x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სიუჟეტის გავლენა ფერების არჩევაზე
image
21-ე საუკუნეში ინტერნეტის ეპოქასთან ერთად გაჩნდა უამრავი კომპიუტერული თამაში, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად მზარდია. მათი შინაარსი ძალიან ფართოა და მოიცავს როგორც სათავგადასავლო, ასევე მძაფრსიუჟეტიან და საბავშვო თამაშებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა საბავშვო თამაშებმა, რომლის პირდაპირპროპორციულად იზრდება მომხმარებელთა რიცხვიც, მათ შორის კი 80%-ზე მეტი 8-11 წლამდე ბავშვები არიან. საბავშვო თამაშებიც, თავის მხრივ, აერთიანებს თოჯინობანას, სამზარეულოს, ლაბირინთებში ძრომასა და შეჯიბრებებს. ამ უკანასკნელში კი ძალიან ხშირად უწევთ ბავშვებს მეტოქესთან ჩხუბი, როგორც ფიზიკური (შიშველი ხელებით ჩხუბი), ასევე შეიარაღებული.

შინაარსის მრავალფეროვნების მხრივ არც მულტფილმები ჩამოუვარდებიან ინტერნეტ თამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მულტფილმი არ იყოს კრიმინალური ჟანრის და იყოს, მაგალითად, სათავგადასავლო იქ მაინც ვხვდებით მინიმუმ ერთ ძალადობრივ სცენას (თუნდაც მაშინ, როცა პრინცი პრინცესას გასათავისუფლებლად ბოროტ გოლიათს ებრძვის).

უამრავი კვლევაა ჩატარებული იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მომატებულ აგრესიულ სიუჟეტებს ბავშვების ფსიქიკასა და ქცევებზე (კილაძე.ი. 2017). ეს ზოგადი კვლევებია, მაგრამ თუ უფრო ვიწროდ მივუდგებით საკითხს და ბავშვის ფსიქიკასა და კოგნიტურ პროცესებში გამოვყოფთ აღქმას, მაშინ სხვა ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, როგორ აღიქვამენ ისინი აგრესიული და ნეიტრალური შინაარსის მქონე სიუჟეტებში ფერებს და რა მნიშვნელობა აქვს მათ. ეს საკითხი ფერის ფსიქოლოგიის სფეროა.

ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში, რადგან ის ცვალებადია დროსა და კულტურაში. ეს იმდენად მრავლისმომცველია, რომ მისი კვლევა და შესწავლა ბოლომდე ვერასდროს ხერხდება. ზოგადად ფერები იყოფა ცივ, თბილ და შერეულ ფერებად. ამ კლასიფიკაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილი ფერები ადამიანთა უმრავლესობაში იწვევს სასიამოვნო გრძნობებს, როგორიცაა სითბო, სიყვარული, მხიარულება, ცივი ფერები კი, პირიქით, ასოცირდება მოწყენილობასთან, სევდასთან, სიბრაზესთან. თუმცა ყველა ფერს თავისი დატვირთვა და შინაარსი აქვს. მაგალითად, განვიხილოთ ცისარტყელას შვიდი ფერის, თეთრისა და შავის სიმბოლიზმი.


თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ექიმები ატარებენ თეთრ ხალათებს, რადგან თეთრი სტერილურობასთან, სისუფთავესთან არის ასოცირებული. ანგელოზები უმრავლესად სწორედ ამ ფერში არიან გამოსახულნი ხატებსა და ფრესკებზე. თეთრი აღნიშნავს ნეიტრალიტეტს - როდესაც მტერს ბარდებიან, ადამიანები ნიშნად მათი ნეიტრალური პოზიციისა, მოცემულ მომენტში, მაღლა წევენ თეთრი ფერის დროშებს. ქართულ კულტურაში ის ასევე სიცოცხლესთან, ბედნიერებასთან და ქორწინებასთანაა კავშირში.

შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა უფრო ხშირად იგი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. ის ასოცირებულია აჯანყებასთან და წინააღმდეგობასთან, ასევე კრიმინალთან, ბნელთან, გამოუცნობთან, მისტიკასთან და ბოროტებასთან. თუმცა ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან, საზრიანობასთან, ელეგანტურობასთან მოდის სფეროში.

წითელი ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერია. ის ზოგადად ასოცირდება ვნებასთან, სიყვარულტან, რომანტიკასთან, აღტაცებასთან, ასევე ცეცხლთან, ღალატთან, მტრობასთან, საშიშროებასთან. ყველაზე ხშირად მას სისხლთან აიგივებენ, ამიტომაც იწვევს ძალადობასა და სასიშროებასთან დაკავშირებულ გრძნობებს. ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ძალაუფლებასა და ამბიციას. ~

ნარინჯისფერი გარდამავალი, ერთგავარად „მოსაზღვრე“ ფერია, როგორც შემოდგომა, ცივ ზამთარსა და ცხელ ზაფხულს შორის. თუ ნარინჯისფერი ძალიან „კაშკაშა“ და „აბრდღვიალებულია“, მაშინ ის ზაფხულს, ქვიშასა და მწველ მზეს მოგვაგონებს. ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს. რადგანაც ნარინჯისფერი ციტრუსის ფერია, ის ხშირად C ვიტამინთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება.

