x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ფსიქოლოგიური თერაპიის დანიშნულება და მისი სახეები
ჩვენი გრძნობებისა და ფიქრების გამოხატვას საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს ჩვენივე გონებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფსიქოლოგიური თერაპიაც. ის გულისხმობს პროფესიონალთან საუბარს, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ არასასურველი ფიქრები, გრძნობები და ქცევები.

თერაპიის შედეგად შეგვიძლია:

1.გადავლახოთ შიშები;

2.შევამციროთ ჩვენთვის არასასურველი ქცევების გამოვლენის სიხშირე(მაგალითად, ალკოჰოლის ხშირად მიღება ან დამოკიდებულება თამბაქოზე);


3.თავი ვიგრძნოთ უფრო თავდაჯერებულად;

4.გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები;

5.წარმატებას მივაღწიოთ პირად ცხოვრებაში;

6.დავამყაროთ კონტროლი ჩვენს ცხოვრებაზე.

თერაპიის თითოეული სესია, ძირითადად, 50 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. დასაწყისში თერაპევტი პაციენტს ეკითხება იმ მიზეზის შესახებ, რამაც მას თერაპიის გავლა გადააწყვეტინა. დანარჩენი დროის მანძილზე კი უმეტესად პაციენტი საუბრობს. წარმატებული თერაპიისთვის საჭიროა თერაპევტი და პაციენტი წინასწარ შეთანხმდნენ:

1.თუ რას ელიან ერთმანეთისგან;

2.რა არის პაციენტის ვალდებულება თერაპიის განმავლობაში;

3.როგორ უნდა დამთავრდეს თერაპია.

image

თერაპიის სახეები

ფსიქოლოგიაში თერაპიის ორმოცდაათზე მეტი სახე არსებობს. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს განვიხილავთ:

1.კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია:

ეს თერაპია დროში შეზღუდულია და ფოკუსირდება პაციენტის “აქ და ახლა'' მდგომარეობაზე მისი ბავშვობის მაგივრად. ის იკვლევს კავშირს ჩვენს სიტუაციებს, ფიქრებს, ემოციებს, ქცევებსა და ფიზიკურ რეაქციებს შორის. თერაპია წარმატებულად ითვლება მაშინ, როდესაც პაციენტი თავის თავს ავტომატურად უსვამს შემდეგ კითხვას: ჩემი ფიქრები ფაქტებია თუ არა? ეს ამცირებს ჩვენი რეაქციის დროს და გვეხმარება ვიყოთ ემოციურად უფრო სტაბილური. თერაპიის ეს ტიპი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თერაპიისგან მოელიან გამოსავლის პოვნისა და ნათელი მიზნების დასახვის პრაქტიკულ სწავლებას.

2.ინტერპერსონალური თერაპია:

თერაპიის ეს ტიპი ფოკუსირდება ადამიანის სოციალურ როლსა და ურთიერთობებზე. პაციენტი თერაპევტთან ერთად ცდილობს ისეთი პერსონალური საკითხების იდენტიფიკაციას, როგორიცაა დაუძლეველი მწუხარება, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი, ცვლილებები სამუშაო სფეროსა და სოციალურ როლებში. ამის შემდეგ ის სწავლობს ემოციების ზუსტად გამოხატვას და, შესაბამისად, მისი კომუნიკაციის უნარები უმჯობესდება.

3.სქემაზე ფოკუსირებული თერაპია:

სქემა თერაპია გვეხმარება გავიგოთ ქცევითი პატერნები, რომლებიც წარსულთანაა დაკავშირებული. ის ამსუბუქებს იმ რწმენებისა და შეხედულებების გავლენას, რომლებიც ჩვენი ბავშვობის შედეგია. ეს სქემები, ძირითადად, ყალიბდება ადრეულ ასაკში და გარე სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას ასახავს.სქემას შეიძლება ჰქონდეს ასეთი ხასიათი-“მიმატოვებენ". მაშინ როცა ადამიანი მიჰყვება “მიტოვების სქემას'', მას სჯერა, რომ მიატოვებენ. ამის გამო ის ზედმეტად რეაგირებს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე და/ან საბოტაჟს უწყობს საკუთარ თავს.

4.მენტალიზაციაზე დაფუძნებული თერაპია:

მენტალიზაცია არის უნარი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. ეს თერაპია ადამიანებს სწორედ მენტალიზაციის უნარის გაუმჯობესებაში ეხმარება. თერაპიის განმავლობაში პაციენტი ფოკუსირდება არა მარტო იმაზე, თუ რა ხდება მის გონებაში, არამედ ფიქრობს იმაზეც, თუ რა შეიძლება ხდებოდეს სხვა ადამიანის ტვინში, განსაკუთრებით კი ისეთ დროს, როცა პრობლემურ სიტუაციებსა და ემოციურ რეაქციებს აქვთ ადგილი.თერაპიის ეს სახე ეხმარება ადამიანს გააკონტროლოს საკუთარი ემოციები, იმპულსები და ქცევები, გააუმჯობესოს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან.

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან შუკაკიძე
ქეთევან შუკაკიძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0