x
მეტი
  • 21.07.2018
  • სტატია:78770
  • ვიდეო:331499
  • სურათი:435457
წითელწყაროელი ქეთი ტურიაშვილის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

image


წითელწყაროელი მომღერლის ქეთი ტურიაშვილის სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „გზა“-ში გამოქვეყნდა. ის სრულიად ახალგაზრდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. პიკანტურ და დღემდე უცნობ დეტალებს ჟურნალისტებთან კანონიერი ქურდი სპარტაკ ბურდულაძე ყვება. სწორედ მისგან ჰყავს ქეთის ერთი შვილი, სოფია ბურდულაძე-შადრიგინა.


უნიჭიერესი მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი ქეთი ტურიაშვილი 26 წლის ასაკში, 1997 წლის 1 სექტემბერს თურქეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


„ქეთინოს გაცნობის ამბავი ძალზე საინტერესოა...


ერთ-ერთი სასჯელის მოხდის დროს, წნორელი ახალგაზრდა გოგონა, ნანა წერილებს მწერდა ხოლმე. ეს სასიყვარულო ბარათები იყო და მე ამ ყოველივეს არასერიოზულად ვუყურებდი, რადგან ნანა სკოლის მოსწავლე იყო და ვფიქრობდი, ბავშვური ჭკუით რაღაცას ეშმაკობდა. რომ გავთავისუფლდი, შინ დავბრუნდი და ნანა ახლა უკვე სახლში მაკითხავდა ხოლმე; დაჯდებოდა, მიყურებდა და ოხრავდა... ვეუბნებოდი - გოგო, რამ შეგაყვარა ჩემი თავი?.. ერთი ოხერი კაცი ვარ-მეთქი. ის კი, ტირილს იწყებდა. იმ წელიწადს დაამთავრა სკოლა. ერთ დღეს, ძალზე ბევრი ველაპარაკე: - ჩემნაირი კაცი რაში გამოგადგება?.. მთელი ცხოვრება ციხეში მაქვს გატარებული და მომავალშიც ასე იქნება, შენ კიდევ, პატრონი გჭირდება, მე არ გამოგადგები-მეთქი. ისევ ტირილი დაიწყო. ამის შემდეგ, გავიდა რამდენიმე კვირა. წნორის ცენტრში ვიყავი მანქანით გაჩერებული. უცებ, წინა კარი გაიღო და მანქანაში ნანა ჩაჯდა. ვაა, შენ მაინც არ იშლი შენსას-მეთქი? ვუთხარი. - არაო. - მაშ, თანახმა ხარ, ჩემი ცოლი გახდე-მეთქი? - ოღონდ შენ გვერდით ვიყო და არაფერს ვჩივიო... დავქოქე მანქანა და გეზი წითელწყაროსკენ ავიღე. იქ ჩემი მეგობრის ოჯახში მივედით. მასპინძლებს ამ დროს სტუმრები ჰყოლიათ. ჩვენც მიგვიპატიჟეს, ოღონდ, მეგობარმა მთხოვა - ნუ გაამჟღავნებ, რომ სპარტაკი ხარ, ვითომ ნოდარი გქვია, ასე დაგიძახებო. დავთანხმდი. ჩვენი სადღეგრძელოც დაილია.


