x
image
მანჩო 777
ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები - ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი
ისინი ერთმანეთს ფილმ ''კლეოპატრას'' გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. ქალი ელიზაბეტ ტეილორი იყო, მამაკაცი კი - რიჩარდ ბარტონი. გადაღების დასრულებიდან ძალიან მალე ელიზაბეტი იტყვის: "მინდა რიჩარდ ბარტონის ცოლი ვიყო, მისი ჩრდილი ვიყო. შეიძლება ბევრს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მასთან ერთად უდაბნოშიც კი ვიცხოვრებდი!"



image



ჰოლივუდის ვარსკვლავ ელიზაბეტ ტეილორის და ინგლისელი სახასიათო ჟანრის მსახიობ რიჩარდ ბარტონის ურთიერთობას, არც მეტი, არც ნაკლები, ''მეოცე საუკუნის რომანი'' დაარქვეს. ჯერ ერთი, ორივე მათგანი მსოფლიო დონის მსახიობი იყო, პაპარაცების ერა კი ის-ის იყო იწყებოდა და სწორედ მათი რომანი გახდა ჟურნალისტების სკანდალური სტატიების ამოსავალი წერტილი. მეორეც, ვარსკვლავების რომანი იყო არამარტო მხურვალე და ვნებიანი, არამედ ინტრიგებითა და თავგადავლებით სავსე, თანაც იმ დოზით, რომ სიყვარულის ეს ისტორია თავადაც იმსახურებდა ეკრანიზაციას: გიჟური ვნება, ჩხუბი, კამათი, დაშორება და ისევ ერთად ყოფნა, ქორწინება და განქორწინება- შეყვარებულები ორჯერ დაქორწინდნენ და ორჯერ განქორწინდნენ; ერთობლივი გადაღება ოსკაროსან ფილმებში, ამაყად პოზირება წითელ ხალიჩაზე, ძვირადღირებულ სასტუმროებში გატარებული ვნებიანი ღამეები, გონის დაკარგვამდე დათრობა და დებოშის ატეხვა ხალხმრავალ ადგიელბში -აი ეს იყო წყვილის ცხოვრების პრინციპი და განა ჟურნალისტები ხელიდან გაუშვებდნენ ასეთ გემრიელ ლუკმას?- ისინი მომენტს არ ტოვებდნენ, რომ საჯაროდ გაეშიშვლებინათ მსახიობების გრძნობები, უთვალთვალებდნენ მათ ყოველ ნაბიჯს, ჟურნალების გარეკანზე ათავსებდნენ უხერხულ მდგომარეობაში გადაღებულ მათ ფოტოებს. სწორედ ცხოვრების სტილმა და მსოფლიო მედიის ყურადღებამ გახადა ისინი პირველი კლასიკური სელებრითები მსოფლიოში მილიონიანი ჰონორარებით და ბრილიანტების ყველაზე ძვირადღირებული სამკაულებით, რომლებსაც რიჩარდი ელიზაბეტს ჩუქნიდა ყოველი ჩხუბისა და შერიგების შემდეგ.



image



ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის ნამდვილი ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთეს მსახიობი გახლდათ. რიჩარდთან შეხვედრამდე ის ჯერ კიდევ არ ატარებდა დრამატული მსახიობის სტატუსს. საბედისწერო ლამაზმანი იმ დროს უკვე ოთხჯერ იყო დაქორწინებული (სულ ტეილორი რვაჯერ იყო დაქორწინებული, აქედან ორჯერ-ბარტონთან) და მას ნებიერ, კაპრიზებიან ვარსკვლავად იცნობდნენ. მოლურჯო-იასამნისფერთვალებიანი ლამაზმანი ჰოლივუდის მშვენება გახლდათ და უამრავი მამაკაცი ცდილობდა მისი გულის მონადირებას.



image


რიჩარდ ბარტონი კი თავისი განუმეორებელი დრამატული ამპლუით ატარებდა სახასიათო არტისტის წოდებას სცენაზე და ტემპერამენტიანი და აგრესიული მამაკაცისა-ცხოვრებაში. მას უყვარდა დალევა და სულაც არ ცდილობდა თავი გალანტურ და დახვეწილ ჯენტლმენად წარმოეჩინა.



image


მხურვალე რომანი, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, 1962 წლის იანვარში ქალაქ რომში ფილმ "კლეოპატრას" გადაღებისას დაიწყო. ეს იყო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, მისი ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისათვის კატასტროფულად დიდ თანხას წარმოადგენდა. კლეოპატრას და მარკუს ანტონიუსის როლებს ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ასრულებდნენ.



