x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ერეკლე კუხიანიძე - "ჩვენი დროის გმირი" - კაცი, რომელიც საგვარეულო ეკლესიას უცხოელ ინვესტორზე ყიდდა

image




კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მოსახლეობა ამილახვართა ციხე-სიმაგრის მფლობელს, ნუცა ერისთავსა და მის შვილს ერეკლე კუხიანიძეს უპირისპირდება. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ ციხე-სიმაგრე და ამავე ფართობზე მდებარე ეკლესია მფლობელობაში უკანონოდ დაირეგისტრირეს. თავად მფლობელები კი აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლი მათ კუთვნილებაში მემკიდრეობითა და სასამართლოს ძალით, კანონის სრული დაცვით გადაეცათ.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამილახვართა ციხე-სიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ხოლო ძეგლის კერძო საკუთრებაში გადაცემა კი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას "მთელ კვირას" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს.


საგულისხოა, რომ ადგილობრივებსა და კერძო მესაკუთრეს შორის დავა ამილახვართა ციხე-სიმაგრის შესახებ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭალელებმა გაიგეს, რომ ერეკლე კუხიანიძე ძეგლის გასხვისებას უცხოელ ინვესტორზე გეგმავს. ადგილობრივები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას სთხოვენ, თუმცა მათი მცდელობა, როგორც ამას თავად ამბობენ, ჯერჯერობით უშედეგოა.



ადგილობრივებს ეჭვი ნუცა ერისთავის წარმომავლობასა და მის ამილახვარებთან შესაძლო კავშირზეც აქვთ. მათი აზრით, კუხიანიძის დედა, რომლის მფლობელობაშიც ახლა ისტორიული ძეგლია, ამილახვართა შთამომავალი არ ყოფილა და საამისოდ დამამტკიცებელი არგუმენტები არ გააჩნია.სოფელ ჭალის მკვიდრი და მწერალი ვაჟა ოთარაშვილი გვიყვება, რომ ერეკლე კუხიანიძემ ამილახვართა სასახლე უკანონოდ დაირეგისტრირა და ახლა მის გასხვისებაზე ფიქრობს. მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ კუხიანიძეს მანამდეც ბევრი დარღვევა ჰქონდა, თუმცა, ბიზნესმენ ვახტანგ რჩეულიშვილის დახმარებით, რომელიც ოთარაშვილის თქმით, კუხიანიძის ნათესავია, ყველა სასამართლო დავა მის სასარგებლოდ დაასრულა.


"ზეპირად ვიცი ამილახვრების წარმოშობაცა და გენეალოგიაც, მათი განშტოებაც და ბევრი სხვა დეტალიც. ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობ და მალე ამის შესახებ ჩემი საავტორო წიგნი გამოვა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მათ შესახებ ყველაფერი შესწავლილი მაქვს. ხოლო ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ხელთ 2 ჰექტარი ამილახვრების სასახლე ჩაიგდო, ჩვეულებრივი კლასიკური თაღლითია.


"რაც მთავარია, მისსავე მფლოფელობაშია ღვთისმშობლის მიძინების კარის ეკლესია, სადაც ანჩისხატი იყო დაბრძანებული და რომელიც ამ ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ ამ საკითხზე პატრიარქთანაც გვქონდა საუბარი, ის აღშფოთებულია და ითხოვს, რომ კუხიანიძემ საკუთარი ნებით დათმოს ეკლესია.


"ამ ადამიანმა, ვითომ ამილახვრების პირველი რიგის შთამომავალმა და მემკვიდრემ, 1998-99 წლებში ასევე თაღლითური გზით ხელში ივანე ამილახვარის სასახლე ჩაიგდო, რომელიც გორში მდებარეობდა და იცით რა გააკეთა? - ბანკს მიჰყიდა. კუხიანიძეს მემკვიდრეობის საბუთად ვერცხლის დანა-ჩანგალი და ტანსაცმლის კარადა აქვს წარმოდგენილი, რომელიც თურმე მისმა წინაპარმა ამილახვარმა უბოძა, მოსამართლემ კი მას სამემკვიდრეო ისე დაუმტკიცა, რომ ნამდვილი მემკვიდრეების არსებობის შესახებ კითხვები არ გასჩენია.


