x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ტექნოლოგიები, როგორც მოზარდთა სრულფასოვანი ძილის რისკ-ფაქტორი
სრულფასოვანი ძილი აუცილებელია კარგი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის, თუმცა, დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო მრავალი ადამიანი განიცდის ძილის პრობლემებს, რაც მეტწილად, გამოწვეულია „დატვირთული“ ცხოვრების წესით. მაგალითად, ამერიკაში მოზრდილების 70% აცხადებს, რომ თვეში მინიმუმ ერთი დღე ძინავთ არასაკმარისად, ხოლო 11% ამბობს, რომ არასრულფასოვანი ძილით იტანჯებიან ყოველ ღამე. (Centers for Disease Control and Prevention (2008) Perceived Insufficient Rest or Sleep Among Adults —United States). ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავებზე დაკვირვების შედეგადაც დავინახოთ არასაკმარისი ძილის უარყოფითი შედეგები ჩვენს ფიზიკურ აქტივობაზე, განწყობასა თუ პროდუქტიულობაზე. ალბათ, არაერთხელ შეგვინიშნავს, რომ „უძილო ღამის“ შემდეგ მთელი დღის განმავლობაში გაღიზიანებულები, ნაკლებაქტიურები, დაღლილები და არაპროდუქტიულები (ან ნაკლებ პროდუქტიულები) ვყოფილვართ.

ზრდის და აქტიური განვითარების გამო ძილის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება ბავშვებსა და მოზარდებში. მოზარდებში ძილის თავისებურებების ცვლილება დაკავშირებულია ასაკთან, ცხოვრების წესთან და სოციო-კულტურულ გავლენებთან. მოზარდობის ასაკში ძილის პრობლემები გავლენას ახდენს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტორზე, მათ შორის სოციალურ და ოჯახურ ურთიერთობებზე, განწყობის დარღვევასა (Carskadon, Acebo, & Jenni, 2004; Millman, 2005) და აკადემიურ მოსწრებაზე (Ahn, Joo, Kim, Lee &Shin, 2003; Carskadon & Wolfson, 2003; James, Kristjansson, & Sigfusdottir, 2011 ). აღსანიშნავია, რომ მოზარდები ძილის პრობლემებით განიცდიან მეტ ფსიქოლოგიურ დისტრესს (Dahl & Lewin, 2002).

image

შეიძლება ითქვას, რომ ძილი არის ის ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც „იტანჯება“ მოზარდობის ასაკში. კერძოდ, მცირდება ძილის ხანგძლივობა სხვადასხვა ნორმატიული, ფსიქო-სოციალური თუ ბიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით. დიანა მორისონის და მისი კოლეგების კვლევაში (Morrison, D. Mcgee & R. Stanton, W.R, 1992) 943 მოზარდი იქნა გამოკითხული ძილის პრობლემებთან დაკავშირებით. მოზარდთა მეოთხედმა აღნიშნა, რომ მათ სჭირდებოდათ მეტი დრო ძილისთვის, ვიდრე ადრე. ხოლო გამოკითხულთა 10%-მა აღნიშნა, რომ განიცდიდნენ სითულეებს დაძინებისას. მოზარდები, რომლებიც ავლენდნენ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხაზს უსვამდნენ ჩაძინების სირთულეებზე, მოჭარბებულ შფოთვაზე, დეპრესიასა და უყურადღებობაზე. საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა გენდერს შორის.


