x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სტრესი ჩვენს ცხოვრებაში
image
თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება ცხოვრების სწრაფ, ცვალებად წესს ამკვიდრებს. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან ერთდროულად ბევრი რამ აკეთონ. ისინი წუხან, რომ მათი მომავალი ბუნდოვანია და რომ ოჯახისა და გართობისთვის დრო არ რჩებათ. უკეთ ვიქნებოდით სტრესის გარეშე? უსტრესო ცხოვრება გამოწვევებს არ გვთავაზობს- არც დასაძევ სირთულეებს, არც დასაპყრობ სფეროებს და არც რაიმე საჭიროებას, რომ დავხვეწოთ გონება და განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები. ყოველი ორგანიზმი გარე სინამდვილიდან და მოთხოვნილებებიდან მომდინარე გამოწვევებს აწყდება, ორგანიზმმა ეს პრობლემები აუცილებლად უნდა გადაჭრას, რათა გადარჩეს და განვითარდეს.

სტრესი არის ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქციათა პატერნი იმ მასტიმულირებელი მოვლენის მიმართ, რომელიც ურღვევს წონასწორობას, გამოცდას უწყობს მას ან აღემატება მისი დაძლევის უნარს. სტრესორი მასტიმულირებელი მოვლენაა, რომელიც ორგანიზმისგან გარკვეულ ადაპტაციურ რეაქციას მოითხოვს. მაგალითად, პროფესორმა სემესტრული გამოცდის თარიღი გადმოგიწიათ ან კლასის პრეზიდენტის არჩევნებში გთხოვენ საკუთარი კანდიდატურის წარდგენას. როგორი რეაქციები გექნებოდათ მათზე? ამ დროს ინდივიდის რეაქცია ცვლილებების განხორციელების მოთხოვნაზე რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს: ფიზიოლოგიური, ქცევითი, კოგნიტური და ემოციური.

არსებობს ორი სახის სტრესი მწვავე სტრესი და ქრონიკული სტრესი. მწვავე სტრესი არის აგზნების გარდამავალი მდგომარეობა, რომელსაც აქვს მკაფიო დასაწყისი და დასასრული, რაც შეეხება ქრონიკულ სტრესს არის აგზნების ხანგრძლივი მდგომარეობა, რომლის დროსაც ინდივიდი აღიქვამს, რომ მისადმი წაყენებული მოთხოვნები აღემატება შინაგან და გარეგან რესურსებს, რომლებსაც იგი ფლობს ამ მოვლენებთან დასააპირისპირებლად. ამის მაგალითია მუდმივი ფრუსტრაცია იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ დროის გამონახვას იმისთვის, რისი გაკეთებაც გვსურს. ადამიანი სტრესს ორგვარად პასუხობს, ბრძოლით ან გაქცევით. ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ სტრესზე ფიზიოლოგიურ რეაქციებს შესაძლოა განსხვავებული შედეგები ჰქონდეს მამრობითი და მდედრობითი სქესის არსებებისთვის. მაგალითად სტრესის დროს ქალები უფრო უზრუნველყოფენ თავისი შვილების უსაფრთხოებას მათი მოთხოვნილებებზე დაკმაყოფილების მიზნით.

1930 წელს ჰანს სელიემ შემოიტანა ზოგადი ადაპტაციის სინდრომის ცნება, რაც მოიცავს სამ სტადიას: 1.განგაშის რეაქცია( სხეულებრივი აგზნების ხანმოკლე პერიოდია, სხეული მზადდება ენერგიული აქტივობისთვის) 2. წინააღმდეგობის სტადია(ორგანიზმს შეუძლია ერთხანს კიდევ აიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს გაჭიანურებული სტრესორების დამანგრეველ მოქმედებას 3. გამოფიტვის სტადიაზე( როცა სხეული ქრონიკულად სტრესის მდგომარეობაშია, "სტრესის ჰორმონების" ჭარბი გამომუ
შავება ხელს უშლის იმუნური სისტემის ინტეგრირებულობას).


სტრესს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათ შორისაა უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული მოვლენები. ისეთი სასურველი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად, ლატარიაში მოგება ან სამსახურში დაწინაურება ჩვეული სიტუაციის ცვლილებას და ახალთან ადაპტაციას მოითხოვს. ბავშვის დაბადება ყველა ოჯახში სასიხარულო მოვლენად აღიქმება, თუმცა ეს მოვლენა ძლიერი სტრესის წყაროცაა, ვინაიდან გარკვეულად აქვეითებს ქორწინებიდან გამოწვეულ კმაყოფილება.

სტრესზე აგრეთვე გავლენას ახდენს კატასროფული და ტრავმული მოვლენები. მოვლენა, რომელიც ნეგატიურია, უმართავი ან მოულოდნელი იწვევს განსაკუთრებით ძლიერ სტრესს. ადამიანები, რომლებიც ძლიერ აფეთქებაში, ომში ან ავტოკატასროფაში მოყვნენ, მუდმივად იმყოფებიან სტრესის ქვეშ. პოსტტრავმული სტრესის აშლილობა სტრესზე რეაქციაა, რომლის დროსაც ინდივიდი იტანჯება მატრავმირებელი მოვლენის მუდმივი აკვიატებული განცდით, რომელიც შესაძლოა ღამის კოშმარების სახით გამოვლინდეს. საბოლოოდ კი ყოველივე ამან შესაძლოა სხვადასხვა პრობლემები წარმოქმნას: უძილობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, დანაშაულის განცდა და ა.შ.

რადგან სტრესს შეუძლია ადამიანის ცხოვრების დანგრევა და განადგურება, აუცილებელია ვიცოდეთ სტრესის მართვა. დაძლევა იმ გარეგან და შინაგან მოთხოვნებთან გამკლავების პროცესია, რომელიც აღიქმება, როგორც საფრთხის შემცველი ან დაუძლეველი. სტრესთან გამკლავების პირველი ნაბიჯია შეფასება სტრესული სიტუაციის. რამდენად მიქმნის მე ეს სტრესული სიტუაცია საფრთხეს? რა რესურსებს ვფლობ სტრესთან გასამკლავებლად. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ სტრესთან გამკლავებას. სტრესის დაძლევაში მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ ჩვენ ვასრულებთ, არამედ სოციალურ მხარდაჭერასაც შეუძლია დაგვეხმაროს სტრესთან გამკლავებაში, საკუთარი ან სხვა ადამიანების გამოცდილება გვეხმარება სწორად შევაფასოთ სტრესული სიტუაცია და ამის შესაბამისად დავგეგმოთ მასთან გამკლავება.


0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევანი რჩეულიშვილი
ქეთევანი რჩეულიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0