"თუ მემკვიდრეობის კუთხით წავალთ, გეტყვით, რომ ამილახვარების ნამდვილი შთამომავლები ცოცხლები არიან და მათ პირადად ვიცნობ. მეორე საკითხია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება, რომელიც დაუშვებელი და გაუგონარი პრეცედენტია.


"კიდევ ერთხელ მივმართავ კუხიანიძეს - მისივე ნებით დათმოს ეკლესია და ციხე-სიმაგრე. აქვე მივმართავ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერსა და პრეზიდენტს - დროულად ჩაერიონ საქმეში და გადაჭრან ეს უმწვავესი პრობლემა, " - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ოთარაშვილი.


ციხე-სიმაგრის უკანონო მფლობელობაზე საუბრობს სოფელ ჭალის კიდევ ერთი მკვიდრი, ისტორიკოსი ნუგზარ საჩალელი. ოთარაშვილის მსგავსად მასაც მიაჩნია, რომ კუხიანიძე ამილახვართა შთამომავალი და მემკვიდრე არ ყოფილა.


"2000-იან წლებში მოსამართლეებთან მორიგება რთული საქმე ნამდვილად არ იყო. ამიტომ რაც მოხდა, გასაკვირი არაა. ზოგადად, ამილახვრების სამფლობელო ძალიან დიდი იყო, თუმცა, ძირითადი რეზიდენცია სოფელ ქვემო ჭალაში ჰქონდათ.


"ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა სასამართლოს ძალით კუხიანიძის მფლობელობაში ფართობი გადავიდა - გორში, ბარათშვილის ძეგლის გვერდით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამილახვართა ერთ-ერთი სასახლე, სადაც პიონერთა სასახლე იყო განთავსებული, მან ასევე სასამართლოს ძალით დაირეგისტრირა, შემდგომ კი მისი ნაწილი "თიბისი ბანკს" მიჰყიდა.


"რაც შეეხება ამილახვართა ციხეს, კუხიანიძე მისი პირდაპირი მემკვიდრე არ გახლავთ. როგორც ვიცი, მისი დედაა ამილახვართა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, თუმცა არა პირველი რიგის მემკვიდრე.


"ეს ციხე-სიმაგრე მე-10 საუკუნით თარიღდება და საკმაოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, კუხიანიძეს კი, როგორც ვიცი, მისი გასხვისება აქვს დაგეგმილი, სოფელი კი ამას ასე მარტივად არ დათმობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა გაუგონარი ამბავია, " - უთხრა "მთელ კვირას" ისტორიკოსმა.


თავად ერეკლე კუხიანიძე ჩვენთან საუბრისას ოთარაშვილისა და დანარჩენი ჭალელების ბრალდებებს გაურკვეველს უწოდებს და ამბობს, რომ ნუცა ერისთავს (კუხიანიძის დედა) ციხე-სიმაგრე მფლობელობაში სასამართლომ კანონის სრული დაცვითა და ყველა ნორმის გათვალისწინებით გადასცა.


რაც შეეხება ადგილობრივთა მოსაზრებებს, თითქოს ერისთავი ამილახვართა შთამომავალი არ ყოფილა, კუხიანიძე ამის საპასუხოდ და დასამტკიცებლად აღნიშნავს, რომ შესაბამისი მოწმობები და დოკუმენტაცია გააჩნია.


"ჩემი დიდედის, ანუ, დედაჩემის დედის წინაპრები ამილახვრები იყვნენ. ჩემს დიდედას (ბებიას) ეკატერინე ჩოლოყაშვილს დედა ამილახვარი ჰყავდა, რომელიც ცნობილი გენერლის, ივანე ამილახვარის ძმისშვილი გახლდათ. ივანეს სიკვდილის შემდგომ სასახლე მისი უფროსი შვილის, გივის საკუთრებაში გადავიდა. ბებიაჩემი კი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა რევოლუციის დროს მთელი ოჯახი, რომელიც ივანე ამილახვარის ოთხი შვილისგან შედგებოდა, სასახლიდან გარეთ გამოყარეს.