კითხვა, თუ რამდენი ხანი ძილი სჭირდებათ მოზარდებს ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური დიალოგის თემაა და შესაბამისად, არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც. მაგალითად, ერთი მხრივ, პუბერტატის განმავლობაში ძილის საჭიროების შესწავლისას გამომჟღავნდა, რომ მოზარდებს სჭირდებათ 9საათი და 15 წუთი ძილი ღამეში და ეს დრო არ იცვლება 10-დან 17 წლამდე (Carskadon et al., 1980). ზოგიერთი მკვლევარი კი ძილის უნივერსალური რაოდენობის არსებობის ნაცვლად, ემპირიულად ჩატარებული კვლევების საფუძველზე ხაზს უსვამს ძილის ინდივიდუალურ განსხვავებებს( Galván, A, 2020) მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზარდები საშუალოდ საჭიროებენ 8.5 -10 საათამდე ძილს ღამეში.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის კვალდაკვალ უფრო გაიზარდა მოზარდებში ძილთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც მოიცავს: გვიან დაძინებას, ჩაძინების სირთულეს, ძილის განმავლობაში ხშირ გამოღვიძებებს (ე.წ „ფხიზელი ძილი“) და გაღვიძების სირთულეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2015 წელს მოზარდების დაახლოებით 40%-ს ღამით ეძინათ 7 საათზე ნაკლები, რაც 58% -ით მეტია 1991 წლის, ხოლო 17% -ით მეტია 2009 წლის მონაცემებთან შედარებით (Jean. M, Hisler. G, Krizan. Z, 2017). შესაბამისად, უფრო მეტად და მეტად აქტუალური ხდება ტექნოლოგიების გამოყენების უარყოფითი ზემოქმედების კვლევა მოზარდების ძილის ხანგძლივობასა და ხარისხზე.

image

21-ე საუკუნეში კომპიუტერსა და ინტერნეტს მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი როლი უკავია. ბოლო წლებში ინტერნეტის გამოყენების დრამატული ზრდის გამო წამოიჭრა მისი ნეგატიური გავლენის საკითხი მენტალურ ჯანმრთელობაზე. მკვლევრებმა უფრო და უფრო მეტად იკვლიეს ელექტრონული მედიის გამოყენების როლი და დაადგინეს, რომ ძილის ხანგრძლივობა მით უფრო იკლებს, რაც უფრო მეტი დრო იხარჯება ტელევიზორის ყურებაში, ვიდეო-თამაშებსა ან მობილური ტელეფონის გამოყენებაში (Guan. S, Hale. L, 2015).

ტექნოლოგიების ოთახში ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზრდის სასკოლო თუ დღის სხვა აქტივობების შემდეგ, ძილის წინ მოზარდების მიერ მათი გამოყენების ხანგძლივობას. საერთაშორისო ძილის ორგანიზაციამ 2006 წელს ჩაატარა გამოკითხვა „ძილი ამერიკაში“ (National Sleep Foundation. Sleep in America Poll. Washington, D.C, 2006). და აღმოაჩინა, რომ ამერიკის მოზარდების თითქმის 1/3-ს აქვს კომპიუტერი და აქედან 1/5-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან თავიანთ ოთახში.

მოზარდების ოთახებში ელექტრონული მოწყობილობებისა და ინტერნეტის არსებობა, მათი გამოყენება და ძილთან დაკავშირებული პრობლემები ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია. სწორედ, ამ კავშირებს იკვლევდა ვან დე ბულკი 2004 წელს (Van den Bulck, 2004). 2546 ბელგიელი მოზარდის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი კანონზომიერებები: 1.მოზარდები, რომლებსაც ოთახში ჰქონდათ ტელევიზორი, კვირის განმავლობაში გვიან მიდიოდნენ დასაძინებლად და იღვიძებდნენ გვიან დასვენების დღეებში, ხოლო, სასწავლო დღეებში იღვიძებდნენ ადრე. საბოლოოდ, ისინი ატარებდნენ ნაკლებ დროს ძილში. 2.ინტერნეტის მომხმარებლებიც მთელი კვირის განმავლობაში გვიან იძინებდნენ და დილით ადრე უწევდათ ადგომა. იგივე კანონზომიერება გამოვლინდა კომპიუტერული თამაშების შემთხვევაშიც.