image


იმ დროისათვის რიჩარდი, რომელსაც ბრიტანელ ბრანდოს ეძახდნენ, 37 წლის იყო. ის დაქორწინებული იყო მსახიობ სიბილ უორესზე. წყვილს ორი შვილი ჰყავდა და საკმაოდ მშვიდი, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდა. 29 წლის ელიზაბეტ ტეილორი დაქორწინებული იყო მომღერალ ედი ფიშერზე. გადასაღებ მოედანზე აფეთქებულმა ვნებამ იმდენად დაიპყრო მსახიობები, რომ ისინი არც კი ცდილობდნენ გარეშეთაგან გრძნობების დამალვას. არ ესმოდათ რეჟისორის, რომელიც აცხადებდა, რომ გადაღება უკვე დამთავრდა და აგრძელებდნენ კოცნას, სექსით კავდებოდნენ ყველგან და ყოველთვის, სადაც და როცა ეს შესაძლებელი იყო, ხშირად თვრებოდნენ და ეშვებოდნენ მაცდური ვნების უფსკრულში.

გაზეთების მიერ ატეხილმა ხმაურმა გამოიწვია ის, რომ ლიზასა და დიკის ურთიერთბა თავად ვატიკანმა ოფიციალურად განიხილა. წყვილმა გადაწყვიტა ერმანეთს დაშორებოდა, თუმცა ურთიერთლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ განშორება ვერ შეძლეს.

სიყვარულით დაბრმავებული ბარტონი თავის წერილებში, რომლებიც დღეს უკვე ბესტსელერადაა ქცეული, წერდა: '' ჩემ ღარიბ და ტანჯვით აღსავსე სიჭაბუკეში მხოლოდ ერთადერთი ოცნება მქონდა: გვერდით მყოლოდა შენნაირი ქალი და ახლა, როცა ეს ოცნება დროდადრო ფრთებს ისხამს, მე ხელს ვიწვდი და ვხედავ, რომ ის აქაა, ჩემ გვერდით. რომ არ გამეცნე, ძალიან ბევრს დავკარგავდი ცხოვრებაში".



image


ბოლო და ბოლოს, მათ მოახერხეს განქორწინება მეუღლეებთან და 1964 წელს დაქორწინდნენ. ბარტონი საყვარელ ცოლს ბრილიანტებით ავსებდა, არწმუნებდა, რომ მასში დრამატული მსახიობის სული სახლობს. ისინი პროდიუსერებისაგან მილიონებს ითხოვდნენ და იქმნიდნენ იმიჯს პირველი სიდიდის მეგა-ვარსკვლავებისა.

სწორედ 60-იანი წლების მეორე ნახევარში იქნა გადაღებული ცნობილი ფილმები წყვილის მონაწილეობით: "ჭირვეულის მორჭულება". "კომედიანტი", " ბუმი", "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?"... ამ უკანასკნელში მონაწილეობისათვის ტეილორმა მეორე ოსკარი მიიღო. ორი გენიალური დრამატული მსახიობი პირად ცხოვრებაში განიცდიდა ავადმყოფურ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, რომელიც სავსე იყო ეჭვიანობის შეტევებით და ალკოჰოლური სასმელების გაღმერთებით. "შესაძლოა ჩვენ ზედმეტად ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, იმდენად ძლიერად, რომ ასეთი რამ წარმოუდგენლადაც მოგეჩვენებოდათ", - წერდა თავის დღიურებში ლიზ ტეილორი. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ქალის მიერ 1973 წელს გაკეთებული განცხადება:" მე და რიჩარდი ვიყრებით. შეიძლება ჩვენ ზომაზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. ილოცეთ ჩვენთვის!"

