x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ინტერპერსონალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?
image


ადამიანი არის სოციალური არსება და მას ყოველთვის სჭირდება სოციალიზაცია და სხვებთან ურთიერთობაში ყოფნა. კონფლიქტს უკავია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ურთიერთობებში. ის წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების რეალობას. მის გარეშე ადამიანი ვერ დაამყარებდა სრულფასოვან ურთიერთობებს. ინტერპერსონალური კონფლიქტი არის ორი ან მეტი ადამიანის ინტერესების, შეხედულებების დაპირისპირება. ეს ადამიანები ხშირად ერთმანეთთან ემოციურად დაკავშირებულნი არიან. კონფლიქტი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში შეიძლება წარმოიშვას მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს და შეყვარებულებს შორის. ინტერპერსონალური კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც (1) ერთი ადამიანის ქცევა გავლენას ახდენს მეორე ადამიანის ქცევაზე, ანუ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან; (2) როცა ურთიერთობების დროს ერთი მხარე აღწევს საკუთარ მიზნებს, მეორე მხარის მიზნები კი რჩება მიუღწეველი; (3) როდესაც ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ როგორც დაბრკოლებას მათი მიზნების მიღწევაში. რაც უფრო მეტად არის ორი ადამიანი ერთმანეთზე დამოკიდებული, მით უფრო მეტ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტი მათ შორის და ასევე მით უფრო დიდი გავლენა იქნება ამ კომფლიქტს მათ ურთიერთობებში.

ინტერპერსონალურ ურთიერთობებში კონფლიქტს გააჩნია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ფუნქცია, ანუ კონფლიქტმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს ან ზიანი მიაყენოს ურთიერთობას. ის, თუ როგორი შედეგი ექნება კონფლიქტს ურთიერთობებში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს კონფლიქტის მიმართ და რა მეთოდებს იყენებს ინდივიდი კონფლიქტის გადასაჭრელად. უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტის მხოლოდ უარყოფით მხარეებსა და ნეგატიურ ფუნქციაზე. მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია თავი აარიდონ კონფლიქტს, რადგან მათი აზრით ყველა პრობლემა დროთა განმავლობაში თვითონ მოგვარდება, მათი აზრით კონფლიქტი მხოლოდ ზიანს აყენებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს და თუ ადამიანებს შორის არსებობს კონფლიქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობას ემუქრება საფრთხე. თუმცა უმრავლესობის ეს დაშვება მცდარია და სწორედ მათი ასეთი პოზიცია ხელს უშლის კონფლიქტის მოგვარებას.


image



ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ხშირად ორივე მხარე ცდილობს თავი აარიდოს კონფლიქტს, რადგან ისინი არ იციან იმას, რომ კონფლიქტი გარდაუვალია და მას შეიძლება მოჰყვეს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგი. თუ ადამიანი აცნობიერებს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია და იგი პიროვნებათშორისი ურთიერთობის ძირითადი ნაწილია, იგი კონფლიქტის მოგვარების სწორ სტრატეგიას აირჩევს, ანუ პრობლემურ სიტუაციაზე კონფლიქტი მას აიძულებს პრობლემის გადაწყვეტის გზები მოიძიოს. თუ ინდივიდი სხვა ადამიანთან ურთიერთობისას კონფლიქტის მოგვარების სწორ გზას გამოიყენებს, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ მათი ურთიერთობა უფრო გაჯანსაღდება და გაძლიერდება, რადგან ეს მათ შესაძლებლობას აძლევს გაარკვიონ უთანხმოებები და შეცვალონ საკუთარი მოლოდინები ურთიერთობის მიმართ. მაგალითად, შეყვარებულ წყვილს შორის კონფლიქტი მათ საშუალებას აძლევს, შეამოწმონ პარტნიორის და საკუთარი დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ, დაინახონ ორივე მხარის გრძნონების სიღრმე და შესაძლებლობას აძლევს შეეცადონ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობები დაამყარონ.

