x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფრონტიდან გამოგზავნილი წერილი (1943 წელი) - ასე უყვარდათ საქართველოში

1941 წლის ავბედითი ივლისი იდგა, როცა ობჩელ 21 წლის გრიგოლ კოხიას უწყება მოუვიდა ფრონტზე გამოძახების შესახებ. მოულოდნელი არაფერი ყოფილა-ფაშისტური გერმანია უკვე მეორე თვე იყო, რაც უტევდა საბჭოთა კავშირს და სახიფათოდ მოიწევდა წინ, ამიტომ სოფელში თითქმის აღარ იყო დარჩენილი სრულწლოვანი მამაკაცი... ვისაც კი ხელში თოფის დაჭერა შეეძლო, ყველანი სამშობლოს დამცველთა რიგებში იდგნენ. გრიგოლს მხოლოდ ერთ რამეზე წყდებოდა გული - შინ ახლადშერთული მეუღლე და 21 დღის შვილი უნდა დაეტოვებინა, თუმცა წამითაც არ უყოყმანია და გამოძახების დღესვე მიაშურა სამხედრო კომისარიატს. ის ორი წლის განმავლობაში იცავდა სამშობლოს და შინ გასაცარ წერილებს აგზავნიდა, რომლებიც სავსე იყო მეუღლის მიმართ სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. განათლებული, ზრდილობიანი და საოცრად ინტელიგენტური ახალგაზრდა კაცი 22 წლის მეუღლეს თქვენობით მიმართავდა და მისი თითოეული წერილის ყოველ სიტყვაში დიდი სიყვარული იკითხებოდა.

მე ახლა ხელთ მაქვს ერთი ასეთი წერილი... სამკუთხა, გაცრეცილი, ჟამთა სიმრავლისაგან გაყვითლებული ბარათი, რომლის უცრემლოდ წაკითხვა უბრალოდ შეუძლებელია.



image


სიტყვასიტყვით გიკოპირებთ მის შინაარს:

"სალამი ჩემს ტატიანეს!

გისურვებ ცხოვრებაში ჯამთელობას და კარგად ყოფნას თქვენი დედით და პატარა ბიჭით. შემდეგ ამისა გისურვებ ყოველივე იმ მიზნების განხორციელებას, რომელიც შენს გულს აქვს დასახული შენდა საკეთილდღეოდ.

ტატიანე, მომიკითხე ყველა ჩვენი მეზობლები, ბიქტორი ცოლშვილით, გრიშა ცოლშვილით, ვანიჩქა, ქეთო, ვასო, მიშიკო, კატო, ტერეზი ერი სიტყვით ყველა მეზობლები და ნათესავები, განსაკუთრებით დედა და ჰამლეტი (ჰამლეტი გრიგოლის და ტატიანას პატარა შვილი იყო). ყველაფერი ყველაფერია, მაგრამ ცოცხალი რომ ჩამოვიდე სახლში, დედას რა ვუთხრა, რათი შევხედო. ჩემიდან ელოდა რჩენასა და მოვლას და მე კი ჩემი ცოლშვილი მას დავუტოვე მოსავლელად.

ტატიანე, აგერ უკვე რამდენიმე დღეა შენი წერილი არ მიმიღია და ჯავრით აღარ ვარ, რა ვქნა არ ვიცი.

ჩემს ამბავს თუ იკითხავ ვარ ხან კარგად, ხან ცუდად. გუშინ შესრულდა წელიწადი, რაც რომ სახლიდან წამოვედი და ასე მგონია ვერასოდეს დავბრუნდები. ერთი სიკვტილი გავათავე, რომ გამახსენდა მაშინდელი მდგომარეობა, რაც მე რომ წამოვედი, მაშვინ იყო. მით უმეტეს, მაშვინ მოკვტა ჩემი გული როდესაც ის მდგომარეობა გამახსენდა შენ რომ ბიცოლას საბძელთან დაგტოვე მტირალი, ერთმანეთს ვეღარ დაველაპარაკეთ, ორივემ ტირილი ვეღარ შევიკავეთ. სერზედ რომ გავედი და მოვიხედე შენ ისევ საბძელთან იდექი მტირალი. ყველაფერი ერთად რომ გამახსენდა ის მდგომარეობა ფიქრმა და ჯავრმა ნევრები კინაღამ ამიშალა. ვინ მეესწრება იმ დღეს თქვენ კიდე გნახოთ.

ეხლა ტატიანე მეტი რა მოგწერო გისურებ ჯამრთელობას კიდევ და კიდევ. შენ თუ ჯანმრთელად და კარგად მეყოლე, მეტი არაფერი არ მინდა.

აქ ჯოჯოხეთია, მარა ვუძლებთ თქვენი სიყვარულით და მალე დაბრუნების მოლოდინით.

ეს წერილი რომ მიიღო მაგიერი გამომიგზავნე და მომწერე როგორ გიხდებათ ცხოვრება.

ტატიანე, ზამთარი როგორია, გადასახადის საქმე როგორ გაქვთ, მოზვერი ხო არ გაგიყიდიათ.

ეხლა მშვიდობით ჩემო ტატიანე, გწერს შენი გრიგოლ კოხია".


image

ფოტოზე: გრიგოლ კოხია (1941 წელი)



imageფოტოზე: ტატიანა შვილთან ერთად (1941 წელი)

სამწუხაროდ, ცოლ-ქმარმა ფოტოსურათის ერთად გადაღება ვერ მოასწრო.



გრიგოლ კოხია 1943 წელს დაიღუპა ლვოვის მისადგომებთან. ის მხოლოდ 24 წლის იყო. სამშობლოზე და ცოლ-შვილზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ჯარისკაცმა 400-ზე მეტი წერილის გამოგზავნა მოასწრო ფრონტის ხაზიდან. მიუხედავად იმისა, რომ ტატიანას ქმრის გარდაცვალების უწყება მოუვიდა, ის მაინც მთელი ცხოვრება ელოდა მეუღლეს და იმედს არ კარგავდა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა. ტატიანა ხშირად იმეორებდა, რომ მეუღლის სიყვარული არ დასცალდა და მათ მხოლოდ 11 თვე იცხოვრეს ერთად და ბედნიერად. ერთგული მეუღლე 2004 წელს - 84 წლისა გარდაიცვალა. მისი ბოლო სურვილი იყო, მეუღლის ტანსაცმელი და წერილები, რომლებსაც მთელი ცხოვრება სათუთად ინახავდა და უფრთხილდებოდა, კუბოში ჩაეტნიათ...

დიახ, ასე უყვარდათ საქართველოში!

0
196
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0