x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508602
კონფორმულობა

image

კონფორმულობა ადამიანის გავრცელებული ტენდეციაა, დაეთანხმობს ჯგუფში გავრცელებულ შეხედულებებს და ქცევაც ამ ჯგუფისთვის მოსაწონი განახორციელოს. მას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და ზუსტად ამიტომ ხშირად ჩაგვითვლია ეს თვისება არასასურველად და მისი გამოსწორება გვიცდია. საინტერესოა როდის ვემხრობით უმრავლესობის შეხედულებებს ან როდის ვაიგნორებთ სოციალურ ნორმებს და ვიქცევით დამოუკიდებლად.

სოციალურ ფსიქოლოგიაში ორი ტიპის ძალას გამოყოფენ, რომელსაც კონფორმულობამდე მივყავართ, ესენია: ინფორმაციული და ნორმატიული გავლენა.

ინფორმაციული გავლენის დროს ჩვენს გვსურს მოცემული მომენტის შესაბამისად, კორექტულად და სწორად მოვიქცეთ. ამ დროს ვითვალისწინებთ თუ რა არის სხვების აზრით სწორი ქმედება. ინფორმაციული გავლენის ძალაზე ექსპერიმენტი მუზაფერ შერიფმა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ჯგუფში განსხვავებული პოზიციები ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოვდება. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მოსაზრებები თითოეულ ადამიანში მყარად ინარჩუნებს ადგილს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ჯგუფის წევრებთან აღარ იმყოფება. ამ დროს ხდება ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული ნორმების კრისტალიზაცია, ანუ გამეორების ტენდეცია. ეს შედეგი ნათლად გვიჩვენებს იმ პროცესს, თუ როგორ ხდება ახალი თაობისთვის ღირებულებების გადაცემა. აქვე დავამატებ, რომ ინფორმაციულ გავლენას იმ შემთხვევაში განვიცდით უფრო მეტად, როდესაც ინფორმაციის წყარო ჩვენთვის პიროვნულად ღირებული და მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ნორმატიულ გავლენას, ამ დროს ჩვენ გვსურს გარშემომყოფებმა გვაღიარონ, მიგვიღონ და მოვეწონოთ. ამ გავლენის თანახმად ვითვალისწინებთ თუ რა მოსწონთ სხვებს და როგორი ქცევაა მათთვის სასურველი. ნორმატიული გავლენის შესაფასებლად სოლომონ აშმა ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ კონფორმულობაზე გავლენას აზდენს უმრავლესობის ზომა და იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ მარტივად შესამჩნევ ფიზიკურ მახასიათებელზე გვიმტკიცებენ რომ არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ, თუ ვინმე გვეყოლება, თუნდაც ერთი ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად დაიცავს ჩვენს პოზიციას, ჩვენ ნაკლებად მიდრეკილები ვიქნებით კონფორმიზმისკენ. თუმცა, აქაც საინტერესოა თუ როგორ შეუძლია უმცირესობას უმრავლესობაზე გავლენის მოხდენა.

ძალიან რთულია უმრავლესობის აზრის შეცვლა, რადგან ისინი რაოდენობით ჭარბობენ და გავლენა გააჩნიათ. მაგრამ, გეტყვით, რომ უმცირესობასაც არანაკლები გავლენა შეიძლება გააჩნდეს. ამის ნათელი მაგალითია ფილმი – 12 განრისხებული მამაკაცი.

თუ უმცირესობაში ვიმყოფებით და ცვლილების მიღწევა გვსურს უნდა გვახსოვდეს რომ ეს შესაძლებელია- სტაბილური, ხანგრძლივი და ურყევი შეხედულების დაცვის დახმარებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უმცირესობაში ხშირად ისეთი პირები არიან, რომლებიც ან სისტემით არიან იმედგაცრუებულები ან უნარი და ძალა შესწევთ ახალი ალტერნატივების შეთავაზების.

როგორც უკვე ვახსენე, არსებობს გავლენის ორი ფორმა, ინფორმაციული და ნორმატიული. გასაკვირი არაა, რომ უმცირესობას ნორმატიული გავლენა ვერ ექნება, რადგან უმრავლესობას ნაკლები ინტერესი აქვს თავი მოაწონოს უმცირესობას, ისინი ხომ ისედაც პოპულარული აზრის გამავრცელებლები არიან. შესაბამისად, უმცირესობას რჩება გავლენის მეორე ფორმა, ინფორმაციული.

ყოველი ზემოთ თქმულის დახამრებით, მინდა გითხრათ, რომ უმცირესობაში ყოფნა არ არის გამოუვალი პრობლემა, რადგან ჩვენ მაინც გაგვაჩნია გავლენის მოხდენის იარაღი. ასევე დავამატებ იმასაც, რომ უმცირესობისა და უმრავლესობის დაპირისპირებას ხშირად მივყავართ პროგრესისკენ. ამიტომ, ურყევად და მკაცრად დავიცვათ ყველა ის პოზიცია, რომელიც სწორად მიგვაჩნია და საბოლოოდ მივიღებთ იმ პროგრესს, რომელიც ორივეს, უმრავლესობასა და უმცირესობას სურს.

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ლორთქიფანიძე
ქეთი ლორთქიფანიძე
24