x
ფენიქსი

შენზე ნასროლი ქვებისგან ააშენე იმპერია
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გარემო ჩვენთვის ფერებს იცვლის. მარტო ვარდისფერი სათვალე არაა მუდმივად ჩვენს ცხვირზე ჩამოდებული. მომენტები, როცა იგი შავად იფერება, ისე სწრაფად გვიცვლიან სასიამოვნო რეალობას, რომ ხანდახან პირდაპირ მუხლებზე ვეცემით და გვგონია, რომ დასრულდა ყველაფერი. გვაქვს შეგრძნება, თითქოს აღარაფრის გაგრძელება, დამთავრება ან ახლიდან დაწყება არ ღირს. ყველაზე დამთრგვუნველი ასეთ დროს უთქმელობაა. ვსაუბრობთ საკუთარ თავთან დღისით, ღამით, მაგრამ სოციუმში მარტო ვართ. ვიშენებთ გალავანს გარშემო, როგორც უხილავ დამცველ კედელს, რომლის გარღვევაც მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლიან. თუმცა, იმის შიში, რომ ვერ გაგვიგებენ, წაქცეულზე წიხლს გვითავაზებენ და უკვე სახით დავენარცხებით ცივ მიწაზე, ამ გალავანს უფრო ამაგრებს. და აი, ზუსტად აქ ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას. მარტოობა გამოსავალი არაა. დედამიწაზე ერთი ადამიანი მაინც დადის ისეთი, ვისაც სადღაც მაინც უტოკდება ერთი ნერვი, როცა ცუდად ხარ, როცა უბრალოდ გიჭირს, როცა ძალიან მწარედ შეგეშალა. ის აქაა, შენთანაა და ელოდება, ფეხზე როდის წამოდგები, უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ და უფრო სუსტი ვიდრე ხვალ :) უყვარხარ შენი მიქარვებიანად, იმ განავლიანად რაც გიჭამია, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, ასე არ ქნაო :) ვიღაც დააბიჯებს დედამიწაზე და ახსენდები, ღელავს და ეფიქრები. მისი დარდის და სიხარულის ნაწილი ხარ. და თუ მოკვდავთა შორის არავინ გყავს ასეთი, ეგეც ხომ არაა პრობლემა? მეორე "მე" ხომ ყოველთვის შენშია?! სულ რომ ძალიან გინდოდეს დარჩე მარტო, ის ამის უფლებას არ მოგცემს. შენი თავის უფალი ხომ შენ ხარ-სწორედ ამიტომ გვიყვარს ადამიანებს თავის"უფლება". და რამდენი ომის მოგება გვიწევს ამ თავისუფლების შესანარჩუნებლად, მხოლოდ ჩვენმა "მემ" იცის. მძიმე ტვირთად გვაწევს თითოეული ცუდი გამოცდილება, მაგრამ ის ბედნიერების პატარა ნაპერწკლები აბალანსებენ ცალ მხარზე მძიმედ ჩამოკიდებულ დარდებს და თავის თავზე იღებენ მათ გადავიწყებას. თუ შენში სიყვარულია ხომ საერთოდ მარტივად დაძლევ ყველა პრობლემას, აუცილებლად მოიგებ ომს ადრე თუ გვიან! არ უნდა გაცივდე შინაგანად, მაშინ როცა შენი სხეულის ტემპერატურა 36.6 გრადუსია. უბრალოდ თავს უფლება არ უნდა მისცე იმ ქვის ქვეშ აღმოჩნდე, რომელსაც ფეხი წამოჰკარი. უნდა ჩაებღაუჭო პატარა იმედს, თუნდაც ის მტვრის ნაწილაკზე პატარა იყოს. სადღაც აუცილებლად გიცდის სიხარული, ბედნიერება და სასიამოვნო ჟრუანტელები. გაკვეთილებად უნდა აქციო ყველა ნეგატიური გამოცდილება, თითოეული წაბარბაცება და უფრო მყრად უნდა დადგე მიწაზე, რომ მომდევნო აღმართი უფრო სწრაფად აიარო, ვიდრე წინა! თავი უნდა ასწიო მაღლა, ისე რომ ცას და მიწას ერთდროულად ხედავდე და იგრძნო, რომ შენში არის სიცოცხლის განუწყვეტელი სურვილი და ამ სურვილის სწორად განხორციელების უამრავი იდეა ტრიალებს ტვინის თითოეულ ნაოჭში. ადამიანო! უბრალოდ არ დანებდე! არასოდეს!

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0