x
ფილმის "როკო და მისი ძმები" განხილვა

„როკო და მისი ძმები“

დრამა „როკო და მისი ძმები „ (იტალ. „Rocco e i suoi fratelli“) გადაღებულია 1960 წელს იტალიელი თეატრისა და კინორეჟისორის ლუკინო ვისკონტის მიერ ჯოვანი ტესტორის ნაწარმოების მიხედვით. ფილმი გადაღებულია იტალიურ ენაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც იტალია მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი
დარტყმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას ცდილობს. ქვეყანა ცდილობს ეკონომიკის დონის ამაღლებას მსოფლიოს ასპარეზზე. ამას ხელი შეუწყო შავი მეტალურგიის წარმოების განვითარებამ. ადრეული 50-იანი წლებიდან იტალია ძალიან სწრაფი სამრეწველო განვითარების პერიოდში შევიდა. ის ეკონომიკური სიძლიერით ევროპის ყველა ქვეყანას სჯობნიდა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩებოდა.
1959, 1960, 1961, და 1962 წლებში იტალიის ეკონომიკის
ზრდამ 31, 4 % შეადგინა. 1.8 მილიონმა ადამიანმა
მიატოვა სოფლები და დაიწყო ურბანიზაცია სამხრეთის ქალაქებში, თუმცა ამ პროცესმა ბევრიუსიამოვნება მოუტანა გლეხებს. იყო ბევრი ცარიელი ბინა, თუმცა მათი შეძენა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, მათ ბევრი შრომისა და ნერვული სტრესის გადატანა უწევდათ.

სწორედ, გლეხებისათვის ასეთი მწარე და რთული რეალობის ამსახველია ლუკინო
ვისკონტის ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელმაც არ დატოვა გულგრილი არცერთი მნახველი. ამის მანიშნებელია ფილმის მიერ მოპოვებული ნომინაციები და პრიზები, როგორებიცაა:
1960 - სპეციალური
პრიზი და ფიპრესის პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე (ორივე - ლუკინო ვისკონტი).
1961 - პრემია
"David di Donatello ჯილდო" საუკეთესო მწარმოებისთვის( გადაეცა პროდიუსერ
ჯოფრედო ლომბარდოს).
1961 - სამი პრიზი
"ვერცხლის ლენტისა" იტალიის ეროვნული სინდიკატი კინო ჟურნალისტთა: საუკეთესო
რეჟისორი (ლუკინო ვისკონტი), საუკეთესო სცენარი (სუსო ჩეკი დ’ამიკო, პასკუალე ფესტა კამპანილი, ენრიკე მედიოლი, ლუკინო ვისკონტი),
საუკეთესო კინემატოგრაფია (ჯუზეპე როტუნო).


1962 - ორ ნომინაციაში
ჯილდო“ბაფთა“: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო უცხოელი მსახიობი (ანნი ჯირარდო).
1962 - ჯილდო
"ბოდილი" საუკეთესო ევროპული ფილმისათვის (ლუკინო ვისკონტი).


იტალიელი კრიტიკოსების უმეტესობამ ფილმი გამოაცხადეს კრიტიკული რეალიზმის გამომხატველ საუკეთესო მაგალითად. „როკო და მისი ძმები“ იყო ლუკინო ვისკონტის
პირველი ფილმი, რომელმაც იტალიაში საკმაო კომერციული წარმატება მოუტანა რეჟისორს, თუმცა მას შეექმნა გარკვეული პრობლემები ცენზურასთან. პრემიერამდე, ფილმიდან ამოიღეს ბევრი სცენა და ის 45 წუთით შემცირდა, მოგვიანებით კი მისი ჩვენება მილანში აიკრძალა.

ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მრავლისმეტყველი და ბევრის მაჩვენებელია. მუსიკა(კომპოზიტორი ნინო როტა), რომელიც ფილმის დასაწყისში გადის, მძიმეა და თავიდანვე ამზადებს მაყურებელს სევდიანი შინაარსისათვის.