"კომუნისტების დროს ეს შენობა რეესტრშიც კი არ იყო გატარებული, ვინაიდან მათ ყველაფერი თავიანთი ეგონათ.


"რაც შეეხებ იურიდიულ ნაწილს, კანონი ისტორიული ძეგლის კერძო საკუთრებაში ქონას არ კრძალავს და ეს ახალი ამბავი არაა. ციხე-სიმაგრე კანონის ყველა ნორმის დაცვით საკუთრებაში სასამართლომ გადმოგვცა და არავითარ სხვა მეთოდებს აქ ადგილი არ ჰქონია.


"რაც შეეხევა ვაჟა ოთარაშვილისა ბრალდებებს, მათგან 90% სიცრუეა და ამას ბევრი რამ ადასტურებს. პირველ რიგში ვერ ვხვდები ამ საკითხთან მე რა საერთო მაქვს, ამ სასახლის დაბრუნებაზე ბებიაჩემი ეკატერინე ჩოლოყაშვილი დაობდა და გასაკვირი არაა, რომ ბებიაჩემის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდით.


"გარდა ამისა, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პირველი რიგის მემკვიდრენი ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ნადვილად არსებობენ, თუმცა, კარგა ხანია საზღვრებს გარეთ და უკვალოდ.


"ხოლო რასაც ოთარაშვილი ამბობს, თითქოს ჩვენ ამილახვარების მემკვიდრენი არ ვართ, ამის დამტკიცება მარტივად შეიძლება. კერძოდ, დედაჩემის დაბადების მოწმობითა და სხვადასხვა დოკუმენტაციით. შესაბამისად, ამაზე დავა სასაცილოც კია, ვინაიდან ეს ყველაფერი სასამართლომ შეისწავლა და დაამტკიცა, რომ ბებია ნამდვილად ნინო ამილახვარის მემკვიდრეა, " - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ერეკლე კუხიანიძე და დასძენს, რომ დავა ციხესთან ახლოს მდებარე ეკლესიაზეც გაუგონარია.


"შთამომავლობის შესახებ დოკუმენტაცია გავლილია უზენაეს სასამართლოსა და ორ პროკურატურას შორის. ამის შემდეგ შეიძლება ვინმე არანორმალურმა ამტკიცოს, რომ ბებიაჩემი მემკვიდრე არაა? დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ეს კაცი ჩვეულებრივი ტანსაცმლიანი გიჟია და მეტი არაფერი.


"წარმოიდგინეთ, რევოლუცია რომ არ მომხდარიყო და ამილახვარებს ამ სასახლეში ცხოვრება გაეგრძელებინათ, სახელმწიფოს მათთვის კუთვნილი სახლი უნდა ჩამოერთმია? თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მას ისტორიული ძეგლის სტატუსს მიანიჭებდნენ? ოთარაშვილს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ - ასე უნდა მომხდარიყოო.


"რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე მდებარე კარის ეკლესიას, ის ამილახვრების მიერ აშენებული სამლოცველო გახლდათ, რომელიც მათ თავიანთი ხელით ააშენეს და რომელიც მათ ბოლშევიკებმა წაართვეს. ეკლესია ადგილობრივი მრევლისთვის სამლოცვლო ტაძარი არ ყოფილა, თუკი მათ ამილახვრები არ დაპატიჟებდნენ. ცხადია, ახლა კონკორდატის თანახმად ეკლესია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და არავის არასდროს იქ ადგილობრივთა შესვლა არ აუკრძალავს.


"შემიძლია სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ მსურველს ვაჩვენო, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ დედაჩემმა სასახლე მფლობელობაში უკანონოდ მიიღო. ოთარაშვილი ალბათ განაწყენებულია, ვინაიდან მისი დეპუტატობის დროს ჩვენგან გარკვეულ შეთავაზებებსა და შემდგომ მადლობას ელოდა, რაც ვერ მიიღო.