ტელევიზორის ყურება ასევე ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მოზარდების ძილის ხანგძლივობასა და ხარისხზე. მოზარდების საკმაოდ დიდი რაოდენობა უყურებს ტელევიზორს ინტენსიურად, კერძოდ, საღამოს ტელევიზორთა მაყურებლების წილი 12-18 წლის მოზარდებში 80%-ზე მეტია (Calamaro, Mason, & Ratcliffe, 2009). კოჰენისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლევაში გამოკითხული იყო ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები 759 დედა-შვილი ადრეული, შუა და გვიანი მოზარდობის განმავლობაში. არასრულფასოვანი ძილის რისკები უფრო დიდი იყო იმ მოზარდებში, რომლებიც 3საათზე მეტ ხანს უყურებდნენ ტელევიზორს. კვლევის ფარგლებში მათ, ვინც 1საათამდე შეამცირეს ტელევიზორის ყურების ხანგძლივობა ძილთან დაკავშირებული პრობლემების რისკები შეუმცირდათ (Brook. J, Cohen. P, First. M, Johnson J & Kasen, 2004).

2010 წელს ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ისრაელის მოზარდებში ძილის შეფასება სასწავლო და დასვენების დღეებში, ასევე, ურთიერთკავშირის დადგენა მასობრივი ინფორმაციის ელექტრონულ საშუალებებსა (ტელევიზორი და კომპიუტერი) და ძილთან დაკავშირებულ ქცევებს, მათ შორის პრობლემებს, დაღლილობასა და უძილობას შორის. 470 მოზარდის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი დასაძინებლად მიდიოდნენ 23:00 და 01:45 საათზე, და ეძინათ საშუალოდ 7, 5 საათზე ნაკლები სამუშაოს დღეებში, ხოლო თითქმის 10 საათი დასვენების დღეებში. დღეში ელექტრონული მედიის საშუალო ექსპოზიცია (გამოყენების დრო) ტელევიზიისთვის დაახლოებით 3 საათი იყო, ხოლო ინტერნეტისთვის 2.5 სთ. მოზარდები, რომლებსაც ოთახში ჰქონდათ ტელევიზორი გვიან მიდიოდნენ დასაძინებლად, მეტად ყოვნდებოდნენ საწოლში ფხიზლები და უფრო ცოტახანი ეძინათ, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰქონდა ტელევიზორი ოთახში.( Flint‐Bretler.O, Shochat.T, Tzischinsky, 2010).

აღნიშნული კვლევების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კროს-კულტურული განსხვავებები ინტერნეტისა თუ ტელევიზორის გამოყენებასა და ძილის პრობლემებს შორის არ არსებობს. როგორც ამერიკაში, ისე ბელგიასა და ისრაელში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მსგავსი შედეგები იქნა მიღებული. კერძოდ, ოთახში ინტერნეტის და ელექტრონული მოწყობილობების არსებობა ზრდის მოზარდების მიერ მათი გამოყენების ალბათობასა და ხანგძლივობას, რაც თავის მხრივ ზრდის ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს: ამცირებს რა ძილის ხანგძლივობას, ზრდის ფხიზელი ძილის და გაღვიძების რისკებს.

image

ალბათ, ჩვენი ცხოვრება მობილურების გარეშე წარმოუდგენელია. მათ ვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როგორც დილით, ასევე საღამოს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში სმარტფონები განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი გახდა მოზარდებისთვის. მობილური ტელეფონების მფლობელი მოზარდების რაოდენობა 2012 წელს 41%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალზედ გაიზარდა და 2018 წლის მონაცემებით მოზარდთა 89% ფლობს მათ. მოზარდების მიერ მობილურების გამოყენება განსაკუთრებით ღამით, ძილის დარღვევების და დეპრესიის მაღალი რისკის მომასწავლებელია (Brand. S, Dewald-Kaufmann JF, Grob. A & Lemola. S (2015).

