x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"საფოსტო ყუთი"

„საფოსტო ყუთი“ შეფასების ცენტრებში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავარჯიშოა. იგი, ისევე როგორც ზოგადად შეფასების ცენტრი, ძირითადად, მენეჯერული პოზიციებისათვის კანდიდატთა შესარჩევად გამოიყენება.

სავარჯიშოს იყენებენ როგორც ინტეგრირებულად, შეფასების ცენტრის სხვა სავარჯიშოებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლადაც. მისი უპირატესობაა დავალების პირობებისა და შინაარსის მაქსიმალური სიახლოვე და თანხვედრა იმ შინაარსთან და დავალებებთან, რომელთა შესრულებაც მოუწევს კანდიდატს კონკრეტულ მენეჯერულ პოზიციაზე. შედეგად, შესაძლებელი ხდება ისეთი ცოდნისა და უნარების გამოვლენა, როგორიცაა პრიორიტეტების განსაზღვრა, ფუნქციების დელეგირება, თანამშრომელთა შორის ურთიერთობების მოწესრიგება, გეგმის შედგენა.

სავარჯიშოს შესავალ ნაწილში კანდიდატს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია კონკრეტული მენეჯერული პოზიციის, ნაგულისხმები პასუხისმგებლობების, უფლება-მოვალეობებისა და კონკრეტული დავალებების შესახებ. ასევე მას მიეწოდება ინფორმაცია კომპანიის, მისი სტრუქტურის, მიზნისა და კულტურის შესახებ. შემდეგ ხდება კანდიდატისთვის კონკრეტული შემთხვევების წარდგენა _ ესაა საფოსტო გზავნილები სხვადასხვა თემაზე. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენი დავალება, რომლის შესრულებისთვის შეზღუდული დროა გამოყოფილი; ან თანამშრომლის წერილი, რომ უჭირს დაკისრებული ფუნქციების შესრულება და ითხოვს სხვა პოზიციაზე გადაყვანას; ან თანამშრომელი იტყობინება კოლეგასთან არსებული უთანხმოების შესახებ.

მას შემდეგ, რაც აპლიკანტი გულდასმით გაეცნობა შეთავაზებულ მასალებს, მას ეძლევა კონკრეტული, შეზღუდული დრო (2-3 საათი), რათა დაამუშავოს ეს ინფორმაცია წინასწარ მიცემული მითითებების მიხედვით. მას ევალება წარმოადგინოს პრობლემის კონკრეტული გადაწყვეტა, განსაზღვროს პრიორიტეტები და ახსნას როგორ განახორციელებს ამ გადაწყვეტილებას. პასუხებს აფიქსირებს შესაბამის ფორმაში.

აღნიშნული სავარჯიშოს ღირებულებას განსაზღვრავს მისი თანხვედრა რეალურ სამუშაო სიტუაციასა და დავალებებთან. იგი აპლიკანტს საკუთარი მენეჯერული უნარების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. შერჩევის სპეციალისტები არ ერევიან სავარჯიშოს შესრულების პროცესში, თუმცა კანდიდატზე დაკვირვებითა და სავარჯიშოს შემდეგ ინტერვიუირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების საშულება აქვთ. შესრულებული დავალების შეფასებაც მარტივია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა მისი ადმინისტრირებისთვის აუცილებელია გამოცდილი შერჩევის სპეციალისტი. ამ მახასიათებლებისა და კვლევის საფუძველზე დადასტურებული მაღალი პრედიქტული ვალიდობის გამო ეს სავარჯიშო დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სავარჯიშოა შერჩევის პროცესში.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0