x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89073
  • ვიდეო:339485
  • სურათი:451542
ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?

ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?


პირველი წყლის მოლეკულები სამყაროში იმაზე უფრო ადრე წარმოიქმნენ, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ. აქამდე ეგონათ, რომ ყოველ მოლეკულას, რომელიც იყო შედგენილი უფრო მძიმე ელემენტებით, ვიდრე ჰელიუმი, სჭირდებოდა წარმოქმნილიყო ვარსკვლავთა გულში და შემდეგ გამოყოფილიყო მათი დაბერებისა და აფეთქებისას. როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არაა. ახალი კვლევა, რომელიც ისრაელის თელ-ავივის უნივესიტეტის და აშშ-ს ჰარვარდის უნივერსისტეტის მკვლევარებმა წარუდგინეს საზოგადოებას, გვამცნობს, რომ წყლის პირველი მოლეკულები ჯერ კიდევ მაშინ ფორმირდა სამყაროში, როდესაც დიდი აფეთქებიდან (13.8 მილიარდი წლის წინ მოხდა) მხოლოდ და მხოლოდ 1 მილიარდი წელი იყო გასული ანუ (12.8 მილიარდი წლის წინ). (სრულად იხ. Water was plentiful in the early universe)


ადამიანის ორგანიზმში წყლის პროცენტულობა ცვალებადია იმის მიხედვით თუ რა ასაკისა და სქესისაა პიროვნება. თითოეული ადამიანის ორგანიზმი შედგება 50-75% წყლისგან. საშუალო სტატისტიკური ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი არის 50-65% წყალი, აქედანაც რომ საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ დაახლოებით 57-60%. რაც შეეხება 1 წლამდე ბავშვებს, მათს ორგანიზმში წყლის შემცველობა ბევრად მეტია - 75-78%. თუმცა ერთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ წყლის პროცენტულობა საკმაოდ მცირდება მათს ორგანიზმში და ხდება 65%.


ასევე მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად მსუქანი ან გამხდარია ადამიანი. ვინაიდან ნაკლები ცხიმის მქონე (მჭლე) ქსოვილი შეიცავს მეტ წყალს, ვიდრე ცხიმიანი ქსოვილი. საშუალოდ ზრდასრული მამაკაცის ორგანიზმის 60% წყალია, ხოლო ქალის - 55%, ვინაიდან, როგორც წესი, პროცენტულად ქალებს მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ისეთ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა, შესაბამისად აქვთ წყლის ნაკლები პროცენტული შემცველობა.


მეოთხე ფაქტორი, რითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ ორგანიზმში წყლის შემცველობის პროცენტულობა გარდა ასაკისა, სქესისა და წონისა, გახლავთ ორგანიზმის ჰიდრატაციის ანუ გაწყლოვანების დონე. ადამიანი მაშინ გრძნობს წყურვილს, როდესაც მან უკვე დაკარგა ორგანიზმში არსებული წყლის 2-3%.


ორგანიზმის წყლის უდიდესი ნაწილი, მისი ორი მესამედი ანუ 66% არის უჯრედშიდა სითხეში, ხოლო მისი ერთი მესამედი, ანუ 33% არის უჯრედგარე სივრცეში.

ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა პროცენტულობით შეიცავს წყალს. სისხლის პლაზმაში არის მთელი ორგანიზმის წყლის 20%. სისხლზე მოდის ორგანიზმის წყლის უდიდესი ნაწილი. რაც შეეხება თავად ორგანოების შემადგენლობას: გულისა და ტვინის 73% წყალია, ფილტვების - 83%, კუნთების და თირკმლების - 79%, კანის - 64%, ძვლების - 31%. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის წონა ადამიანის საერთო წონის 30-40%-ს შეადგენს. ყველაზე წყლიანი ორგანო არის თვალი - მისი 99% წყალია.


ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?




ეს საინტერესოა: რამდენი ატომისგან შედგება 1 ლიტრი წყალი?


ოთახის ტემპერატურის და ზღვის დონის წნევაზე მყოფი თხევადი წყლის 1 ლიტრი იწონის 1 კილოგრამს. წყალი შედგება H20 მოლეკულების დიდი გროვისგან. ყოველ ამ მოლეკულაში არის 3 ატომი. ტიპიური H20-ს მოლეკულური წონა არის 18, რომ არ ჩავთვალოთ იზოტოპები. ეს ნიშნავს, რომ 1 მოლი იწონის 18 გრამს.


1000 გ. / 18 გ. = 55.6 მოლი H20 არის ერთ ლიტრ წყალში.