ბევრი მოზარდი სმარტფონებს დაძინებამდე საწოლში ყოფნისას ერთი საათის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყენებს, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ძილზე. მაღალი კორელაცია დაფიქსირდა მობილური ტელეფონების გამოყენებასა და ძილის დარღვევებს შორის ლონგიტუდურ კვლევაში (Akre. C, Barrense-Dias. Y, Berchtold. A, Schweizer. A & Suris J, 2017). კვლევის მიზანი იყო სმარტფონების გავლენის კვლევა მოზარდთა ძილზე. გამოიკითხეს 591 მოზარდი 2012 წელს და 2 წლის შემდეგ. ისინი დაყოფილნი იყვნენ სამ ნაწილად: მფლობელებად (ისინი, ვისაც ჰქონდათ მობილური 2012 წელს), „ახალ მფლობელებად“(არ ჰქონდათ 2012 წელს, მაგრამ 2014 წლისთვის ჰქონდათ) და „არა-მფლობელებად“ (არ ჰქონიათ მობილური არც ერთ შემთხვევაში). სამივე ჯგუფში ძილის ხანგძლივობა 2012 წლიდან 2014 წლამდე შემცირდა. პრობლემები უფრო მეტად გაიზარდა და ძილის ხანგძლივობა უფრო მეტად შემცირდა მობილურის მფლობელებში, ვიდრე „ახალ“ და „არა-მფლობელებში“. განსაკუთრებით შემცირდა ძილის დრო სკოლის დღეებში.

ის თუ რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ტექნოლოგიების გამოყენებასა და ძილის პრობლემებს შორის კავშირს ჯერ კიდევ არ არის სრულად ნაკვლევი, თუმცა, ურთიერთკავშირის თეორიული მოდელი რამდენიმე შესაძლო მექანიზმს წარმოგვიდგენს. კერძოდ, ელექტონული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს ძილზე, ან შეიძლება ხელი შეუშალოს მას გაძლიერებული ფსიქოფიზიოლოგიური აღგზნების ან კაშკაშა სინათლის გავლენის გამო. ძილზე შეიძლება, ასევე, უარყოფითად იმოქმედოს ელექტრომაგნიტურმა გამოსხივებამაც. (Cain. N, Gradisar. M, 2010) სინათლემ შეიძლება შეანელოს ცირკადული რიტმი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ტექნოლოგიები გვიან, ძილის წინ გამოიყენება. (Cajochen. C, Jewett. M, Khalsa. S, 2003) კიდევ ერთი შემოთავაზებული მექანიზმის მიხედვით, ძილის გაუარესება დაკავშირებულია ფიზიკურ დისკომფორტთან, როგორიცაა კუნთებისა და თავის ტკივილი, რომლებიც თან სდევს კომპიუტერის, მობილურის, ტელევიზორისა თუ სხვა ტიპის ელეტრომოწყობილობის ხანგძლივ გამოყენებას.( Dellve. L, Harenstam A, Thomee. S, 2010)

მაშასადამე, ზემოთ განხილული კვლევების შედეგად, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად მოზარდებში ინტერნეტი და ისეთი სახის ტექნოლოგიები, როგორებიცაა: მობილური, კომპიუტერი და ტელევიზორი უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. დამღლელი დღის ბოლოს მოზარდები განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ ტექნოლოგიებთან, რაც უარყოფითად აისახება მათი ძილის ხარისხსა თუ ხანგძლივობაზე. კერძოდ, იზრდება გვიან დაძინების, ფხიზელი ძილის და გვიან გაღვიძების რისკები, რაც თავის მხრივ მოქმედებს მოზარდის ფიზიკურ აქტივობებზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სოციალურ ურთიერთობებზე. რადგან ხელმისაწვდომობა მთავარ პრობლემას წარმოადგენს, უმჯობესი იქნება, თუ მოზარდს თავის ოთახში ნაკლებად ექნება წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ა.შ. სირთულეები პუბერტატის ასაკში ისედაც მრავლადაა, ხოლო იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ძილის დარღვევები და მისგან გამოწვეული სხვა დამატებითი პრობლემები, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდს კარგად ავუხსნათ ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, რომლებიც თან სდევს ტექნოლოგიებთან დიდხანს ურთიერთობას და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლოთ მათ მიერ კომპიუტერთან, მობილურთან თუ სხვა მოწყობილობასთან გატარებული დროის ხანგძლივობა.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ტუხაშვილი
ანა ტუხაშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0