x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ნებელობის ცნება განწყობის თეორიაში

შოთა ნადირაშვილის მიხედვით, ნებელობა არის ფსიქიკური აქტივობა, პროცესი, რომელიც ხორციელდება ობიექტივაციის საფუძველზე და რომლის მეშვეობითაც წყდება პიროვნული, შინაგანი პრობლემა. პიროვნულ პრობლემაში იგი გულისხმობს აქტუალური/მიმდინარე ქცევის არათავსებადობას ადამიანის ფასეულობათა სისტემასთან. დიმიტრი უზნაძე ნებელობის განმარტებას არ იძლევა, ნებისმიერ აქტივობას განიხილავს მაგალითების საფუძველზე. იგი აქცენტს აკეთებს მის მომავალისკენ მიმართულობაზე _ ნებელობა ისეთი ქცევის განხორციელების საშუალებას იძლევა, რომლის შესაბამისი აქტუალური მოთხოვნილებაც ამჟამად ადამიანს არ აქვს, ან შეიძლება სასურველი (სოციალურად ან მე-ს ღირებულებათა სისტემისათვის) ქცევითი აქტივობის საპირისპირო მოთხოვნილება აქვს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ნებელობის მეშვეობით ხორციელდება ისეთი აქტივობა, რომლის განხორციელების იმპულსიც ადამიანს არ აქვს. იმპულსი ამ შემთხვევაში გულისხმობს ენერგიას, აღმძვრელს. უზნაძე წერს, რომ ნებელობის ფსიქოლოგიის მთავარი პრობლემა სწორედ იმის გადაწყვეტაა, როგორ და საიდან იღებს ნებელობა ქცევის აღძვრისა და განხორციელებისთვის ენერგიას.

უზნაძე ნებელობას სამ პერიოდად ყოფს _ ალტერნატივების განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, ნებისმიერი ქცევის განხორციელება. ნადირაშვილი კი ამატებს კიდევ ერთ პერიოდს ალტერნატივების განხილვამდე, როდესაც ხდება იმპულსური ქცევის მიმდინარეობაში შეფერხების გაჩენა, ინდივიდი მიმართავს ობიექტივაციის აქტს და განიცდის ნებისმიერი ქცევის საჭიროებას. ამ პერიოდის სპეციფიკა და საჭიროება ცოტა ბუნდოვანია, სავარაუდოდ, მისი დამატება გამოიწვია ნადირაშვილის მიერ ნებელობის, როგორც ქცევის მართვაში მონაწილე ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ცნობიერი რესუსრსის განხილვამ და იმის დაშვებამ, რომ შესაძლოა ზოგჯერ ნებისყოფის დახმარება (ქცევისთვის იმპულსის შექმნა) საჭირო არ გახდეს და პრობლემა მხოლოდ ობიექტივაციის საფუძველზე, აზროვნების მეშვეობით მოგვარდეს.

უზნაძეც და ნადირაშვილიც ნებისყოფითვის სპეციფიკურად მიიჩნევენ გადაწყვეტილების მიღების პერიოდს, როცა ხდება ნებისმიერი ქცევის განწყობის ფორმირება და ეს განიცდება როგორც გადაწყვეტილების მიღება (ეს ადგილი ცოტა ბუნდოვანია, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ უშუალოდ განწყობის ფორმირების მომენტი მიუწვდომელია ცნობიერებისთვის და მისი აღმოცენების შემდეგ (მზაობის მდგომარეობის წარმოქმნის შემდეგ) მისი ასახვა განიცდება გადაწყვეტილების მიღებად).

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0