image
ამ დროს, როიალს ახალგაზრდა გოგო მიუჯდა. სწორედ ეს იყო ქეთინო. ძალზე კარგად მღეროდა და გარეგნობითაც ულამაზესი გოგო გახლდათ, მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ნანა სულ გადამავიწყდა... მოგვიანებით შევნიშნე, რომ ქეთინო გარეთ გავიდა. მეც გავყევი. დავეწიე, ჩემკენ მოვაბრუნე და ვუთხარი - იცი, ვინ ვარ-მეთქი? - ნოდარიო, - მიპასუხა. - ნოდარი კი არა, სპარტაკი ვარ-მეთქი. - მერე, რა გინდაო? - მე რამდენიმე დღეში დავბრუნდები და შენი გულისთვის, თუ დამჭირდა, წითელწყაროს მიწას სისხლით დავალბობ-მეთქი... არაფერი მიპასუხა. მეორე დღეს, ნანა შინ, წნორში ჩავიყვანე, მის მშობლებსაც შევურიგდი და ორი დღის შემდეგ, კვლავ ქეთინოს მივაკითხე. იქ ნარდი ვითამაშეთ და "რესტორანი" წავაგე. წავედით რესტორანში, რომელსაც "ყირამალა" ერქვა. თან ორი მეგობარი მახლდა. იქ ქეთინომ ისევ იმღერა... ამ დროს, იმ ოთახში, სადაც ჩვენ ვისხედით, ვიღაც ბიჭმა შემოიხედა და ჩვენ რომ დაგვინახა, თქვა - უჰ, შემეშალა, ამ "ბოზებში" რა მინდოდაო?!. ეს რომ გავიგონე, გავმწარდი და ბოთლი ვესროლე. იქ ისეთი ამბავი ატყდა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა... რესტორნიდან წამოვედით. ავტოინსპექტორებმა ჯოხი დაგვიქნიეს, მაგრამ არ გავუჩერეთ. გამოგვეკიდნენ. ამ დროს, მანქანას შევეჯახეთ.


მე მალე მოვედი აზრზე და მაშინვე მანქანიდან გადმოვედი. სალონში რომ შევიხედე, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები კარგად იყვნენ, მაგრამ ქეთინო სისხლში ცურავდა. ხელში ავიყვანე, მანქანა გავაჩერე, უკანა სავარძელზე დავაწვინე, მეც იქვე მოვთავსდი და საავადმყოფოსკენ წავედით. ქეთინო ხმას არ იღებდა, თვალდახუჭული იწვა, მაგრამ მივხვდი, რომ გონზე უკვე მოსული იყო და ეშმაკობდა. ავდექი და მძღოლს ვუთხარი - ხომ ხედავ, ანგელოზივით ქალი ხელში მაკვდება, არ მინდა, ისე მოკვდეს, მაგის ალერსი ვერ ვიგემო, მოდი, აქვე, ტყეში გადაუხვიე, სანამ ჯერ კიდევ თბილია, მისი მოფერებით გულს ვიჯერებ-მეთქი... ამის თქმა იყო და ქეთინომ თავი წამოყო. სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა, ამიტომ უკან მივბრუნდით და ჩემს ერთ-ერთ სახლში მივიყვანე... იმ დღიდან, თითქმის განუყრელად ერთად ვიყავით. ჩემს პირველ მეუღლესთან, უფროსი შვილის - თამუნას დედასთან უკვე კარგა ხნის გაყრილი ვიყავი, მაგრამ მასთან მაინც მივდიოდი ხოლმე. მეორე ცოლი - ნანა შინ დედაჩემთან ცხოვრობდა. მესამე, ქეთინო გახლდათ. ამ სამ ქალს შორის დავიკარგე... დავიწყე ნანას შებმა: ძებნაში ვარ, ახლა ჯობია, დროებით შენს მშობლებთან გადახვიდე საცხოვრებლად-მეთქი. წავიდა. ავდექი და ქეთინო მივიყვანე სახლში.


რამდენიმე ხნის შემდეგ, ასეთი რამ მოხდა: შინ ვარ და წამალს ვადუღებ. ქეთინო ჩემს ზურგს უკან დგას. ამ დროს, ნანა ჩუმად შემოიპარა და ქე­თინოს ხანჯალი ჩაარტყა. კიდევ კარგი, რომ ქეთინომ გაწევა მოასწრო და ხანჯლის წვერი ღრმად კი არ ჩაერჭო, ზედაპირულად დაიჭრა. წავიყვანე საავადმყოფოში და ნაკერები დაადეს... ქეთინოს ეს ამბავი გულში ჩაუხვევია და ერთხელ, შინ მისულს, ასეთი სურათი დამხვდა: შუა ოთახში ნანა მუხლებზე იდგა, ქეთინო კი, ხანჯლით ხელში თავზე ადგა და - მოგკლავო! - ემუქრებოდა... გავაშველე და დავაშოშმინე. ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ქეთინო წითელწყაროში დავაბრუნე საცხოვრებლად... პირველი ცოლისგან გოგონა მყავდა. ძალზე მინდოდა ბიჭი, მაგრამ ქეთინო არ ორსულდებოდა. თბილისში წავიყვანე სამკურნალოდ და დაფეხმძიმდა. მისგან შემეძინა სოფო. ბავშვის დაბადებამდე 4 დღით ადრე, დამიჭირეს.


