x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სკოლების უმეტესობას არ აქვს ლიფტი, ადაპტირებული საპირფარეშოები, ან რესურს ოთახი- როგორ ვითარდება ინკლუზიური განათლება საქართველოში
image
განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მისი საჭიროებისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთნილებისა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) მკაცრად სერეგრირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში თანატოლებთან ერთად. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლება როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იქნა 2004 წლიდან, როდესაც დაიწყო განათლების სისტემური რეფორმა. ინკლუზიური სწავლების დანერგვას საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება ნორვეგიის მთავრობამ გაუწია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2005-2008 წლებში განხორციელდა პროექტი „ინკლუზიური სწავლების დაგეგმვა თბილისის 10 სკოლაში“, რომელმაც ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას. საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 216 სკოლაა ჩართული, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა კი 4000-ს აღწევს.


სახელმწიფო ყოველთვის არის ვალდებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების წინაშე, რათა მათ მისცეს განათლების საშუალება. სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები, მაგალითად, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, სწავლების კონცეფციის თვალსაზრისით. მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სმენის პრობლემები ან ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემები, ცხადია, მათ სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ; ასევე სხვა ტიპის ცოდნა და კომპეტენცია სჭირდებათ მასწავლებლებსაც.


განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, შემუშავდა მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების სამი ინსტრუმენტი, ანუ ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გამოიყენება განათლების სისტემაში. როგორც ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, როდესაც საუბარია მოზარდის განსაკუთრებულ საჭიროებაზე, აუცილებელია, პირველ რიგში, ამ საჭიროების განსაზღვრა და შეფასება. სწორედ ამ მიზნით, მომზადდა ტესტები 6-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რაც საშუალებას მისცემს ფსიქოლოგებს შეისწავლონ ბავშვის ქცევა და შემდგომ განათლების სისტემამ შეიმუშაოს მასზე მორგებული სასწავლო გეგმა.


როგორია ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში - ამის შესახებ ალტერნატიული ანგარიში მოამზადა სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გამოიცა და შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციაში განათლების ნაწილის შესრულების შეფასებას წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა სამ რეგიონში. მათ შორის სამ ქალაქში - მარნეული, ამბროლაური და გორი. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა ქალაქში (თბილისის ჩათვლით) სოფელთან შედარებით ბევრად მეტია (62%). რაც შეეხება ადაპტირებულ გარემოს, გამოკითხული სკოლების 67% არ არის ადაპტირებული, 20% პანდუსითაა უზრუნველყოფილი, 13% კი მარტივად ადაპტირებულია. ამასთან ერთად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ. სისტემა მხოლოდ სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე ფლობს ინფორმაციას და ვერ ხედავს მის მიღმა დარჩენილ ბავშვებს. ასევე მაღალია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა, მიზეზებზე განათლების სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემაა საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტი. სპეცმასწავლებლები და მშობლები საუბრობენ დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებაზეც.




თეორია ინკლუზიის შესახებ რომ კარგია, ამაზე ცალსახად შეიძლება შევთანხმდეთ და ისიც უდავოა, რომ ყველა სკოლა ვალდებულია მიიღოს სსსმ ბავშვი, თუ ასეთი მიმართავს მას. თუმცა პრობლემის მოგვარების იდეალური საშუალების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ერთია რა უნდა იყოს და მეორე რეალურად რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. მართალია ერთი(ორი) სკოლისგან მიღებულ მონაცემებს ვერ განვაზოგადებთ, თუმცა ის, რომ თუნდაც ერთ სკოლაში არსებობს პრობლემა, უკვე საყურადღებოა. 51-ე და 55-ე საჯარო სკოლების ფსიქოლოგთა თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რთული ქცევის მქონე მოსწავლეებს იგნორს უკეთებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გამოვლენას და მათთან მუშაობას. მიუხედავდ იმისა, რომ მასწავლებლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. გაცილებით გრძელვადიანი გადამზადების კურსია საჭირო, რომ მასწავლებლებმა კარგად გაიგონ სისტემის მნიშვნელობა და სერიოზულად მოეკიდონ ამ ბავშვებთან მუშაობას. სკოლას არ აქვს პანდუსები, არ გვაქვს ლიფტი, არ არის ადაპტირებული საპირფარეშოები, სკოლას არ გააჩნია რესურს ოთახი, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებთან დამატებითი მუშაობისთვის. ზედმეტი საუბრის გარეშე, პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში ადაპტირებული გარემო არ არის.


დღეს ყველა სკოლა მზად უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვის მისაღებად და თავის გასამართლებელ არგუმენტად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ის, რომ სკოლისთვის ინკლუზიურის სტატუსი ოფიციალურად არავის მიუნიჭებია. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არაა. არის შემთხვევები, როცა სკოლა ყველა პირობას ქმნის სსსმ ბავშვების მისაღებად, მაგრამ სკოლამდე მიღწევა რთულდება ქალაქში, იგივე პანდუსების არარსებობის გამო, მშობლის არასწორი დამოკიდებულების გამო, საზოგადოების მხრიდან სსსმ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებების გამო. ამ და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უფროა. იდეალურ შემთხვევაში, საზოგადოების წევრები აცნობიერებენ პრობლემას, აღიარებენ მის არსებობას და მზად არიან მის გადაჭრაზე იმუშაონ. ასეთ საზოგადოებაში ინკლუზიური განათლებაც უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება.


0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ლია ხვადაგიანი
ლია ხვადაგიანი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0