x
image
მანჩო 777
''დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით, ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით" – პაოლო იაშვილი-პოეტი ტრაგიკული ბედით
''დაიტანჯა მაჯა მარჯნის
მძიმე ჯაჭვის ტარებით.
ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის
ქაჯად გადაგვარებით...'' - ეს სტრიქონები, რომელიც ქართული პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, ეკუთვნის პაოლო იაშვილს- პირველ ქართველ პოეტს, რომლის სიცოცხლეც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირა. ამაყი სულის პოეტმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას და კომუნისტური რეჟიმის მიმართ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. ის მაშინ 42 წლისა იყო.



image



ცისფერყანწელთა გამორჩეული წევრის – პაოლო იაშვილის პოეზია მკითხველმა განსაკუთრებულად შეიყვარა. მასში ეპოქის მგზნებარე სულისკვეთება, ადამიანური ბედის ტრაგიზმი და დღესასწაული, სამშობლოს ღვთაებრივი ხატება გამორჩეული პოეტური ხმითაა გადმოცემული.

პაოლო იაშვილი წარმოშობით არგვეთიდან იყო (ახლანდელი საჩხერის რაიონი). პოეტის მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო.


საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ქუთაისში. სწორედ აქ დაიდო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულმა ჟურნალებმა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში მეოცე საუკუნის დასასრულამდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღნიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს –საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი – ''ახალ საქართველოს''. მიუხედავად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ “ცისფერყანწელებს” საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა. ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.

1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა პაოლოს ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა - 22 წლის ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. ამან მისი გაორება გამოიწვია. პოეტი დეპრესიაში ჩავარდა და ეს მის შემოქმედებაზეც აისახა:

''ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი,

თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება,

მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი,

მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება''. (ღამე კუბოში)


პაოლოს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბი ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ ფე­ნა­სა და კლასს შე­ე­ხო, თუმცა რეპ­რე­სი­ებს ყველაზე მეტი რაოდენობით ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ციის წარმომადგენლები ემსხვერ­პლნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან რეპ­რე­სი­ებს პირ­ვე­ლი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. პა­ო­ლოს ტრა­გე­დია შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა. მას ხში­რად "ხალ­ხის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბულ მტრებ­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, ხოლო ბრალ­მდებ­ლე­ბად მისი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ნი იქ­ცნენ.

სწო­რედ ასე, ნელ-ნელა მზად­დე­ბო­და ნი­ა­და­გი ტრა­გე­დი­ის­თვის. პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტრაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ.

გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე ''იდეოლოგიური მავნებლობის'' გამო, მას მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის ''ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან'': ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან... ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ ''ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე''.

საშინელ ბრალმდებლებად იქცნენ პოეტის ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი: ისინი ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ “ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდებოდა საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისთვის.



image



მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.

''- ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიციან ტაბიძესაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”, – იგონებდა შალვა აფხაიძე.

მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად პროტესტისა და უმწეობისა, თავად დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია...

თვითმკვლელობის წინ პაოლო იაშვილმა თავის ქალიშვილს მედეა იაშვილს წერილი დაუწერა:

''ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.

შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.''



image



სერ­გო კლდი­აშ­ვი­ლი პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნას შემ­დეგ­ნა­ი­რად იხ­სე­ნებს: "მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვი­ბა­რეს, აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე უნდა გა­ნე­ხი­ლათ, ბრალ­დე­ბა აქვს, სა­დღაც სტა­ლი­ნი აუ­გად უხ­სე­ნე­ბია. ბე­ლი­აშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თავ­მჯდო­მა­რე კი და­ნა­შა­უ­ლის და­ჟი­ნე­ბით აღი­ა­რე­ბას სთხოვ­და. ირ­გვლივ სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და.

სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე სი­გა­რე­ტი მთხო­ვა. მერე ადგა და უხ­მოდ გა­ვი­და გა­რეთ. უეც­რად სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ვინ გა­ის­რო­ლა, რა მოხ­და?

დე­რეფ­ნი­დან კი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, პა­ო­ლომ თავი მო­იკ­ლა. ამ­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­რეთ გა­ვე­დით და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, კე­დელ­თან ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სის­ხლი სდი­ო­და.

პა­ო­ლოს თო­ფის ლულა პირ­ში ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. დარ­ბაზ­ში სი­ჩე­მე სუ­ფევ­და..."


მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმორევით უთქვამს: - ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს.

1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ სულმოკლეობას და სიმდაბლეს.

საბჭოთა რეჟიმი რა რეჟიმი იქნებოდა, ტრაგედიისთვის ცინიზმით რომ არ ეპასუხა. ეს არ აკმარეს და ჯერ კიდევ სისხლშეუშრობელ პოეტს სასამართლო მოუწყეს:

"კონსტანტირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტრის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება, პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კონტრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე".

ამის შემდეგ პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ოჯახი აუწიოკეს, ხელნაწერები სახლიდან გაიტანეს, ახლობლებს საფლავზე ქვის დადების უფლებაც არ მისცეს...

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

პოეტი სიცოცხლეშივე გრძნობდა შემზარავი აღსასრულის მოახლოებას და ალბათ ამიტომ დაწერა ეს სტრიქონები:

ღმერთო! აპატიე, -
მე თუ ვერ მიშველი -
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.

0
439
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0