image


ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი რომ გავიდა, ქეთინოს შევუთვალე - ჩემთან ჩამოდი-მეთქი. არ ჩამოვიდა. დედამისთან კაცი მივაგზავნე და ამბავი მომიტანა - ქეთინო დეიდასთან ერთად კიევშია წასულიო. სასამართლო გურჯაანში მქონდა. ამ პერიოდში ასეთი რამ მოხდა: სოფელ შაშიანში მოკლეს ახალგაზრდა, სოფლისთვის უსაყვარლესი ბიჭი. მკვლელი მიიყვანეს მილიციის განყოფილებაში, ეზოში კი უამრავი ხალხი შეიკრიბა და ითხოვდა ლინჩის წესით დამნაშავის გასამართლებას. ხალხმა იმდენი ქნა, რომ შენობაში შემოიჭრა და კამერების ჩხრეკა დაიწყო. ერთ ქალს გამოველაპარაკე - მკვლელს მაგ კამერებში რა უნდა?.. კარი გაგვიღეთ და მე მიგასწავლით იმის ადგილსამყოფელს-მეთქი. მართლაც, გასაღებები "დაითრიეს" და კამერების კარები გააღეს. გამოვიქეცი და ერთ-ერთ ახლობელთან შევაფარე თავი. ქეთინოს იქიდანაც შევუთვალე - ჩამოდი, გელოდები-მეთქი. არ ჩამოვიდა. თურმე, ნუ იტყვით და, თურქეთში ყოფილა წასული, იქვე აპირებდა ბავშვთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ მოგვიანებით ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


ამის შემდეგ, ქეთინო თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა და თავისთან მიხმობდა. მერე სიზმარში ვეჩხუბე - თავი დამანებე, აღარ დამესიზმრო-მეთქი, - და მას შემდეგ მართლაც, აღარ დამსიზმრებია... სასჯელი რომ მოვიხადე, მოსკოვში წავედი. იქ მაშინ დიდი ფული იშოვებოდა, წამალს ვყიდულობდი და განცხრომით ვცხოვრობდი. ერთ დღეს, წამალი გავიკეთე და ისე ცუდად გავხდი, ლამის მოვკვდი. რომ მოვმჯობინდი, ისევ "გავიჩხირე" და მეორედ გადავურჩი სიკვდილს. მერე "ციგნებმა" "გრევი" გამიკეთეს და ორი მუჭა წამალი მომცეს. ოთახში მარტო ჩავიკეტე, წამალი მაგიდაზე დავდე და ჩემს თავს ვუთხარი - აბა, სპარტაკ, თუ ვაჟკაცი ხარ, წამალს ახლოსაც არ გაეკარო-მეთქი!.. ორი კვირის განმავლობაში ვუყურებდი წამლის გორას და ცდუნებას ვუძლებდი. იმის შემდეგ, აღარასოდეს გამიკეთებია წამალი და ვიგრძენი, რომ კარგი ყოფილა, თავისუფლად, წამალზე დამოუკიდებლად ცხოვრება...



