x
image
ეკა ლაცკა
რა ხელწერილი დაუდო იპოლიტე ხვიჩიამ ნარდში მისი "ეშმაკობებით" გამწარებულ პარტნიორებს
ყველასათვის საყვარელი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია ძალიან აზარტული ყოფილა და ხშირად მეტოქეების მოტყუებასაც არ ერიდებოდა თურმე.

image
გამორჩეულად ნარდი ჰყვარებია და ხშირად ეთამაშებოდა ცნობილ ჟურნალისტს, კირა კვეიძეს.

ორი დაძაბული მეტოქე... იპოლიტეს "ქურდობა"თამაშის დროს და... მათი შერკინება ყოველთვის ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდებოდა.

ერთ დღეს კირასთან მისული ნათესავი შეესწრო, როგორ კისრისტეხით ჩამორბოდა კიბეზე იპოლიტე, ზემოდან კი კირა კივილით დასჩხაოდა:

"იპოია-აფერისტო, ჩამივარდები ხელში და სიცოცხლეს გამოგასალმებ!"- ამ დღეს თურმე იპოლიტემ ქურდობითა და ეშმაკობით თორმეტი ხელი მოუგო მას.


ამდენი "ეშმაკობების" გამო იპოლიტემ თითქმის ყველა პარტნიორი გადაიკიდა.

ბოლოს, ინსულტგადატანილმა და ლოგინად ჩავარდნილმა "არაკეთილსინდისიერმა" მოთამაშემ მათ შემოსარიგებლად ასეთი ხელწერილი დაწერა:

image

"მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების (ნარდში) წინაშე დავიცვა მოთამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი.

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ - მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს!

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო, კიკა და ა.შ...

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს. ჩემს სასარგებლოდ არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია.

4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში.

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე.

6. ერთხელ და სამუდამოდ ვადასტურებ, რომ კირაცა და მარიკაც (იპოლიტეს ერთ-ერთი ღირსეული მეტოქე ნარდში) ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან, ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის.

ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ.

რაზეც ხელს ვაწერ

იპ. ხვიჩია,

19. 11. 78 წელი.

P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს!

თქვენი ბაბუ "

image


0
575
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0