x
სიბრძნე, როგორც მრავალგანზომილებიანი კონსტრუქტი

სიბრძნის, როგორც დაბერების პოზიტიური ასპექტით, დიდიხანია დაინტერესდნენ კოგნიტური და განვითარების ფსიქოლოგები. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა ასპექტებისგან შედგება სიბრძენე. ამის მიუხედავად, არსებობს ზოგადი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სიბრძნე არის მრავალგანზომილებიანი კონსტრუქტი. ასევე, რა მოსაზრებებიც არ უნდა არსებობდეს მისი შემადგენელი ასპექტების შესახებ, მათი მოქმედება აუცილებლად არის ერთიანი. რაც ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი არის საჭირო და აუცილებელი ელემენტი.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სიბრძნე შედგება შემდეგი ხუთი კომპონენტისგან :

გამოცდილება - სიბრძნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოცდილებაში რთული ცხოვრებისეული სიტუაციების არსებობა. ბუნებრივია, კრიტიკული გამოცდილება მეტ ცოდნას გვიტოვებს და ბევრ მნიშვნელოვან უნარს გვიყალებიბეს. ამიტომაც ადამიანებისთვის სიბრძნე ასაკთან არის ასოცირებული, რადგან ასაკი ნიშნავს, რომ გამოცდილებაც მეტი გვაქვს მიღებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მხოლოდ ეს ვერ იქნება სიბრძნის არსებობის პრედიქტორი. უფრო მეტად მნიშვნელოვანია გამოცდილების ხარისხი, მისი სირთულე და თუ რამდენად გამომწვევი იყო ის.

ემოციური რეგულაცია - მკვლევრების უმრავლესობისთვის ემოციური რეგულაცია არის სიბრძნის ძირითადი ელემენტი. საკუთარი ემოციების სახელდება, მიღება და მათი კონსტრუქციული გზით გამოყენება მიჩნეულია სიბრძნის მნიშვნელოვან ნაწილად.

მოგონებები და რეფლექსურობა - წარსულისა და აწმყოს შეფასების პროცესი ემსახურება მრავალ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფუნქციას, როგირიცაა იდენტობის ფორმირება და შენარჩუნება, თვითრეფლექსია, პრობლემების გადაჭრა და მათთან ადაპტაციური გამკლავება. ცხოვრების მიმოხილვა, მოგონებების შეფასება ქმნის წინაპირობას მოხდეს პირადი სიძლიერეებისა და სისუტეების იდენტიფიცირება, შემდეგ მათი გაუმჯობესება.

გამოცდილებისადმი ღიაობა - ბრძენ ადამიანს შეუძლია ეფექტურად გადალახოს დაბრკოლებები. ამას ახერხებს ალტერნატიული და განსხვავებული ხედვების მიღებისადმი ღიაობის გამო. ისინი ღია არიან მიიღონ ახალი ინფორმაცია და სტრატეგიები. მუდმივად კრიტიკულ სიტუაციებში ახალი მიდგომების ძიება და არა მხოლოდ ტრადიციული გზებით პრობლემის გადაჭრა ადამიანში ავითარებს იმ უნარებს, რომლებსაც ბრძენი ადამიანები იყენებენ მომავალში.

იუმორი - არის ის ასპექტი, რომელსაც მიექცა მხოლოდ ზედაპირული ყურადღება. იუმორის, როგორც სიბრძნის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ ძალიან ცოტა კვლევა არის ჩატარებული. სხვა მხრივ, ბევრი თეორეტიკოსი საუბრობს იუმორის მნიშვნელობაზე და მის პოზიტიურ ასპექტებზე. იუმორი აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან, ამსუბუქებს სტრესულ სიტუაციებს და ცხოვრებას განსხვავებულ პერსპექტივებს გვთავაზობს.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გამოცდილება სიბრძნის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ყველა სახის გამოცდილებას არ აქვს სიბრძნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი. ასევეა იუმორიც, მისი ყველა ტიპი არ უწყობს ხელს სიბრძნის განვითარებას. სარკაზმი და სხვა ადამიანების დაცინვა არ არის იუმორის ის გამოვილნება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სიბრძნის განვითარებაში. ამის საპირისპიროდ, ირონია რომელიც მიმართულია პროსოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სტრესული სიტუაციების შემსუბუქებისკენ, მნიშვნელოვანია სიბრძნის რეალიზებისთვის.









0
1
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0