ერთხელ ქეთის შინ ვეწვიე, მარტო იყო. შევთავაზე - წავიდეთ, შამპანური ვიყიდოთ, მერე შენ პიანინოზე დაუკრავ, მე კი შენს სადღეგრძელოს ვიტყვი-მეთქი. მაშინ შამპანური დეფიციტს წარმოადგენდა, ამიტომ წითელწყაროს (ახლანდელი დედოფლისწყარო. - ავტ.) რესტორანს ვეწვიეთ. რომ შევედით, დავინახე, რომ ასე, 15-მდე მილიციელი ქეიფობდა. მე კი ამ პერიოდში "ნადზორი" მქონდა დანიშნული და 8 საათის შემდეგ, გარეთ გამოსვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ გამობრუნება უკვე გვიანი იყო. ვიყიდეთ, რაც გვინდოდა და უკან რომ გამოვბრუნდით, მილიციელებმა დამიძახეს - ერთი ჭიქა დაგვილიეო. მოვბრუნდი. მეტი რა გზა მქონდა? შემდეგ ორივე, სუფრასთან დაგვსვეს, მითხრეს - შენს "ნადზორს" ჩვენზე ვიღებთ, შემოგვიერთდიო. დავემორჩილე. მე ერთ-ერთთან საუბარი გავაბი, გავიგონე, როგორ სთხოვა ქეთინომ გვერდით მჯდომ მილიციელს, გურამ ჩიტოშვილს - შენი იარაღიდან გამასროლინეო. მან უარი უთხრა, ამიტომ ყურადღება მოვადუნე. ბოლოს, მაინც შეაბა, გურამმაც იარაღს ტყვია პირში მისცა და ქეთინოს მიაწოდა. ის წამოდგა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, იარაღი ორივე ხელით დაიჭირა, მკლავები გაშალა და გურამს მიუშვირა - აბა, მუხლებზე დაეშვიო!.. ყველამ მე შემომხედა. მეც მათ მდგომარეობაში ვიყავი. შველა არ შემეძლო. ისინიც დარწმუნებული იყვნენ და მეც, რომ ქეთინო ესროდა. ამასობაში ის ისევ გურამს ატერორებდა - დაიჩოქე, შენი დედაცო! - თან აგინებდა. გურამი მუხლებზე დაეშვა. ახლა მაგიდის ქვეშ შეძვერიო! - შეძვრა. მოჰყვა ასე სათითაოდ და თხუთმეტივე მილიციელი მაგიდის ქვეშ შეაძვრინა. დავრჩი მე. გულმა მიგრძნო, ახლა მე მომადგებოდა, დაჩოქება კი არ მინდოდა. რა უნდა მექნა? მართლაც, იარაღი მომიშვირა და მეკითხება - ესენი "ძაღლები" არიან? - ჰო-მეთქი. - მაგარი ცუდი ტიპები და "ბოზები"? - კი-მეთქი, - თავს ვუქნევ. - შენ ძველი ბიჭი ხარ? ისევ დავუქნიე თავი. - მაგარი ტიპი ხარ? - ჰო! - აბა, ავთანდილოვიჩ, დაიჩოქე, თორემ, ჩაგაძაღლებო! გადავწყვიტე, შემება. დავიჩოქებ, ქეთო, მაგრამ შენ ხომ მე ასეთი გიყვარვარ? დაჩოქილი სპარტაკი ხომ აღარ გეყვარება? ასეთი დაუმორჩილებელი რომ ვარ, ხომ იმიტომ გიყვარვარ? ვინმემ რომ დაინახოს, იარაღიანი ქალის წინ დაჩოქილი სპარტაკი, გინდა-მეთქი?!. - მოკლედ, იმდენი ველაპარაკე, რომ შევაბი. ბოლოს, ერთი ჰაერში გაისროლა და კისერზე ჩამომეკიდა. იარაღი წავართვი და ტარით შუბლში ვთხლიშე. სისხლი წამოუვიდა. იარაღი პატრონს იატაკზე დავუგდე, ქეთინოს ხელი ჩავჭიდე და შინ წამოვიყვანე. რომ არ დამერტყა, არ შეიძლებოდა - მილიციასთან პრობლემები შემექმნებოდა...


პ.ს. სპარტაკ ბურდულაძე 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.


ისტორია სრულად იხილეთ აქ

0
2848
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
2848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0