იმისათვის, რომ კონფლიქტს ჰქონდეს დადებითი შედეგი, ანუ სარგებელი მოუტანოს ურთიერთობას საჭიროა, რომ დაპირისპირება საჯაროდ, ანუ სხვების თანდასწრებით არ განხორციელდეს. მაგალითად, თუ ცოლ-ქმრის კამათის დროს მესამე მხარე მონაწილეობს, შესაძლოა, რომ მათი მიზანი იყოს არა კონფლიქტის მოგვარება, არამედ იყოს კამათის მოგება. ასევე შესაძლებელია, რომ მესამე მხარის მონაწილეობის დროს კამათის მონაწილეები, მაგალითად შეყვარებულები, არ გამოიხატონ საკუთარი აზრები და გრძნობები გულწრფელად. ასე, რომ იმისათვის, რომ კონფლიქტმა ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას სასურველია, რომ მესამე მხარე არ მონაწილეობდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

კონფლიქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუ კონფლიქტის მოგვარების სწორი სტილი იქნება შერჩეული. კონფლიქტის მოგვარების ხუთი ძირითადი სტილი არის ცნობილი, რომელიც აღიწერება ორი განზომილების მიხედვით: (1) მეორე პიროვნებაზე ზრუნვა და (2) საკუთარ თავზე ზრუნვა. კონფლიქტის მოგვარების ხუთი სტილიდან ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ხშირ შემთხვევაში აუმჯობესებს ორი სტილი, ესენია: თანამშრომლობა და კომპრომისი. კომპრომისის დროს ადამიანი იმყოფება კონტინიუმის შუაში, ანუ იგი ზრუნავს როგორც სხვისი, ისე საკუთარი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაზე. კონფლიქტის მოგვარების დროს ამ სტილის გამოყენებისას, დიდი ალბათობით, მშვიდობა და ჰარმონია იქნება შენარჩუნებული. თანამშრომლობის დროსაც ადამიანი ზრუნავს ორივე მხარის საჭიროებებსა და სურვილებზე. თანამშრომლობა გულისხმობს მეორე მხარესთან ყურადღებიან და აქტიურ კომუნიკაციას. პიროვნებათშორის ურთიერთობებში ხშირ შემთხვევაში სასურველია, რომ სწორედ ეს სტილი გამოყენებულ იქნას, რადგან ეს სტილი ორივე მხარეს შესაძლებლობას აძლევს დააკმაყოფილონ საკუთარი სურვილები და მიიღონ სარგებელი ამ ურთიერთობიდან.


image


ინტერპერსონალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ ზუსტად განსაზღვროთ კონფლიქტის როგორც ურთიერთობასთან, ისე შინაარსთან დაკავშირებული საკითხები. ურთიერთობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კონფლიქტის მოგვარებისას აწმყოზე კონცენტრირება. მაგალითად, როდესაც შეყვარებული წყვილი კამათობს, ხშირად ერთ-ერთი მხარე ახსენებს მეორე მხარის მიერ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რის შედეგადაც ორივე მხარე იწყებს წარსული შეცდომების გახსენებას და ავიწყებენ კონფლიქტის მთავარ საგანს. ასეთ შემთხვევაში მათი ურთიერთობები არამხოლოდ არ უმჯობესდება, არამედ უარესდება კიდეც. კონფლიქტის ურთიერთობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ემპათიის გამოყენების აუცილებლობა. ემპათია არის ადამიანის უნარი პრობლემას შეხედოს მეორე მხარის პოზიციიდან. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მხარეები არ ცდილობენ გამოიყენონ ემპათიის უნარი, ისინი მხოლოდ საკუთარ პოზიციიდან აანალიზებენ სიტუაციას, სწორედ ამიტომ კონფლიქტის შედეგად მათი ურთიერთობები უარესდება. კონფლიქტის შინაარსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პრობლემის განსაზღვრისას რაც შეიძლება მეტი კონკრეტული ტერმინების გამოყენება. როდესაც ადამიანი კონფლიქტის დროს იყენებს აბსტრაქტულ ტერმინებს, შემდგომ უფრო რთული ხდება კონფლიქტის გადაწყვეტა და საკუთარი მოსაზრების გამოსწორება. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის ურთიერთობასთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა.

