ჭაში დამთავრებული ეკომიგრანტის სიცოცხლე, ვაჟკაცი კაცის სიცოცხლე 55 წლის მიჯნაზე შეწყდა.
ფღეს დაკრძალეს ჭის გაწმენდისას დაღუპული ეკომიგრანტი აჭარიდან, უწესიერესი ვაჟკაცი კაცი, რომელმაც სამ სოფელს შეაყვარა თავი, თავისი შრომისმოყვარეობით, კაცობით თუ ჭირში და ლხინში თანადგომით.
ზუსტად 12 წლის წინ გავიცანი, სოფელში დიდი ნაკვეთი გვაქვს და გამხმარი ხეების გამოხშირვა გვინდოდა, შესაბამისი საბუთიც ამოვიტანე და მასთან მივედი, ჩემი სოფლის სახლიდან სულ ერთ კილომეტრში ცხოვრობდა. ვიცოდი შეშის მჭრელად, რომ დადიოდა ბენზოხერხით. არ მომეშვა ცოცხალი თავით, ჩემს ჭიშკართან დგახარ და ასე აპირებ წასვლასო?
საჭესთან არასდროს ვსვამ მეთქი, ხვალ მეცლება და მოვალო.
არა მანქანით ამოგაკითხავ მეთქი! რად მინდა ასეთ მოკლე მანძილზე წაყვანა ბენზინი და ზეთი დამახვედრე მარტოო, მოვიდა დილით ადრე და ლიტრიანი მინის ბოთლით ორმაგი ჯაჭვის მქონე არაყი ამოიღო, სახლში არ დალიე აქ გასინჯეო.
ჯეელი კაცი იყო სულმნათი და თავისი საქმის პროფესიონალი, ისე ლამაზად დააწვინა გამხმარი ხეები, ჯანსაღი არც რცხილა დაუზიანებია, არც თხმელა და არც მუხა.
არც ამას დაჯერდა ისე მოკლედ დაჭრა მორები, ნებისმიერ ტრაქტორს შესძლებოდა გატანა.
მოიტა შეგენაცვლები მეთქი, არაო და გააგრძელა. სადილობის მერე ისევ გააგრძელა მუშაობა, საღამომდე ვიმუშავეთ მეც ჩემი ბენზოხერხი ჩავიტანე და საქმეც მოვილიეთ.
სუფრას მივუჯექით, ჩემები ქალაქის სახლში იყვნენ და კეთილი გულით გამოვიტანე ვახშამი, შებოლილი სამონადირეო ძეხვი, თოხლოდ მოხარშული კვერცხები, ყველი, პური და ხაჭაპური.
ჩემს მხარეს კი მოხარშული ღორის ხორცი დავდე, შუახევიდან იყო და ვიფიქრე მუსულმან კაცს ღორის ხორცი როგორ შევთავაზო მეთქი!
გაეცინა, რას აკეთებო, შემრცხვა, მაგრამ ავუხსენი მიზეზი.
მე და ჩემი ძმები მართლმადიდებლებად მოვინათლეთ, მამაა ასაკოვანია და ვერ ვაკადრეთ წინაპრების რელიგიას დაუბრუნდესო.
მოკლედ დავლიეთ ბოლომდე, ბენზოხერხი ჩემთან დატოვა, მაგრამ ფეხით მაინც არ გავუშვი, მეზობელი დავსვი საჭესთან და სახლში წავაყვანინე.
მეორე დილაა, მშობლები ამოვიდნენ, დედამ ხარჩო და "ოსტრი" გააკეთა და ამ დროს მოგვადგა ჭიშკარზე ნაჯახით, ვიფიქრე სხვაგან იყო და ბენზოხერხის წაღება უნდა ალბათ მეთქი, თან წინა ღამეს ნასვამი კაცისათვის ფულიც არ მიმიცია არ დაეკარგოს მეთქი.
თურმე ჩემს დასახმარელად მოსულა, მამაც დაგვეხმარა, მეზობელი ბიჭებიც და შეშის ამოტანა, დახერხვა და დაპოპაც მოვასწარით. საღამოს ისევ სუფრას მივუსხედით.
სუფრა დამთავრდა და ვეკითხები, რამდენი მოგართვა მეთქი? შე ოხერო რა უნდა მომცე ქირაზე კი არ ვიყავი მეზობელ კაცს ხელი წავახმარეო. არ დავუჯერე და ჯიბეში 50 და 20 ლარიანები ჩავუდე.
ხმა არ ამოუღია, წამოიკიდა ბენზოხერხი მხარზე და ისევ ჩემი მანქანით წავიდა სახლში, მეზობელი იჯდა საჭესთან.
მეორე დღეს მეუღლე და ბავშვებიც ამოვიდნენ სოფელში, გამოუვლია ცხონებულს და ჩემი უფროსი შვილისთვის უთქვამს: მოიწი ბუძა აქეთო, მიიწია ბავშვმა კარებთან და ის 70 ლარი მიუცია, დედიკოს დიდი თოჯინა აყიდვინეო.
მოირბინა ბავშვმა ნუგზარი ძიამ ფული მომცაო, დავხედე იგივე ფულია.
ასეთი კაცი, 55 წლის ასაკში ჭის ამოწმენდისას დაიღუპა, სპეციალური ელექტრო ტალის კავიდან მოწყვეტილი მიწით სავსე ქვაბი 16 მეტრის სიმაღლიდან დაეცა თავზე და ადგილზევე მოკლა.
ყველა ასეთ წესიერ და ვაჟკაც კაცს დღეგრძელობას ვუსურვებ, ნუგზარს კი სამარადისო ხსოვნა.