წყვილი 1974 წლის ივნისში გაიყარა. მათ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ეცხოვრათ, თუმცა ეს ორივესთვის აუტანელი გახდა, ამიტომ სრულ სიცარიელესა და მარტოობაში გატარებული 16 თვის შემდეგ მათ ისევ გადაწყვიტეს დაქორწინება-ელიზაბეტი და რიჩარდი 1975 წლის ოქტომბერში ისეც დაქორწინდნენ, თუმცა ეს მათი სიყვარულის უკანასკნელი გაბრძოლება იყო...



image


სანამ სამუდამოდ დაშორდებოდნენ, ბობოქარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ხან ჩხუბობდნენ, ხან სიყვარულის ზღვაში იძირებოდნენ და ამ ყველაფერს არც არასოდეს მალავდნენ. რთული იყო ელიზაბეტის გვერდით ყოფნა- იგი ხომ ჭირვეულთა შორის უჭირვეულესი ქალბატონი ბრძანდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რიჩარდ ბარტონი ბედნიერ კაცად თვლიდა თავს. მან ხომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის გული მოინადირა! ისინი ერთმანეთს ძვირადღირებულ საჩუქრებს უძღვნიდნენ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხელგაშლილობასა და სიყვარულის გამოხატვაში - როცა ელიზაბეტმა რიჩარდს ვან გოგის ნახატი უყიდა, ბარტონმა მას თვითმფრინავი აჩუქა, შემდეგ კი ორივემ ერთად შეიძინა თეთრი იახტა. ბარტონმა იცოდა, რომ ელიზაბეტს ძვირფასი სამკაულები უყვარდა. მან ცოლს 23-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მარგალიტი "პრეგრინა" (რომელიც თავის დროს მარია ტიუდორს აჩუქეს) და უნიკალური კოლიე უყიდა. ამ კოლიეს ამშვენებდა ბრილიანტი ''ტაჯ-მაჰალი''. თანაც ბარტონმა ეს უძვირფასესი სამკაული ცხვირწინ ააცალა არისტოტელე ონასისს, რომელსაც, თავის მხრივ, სურდა ჟაკლინ კენედი დაესაჩუქრებინა.



image


რიჩარდი ტეილორს ასე მიმართავდა ხოლმე: "ჩემი პატარა ქარაფშუტა ებრაელი" და ლიზის ეს სულაც არ სწყინდა. ბარტონს სასმელი უყვარდა. მან ელიზაბეტიც მიაჩვია სმას. მათთვის ძვირადღირებული სასმლები ჩამოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც ისინი ქალაქში გამოდიოდნენ, ქუჩები იკეტებოდა, ხოლო სასტუმროს, სადაც ცხოვრობდნენ ხოლმე, შეირაღებული ხალხი იცავდა. წყვილს არ შეეძლო ერთმანეთის გარეშე ყოფნა, მაგრამ ერთად ზოგჯერ აუტანლები იყვნენ. ტეილორმა სახალხოდ აღიარა, რომ პანიკურად ეშინოდა იმ დღისა, როცა რიჩარდის გარეშე დარჩებოდა: "არც კი მინდა წარმოვიდგინო რიჩარდის გარეშე ჩემი ცხოვრება, ალბათ მოვკვდები", - თქვა მან.

როგორც ჩანს, წყვილს იმდენად ძლიერად უყვარდა ერთმანეთი, რომ ვერ გაუძლეს ვნებათა სიჭარბეს და შერიგებიდან სულ მალე, 1976 წლის ივლისში განქორწინდნენ.

1984 წლის 5 აგვისტოს რიჩარდ ბარტონი გულის შეტევით გარდაიცვალა. მიუხედევად იმისა, რომ ამ დროისათვის ელიზაბეტს უკვე ახალი ქმარი ჰყავდა, მან საშინლად განიცადა რიჩარდის სიკვდილი. იგი კარგა ხანს ვერ გამოვიდა დეპრესიიდან და მოგვიანებით ისიც აღიარა: მე ახლა უბრალოდ ვარსებობ, რიჩარდთან კი ვცხოვრობდიო...

თავად ელიზაბეტ ტეილორი, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. რიჩარდ ბარტონის სიკვდილის შემდეგ აღმოჩენილი იქნა მის მიერ დაწერილი საოცრად რომანტიკული და გულშიჩამწვდომი სასიყვარულო წერილები, რომლებიც საფუძვლად დაედო წიგნს " საბედისწერო სიყვარული. ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი და საუკუნის ქორწინება". დღეს ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორები იბრძვიან ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღების უფლების მოპოვებისათვიოს, საუკეთესო მსახიობები კი- ითამაშონ ХХ სასუკუნის ყველაზე დრამატული სიყვარულის მთავარი გმირების როლები.




2
524
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
524
  
2019, 15 თებერვალი, 22:32
სულ ლამაზები, სულ ჩვენები :)
2019, 14 თებერვალი, 20:37
ოხ ოხ... რა სტატია რა სტატიაა... რა მსახიობებიიი
0 1 2