x
საკლასო ოთახში დისციპლინის დარღვევის 4 მიზანი
ადამიანი თავის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს სკოლაში ატარებს, ამ პერიოდში ყალიბდება და იზრდება პიროვნულად. აუცილებელია მოსწავლეებთან სწორად შერჩეულ მიდგომებით და ტექნიკებით იურთიერთონ მასწავლებლებმა. ყველა მოზარდი განსხვავებულია თუმცა მაინც არსებობს საერთო მახასიათებლები რომლის მიხედვითაც შეგვიძლია მათი ქცევის მიზნებზე ვიმსჯელოთ, ამოვიცნოთ და ამის შესაბამისად შევარჩიოთ საჭირო სტრატეგიები.

დისციპლინის დარღვევის 4 სხვადასხვა მიზანი არსებობს. ერთ-ერთი მოტივი არის ყურადღების მიპყრობა, რომელსაც პასიური და აქტიური გამოვლინებები აქვს. პასიურ ფორმასთან ურთიერთობა უფრო რთულია, რადგან მათი მოტივი არ არის იმდენად თვალნათელი რამდენადაც „აქტიურების“. არსებობს პრევენციის გზები, რომელის მთავარ პრინციპს წარმოადგენს, რომ მოსწავლეს მხოლოდ მაშინ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ცუდად იქცევა, უნდა ვასწავლოთ როგორ მოახერხოს ბაზისური მოთხოვნილებების მისაღები გზებით დაკმაყოფილება და ამასთანავე, აუცილებელია, ბავშვმა სახლში მიიღოს ყურადღების საჭირო რაოდენობა. ჩემი აზრით, მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ყურადღების მიღებაც არის ფსიქოლოგიური მოთხოვნილება, რომელიც ბავშვმა აუცილებელად უნდა დაიკმაყოფილოს. ის არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ცდილობს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, არამედ უნდა ვასწავლოთ როგორ ჩაანაცვლონ ამით განპირობებული არასასურველი ქცევები. როდესაც „ცუდი“ ქცევის მიზანი ყურადღების მიღება არის მასწავლებლებმა სიტუაციის უნდა მოარგონ რელევანტური სტრატეგიები და ტექნიკები. მაგ. ერთ-ერთი ტექნიკა „მადლობა გადაუხადეთ მოსწავლეებს“, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა სხვა არჩეულ ტექნიკასთან ერთად, რათა განმტკიცდეს სასურველი ქცევები.

ძალაუფლების მოყვარე მოსწავლეებთან ურთიერთობა ორმაგად რთულია. ამის განხორცილებას ორმაგად გართულებულს ხდის მასწავლებლების ბუნებრივი რეაქციები. თითქმის ამავე მიზეზით ურთულესია შურისმაძიებლური მოტივის მქონე ბავშვებთან ურთიერთობა. ისინი მარტივად ახდენენ მასწავლებლის პროვოცირებას. მასწავლებელი პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეს, რომ ქცევა ნამდვილად შურისძიების მოტივით არის გამოწვეული. ამისთვის უმნიშვნელოვანესია დააკვირდეს საკუთარ ემოციებს და პირველ იმპულსებს. თითქმის შეუძლებელია ამ ბავშვების ქცევებმა გაღიზიანება, ბრაზი არ გამოიწვიონ და პასიური ან აქტიური აგრესიისკენ არ უბიძგონ მასწავლებელებს. რთულია ამ დროს, თავის კონტროლი და იმ სტრატეგიებზე ფიქრი, რომელიც სიტუაციის რაციონალურ გადაწყვეტაში დაეხმარებათ.

ძალიან მნიშვნელოვანი 6 წესი (ყურადღების მიქცევა ქცევაზე და არა პიროვნებაზე, კონცენტრაცია საკუთარ უარყოფით ემოციებზე, არ გაამძაფროთ დაძაბული სიტუაცია, გადადეთ ქცევის განხილვა, მოახერხეთ რომ მოსწავლემ „შეინარჩუნოს სახე“, მისაღები ქევის მოდელის დემონსტირირება) არსებობს, რომელიც აუცილებელია ყველა მასწავლებელს ჰქონდეს გააზრებული. ამ სტრატეგიების გათვალისწინების შემთხვევაში, აუცილებლად, ნაწილობრივ მაინც, გამოსწორდება სიტუაცია სკოლებში. მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა სწორად აარჩიონ სტრატეგიები, კონტექსტის, ინდივიდუალიზმის და ქცევის სპეციფიკის გათვალისწინებით. რამდენიმე სტრატეგია არსებობს, რომელიც რეკომენდირებულია ძალაუფლების და შურისძიების ქცევის დროს გამოიყენონ. თითოეული მათგანი მოითხოვს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას, რომ არ მივიღოთ პირიქით, უარყოფითი შედეგი. ნებისმიერ სიტუაციაში, კონსტრუქციული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, საკუთარ თავშიც დავინახოთ პრობლემები. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა შეცვალონ უარყოფითი დამოკიდებულებები. ამისთვის არსებობს ეფექტური სტრატეგიები, რომელებიც გვეხმარება შევცვალოთ აღქმა, რეაქციები, ვიმოქმედოთ თავდაჯერებულად და მოსწავლეების მიმართ გამოვხატოთ ზრუნვა. ასევე, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოყენება და მართვა, ვისაუბროთ მოსწავლეების გრძნობებზე და გავავარჯიშოთ ისინი ემოციების ფიზიკურ მართვაში.


მარცხისგან თავის არიდების ქცევის აღმოჩენა განსაკუთრებით რთულია. მოსწავლეები ამ ქცევებით ცდილობენ შენიღბონ წარუმატებლობის შიში. მათ დაბალი თვითეფექტურობის განცდა აქვთ, შესაბამისად ყველანაირად ცდილობენ აირიდონ ისეთი სიტუაციები, რომელებიც მათი უნარების შემოწმებას ემსახურება. არსებობს 8 სტრატეგია, რომელიც რეკომენდირებულია მასწავლებლებისთვის. ყველა მათგანი მიმართულია ბავშვებში გაზარდოს თვითეფექტურობის განცდა, ასწავლოს შეცდომების მნიშვნელობა, გაუზარდოს თვითშეფასება და წარმატების მიღწევის მოლოდინი. მოსწავლის ქცევის პრევენციის მიზნითაც აუცილებელია გავითვალისწინოთ გარკვეული სტრატეგიები და რაც მთავარია ვიზრუნოთ ბავშვების თვითეფექტურობისა და თვითშეფასების გაზრდაზე. არსებობს აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა დაიცვან ნებისმიერ სიტუაციაში. ესენია : უპირობო მიღება, ყურადღება, პატივისცემა, შექება დამსახურებულად და თბილი გრძნობების დემონსტრირება. ყველაფერთან ერთად უმნიშვნელოვანესია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ თითოეული მოსწავლე გრძნობდეს თავს ჯგუფის ნაწილად და კონსტრუქციული ურთიერთობები დამყარებული იყოს, როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს, ისე თანაკლასელებს შორის.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0