ყვითელი თბილი ფერია და, აქედან გამომდინარე, ორმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის სიხარულისა და მხიარულების ფერია, ხოლო მეორე მხრივ, ის ლაჩრობასთან, სიმხდალესთან, ცბიერებასთან, ტყუილთან, სიხარბესთან ასოცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაცია კი, ალბათ, ღმერთთანაა დაკავშირებული. ყვითელი ასევე მზის ფერია, რაც სიცოცხლის მომნიჭებელ გრძნობებს აღძრავს ადამიანში.

მწვანე – ეს სიცოცხლეა, ბუნებაა. ის დაკავშირებულია ენერგიასთან, იმედთან, სულიერებასთან, უკვდავებასთან, განახლებასთან, ხელახლა დაბადებასთან, ნაყოფიერებასთან, სიმდიდრესთან მწვანე ფერი თავის თავში აერთიანებს სიგრილესა და სითბოს. არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება.

ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი. თუმცა ის ხშირად დეპრესიათან, კაეშანთან არის სიმბოლირებული. ის ზოგადად ასოცირდება ზღვასთან, მამაკაცურ საწყისთან, პროდუქტიულობასთან, მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიმშვიდესთან, სიწყნარესთან. რელიგიურ ჭრილში ლურჯი უგუნურების, ავი სულებისა და წარუმატებლობისაგან გვიცავს.

ცისფერი, პირველ რიგში, დამამშვიდებელი ფერია, ის ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ მოდუნებას, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს. ის მიჩნეულია, როგორც კრეატიულობის ფერი. გამოხატავს ლოიალურობას, ნდობას, საიმედოობასა და მთლიანობას. ის ასოცირებულია სიმშიდესთან, ჰარმონიასთან.

იისფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ. ამ ორი ფერის შერწყმით ვიღებთ ქალური და კაცური საწყისების შერწყმასა და აღრევას. ფსიქოლოგიური ტესტებით დადგენილია, რომ 75 % ბავშვებისა, რომლებიც ჯერ არ არიან სქესობრივად ჩამოყალიბებულნი, ირჩევენ იასამნისფერს, ხოლო გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს შორის ეს მაჩვენებელი 80 %–მდე იზრდება. ის უკავშირდება არტისტიზმს, დიდ იდეებს, ინტუიციასა და მისტიკას, ხელს უწყობს შთაგონებას, თანაგრძნობას, მგრძნობიარობას.

ფერების მნიშვნელობის გაგებასთან ერთად აუცილებელია იმის ცოდნაც, რა ობიექტის „გასაფერადებლად“ ვიყენებთ კონკრეტულ ფერს. ეს გვეხმარება უფრო ღრმად გავიგოთ, როგორც ავტორის მიზანი, ასევე მისი შინაგანი მდგომარეობა თუ გრძნობები.

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ფართოდ გავრცელებული ფსიქოთერაპიის სახეობა „არტ-თერაპია“, რომელიც სწორედ ფერებისა და ნივთების კავშირზე საუბრობს. მისთვის ყველა სიუჟეტში ყველა ობიექტს თავისი ალტერნატიული, გადატანითი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ობიექტის გასაფერადებლად გამოყენებული ფერი მეტყველებს ამ ობიექტით გამოხატული გრძნობისა თუ მდგომარეობის სიმძაფრეს ადამიანის შინაგან სამყაროში. მაგალითად, არტ-თერაპიის ერთ-ერთ ტექნიკაში „ზღვა, გემი, ამინდი“, ზღვა ადამიანის ემოციებს გამოხატავს და თუ ის აბობოქრებული, მუქი ლურჯის, შავისა და მუქი მწვანის ნაზავია, სტრესთან და შფოთვებთან ასოცირდება.