ფილმი იწყება კადრით, სადაც ჩანს ქვრივი როზარია
პარონდი(კატინა პაქსინუ), რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ წამოვიდა სამხეთიდან ქალაქ მილანში, რათა შვილებს უკეთესი მომავალი მოუწყოს, ფული აშოვნინოს და გააბედნიეროს, რაც სოფელში ვერ შეძლო. მას თან ახლავს 4 ვაჟი-სიმონე (რენატო სალვატორი), როკო (ალენ დელონი), ჩირო ( მაქს კარტიე) და ლუკა(როკო ვიდოლაჩი). მილანში ისინი ჩადიან მათ უფროს ძმასთან, ვინჩენცოსთან, რომელიც თავის საცოლე ჯინეტასთან (კლაუდია კარდინალე) ცხოვრობს. ახალჩამოსულები სტუმრად ეწვევიან ვინჩენცოსა და ჯინეტას, სადაც მათს ნიშნობას ზეიმობენ ნათესავებთან ერთად.
როზარიას არ ესიამოვნა შვილის სიჩქარე და უსაყვედურა, რომ მალე მიივიწყა მამა და ქორწილს აპირებს. ჯინეტას სახლში მათი დასარჩენი ადგილი არ არის, ვინჩენცო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება, როზარია გაბრაზდება შვილის დაუდევრობის გამო, დაიწყებს ჩხუბს და თავის ბიჭებთან ერთად გამოიქცევა სარძლოს სახლიდან. ვინჩენცო თავის მეგობართან წავა ღამის გასათევად, ხოლო როზარია და მისი დანარჩენი ვაჟები იქირავებენ ბინას. ზამთარი იყო და ბიჭები თოვლის გადახვეტაზე მუშაობდნენ. მათ მალე ვინჩენცოც შეუერთდათ. ბინა პატარა იყო, ყველას ერთ ოთახში ეძინა.

ერთ საღამოს ოჯახს ყვირილი შემოესმებათ სადარბაზოდან, სიმონე გავა გარეთ და ნახავს ქალს, რომელიც მამამ თავისი ცუდი საქციელების გამო გამოაგდო შიშველი და სახლში შემოიყვანს, ჩასაცმელის მისაცემად. ეს გოგონა არის ნადია (ანი ჟირარდო)
მეძავი და თავის სახეს მათს სახლში შესვლისთანავე გამოავლენს პრანჭიაობით. მალევე,
როცა როზარია გოგოს ჩააცმევს, სიმონე პოლიციელს მოიყვანს და სთხოვს ნადიას დაეხმაროს, მაგრამ ეს უკანასკნელი სააბაზანოში შევარდება და ფანჯრიდან გაიპარება. სიმონე და მისი ძმები მოხიბლულები უყურებდნენ გოგონას, თუმცა პირველს იგი გულში ჩაუვარდა.
გამოდგა ხანი, დადგა გაზაფხული და ბიჭებმა თავიანთი გზების ძებნა დაიწყეს. ამასობაში ისინი მევალეთა ბინებში შეასახლეს და ძალიან აღარ
უჭირდათ. ვინჩენცო, როკო და სიმონე კრივზე ვარჯიშობენ. სიმონე ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა და ის მოკრივეთა კლუბის უფროს ჩეკს მოეწონება, რომელიც მას თავის კლუბში საბრძოლო ტაქტიკის დასახვეწად და რინგზე საჩხუბრად წაიყვანს. იქ სიმონე წამყვანი მოკრივე გახდება და თითო მოგებაში 2000 ლირას უხდიან.მისი წარმატების შესახებ გაიგებს ნადია და აეკიდება. სულელი სიმონე შეიყვარებს გოგონას და მას ყველა სურვილს უსრულებს, სამაგიეროდ თავის უფროოს უთმობს ნაკლებ დროს, რითაც ჩეკის ნდობას კარგავს.
როკო მუშაობს სამრეცხაოში და კეთილსინდისიერად ასრულებს მიცემულს სამუშაოს. ის ძალიან კეთილი ადამიანია და რასაც გამოიმუშავებს, სულ ოჯახს
ახმარს. მისთვის ოჯახური ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველანაირ განსაცდელს ეგუება. სიმონე ამასობაში მთელ თავის ფულს ნადიას ახარჯავს და სულ ვალების აღება უწევს. ერთხელ როკოსგან ისესხა ფული, იმავე დღეს სამრეცხაოს უფროოს წაეარშიყა და პერანგი ცხვირწინ მოჰპარა, ორი დღის შემდეგ დაუბრუნა და გულსაბნევი მოხსნა ნაძალადევი კოცნის დროს, რაც როკოს დაბრალდა. ეს გულსაბნევი და არა მარტო, სიმონემ ნადიას მიუტანა. ნადიას არ უნდოდა ნაქურდალის ტარებით თავი შარში გაეყო და როკოს დაუბრუნა ყველაფერი და დააბარა რომ სიმონე
მას ვეღარასდროს ნახავდა.