ურთიერთობებში გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ადამიანებში გროვდება უარყოფითი ენერგია. ყველა ადამიანი საჭიროებს ამ ნეგატიური ენერგიისაგან გამოთავისუფლებას. კონფლიქტი ადამიანებს საშუალებას აძლებს დახარჯონ ეს უარყოფითი ენერგია. მაგალითად, როდესაც მეგობრები ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს, რადგან თვლიან, რომ ეს ამახინჯებს მათ ურთიერთობებს, მათში გროვდება ძალზე მეტი უარყოფითი ენერგია და შემდგომ ის უფრო დიდ ზიანს აყენებს მათ ურთიერთობას, ვიდრე კონფლიქტი. ინტერპერსონალური ურთიერთობების ფარგლებში კონფლიქტის ერთ-ერთი პოზიტიური მხარე არის ის, რომ იგი მეტ გარვეულობასა და სიზუსტეს სძენს სიტუაციას. კონფლიქტი საშუალებას აძლევს ინდივიდის თვითგამორკვევას, ანუ საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციის ფორმირებას.


image


ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ კონფლიქტში უნდა ჰქონდეს მოგებული და წაგებული. მათი აზრით შეუძლებელია, რომ კონფლიქტის შედეგად ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. რეალურად შესაძლელია, რომ კონფლიქტის შედეგად ორივე მხარე გახდეს მოგებული, თუ კონფლიქტის მართვის სწორი სტრატეგია იქნება შერჩეული.

რა თქმა უნდა კონფლიქტმა შესაძლოა ყოველთვის ხელი არ შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდზე. ერთსა და იმავე სიტუაციაში ერთნაირი შინაარსის კონფლიქტი შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ურთიერთობას იმისდა მიხედვით, თუ კონფლიქტის გადაჭრის რომელ სტრატეგიას და სტილს აირჩევს ინდივიდი, რამდენად არის განვითარებული ინდივიდის კომუნიკაციის უნარი, როგორი დამოკიდებულება აქვს მას კონფლიქტის მიმართ, მონაწილეობს თუ არა მესამე მხარე კონფლიქტის დროს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას კონფლიქტის შედეგებზე.

საზოგადოებაში კონფლიქტის მიმართ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტმა შეუძლია ხელი შეუწყოს ურთიერთობის გაუმჯობესებას, მთავარია ინდივიდმა კომფლიქტი აღიქვას არა როგორც „ჩხუბი“, არამედ როგორც „პრობლემის გადაწყვეტა“, ანუ მას არ ჰქონდეს მცდარი წარმოდგენა კონფლიქტის შესახებ და თავი არ აარიდოს მას. ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია და ის, თუ როგორი შედეგი მოჰყვება კონფლიქტს, დამოკიდებულია მასზე.


1
56
4-ს მოსწონს
ავტორი:ლაიდა იმანოვა
ლაიდა იმანოვა
56
  
2020, 1 სექტემბერი, 21:23
ავტორის მოსაზრება სრულიად მართებულია. მართლაც ადამიანი სოციალური არსებაა და კონფლიქტი ურთიერთობებში გარდავალია. ჩემი გამოცდილებიდანაც ძალიან კარგად ვიცი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტი ურთიერთობებში, იგი აუმჯობესებს ურთიერთობებს, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბევრი კონფლიქტი აუარესებს ურთიერთობებს. მთლიანობაში სტატია ძალიან მომეწონა.
0 1 1