"რაც შეეხება გასხვისებას, ამდენი წლის მანძილზე ბევრი სიძნელეები იყო და ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვინც სასახლეში ინვესტიციას ჩადებდა, მის რეაბილიტაციაზე იზრუნებდა. თუკი ახლა ასეთი ვინმე გამოჩნდება, რატომაც არა? დედას დაველაპარაკები, ამაში ცუდი არაფერია. ციხეს კი ნებართვის გარეშე ხელს ვერავინ მოკიდებს, ვინაიდან ის კანონის მიერაა დაცული, " - გვითხრა კუხიანიძემ.


"ამილახვარების სხვა შთამომავლები საფრანგეთში წავიდნენ და ერთადერთი მემკვიდრე ამ შემთხვევაში დავრჩი მე, რომელსაც ეს ციხე-სიმაგრე მემკვიდრეობით ერგებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობა კვლავ ამილახვრების მემკვიდრეს დაუბრუნდა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა.


არავითარი დარღვევა და საკითხში რჩეულიშვილების ჩართვა რეალობასთან ახლოს არაა, " - განუცხადა "მთელ კვირას" ამილახვართა ციხე-სიმაგრის მფლობელმა ნუცა ერისთავმა.


სოფელ ჭალაში არსებულ დავასთან დაკავშირებით აზრის მოსასმენად ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასაც დავუკავშირდით. კასპის რაიონის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა ყურადღება დავის სამართლებრივ ნაწილზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვიდრე მფლობელებს რეგისტრაცია არ გაუუქმდებათ, ციხე-სიმაგრე მათ კუთვნილებაში დარჩება.


"ფართობის დარეგისტრირება 2001 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. მე თავად გახლავართ ყოფილი მოსამართლე და ამ საკითხებში კარგად ვარ ჩახედული. 2001 წლიდან ეს ადამიანები ციხე-სიმაგრის კანონიერ მემკვიდრეებად ითვლებიან, ვიდრე მათ რეგისტრაცია არ გააუქმდებათ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.


"აქ მთელი უბედურება ისაა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძვლი არ არსებობს.


"ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით კი შედარებით განსხვავებულია და ეს ყველამ იცის. ციხის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე მოთხოვნა მოსამართლეობის დროს თავად არ დავაკმაყოფილე, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ მესაკუთრის შეცვლა რაიმე განსხვავებულ შედეგს გამოიღებს, თუკი მისი რეაბლიტაცია და განახლება არ მოხდება, " - ამბობს კასპის გამგებელი.


რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პოზიციას, როგორც "მთელ კვირას" ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, მან ეს ინფომაცია ახლახან მედიის საშუალებით გაიგო, შესაბამისად, საქმის შესწავლას სააგენტო ახლა დაიწყებს.


"ამ თემის ირგვლივ ინფორმაცია ახლახან თავადაც მედიის საშუალებით გავიგე, რის შემდგომაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ საქმეში უშუალოდ ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა, ვინაიდან საქმის დეტალებს არ ვიცნობთ, წინასწარ რაიმეს თქმა ან შეფასება ცოტა რთული იქნება.


"ერთი რამ ნათელია - მაშინდელი კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კერძო საკუთრებაში გადაცემა აკრძალული იყო. გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ სასამართლომ მიიღო, კანონთან წინააღმდგობაში მოდიოდა. ამიტომ საინტერესოა როგორ მოხდა ეს ყველაფერი.


"ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ კანონზე მაღლა მდგომი დოკუმენტი შეადგინოს, ეს იმ ადამიანის უფლებებისთვის, რომელსაც ობიექტი მემკვიდრეობით ერგებოდა, თუმცა ხელაღებით მოთხოვნა - ეს ჩემია და გადმომეცითო, კანონდარღვევაა და რა თქმა უნდა, დაუშვებელია.


"ვაპირებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციას დავავალო დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა აქ მეორე საკითხიც არსებობს - მართალია, საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა ეს არაა მტკიცებულებითი ფორმა. ამიტომ უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიოთ, ჯერ ყველაფრის შესწავლაა საჭირო, რის შემდეგაც სააგენტოს საქმის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით მისი პოზიცია ექნება, " - განუცხადა "მთელ კვირას" ნიკა ანთიძემ.



გაზეთი “რეზონანსი“, სალომე სარიშვილი

24.08, 2015 წელი








0
509
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0