ჩირო ჯერ სწავლობდა, შემდეგ „ალფა რომეოში“ დაიწყებს მუშაობას. ლუკა ამანათებს დაატარებს, ძმებისთვის საჭმელი დააქვს. გავიდა დრო და როკო ჯარში გაიწვიეს, ვინჩენცო მაინც დაქორწინდება ჯინეტაზე. როკო შემთხვევით ხვდება ნადიას,
რომელიც 13 თვისა და 8 დღიანი პატიმრობის მერე ქალაქში დასეირნობს. მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, თუმცა როკო მას მოუწოდებს, ყველაფერი კარგად იქნება, ცხოვრება გრძელდება და უნდა იბრძოლოო. ნადია შეიცვლება, გამოსწორდება. მას როკო უყვარდება, როკოს კი ნადია. ისინი დროს სულ ერთად ატარებენ, ერთმანეთს აბედნიერებენ. სიმონე კი იტანჯება, რადგან დიდი ხანია ნადია არ უნახავს და გული იმდენად უკვდება, რომ კრივს მიატოვებს, გალოთდება, კაზინოს ვალები დაედება, ჩეკის გაძარცვავს და საბოლოოდ გაუბედურდება. მალე ის როკოსა
და ნადიას ურთიერთობაზე გაიგებს და გაგიჟდება. იპოვის წყვილს მეგობრების დახმარებით, ნადიას გააუპატიურებს, ხოლო როკოს უკანასკნელი ძალებით მაგრად სცემს. როკო იმდენად კეთილია, რომ ძმას ხელს ვერ უბრუნებს, ესმის მისი
გულისტკივილი. რამდენიმე დღის შემდეგ ნადიას დაშორდება სიმონეს გამო, ეტყვის
შენ მასთან უნდა იყო და გადაარჩინოო და ბოლომდე კრივს დაუთმობს თავის დროს. ამას ქალი ვერ გადაიტანს, სულ ამცირებს სიმონეს, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. სიმონეს ის სახლში ჰყავს და ამის გამო დედამისი გაგიჟებულია, ყოველ დღე ეჩხუბება ნადიას, რომელიც სულ იმას ამბობს, რომ არ უნდა სიმონესთან, რომ სძულს ის და გაიქცევა სახლიდან. როკომ ესეც დაივიწყა, მხოლოდ ვინჩენცოსთან ცხოვრობდა და ოჯახს კი ინახავდა მაინც. სიმონეს ერიდებოდა. მალე სიმონე უფრო განადგურდება ფსიქოლოგიურად და მას ძმები მილანიდან გაუშვებენ. იგი ოჯახში არ ბრუნდებოდა. ყველაფერი კარგად აეწყო. ჩიროსაც გამოუჩნდა საცოლე და ოჯახი დაწყნარდა.
