x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508608
ანი ბებია: "კომედიაში თამაში ოცნებად მექცა"

image
"რუსთაველის 19", ამ მისამართზე ამავე სახელობის თეატრი დიდი ხანია, არსებობს. თეატრალური დასი სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით 16 მსახიობისგან შედგება, რომლებიც სცენის სიმცირის მიუხედავად მაყურებლის მონუსხვას ყოველთვის ახერხებენ. მსახიობი ანი ბებია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა "ფორმულა კრეატივის" მიერ შექმნილი დრამატული სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვიდან" გაიცნო, სადაც მან "ნუცას" როლი შეასრულა.
ანი ბებია:
_ ბავშვობაში მსახიობობაზე არ მიოცნებია. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლ "დრაკონში" ვითამაშე. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან არაერთ დიდ მსახიობთან მომიწია ურთიერთობა. 3 წელია რაც "რუსთაველი 19" - ში ვარ. ესაა სარდაფის სტილის, 40-50 კაცზე გათვლილი თეატრი. ჩემთვის ეს გარემო განსხვავებულ ესთეტიკას ქმნის, რადგან მაყურებელთან მაახლოვებს.
ტელესერიალ ხელოვნურ სუნთქვამდე სხვა სერიალებშიც მქონდა ეპიზოდური როლები. მაგალითად: სერიალ "ფსიქოპატთა თამაშებში" ჟურნალისტი ვითამაშე. ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის გატაცება იყო და ამ როლის მორგების შემდეგ, ჟინიც მოვიკალი. "ტიფლისშიც" პატარა როლი მომცეს, მაგრამ მეტად ცნობადი, სწორედ "ხელოვნურმა სუნთქვამ" გამხადა. კიდევ იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც ვეღარ დავასრულეთ. ვფიქრობ, ჩვენი კინორეჟისურის პრობლემა ისაა, რომ დაწებული საქმე, ბოლომდე ვეღარ გაჰყავთ.
ზაფხულში გადაიღეს ფილმი თინეიჯერებზე, სადაც მე და რუსკა ქარქაშაძე დედა-შვილის როლს ვთამაშობთ და ამ ფილმის პრემიერა უახლოეს მომავალში იგეგმება.
ყველა სერიალში დრამატული როლი მაქვს. კომედიაში თამაში ოცნებად მექცა, რადგან ამ ჟანრში ჩემი შესაძლებლობები არასდროს მომისინჯავს. რეჟისორი კონკრეტულ როლს იმიტომ გარგებს, რომ მას ხედავს შენში და არ გამოვრიცხავ, რომ ცოტათი ყველა პერსონაჟს ვგავდე, თან - არცერთს. რაც შეეხება "ხელოვნურ სუნთქვას", თავიდან ეპიზოდური როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ მაყურებელს ჩემი პერსონაჟი იმდენად მოეწონა, რომ ფილმში დავრჩი. კინოში თამაში ძალიან რთულია, თეატრისგან განსხვავებით მოულოდნელობებითაა სავსე და წინასწარ არ იცი, მომდევნო სერიისთვის რას გიმზადებენ.
ჩვენს თეატრალურ დასს, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასტროლები არ ჰქონია. მინდა გამოვყო გასვლა უფლისციხეში, სადაც სპექტაკლი გამოქვაბულში დავდგით. იქ თამაშმა სხვა განზომილებაში გადამიყვანა. მსგავსი შეგრძნება არასდროს არ მქონია არც კინო და არც თეატრის სცენაზე.
დაახლოებით ორი წლის წინ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმ "ინგაზე", მუშაობა დავიწყეთ, რომლის დასრულება ძალიან გვიანდება. მთავარ პრობლემას კი ფინანსები წარმოადგენს. ფილმის რეჟისორები "8 წუთის" შემქმნელები არიან. იმდენად კარგი ფილმია, რომ მხოლოდ სცენარის წაკითხვაც ერთი დიდი სიამოვნებაა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ამ პროექტში ჩართული ყველა ადამიანი ახალგაზრდაა, რომლებიც ქართულ კინემატოგრაფიას ახალ სულსა და ენერგიას ჰმატებენ.
ჩვენი თეატრი მაყურებელთა ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ ახალგაზრდა თაობა პასიურობს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მეც კი არ მივდივარ თეატრში, თუკი რეპეტიცია ან სპექტაკლი არ მაქვს. როდესაც ადამიანი პირველად სტუმრობს თეატრს, მისთვის სანახაობის შერჩევა ძალიან საფრთხილო მომენტია. დამწყები ისეთ სპექტაკლზე უნდა მიიყვანო, რომ არ დააფრთხოს და მეორედ მისვლის სურვილი გაუჩნდეს.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი გოზალოვი
ანი გოზალოვი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0