x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
".. ეს იყო წმინდა ანტონის ცდუნება", - როგორ აღწერს ტიციან ტაბიძე გრიგოლ რობაქიძის ერთ გამოსვლას ფუტურისტთა პაექრობაზე კაფე "იმედში"


გრიგოლ რობაქიძე ემოციური ბუნების ადამიანი იყო, იოლად ეგზნებოდა, რის გამოც ზოგჯერ გადაჭარბებული აღტაცებაც იპყრობდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტიციან ტაბიძის მიერ აღწერილი გრიგოლ რობაქიძის ერთი გამოსვლა ფუტურისტთა პაექრობაზე კაფე "იმედში" ("მეოცნებე ნიამორები", 1923., -10):

image

image














"როცა ფუტურისტების ფრონტი მოიხსნა და ა. კრუჩიონიხი ჩხაოდა, როგორც მოგდებული კატა, სიტყვა აიღო გრიგოლ რობაქიძემ. ეს იყო ქარიშხლის მოვარდნა.. არ ვიცით იმ ღამეს ვისთვის ლაპარაკობდა გრიგოლ რობაქიძე: ამართლებდა ფუტურისტებს, თუ ამართლებდა თავის თავს, რომელიც ბედმა გაწირა ამ ღვაწლისათვის - ამოევსო ყველა ხრამები ქართული კულტურის და ხანდისხან მორიდებოდა პირდაპირ გზას...

ის ლაპარაკობდა გაცოფებული და ერთათ ერთი სიტყვა, როცა ის თავის წინ არავის ხედავდა. მას უღალატა ორატორის ზომიერებამ. ის ყვიროდა, როგორც დაჭრილი ვეფხვი...

ლადო გუდიაშვილი ამ ღამის შემდგე ჩაიკეტა თავის სახლში და დახატა გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი. ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს. გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქოს მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი. ამ ღამის სიმფონიის გადმოცემა არ შეიძლება...

ამ აპოკალიფსის ორკესტრიდან რამდენიმე ფრაზა დავიმახსოვრე. აქ იყო საუბარი ნიცშეს ინსტიქტების ანარქიაზე, ედგარ პოეს მიწის ქვესკნელის გაჟრჟოლებაზე, გეოლოგიურ კატასტროფებზე... დასკვნა ასეთი იყო: ფუტურისტები გამართლებული არიან ცხოვრებით. თქვენ ამტკიცებთ, რომ ისინი შეგნებულად ჯამბაზობენ. მაგრამ კარგი. თუ საუკეთესო ახალგაზრდობა საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისთვისო.

ამ ღამეს გრიგოლ რობაქიძემ გახსნა თავის მასკა. ამ ღამეს ის არ იყო მთაწმინდელი, ღვაწლით შემოსილი. მასში დასძლია პოეტის უკიდურესობამ... შეიძლებოდა ეს ღამე ყოფილიყო ქართული ფუტურიზმის დეკლარაცია, მაგრამ ეს იყო წმინდა ანტონის ცდუნება.

ეს ღამე მართლა იყო იერონიმუს ბოსხის ფანტასტიკიდან და ჩაბნელებული ესკურიალივით. ჩემთვის ის აქამდე დარჩა, როგორც ნიშანი. მხოლოდ უდიდესი სიყვარული, როგორც მეტრისადმი, მაბედიებს ვსთქვა, რომ იმ ღამეს გრიგოლ რობაქიძე დარჩენილიყო თავის თავის მიმდევარი, დადაიზმი უკვე ფაქტი იყო საქართველოში. ეს იყო დაგუგებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება" [ბაქრაძე, "კარდუ", 1999].

შეიძლება, ითქვას, რომ ტიციან ტაბიძე არა მარტო აღწერს, არამედ აფასებს კიდეც გრიგოლ რობაქიძის დამოკიდებულებას მის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ახლადდამკვიდრებული ფუტურისტული მიმდინარეობისადმი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს "ცისფერყანწელი" მეგობრის წერილის სამი ძირითადი პასაჟი:

"ის ყვიროდა, როგორც დაჭრილი ვეფხვი".

"თუ საუკეთესო ახალგაზრდობა საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისათვის..."

"ეს იყო დაგუბებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება".

რეალურად გრიგოლ რობაქიძე ფუტურიზმს, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობას კი არ იცავდა ამ გამოსვლაზე, არამედ განახლების იდეის სადარაჯოზე იდგა. ის სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ ლიტერატურის განახლებისათვის ფუტურიზმი გამოდგებოდა, თუმცა აუცილებლად მიაჩნდა თუნდაც აქედან დაწყება, "ფუტურისტები გამართლებული არიან ცხოვრებით", - აღნიშნავდა იგი.

0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0