სიმონე კი უფრო და უფრო კარგავდა კონტროლს საკუთარ თავზე. ერთხელ იგი ნადიას შეხვდა, რომელმაც დაუფარავად უთხრა მძულხარ და სულ რომ მომკლა
ხმას არ ამოვიღებო. სიმონე იმდენად იყო გადარეული, რომ იგი დანით მოკლა, ნადია კი ყვიროდა არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა, ნუ მკლავო. ქალის ასეთმა განწირულობამ სიმონე მთლად გადარია. იგი გამწარებული გამოვარდა სახლში ძმებთან და დედასთან. ძმებს ოჯახური ვახშამი ჰქონდათ, როკოს წარმატებას აღნიშნავდნენ. როზარია რძალს შერიგებოდა, რომელსაც უკვე ორი შვილიშვილი გაეჩინა მისთვის, ბიჭებიც იქ იყვნენ. სიმონემ როკო გამოიხმო და ყველაფერი უამბო. როკოს რეაქცია კი შოკისმომგვრელი იყო, ის ტიროდა, მან საბოლოოდ დაკარგა სიყვარული,
ბედნიერება. მისი ტირილის ხმა მთელს სახლში ისმოდა. ჩირომ გაიგონა ეს ყველაფერი და სასწრაფოდ გაიქცა პოლიციაში ძმის დასასმენად. ამის შემდეგ კი სხვაგან გადავა და ოჯახს მიატოვებს. დასკვნით სცენაში ჩანს ლუკასა და ჩიროს ლაპარაკი მისი დასვენების პერიოდში, რომ როკო ვერ შეძლებს სოფელში დაბრუნებას, თუმცა ლუკას ამის შესაძლებლობა ნამდვილად მიეცემა და ბედნიერი იქნება. როკოს კი ყოველთვის ყველასთვის კარგი უნდოდა და საბოლოოდ კი მასზე არავინ ფიქრობდაო. ის ხორცშესხმული სიკეთეაო. ამასობაში ჩიროს თავისი საცოლე მოაკითხავს. ლუკა მას ოჯახურ ვახშამზე დაპატიჯებს და გაიქცევა. ბოლო კადრში ჩანს კედელზე
გამოკრული განცხადებები როკოს სახით გაფორმებული და ფილმი ისევ მძიმე, სევდიანი მუსიკით მთავრდება.

ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი გმირის გამოყოფა ადვილიცაა და ყველაზე ძნელიც, რადგან რეჟისორმა თითოეულ პერსონაჟში ადამიანის განსხვავებული თვისებები ჩადო. ხუთივე ძმა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ვინჩენცო ვინჩენცო ძმათა შორის ყველაზე უფროსია. ის პირველია, ვინც სახლიდან მიდის და ცალკე ოჯახს ქმნის. ვინჩენცო მიიყვანს კრივზე როკოსა და სიმონეს. ის დამოუკიდებელი ადამიანის ხასიათს ატარებს, თუმცა მეოჯახე ნამდვილად
არის. მისი ცხოვრება დანარჩენი ძმებისაგან ნაკლებ პრობლემური გამოდგა. ის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა.
სიმონე ძმათა შორის ფიზიკურად ყველაზე ძლიერი, თუმცა ფსიქიკურად ყველაზე სუსტი და მერყევია. დიდი ქალაქის ”ბრჭყიალებით” მოხიბლული სწრაფი გამდიდრების ილუზიითა შეპყრობილი. ის ვერ უძლებს ქალაქის ცდუნებებს, ირჩევს ცხოვრების არასწორ წესს, რის გამოც ჯერ ქურდი, ხოლო ბოლოს მკვლელი ხდება. მისთვის ოჯახი არაა მთავარი, ის სიამეების მოყვარული მამაკაცის სახით გვევლინება, რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან და მუდმივად ორომტრიალშია.
როკო ძმათა შორის ყველაზე დამთმობია. ის ცდილობს, დაიცვას ოჯახის ერთიანობა და ტრადიციები, ოცნებობს სოფელში დაბრუნებაზე, თუმცა ამას ვერ ახერებს. როკო წარმატებული მოკრივე გახდება, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად სურდა. მზადაა, მუდამ მსხვერპლი გაიღოს ძმებისთვის, მათ შორის სიმონესათვის, რომელიც მის შეყვარებულს გააუპატიურებს. ეს არის პერსონაჟი, რომელიც უანგაროა, შეუძლია ადამიანის შეყვარება ცუდი წარსულის მიუხედავად. აქვს მიტევების უნარი. შეუძლია დანგრეული კავშირების აღდგენა, ოჯახური ჰარმონიის შექმა. იმის კეთება რაც მას არ მოსწონს, თუკი ის ბოლოს სიკეთეს მოიტანს. ის ყველასთვის საყვარელი ძმაა. სწორედ მან შეძლო გარყვნილი ნადიას დროებითი გამოსწორება და მისივე თავიდან გარყვნა მიტოვებით, რაც, ჩემი აზრით, სულელი ძმის გამო არ უნდა გაეკეთებინა. შესაძლოა ნადია ცოცხალი ყოფილიყო, ბოლომდე კარგი გამხდარიყო და როკოს ცოლადაც მოეყვანა.