ბავშვებთან ძირითადად ასოცირდება ფერები, რომლებიც იწვევენ მხიარულების, ბედნიერების, სიკაშკაშისა და სიცოცხლის ასოციაციას, მაგალითად, ყვითელი და ნარინჯისფერი ძალიან ხშირად გამოყენებადია მულტფილმებში. ბევრი მულტფილმის გმირი გვხვდება ამ ფერებში (მაგ.:სპანჯბობი, მინიონები, სიმპსონები). მწვანე ფერით ხშირად ძლიერი პერსონაჟები გვევლინებიან, რომლებიც ადამიანის ალტერ-ეგოს გამოხატულებაა (მაგ.:ჰალკი). წითლით კი, თავისი ორგვარი ბუნებიდან გამომდინარე, ვხვდებით, როგორც კეთილ და ძლიერ სუპერგმირებს, ასევე ბოროტ ეშმაკებს. აქედან გამომდინარე, მულტფილმები თუ ინტერნეტ თამაშები ერთგვარ შთაბეჭდილებას უქმნიან ბავშვებს, რა ფერისაა „ბოროტება და სიკეთე“.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, საკვლევად ავირჩიე თემა და ჩამოვაყალიბე შემდეგი ჰიპოთეზა:

აგრესიული სიუჟეტის მქონე გასაფერადებელს ბავშვები უფრო მუქ ტონებში გააფერადებენ, ვიდრე ნეიტრალური სიუჟეტის მქონეს.

ექსპერიმენტი ჩავატარე შიდაჯგუფური სქემით. ცდაში მონაწილეობდა უმცროსი სასკოლო ასაკის (6-11 წლის) 30 ბავშვი.საკონტროლო პირობაში მონაწილეები აფერადებდნენ ნეიტრალური შინაარსის მქონე გასაფერადებელს, ექსპერიმენტულში კი - აგრესიულს. მონაწილეებს გასაფერადებლებთან ერთად მიეწოდებოდათ წინასწარ შერჩეული ფანქრები 15 ფერით (7 ცისარტყელას ფერი და მათი მუქი ტონები).

ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა ჩემ მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა. გამოიკვეთა, რომ ბავშვებში შედარებით უარყოფით შეგრძნებებს იწვევს აგრესია და ძალადობა (შესავალში განხილული ფერების მიხედვით, ფერის სხვადასხვა ტონი სხვადასხვა ემოციას გამოხატავს).

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვლევის საგანი არ იყო, ექსპერიმენტის დასაწყისში დავუშვი, რომ აგრესიულ სიუჟეტებში ჭარბად იქნებოდა ცივი ფერებისა და წითლის კომბინაცია, ნეიტრალურში კი - თბილი ფერებისა (შესავალში ნახსენები ფერების სიმბოლიზმზე დაყრდნობით). ნეიტრალურის შემთხვევაში მართლაც ასე მოხდა, თუმცა აგრესიულ შინაარსებში კვლავ თბილი ფერები ჭარბობდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: პირველ რიგში, ბავშვები სამყაროს აღიქვამენ თბილ და კაშკაშა ფერებში, უყვართ ასეთი ფერები, ხშირად აცვიათ ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ტანისსამოსი, ასეთივე ფერები ჭარბობს მათ სათამაშოებშიც, მათ თვალთახედვის არეში ძირითადად ასეთი ფერებია, რაც, რა თქმა უნდა, თავდაპირველად უფროსების გავლენაა - ადრეულ ბავშვობაში ისინი არჩევენ ტანსაცმელს, სათამაშოებს, ოთახის კედლის ფერებს. აქედან გამომდინარე, მათთვის ნებისმიერი შინაარსი თბილი და კაშკაშაა.

ასევე შესავალში ნახსენები ინტერნეტ თამაშები და მულტფილმები ახდენენ დიდ გავლენას. როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი სახის მულტფილმში არის ერთი სცენა მაინც ძალადობის შემცველი, ასევე მომრავლებულია ასეთივე შინაარსის ინტერნეტ თამაშებიც. ორივე შემთხვევაში კი „ბოროტი“ გმირები სწორედ თბილ და ბრჭყვიალა ფერებში არიან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ფერების სიმბოლიზმთან, ანუ მათთვის ძალადობა არ განიცდება როგორც ცუდი. ძალადობის შემცველი კადრების სიმრავლის გამო კი თითქოს ბუნებრივ მოვლენად იქცა აგრესიის გამოვლენა (ამას სხვა კვლევებიც ადასტურებს). ამის მიზეზად ასევე შეიძლება დასახელდეს საქართველოს სოციალური მდგომარეობა, როცა ძალიან ხშირადაა ძალადობის ფაქტები და ასევე ხშირად შუქდება ტელევიზიებში. ბავშვებისთვის ძალადობა გამორჩეულ ფაქტად აღარ აღიქმება და ამიტომ აფერადებენ ისეთ ფერებში, რომლებსაც ცხოვრებაში ხშირად ხვდებიან და იყენებენ.

თუმცა ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს კულტურული და ისტორიული კონტექსტი, როგორია ფერების ჩვენებური სიმბოლიზმი. რადგან ასეთი კვლევა ჩატარებული არ არის, ამიტომ ჩემი კვლევის შედეგები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სიმბოლიზმს.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ვიკა ალაფიშვილი
ვიკა ალაფიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0