ავოგადროს მუდმივას მიხედვით კი თითოეულ მოლ ნივთიერებაში არის დაახლოებით 6 x 10^23 მოლეკულა. (10^23 ნიშნავს 10 ხარისხად 23-ს ანუ 10-იანი 22 ნულით)


ასე რომ თუ გვინდა რამდენი ატომია 1 ლიტრ თხევად წყალში, მაშინ:

55.6 x 3 x 6 x 10^23 ატომი = 1000 x 10^23 = 10^26 ატომი.


წყლის მოლეკულა



რამდენი ლიტრი წყლისგან შედგება სხვადასხა წონის ადამიანი?


როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ საშუალოდ ყოველი ზრდასრული ადამიანი შედგება 57% წყლისგან. აქედან გამომდინარე:


50 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 28.5 ლ. წყლისგან

60 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 34.2 ლ. წყლისგან.

70 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 39.9 ლ. წყლისგან.

80 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 45.6 ლ. წყლისგან.

90 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი შედგება 51.3 ლ. წყლისგან.

100 კგ. წონის ადამიანის ორგანიზმი კი შესაბამისად შედგება 57 ლიტრი წყლისგან.



ადამიანის ორგანიზმის რამდენ პროცენტს შეადგენს წყალი?



წყლის ფუნქციები ადამიანის ორგანიზმში


1. წყალი არის ციტოპლაზმის და საერთოდ ყოველი უჯრედის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. რომ არა წყალი, უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა ვერცერთი უჯრედის მეტაბოლიზმი (კატაბოლზმი და ანაბოლიზმი), ცხოველქმედება და შეუძლებელი გახდებოდა სიცოცხლე, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რა სახითაც ჩვენთვისაა ცნობილი.

2. წყალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში. ოფლის გამოყოფის გზით სიცხეში ხდება ადამიანის ორგანიზმის დაცვა გადახურებისგან.

3. წყალი არის საჭირო საკვების მონელებისთვის და ორგანიზმის მიერ საკვების ენერგიის გამოსაყენებლად. ნახშირწყლების და ცილების მეტაბოლიზებისთვის, რომ დაიწვან ისინი და მათი ენერგია მოხმარდეს უჯრედების კვებას ცხოველქმედებისთვის. წყალი არის ნერწყვის შემადგენელი უდიდესი ნაწილი, ხოლო ნერწყვიდან იწყება პირში ნახშირწყლების გადამუშავება. შემდეგ ეს პრიცესი გრძელდება კუჭის წვენის მეშვეობით და ნაწლავებიდან შეწოვის შემდეგ უკვე უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს ათვისება საკვების. ამ ყველაფერში წყალს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

4. სწორედ წყალი აძლევს დრეკადობას სახსრებს და შესაბამისად წყლის გამო შეგვიძლია მოქნილი მოძრაობა.

5. წყალი შემოსაზღვრავს და თბოიზოლაციას უკეთებს თავის ტვინს, ძვლის ტვინს (უმნიშვნელოვანეს ორგანოებს) და ადამიანის ჩანასახს. ის მოქმედებს, როგორც შოკის მშთანთქმელი და დამაზიანებელი ძალის მოქმედების შემასუსტებელი.

6. წყალი ფილტრავს ორგანიზმს, სისხლს, შხამებისგან, ტოქსინებისგან, მომწამვლელი ნივთიერებებისგან, ნარჩენი პროდუქტებისგან შარდის წარმოქმნის და გამოყოფის გზით.

7. წყალი არის ორგანიზმში არსებული და მოხვედრილი მინერალების, ვიტამინების და ნუტრიენტების გამხსნელი და ხსნარის სახით ორგანიზმისთვის მათი ამათვისებელი.

8. სწორედ ატარებს ჟანგბადს და სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმში სისხლის სახით და ამ გზით კვებას ყოველ უჯრედს, ქსოვილს, ორგანოს, ორგანოთა სისტემებს და მთლიან ორგანიზმს. (მაგ. ჟანგბადის მტარებელი ერითროციტები ვერ გადაადგილდებოდნენ, რომ არა თხევადი გარემო).






მსგავსი სტატიები:


1. რამდენი ატომისგან შედგება ადამიანის დნმ-ის თითოეული მოლეკულა?

2. ადამიანის ქრომოსომა

3. ადამიანის ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები

4. ადამიანების ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები

5. რამდენი ბაქტერიული უჯრედისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?

6. საინტერესო ფაქტები ბაქტერიების შესახებ

7. რამდენი ადამიანური უჯრედისგან შედგება სხვადასხვა წონის ადამიანი?



სხვა კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
192
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
192
  
გუშინ, 5:27
გამოდის, რომ თითოეულ ლიტრ თხევად წყალში არის 10^26 (ანუ ტრილიონჯერ ტრილიონი გამრავლებული 100-ზე) ატომი. და 100 მილიარდჯერ ტრილიონი წყლის მოლეკულა.
0 1 1