ჩირო ერთადერთია ძმათა შორის, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრაციას ახერხებს. ის მუშაობს ქარხანაში, ხოლო თავის გამოცდილებას უმცროს ძმას, ლუკას უზიარებს, რომელიც უკეთესი მომავლის იმედს განასახიერებს. ჩირო სამართლიანი ადამიანია, გულითადი და კეთილი. მისთვის მთავარია სამსახური და ოჯახური ბედნიერება.
როზაროა კი განასახიერებს შვილებზე გადაყოლილი დედის სახეს. ისეთი ქალია, ვინც მუდამ ღელავს ოჯახის სტატუსზე და შვილების მომავლისათვის ყველაფერს ცდილობს, მაგრამ ასაკი და დაქვრივება ამაში ხელს ძალიან უშლის.
ნადია მეძავი, ყველასთან მოარშიყე ქალია, რომელიც უკან არაფერზე იხევს, თუმცა მასაც გააჩნია გულში ადამიანური წმინდა გრძნობები, რომლებიც ვერ შეუთანხმდნენ მის სისხლში გამჯდარ გარყვნილებას და ის სიკვდილამდე მიიყვანეს.
ფილმის მთავარი გმირი როკოა. ისაა ოთხი ძმის შემაკავშირებელი,
იჯახის ბურჯი და უმცროსი ძმების აღმზრდელი, კარგი მაგალითის მიმცემი. დედის სიტყის პატივისმცემელი.მთელი ფილმის განმავლობაში ის ყველაფერს საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს. ყველანაირ დამცირებას იტანს. მუშაობს, პრაქტიკულად ჩიროს მუშაობამდე ოჯახში ფულის შემომტანი მხოლოდ ის იყო. მისი ცხოვრება სირთულეებითა და თავგადასავლებითაა სავსე. ერთ დღეს სხვანაირად უწევს ცხოვრება, მეორე დღეს სხვანაირად, მაგრამ არასდროს ისე, როგორც ამას გული და გონება სთხოვს, არამედ როგორც საჭიროება მოითხოვს. იგი თავისი ოჯახის წევრებისადმი სიყვარულით ცხოვრობს. იმ თავდადებითა და მოვალეობებით, რომელიც ოჯახის წინაშე აკისრია. სხვა პერსონაჟებთან მას ყველაზე ლმობიერი დამოკიდებულება აქვს.ცდილობს
ოთხივე ძმას მხარში ამოუდგეს, დედას დაეხმაროს, მხსვერპლზე წავიდეს, საკუთარი ინტერესები დაივიწყოს. ყველა პერსონაჟს უყვარს იგი, მხოლოდ სიმონეს შურს მისი წარმატების, რაგდან თვლის, რომ მისი ადგილი დაიკავა. შეიძლება ეს ასეც იყო, მაგრამ ეს თვითონ სიმონეს ქცევებიდან გამომდინარე მოხდა. როკო თავიდან ძმებივით ღარიბი იყო, ბოლოს კი კრივში წარმატების მიღწევამ მას ბევრი ფული მოუტანა, რომელსაც ძმებს და დედას ახარჯავდა და სიმონე ბევრჯერ იხსნა დაპატიმრებისა და მევალეებისაგან. ის საკუთარ თავზე პრაქტიკულად არ ფიქრობს და არ ზრუნავს. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, საკუთარი სინდისი კარნახობს და მთელ თავის
ძალისხმევას ოჯახურ ბედნიერებაში და კეთილდღეობაში აქსოვს. სხვებს ის ძალია უყვართ და აფასებენ. ჩიროს კი ეცოდება, რომ ამდენი მსხვერპლი გაიღო და თავისი ოცნება, სოფელში დაბრუნება ვერ აიხდინა.როკო მისთვის ხორცშესხმული სიკეთეა. ლუკასთვის ის ყველაზე კარგი მაგალითია. მისი ჩადენილი საქციელები არასდროს დაავიწყდება როზარიასა და ბიჭებს. როკოს სურვილები თითქოს არ აქვს. მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს. ცხოვრება ჰარმონიაში ყველასთან ერთად. არანაირი განხეთქილებანი და უსიამოვნებანი.

