x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
დედოფლისწყაროში საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა
image


დედოფლისწყაროს სოფლებში საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა. 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, თითქმის ყველა სოფელში შედგა ღონისძიებები სლოგანით - „ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური აქტივობის ცენტრი“.


სოფელ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის ბიბლიოთეკებში 30 აპრილს შედგა ნაირა გელაშვილის წიგნის პრეზენტაცია „აკამუკის გზები“, ხოლო არბოშიკის ბიბლიოთეკაში საუბრების ციკლი „წიგნი და მკითხველი“. ოზაანის ბიბლიოთეკამ წარადგინა ირაკლი ციგროშვილის წიგნის „მზეში და უმზეოდ“ პრეზენტაცია. გამარჯვების ბიბლიოთეკამ ტ. ზოზრაშვილის წიგნის „დიდი ქართველები“ პრეზენტაცია გამართა. სოფელ ხორნაბუჯში შედგა საბავშვო „ვეფხისტყაოსანის“, სოფელ სამრეკლოში კი იოსებ გრიშაშვილის წიგნების განხილვა.


ზემო ქედსა და ქვემო ქედის ბიბლიოთეკებში წიგნები: თ. ადამიას „შემეცნებითი ზღაპრები“ და მუხრან მაჭავარიანის ლექსები განიხილეს. სოფელ არხილოსკალოს ბიბლიოთეკაში შედგა წიგნების პრეზენტაცია - მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ და ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“. სამთაწყაროსა და საბათლოს ბიბლიოთეკებში კი 6 მაისს შედგა ლექცია-მოხსენება, თემაზე - „ქართული ტოლერანტობა“.



„საგანგებოდ საბიბლიოთეკო კვირეულისთვის, მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ ბრბოს ფსიქოლოგიის ამსახველი სლაიდ-შოუ, ასევე ბავშვებს გავაცანით ჩვენი სოფლის დაარსების ისტორია და საინტერესო ცნობები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია პატარებში. საინტერესო ღონისძიება გამოვიდა, “ _ აღნიშნავს სოფელ არხილოსკალოს ბიბლიოთეკარი მაია მნათობიშვილი.


კვირეულთან დაკავშირებით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა თემატური გამოფენა, ასევე დასკვნითი ღონისძიება „ვიცნობდეთ და გვიყვარდეს“. შედგა წიგნის პრეზენტაცია - საბავშვო მოთხრობები და „მიუნჰაუზენის თავგადასავალი“ დედოფლისწყაროს #2 და #3 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან. კვირეულის ფარგლებში მოეწყო გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების განხილვა, ასევე „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ და „წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას“.


საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, მათ შორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზეპირ ჟურნალს ესწრებოდა დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი. მან ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.


„პროფესიული დღე მინდა მივულოცო წიგნის მცველებს, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს, ვინც ბევრი ენერგია ჩადო დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში წიგნების და ბიბლიოთეკების გადარჩენისა და მისი დაცვის საქმეში. ხშირად ენთუზიაზმზე და წარმოუდგენლად დაბალ ხელფასზე, ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა და დღემდე ასეა. ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც ერთგულად დარაჯობენ წიგნად ფონდს. საბიბლიოთეკო კვირეულიც ღირსეულად აღინიშნა. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, ამ დამოკიდებულების გამო. თუმცა, მოსახლეობის ინდიფერენტულობაზეც უნდა ითქვას. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სოფლებში იშვიათად ტარდება სხვადასხვა კულტურული თუ შემეცნებითი აქტივობები, ადგილობრივი მოსახლეობის სრული უმრავლესობა ინტერესს არ გამოხატავს, დაესწროს და სულიერი საზრდო მიიღოს ასეთ ღონისძიებებზე. ხალხი გადაეჩვია კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს, ამაზე გავლენას მძიმე სოციალური ფონიც ახდენს. ეს რეალობა გვაქვს დღეს, რომ ყველა ოჯახს სხვადასხვა საზრუნავი აქვს და თავს უფლებას აღარ აძლევენ ასეთ საღამოებზე იარონ. თუმცა, კულტურის ცენტრი ყველა ღონეს იხმარს საიმისოდ, რომ ჩვენი მოქალაქეები გააქტიურდნენ, “ _ აღნიშნა ილია მარტყოფლიშვილმა.


საბიბლიოთეკო კვირეულს ტრადიციული სახე აქვს და მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად იმართება.



image

image

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0