x
სისხლის სისტემა-გამოკვლევის მეთოდები
სისხლის სისტემის დაავადების მქონე ავადმყოფებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი ჩივილები : საერთო სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, გულის ფრიალი, გემოს გაუკუღმართება, დისფაგია, ფრჩხილების ცვლილებები, სიყვითლე, სისხლისდენა, ტკივილი ძვლებში, ლიმფური კვანძების, ღვიძლის, ელენთის გადიდება. ასევე აღენიშნებათ მადის გაუკუღმართება, თმების ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია და მტვრევადობა, დისფაგია აღინიშნება რკინადეფიციტური ანემიის დროს. ენის წვა, ზოგჯერ ფაღარათი დამახასიათებელია ადისონ-ბირმერის ანემიისათვის. სიყვითლე ჰემოლიზური ანემიისათვის. სისხლისდენა ღრძილებიდან, ნაწლავებიდან, საშვილოსნოდან და კანზე სისხლჩაქცევები აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზებისა და ლეიკემიების დროს.

image

ანამნეზური მონაცემებიდან მნიშვნელოვანია დაავადების დაწყების დრო, მიმდინარეობა, ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. საყურადღებოა ავადმყოფის ეთნიკური წარმოშობა, რადგანაც გარკვეული რეგიონების მაცხოვრებლებში სისხლის ზოგიერთი დაავადება უფრო ხშირად აღინიშნება. სისხლის დაავადების არსებობა რამდენიმე თაობაში გვაფიქრებინებს შთამომავლობითი პათოლოგიის არსებობაზე (ჰემოფილია, ჰემოლიზური ანემია). ლეიკოპენიის ან აგრანულოციტოზის მქონე ავადმყოფებში უნდა დადგინდეს ხომ არ ღებულობდნენ ისეთ მედიკამენტებს, როგორებიცაა ანალგინი, მეთილთიოურაცილი, სულფანილამიდები, ციტოსტატიკები და სხვა.

ინსპექცია:


ინსპექციით შეიძლება სიფერმკრთალისა და სიყვითლის დადგენა, რაც ხშირია ჰემოლიზური ანემიისა და ადისონ-ბირმერის ანემიის დროს, ქლოროზის დროს სიფერმკრთალე მომწვანო ელფერისაა. ქრონიკული ლეიკემიების დროს კანი ხშირად მორუხო-მიწისფერია. პოლიციტემიის დროს კი -მოწითალო-ალუბლისფერი (ციანოზური ელფერით). ინსპექციით შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები. პირის ღრუს დათვალიერებით ნახულობენ ნეკროზულ-წყლულოვან ცვლილებებს. ნეკროზული სტომატიტი და ანგინა დამახასიათებელია მწვავე ლეიკემიებისათვის. რკინადეფიციტური ანემიის დროს ხშირია კოილონიხია (ჩაზნექილი „კოვზის“ ფორმის ფრჩხილები), თმის მტვრევადობა და მისი ცვენა, ენის დვრილების გასადავება და ენის სიწითლე. ადისონ-ბირმერის ანემიის დროს აღინიშნება ატროფიული, გაპრიალებული, წითელი ენა (ჰუნტერის ენა) ზოგიერთი თანდაყოლილი ანემიის დროს (თალასემია, ნამგლისებრუჯრედული ანემია) აღინიშნება ჩონჩხის დამახასიათებელი ცვლილებები - კოშკის ფორმის თავის ქალა, გაბრტელებული ცხვირის ფუძე, წინ წამოწეული ყვრიმალის ძვლები, ტერფების დეფორმაცია.

image

პალპაცია:

პალპაციით დგინდება ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლის, ელენთის გადიდების ხარისხი, მათი კონსისტენცია. ლიმფოლეიკემიისა და ლიმფოგრანულომატოზის დროს გადიდებული ლიმფური კვანძები მკვრივია, უმტკივნეულოა და არ არის შეხორცებული კანთან. ლიმფოსარკომის დროს ლიმფური კვანძები შეერთებულია ერთმანეთთან და ქმნიან დიდ კონგლომერატებს. ლიმფოლეიკოზის დროს ელენთა იმდენად დიდია, რომ შეიძლება დაიკავოს მუცლის მთელი მარცხენა ნაწილი. ის მკვრივი კინსისტენციისაა, ზომიერად მტკივნეული. საგრძნობლად მტკივნეულია ელენთა პერისპლენიტის შემთხვევაში. სისხლის დაავადებების დროს ხშირია ღვიძლის გადიდებაც, რომელიც მკვრივი კონსისტენციისაა სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაციის გამო. image


პერკუსია:

ვადგენთ ელენთისა და ღვიძლის ზომებს, სითხის არსებობას პლევრის, მუცლის ღრუში.

აუსკულტაცია:

ვადგენთ შუილის არსებობას გულის არეში, ფილტვებში ანთებად ცვლილებებს (ხშირია პნევმონია, ფილტვის დესტრუქცია). ელენთის მიდამოში შეიძლება მოვისმინოთ პერიტონეუმის ფურცლების ხახუნი.image

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდები : სისხლის საერთო ანალიზი (ლაბორატორიული სემინარის მასალა), ძვლის ტვინის გამოკვლევა, ლიმფური კვანძების ბიოფსია, სისხლის შემდედებელი ფუნქციის გამოკვლება, რენტგენოლოგიური გამოკვლევა რადიოიზოტოპური გამოკვლევები.

image


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0