიებს. ზოგიერთ განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი ქცევით გამოვლინებებზეა გაკეთებული, ზოგში - შინაგან მდგომარეობასა და განწყობაზე (მაგალითად, სახალისო განწყობაზე), ხოლო ზოგშიც - სიტუაციურ ფაქტორებზე. თამაშის კონცეფციის მიმართ ყველა ეს მიდგომა სხვადასხვა ხარისხით სწორია და მნიშვნელოვანი.

როგორც მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები თამაშს, ჩვეულებრივ, სულ რამდენიმე ქცევითი და მოტივაციური ფაქტორით ახასიათებენ. ესენია: დადებითი ემოცია, არარეალურობა, შინაგანი მოტივაცია, პროცესზე ორიენტაცია და თავისუფალი არჩევანი:

  • დადებითი ემოცია. თამაში, ჩვეულებრივ, სახალისო და სასიამოვნოა; როგორც წესი, მას თან სდევს ღიმილი და სიცილი. მაშინაც კი, როდესაც თამაში შედარებით სერიოზული და ინტენსიურია, ბავშვებს ის მაინც უხარიათ. ზოგჯერ თამაში იწვევს მსუბუქ შიშს და შფოთვას, მაგალითად როდესაც ბავშვი დამრეცი სასრიალოდან ჩამოსრიალებას აპირებს. ამის მიუხედავად, ეს შიშიც კი თითქოს სასიამოვნოა, რადგანაც ბავშვი ამ მოქმედებას ისევ და ისევ იმეორებს.
  • არარეალურობა. თამაშს აქვს თავისი დამახასიათებელი ჩარჩო, რომელიც მას სხვა ყოველდღიური მოქმედებებისგან განასხვავებს. ეს ყველა სახის თამაშს ეხება. ამ ჩარჩოში შიდა რეალობას გარე რეალობასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. საგნების, ქმედებების და სიტუაციების ჩვეულებრივი არსი იგნორირებულია და ახალი მნიშვნელობებით არის ჩანაცვლებული. ბავშვები რეალობას უპირისპირებენ „ვითომ ასეა“ დამოკიდებულებას, რაც საშუალებას აძლევთ გასცდნენ ახლანდელი დროის და ადგილის ფარგლებს და ახალი შესაძლებლობები გამოცადონ.
  • შინაგანი მოტივაცია. მოთამაშეს თამაშის დროს შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს და მისთვის თამაში, როგორც წესი, თვითმიზანი ხდება. თამაშისთვის არ არის საჭირო გარე მოტივაციის არსებობა, როგორიცაა მაგალითად, შიმშილი ან გარე მიზნები - ძალაუფლების ან სიმდიდრის მოპოვება. თამაში თავისთავად არის კმაყოფილების მომნიჭებელი.
  • პროცესზე ორიენტაცია. თამაშის დროს ბავშვების ყურადღება კონცენტრირებულია ქმედებებზე და არა მის მიზნებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტი. მიზნის მიღწევის წნეხის არარსებობა ბავშვებს ათავისუფლებს და ისინი მოქმედების ბევრ სხვადასხვა ვარიანტს ცდიან. სწორედ ამ მთავარი მიზეზით თამაში უფრო მოქნილი აქტივობაა, ვიდრე პროდუქტზე ორიენტირებული ქცევა.
  • თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი არჩევანი ადრეული ასაკის ბავშვების მიერ თამაშის აღქმის განმსაზღვრელი ელემენტია. მაგალითად, კუბურებით შენობის აგებას ბავშვი თამაშად აღიქვამს, თუ ამას თავის ნებით აკეთებს, მაგრამ იგივე შეიძლება მუშაობად აღიქვას, თუ ამას მასწავლებელი დაავალებს. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის თავისუფალი არჩევანი შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

  • გარედან თავს მოხვეული წესებისგან თავისუფლებას და აქტიურ ჩართულობას აგრეთვე ხშირად ასახელებენ თამაშის დამახასიათებელ თვისებებად. თუმცა, ეს ორი მახასიათებელი შეიძლება მეტისმეტად შემზღუდველი იყოს, რადგან ისინი გამორიცხავენ თამაშის ორ მნიშვნელოვან ნაირსახეობას: თამაშებს წესებით (რომლებსაც გარედან დადგენილი წესები აქვთ) და აღქმით თამაშებს (რომლის დროსაც ბავშვები მენტალურად თამაშობენ, მაგრამ ფიზიკურად აქტიურნი არ არიან). აუცილებელია, თამაშს ბევრი განსხვავებული კუთხით შევხედოთ, რომელთაგან თითოეულს ბევრი სხვადასხვა კომპონენტი გააჩნია, როგორიცაა მოქნილობა, უჩვეულობა, სპონტანურობა, არარეალისტურობა, თავისუფლება და პროცესზე ორიენტირებულობა.

    0
    42
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
    ნიკოლოზ მარგიანი
    42
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0