x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95779
  • ვიდეო:343130
  • სურათი:457742
გალაკტიონის "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" - როგორია ლექსის გამოუქვეყნებელი ვერსია, პოეტის მიერ მოგვიანებით განახლებული ვარიანტი

image

გალაკტიონ ტაბიძის პირადი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ პოეტს თავისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსის "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" უკვე საყოველთაოდ აღიარებული მელოდიის განახლება და გადახალისება უცდია, შესაძლოა, პირვანდელის, დამკვიდრებულის უპირატესობის დასადასტურებლად.







სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

(განახლებული, გადახალისებული ვარიანტი,

გამოუქვეყნებელი ვერსია)

image


დედაო ღვთისავ, დედოფალო, წმინდა მარიამ,

როგორც მზის ნათელს მოკლებული სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრება მარტოობა და სიზმარია,

ჩემთვის მკვდარია შორეული ცის სილაჟვარდე.

მზე მგლოვიარე ჩავა უხმოდ და მიმქრალივით

და თუ როგორმე, დედოფალო, ისევ გათენდა,

ღამენათევი, ფერწასული და ნამთვრალევი

დაღლილ ქალივით მივალ ჩემებრ დაღლილ ხატებთან.

ღამენათევი, ფერწასული და ნამთვრალევი,

მე მივეყრდნობი მამა-პაპათ სალოცავ კარებს,

შემოიჭრება თეთრ სიონში მზის მკრთალი სხივი

და თეთრ ოლარებს, თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი, დედოფალო, აჰა მოვედი,

გედი ბედისგან დაკოდილი, მხრების ცახცახით...

შეხედე, დასტკბი, მეოცნებე ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, მეტყველებით, წამებულ სახით.

შეხედე, დასტკბი, დედოფალო! ჩემი თვალები

სავსე რომ იყო გაზაფხულის ცისფერ იებით,

ღამენათევი, ძილგამკრთალი და ნამთვრალევი

სავსეა მხოლოდ საოცარი შურისძიებით...






გალაკტიონის ლექსი სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში 1917 წლით თარიღდება. მისი თავდაპირველი, საყოველთაოდ ცნობილი ვარიანტი ასეთია:

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

(თავდაპირველი, საყოველთაოდ ცნობილი ვერსია)

image


დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეულის ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები.

და თუ როგორმე ისევ გათენდა,

ღამენათევი და ნამთვრალევი

დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან.

ღამენათევი და ნამთვრალევი

მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს.

შემოიჭრება სიონში სხივი

და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა, მოვედი

გედი დაჭრილი ოცნების ბაღით,

შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის

დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,

წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -

ღამენათევი და ნამთვრალევი,

სავსეა ცრელმლთა შურისძიებით.

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

შენს მოლოდინში ასეა ყველა?

სული, ვედრებით განაოცები,

შენს ფერხთქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო,

საბედნიერო სად არის სული?

ვით სამოთხიდან ალიგიერი,

მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული.

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე

სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

განსასვენებელ ზიარებაზე

ჩემთან არ მოვა შენი ხსენება.

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

გამაქანებენ სწრაფი ცხენები,

ღამენათევი და ნამთვრალევი

ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,

როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

1917

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0