ავტორი ამ ფილმით ბევრი ცხოვრებისეული ასპექტის გადმოცემას შეეცადა და ეს ფანტასტიურად გამოუვიდა კიდეც. თუნდაც იმ დრონდელი იტალიის ისტორიისა, როდესაც ეკონომიკური წინსვლები ჰქონდა ქვეყანას, განსაკუთრებით
მსხვილ ქალაქებს და გლეხობა ეტანებოდა მათ, რათა ცხოვრება გაეუმჯობესებინა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი იძულებული იყო მშობლიური მხარე მიეტოვებინა სიღატაკის გამო და ახალი ცხოვრება დაეწყო. ზოგს გამოსდიოდა, ზოგს არა. ამ ფილმში ერთი ოჯახის ისტორიაა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და ქალაქმა მიიღო, თუმცა 1, 8 მილიონი ადამიანის დაკმაყოფილება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.
დაგვანახვა ადამიანთა 7 ნაირი ხასიათი. თავდადება, უანგარობა, სიყვარული, სიხარბე, სულმდაბლობა, მიზანდასახულობა, მრუშობა, სიკეთე, ბოროტება, გულქვაობა, იმედი და სხვა. საუკეთესო მიქსია გაკეთებული ამ ძმათაგან და ყველაფერი ნათელი და მარტივად გასაგებ ენაზეა გადმოცემული. ამ სამი საათის განმავლობაში
მე დავინახე, რომ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ხვალ რა გველოდება ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ცხოვრება კიბეა, მრავალსახოვანი და ხან ფერადი ხან კი ბნელია. „როკო და მისი ძმები“ გენიალური ფილმია. 1960 იანების იტალიური კინოს „ბომბი“ და 2014 წელსაც კი დიდი ემოციების მომტანი. ლუკინო ვისკონტიმ თავისი ჩანაფიქრი ათიანზე განახორციელა.
ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ეს იყო ფილმი, რომელმაც
დამაფიქრა ცხოვრებაზე არა ერთი, არამედ მრავალი კუთხით. დავინახე რამხელა ძალა აქვს ძმურ სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ დედის ერთა ვარ. არ აქვს მნიშვნელობა მიწურში ცხოვრობ, თუ დიდ სახლში, მთავარია ერთობა, ურთიერთგაგება და საქმე წინ წავა.
ლუკინო ვისკონტიმ და მისმა გუნდმა, სადაც შედიოდნენ ეს არაჩვეულებრივი მსახიობები, შეძლეს რეალური ემოციების თამაში და თან ისე, რომ მათს რეალურობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ამით ავტორი მაყურებელს უქმნის თანამონაწილეობის შეგრძნებას. ტირილის სცენების ახლოს ჩვენება, მეტყველება და ადვილად
გასაგები დიდი შინაარსის მქონე სიტყვები... სცენარი იყო იდეალურად აწყობილი, გავრცობილი და 3 საათში ჩაეტია წლები. სცენარისტების -სუსო ჩეკი დ’ამიგოსა და ჯოვანიტესტორის დაუღალავი შრომის ნაყოფია ფილმის ერთიანობის განცდა, ემოციურობის შემოტანა. კომპოზიტორი ნინო როტა კი პირდაპირ ეხმარება მნახველს საჭირო აზრის ჩამოყალიბებაში თუნდაც ფილმის დასაწყისშივე, როცა ერთი სიტყვაც კი არ გაგვიგონია და ჯერ მხოლოდ ტიტრებია.
აღსანიშნავია, რომ მსახიობები სულსა და გულს დებენ ფილმში, ემოციას ბუნებრივად გამოხატავენ და ისე თამაშობენ, თითქოს უშუალოდ ჩვენი ნაცნობები ყოფილიყვნენ და მხოლოდ ჩვენთვის ირგებდნენ ამ როლებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის ფაქტია, რომ ამდენი ბრძოლისა და პრობლემების შემდეგ რენატო სალვატორი (სიმონე) და ანი ჟირარდო (ნადია) რეალურ ცხოვრებაში დაქორწინდნენ. დაე, ასე „გვარდებოდეს“ ყველა ცხოვრებისეული პრობლემა!











0
225
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0